დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 09.10.2008
საქმის ნომერი
2კ-1744აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.10.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1744 9 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც ლ. ბ. ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ლ. ბ. , _ საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, უცოლშვილო, მცხოვრები თბილისში, თ-ის მე-11 მ/რაიონის, მე-2 კვარტლის, ¹32-ე კორპუსის, ბინა ¹44-ში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ლ. ბ-ის კუთვნილი ა/მანქანა „ოპელ-ომეგა“, სახ. ¹.. .. ..და მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა – გადაეცა სახელმწიფო ბიუჯეტს.

იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 3 მარტიდან.

განაჩენით ლ. ბ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ლ. ბ-მ განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, გასაღების მიზნით. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ასევე გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა 0, 228 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი პრეპარატის _ „სუბოტექსის“ 28 აბი და ერთი აბის ნატეხი. ლ. ბ. აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების 26 აბს და ერთი აბის ნატეხს უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, აბაზანიდან სამზარეულო ოთახში გამავალ საკანალიზაციო პლასტმასის მილში, ხოლო 2 აბს _ თავისი შარვლის უკანა, მარცხენა ჯიბეში.

2006 წლის 3 მარტს, დაახლოებით 22.05 საათზე, გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, თ-ის მე-11 მ/რაიონის, მე-2 კვარტლის, 32-ე კორპუსის, ბინა ¹44-ში, თავის საცხოვრებელ ბინაში დააკავეს ლ. ბ. გადაუდებელი აუცილებლობის გამო, კანონით დადგენილი წესით, გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც სამზარეულოში, აბაზანიდან სამზარეულო ოთახში გამავალი საკანალიზაციო პლასტმასის მილიდან ამოიღეს ცისფერი პოლიეთილენის პარკში გახვეული, თავისავე კონვალუტაში მოთავსებული, 22 ცალი თეთრი, ოვალური ფორმის აბი, წარწერით _ „ბ8“. იმავე მილიდან ამოიღეს ასანთის კოლოფი, რომელშიც აღმოჩნდა თავისავე კონვალუტაში მოთავსებული, 4 ცალი თეთრი, ოვალური ფორმის აბი წარწერით _ ,,ბ8» და თეთრი ფერის აბის ნატეხი. აღნიშნულის შემდეგ ლ. ბ-ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მისი შარვლის მარცხენა, უკანა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული, კონვალუტაში მოთავსებული, თეთრი, ოვალური ფორმის 2 აბი _ წარწერით ,,ბ8».

შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით ლ. ბ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 2 აბი, ასევე მისი ბინის ჩხრეკისას ამოღებული 26 აბი და 1 აბის ნატეხი წარმოადგენს პრეპარატ „სუბოტექსს“, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, საერთო წონით _ 0, 228 გრამს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ბ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა. აპელანტმა ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ლ. ბ-ის გამართლება. აღნიშნულის საფუძვლად ადვოკატმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: აპელანტის მითითებით, არც გამოძიებამ და არც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დაკითხეს მოწმე ლ. ც. და მეზობლები, რომელთა დაკითხვაც დაცვის მხარემ იშუამდგომლა. ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ თუ დამნაშავეს სახლში სამხილი აქვს, იგი პატრულს არ გამოიძახებდა, ან სოდ-ის თანამშრომლები მასთან შესვლას რომ ცდილობდნენ, ამ სამხილს გაანადგურებდა. აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული ბინის ჩხრეკის ოქმი დაუშვებელი მტკიცებულებაა, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობის პირობა. ადვოკატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ლ. ბ-ს სრულიად უსამართლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა „ოპელ-ომეგა“, რომელიც მისი სიძის საკუთრება იყო და ფული, რომელიც ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ადვოკატმა ლ. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ლ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნები სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად საქმის გამოკვლევის შესახებ; გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება ეჭვებსა და ვარაუდებს; მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო ნორმების დარღვევით. ამდენად, ადვოკატმა ლ. კ-მ ითხოვა გასაჩივრებული უკანონო განაჩენის გაუქმება, სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტა ლ. ბ-ის მიმართ, მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო და მსჯავრდებულის გამართლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულ ლ. B-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი გარემოებების გამო:

პალატა არ იზიარებს ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმების, ლ. ბ-ის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, უსაფუძვლობის გამო.

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულ ლ. ბ-ის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები.

პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების – დ. ჟ-სა და თ. მ-ის ჩვენებებით, ეჭვმიტანილის დაკავების, ლ. ბ-ის ბინისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის ¹289/სქ დასკვნით, ნივთმტკიცებად ცნობის დადგენილებებითა და საქმის სხვა მასალებით მსჯავრდებულისათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და, პალატის აზრით, სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ლ. ბ-ის კუთვნილი ა/მანქანის _ „ოპელ-ომეგას“, სახ. ¹.. .. ..და მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხის ჩამორთმევასა და სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადაცემას, პალატის აზრით, არასწორია, რადგან სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის I ნაწილის თანახმად: „ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას“. იმავე მუხლის III ნაწილის საფუძველზე კი: „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ ხდება იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული“.

განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ლ. ბ-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა, შენახვა და არა გასაღება. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ლ. ბ-ის ა/მანქანის – „ოპელ-ომეგას“, სახ. ¹.. .. .., ჩხრეკის შედეგად არაფერი არ აღმოჩენილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობდა სსკ-ის 52-ე მუხლის გამოყენების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ლ. ბ-ის სასიკეთოდ, კერძოდ: სააპელაციო სასამართლოს განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ა/მანქანა „ოპელ-ომეგასა“, სახ. ¹ .. .. .. და მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადაცემის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

მსჯავრდებულ ლ. ბ-ს განაჩენიდან ამოერიცხოს მითითება საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ა/მანქანის _ „ოპელ-ომეგასა“, სახ. ¹.. .. ..და მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადაცემის შესახებ და აღნიშნული ნივთმტკიცებები დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.