ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 03.01.2008
საქმის ნომერი
2კ-1823აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.01.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1823 აპ. ქ. თბილისი

3 იანვარი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. დ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 მაისის განაჩენით მ. ჯ-ი, - დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, - ცნობილია დამანაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 379-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის მეორე ნაწილით (1997 წლის 22 ივლისის რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით.

მსჯავრდებულ მ. ჯ-ს დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

მ. ჯ-ი იყო რა ქურდული სამყაროს წევრი, უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება – „ოპიუმს“ - 0,4 გრამს, რისთვისაც იგი 2004 წლის 16 აპრილს დააკავეს და მოათავსეს შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების დროებითი მოთავსების იზოლატორში. იმავე წლის 18 აპრილს იზოლატორიდან, როგორც ბრონქიალური ასთმით დაავადებული, გადაიყვანეს ხონის შპს „ჯანმრთელობის“ ინფექციურ განყოფილებაში, საიდანაც გაიქცა. რის შემდეგაც მან შეიძინა ყალბი დოკუმენტი – პასპორტი, რომლის გამოყენებით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საიდანაც დაბრუნდა ამავე დოკუმენტის გამოყენებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განაჩენით ცვლილება შევიდა ხონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 მაისის განაჩენში, კერძოდ:

მსჯავრდებული მ. ჯ-ი ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223I მუხლის პირველი ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა აღნიშნული სასჯელის მოხდისაგან; სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ მ. ჯ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. დ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მ. ჯ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მსჯავრდებული მ. ჯ-ი არ არის დამნაშავე და მასზე შერაცხული არც ერთი ეპიზოდი არ ჩაუდენია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ხონის შს რაიგანყოფილებაში მ. ჯ-ზე, როგორც ,,კანონიერ ქურდზე,ªმეტსახელად ,,ტაფარო”, 2001 წლის 5 აგვისტოდან შექმნილი იყო ოპერატიული აღრიცხვის საქმე ¹14 სტატისტიკური ბარათით, რომელიც ივსება ე. წ. ,,კანონიერ ქურდებზე” და ქურდული ტრადიციების მატარებელ პირზე, რომლებიც ცხოვრობენ (ან ცხოვრობდნენ) საქართველოს ტერიტორიაზე, ან გასული არიან მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ გააჩნიათ ნათესაური და დანაშაულებრივი კავშირები საქართველოში.

იმავე მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ. ჯ-ი ე.წ. ,,კანონიერი ქურდი” იყო ორი წელი, რის შემდეგ ოპერატიულმა სამსახურმა მოახდინა მისი კომპრომეტირება, თუმცა იგი შემდეგაც აგრძელებდა ქურდული სამყაროს წევრობას, იყო ავტორიტეტი, ლიდერი, მის მიმართ ოპერატიული აღრიცხვის საქმის (იგივე სამეთვალყურეო საქმის) წარმოება შეწყდა მას შემდეგ, რაც იგი გაიქცა საავადმყოფოდან და მის მიმართ შეიქმნა სამძებრო საქმე.

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია ხონის კრიმინალური პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებლის – ტ. უ-ს ჩვენებით, ხონის შს რაიგანყოფილების უფროსის - თ. ბ-ს 2007 წლის 12 მარტის ცნობით და ოპერატიული სამსახურის მიერ მოპოვებული სხვა მტკიცებულებებით, რაც დართულია მ. ჯ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე.

მ. ჯ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა -დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

2007 წლის 16 აპრილის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მ. ჯ-ს პირადი ჩხრეკისას ტყავის ქურთუკის მარჯვენა, ქვედა ჯიბიდან ამოღებულ იქნა გამჭირვალე ცელოფნის პაკეტში შეფუთული შავი ფერის ნივთიერება, ხოლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით იგი მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალება ,,ოპიუმს”, წონით 0,3 გრ-ს.

აღნიშნული ფაქტის ირგვლივ მოწმის სახით დაკითხული ს. ბ-ს წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ესწრებოდა მ. ჯ-ს პირად ჩხრეკას, რა დროსაც პოლიციელებმა ჯიბიდან ამოუღეს ქაღალდში შეხვეული რაღაც ნივთიერება.

ანალოგიური დგინდება მოწმე – ი. რ-ს ჩვენებით.

მ. ჯ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ – გაქცევა დაკავების ადგილიდან - დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

აღნიშნული ფაქტის ირგვლივ მოწმის სახით დაკითხული ნ. ხ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა ხონის შს რაიგანყოფილებაში უბნის ინსპექტორის თანამდებობაზე. მას და პოლიციის თანამშრომელ გ. კ-ს ხელმძღვანელობამ დააევალა მ. ჯ-ს ბადრაგირება ხონის საავადმყოფოში. მ. ჯ-მა სთხოვა მათ ტუალეტში მიყვანა, თვითონ ტუალეტამდე მიაცილა, ხოლო კალანდაძე დერეფანში დარჩა და აკონტროლებდა, რომ არავინ შესულიყო პალატაში. რამდენიმე ხანში მან ნახა, რომ ტუალეტის ფანჯარა ღია იყო, ხოლო იმავდროულად საავადმყოფოს ეზოდან სწრაფი სვლით გავიდა ავტომანქანა „ჟიგული“, მიხვდა, რომ მ. ჯ-ი გაიქცა. აღნიშნულზე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით გასამართლებული იყო და მიესაჯა 2 წლით პირობითი მსჯავრი.

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გ. კ-მ.

2004 წლის 18 აპრილს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სქემით დადგენილია, რომ მ. ჯ-ა ხონის შპს „ჯანმრთელობის“ ინფექციური განყოფილების სტაციონარიდან მოახდინა გაქცევა.

მ. ჯ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება - დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

2007 წლის 4 თებერვლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მ. ჯ-ს პიჯაკის გულის ჯიბიდან ამოღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის პასპორტი, რომელშიც ჩაკრულია მ. ჯ-ს ფოტოსურათი, ხოლო პასპორტი გაცემულია მ. კ-ს სახელზე. ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით მოქალაქის პასპორტი ¹.... გაცემული მ. კ-ს სახელზე, დამზადებულია სტამბური წესით. პასპორტის ბოლო გვერდი, სადაც ჩაკრულია მამაკაცის ფოტოსურათი, დამზადებულია ფერადი სამრავლებელი აპარატის გამოყენებით, ხოლო მითითებულ გვერდზე ფოტოსურათის შეცვლის არანაირი კვალი არ აღინიშნება. იმავე პასპორტში მ. კ-ს დაბადების თარიღად მითითებულია ... წლის ........ მარტი.

დადგენილია, რომ მ. კ-ს სახელზე 2005 წლის 25 მაისს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის სარეგისტრაციო ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულია პასპორტი ¹...., პირადი ¹...., რომელშიც დაბადების თარიღად მითითებულია .. წლის .... მარტი.

ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ჯ-მა გამოიყენა დაუდგენელი პირის მიერ გაყალბებული, მ. კ-ს სახელზე გაცემული ის პასპორტი, რომელიც გაცემულია 2003 წლის 21 აგვისტოს, ნომრით ....... და პირადი ნომრით ...........

ზემომითითებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ. ჯ-მა 2004 წლის 25-26 ივნისს უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შევიდა რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკაში.

მ. ჯ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა - დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

მართვისა და სასაზღვრო ტექნოლოგიების ცენტრის განყოფილების უფროსის მომართვისა და თანდართული დოკუმენტებით დადგენილია, რომ მ. კ-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 2003 წლის პირველი იანვრიდან 2007 წლის 7 თებერვლამდე.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს მ. ჯ-ს მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებისა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული მ. ჯ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 344–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.

მსჯავრდებულ მ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 223I მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 379-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, “დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

“ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული მ. ჯ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 344–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.

მსჯავრდებულ მ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 223I მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 379-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.