დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 25.09.2008
საქმის ნომერი
2კ-1998აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.09.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1998აპ. 25 სექტემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ვ. წ-ისა და გ. ლ-ის დამცველის, ადვოკატ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 ივლისის განაჩენით ვ. წ., _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

იმავე განაჩენით გ. ლ., _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 (ორი) წელი და 26 (ოცდაექვსი) დღე და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის, 6 (ექვსი) თვისა და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების _ ვ. წ-ისა და გ. ლ-ის დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 ივლისის განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2007 წლის 1 ოქტობრის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ვ. წ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლიდან, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლსა და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

იმავე განაჩენით გ. ლ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლიდან, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლსა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებზე და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 (ორი) წლითა და 26 (ოცდაექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულების _ ვ. წ-ისა და გ. ლ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების ვახტანგ წულუკიძისა და გ. ლ-ის დამცველმა გ. დ-მა, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ მათ არ ჩაუდენიათ მათთვის შერაცხული ქმედება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულების _ ვ. წ-ისა და გ. ლ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ლ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ნოემბრის ¹676 განკარგულებით მსჯავრდებული გ. ლ. შეწყალებულ იქნა და იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ჟ» ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.

რაც შეეხება იმავე განაჩენით ვ. წ-ის მსჯავრდებას, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენით უდავოდ არის დადასტურებული მსჯავრდებულ ვ. წ-ის მიერ მსჯავრდებულ გ. ლ-სთან ერთად იმ დანაშაულის ჩადენა, რომელიც მათ გასაჩივრებული განაჩენით შეერაცხათ. ამასთან, სასამართლომ ვ. წ-ს სასჯელი განუსაზღვრა ჩადენილი ქმედების სიმძიმის, მისი პიროვნებისა და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის ვ. წ-ის მიმართ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ან დანიშნული სასჯელის ნაწილში შეცვლის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჟ” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 567-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ვ. წ-ის დამცველის, ადვოკატ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ნოემბრის ¹676 განკარგულებით განხორციელებული შეწყალების საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ლ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.