დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 03.01.2008
საქმის ნომერი
2კ-2180აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.01.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2180აპ ქ. თბილისი

3 იანვარი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ჩ.-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის განაჩენით ვ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ვ. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით ა. ნ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ა. ნ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით ვ. ჩ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; მანვე ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; ძალადობის მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობის მუქარით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის; მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

2007 წლის 28 იანვარს ბორჯომის რაიონის სოფელ ......., ......... ქ. ¹30-ში მცხოვრები ვ. ჩ-ი თავის მეგობართან, ქ. ხაშურში, ........ ¹114-ში მცხოვრებ ა. ნ-სთან ერთად იმყოფებოდა ქ. ახალციხეში. დაახლოებით 24 საათზე მათ მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც ვ. ჩ-მა ა. ნ-სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, გადაწყვიტა ქ. ახალციხეში, ........... ¹1-ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ შპს “საბას” მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი, ქ. ახალციხეში, ........ ქ. ¹5-ში მცხოვრები ფ. მ-ის კუთვნილი “სკანიას” მარკის სატვირთო ავტომანქანიდან, სახ. ¹........ და ქ. თბილისში, ... მიკრორაიონი, 21-ე კორპუსი, ბინა 162-ში, მცხოვრები ი. ჭ-ს მფლობელობაში არსებული შპს “........ს” კუთვნილი “ვოლვოს” მარკის სატვირთო ავტომანქანიდან, სახ........ 535, სხვადასხვა დასახელების ნივთების ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იგი ა. ნ-სთან ერთად, 2007 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 3 საათზე, მივიდა ჯერ “ვოლვოს” მარკის სატვირთო ავტომანქანასთან, სახ. ......., ქვით ჩაამტვრია სატვირთო ავტომანქანის კაბინის საქარე მინა, ა. ნ-სთან ერთად შეაღწია კაბინაში, სადაც დააზიანა კარის შიდა საფარი და წინა საქარე მინა, რითაც დაზარალებულს მთლიანობაში მიაყენა დაახლოებით 2142 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნულის შემდეგ ვ. ჩ-ი, ა. ნ-სთან ერთად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი. ჭ-ს კუთვნილი ავტომანქანის გადამცემ მოწყობილობას, ერთ წყვილ რეზინის ყელიან ჩექმას, ერთ წყვილ ე.წ. ბოტასს, ერთ ცალ ე.წ. ,,კასკას”, ავტომანქანის სხვადასხვა დასახელების სარემონტო ინსტრუმენტებს და სხვა წვრილმან ნივთებს, სულ ღირებულები 100 ლარად. ნაქურდალი ნივთები ჩაალაგა ავტომანქანაშივე ნანახ ჩანთაში, რის შემდეგაც ჩამოვიდა ავტომანქანიდან და ა. ნ-სთან ერთად მივიდა “სკანიას” მარკის სატვირთო ავტომანქანა სახ. ........ 474-თან, სადაც ა. ნ-სთან ერთად ჩაამტვრია სატვირთო ავტომანქანა “სკანიას” კაბინის ორივე კარის საქარე მინა, რა გზითაც შეაღწია ავტომანქანის სალონში, სადაც მან დააზიანა ასევე ავტომანქანის წინა საქარე მინაც, რითაც დაზარალებულს მიაყენა 2346 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი და, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ავტომანქანის სალონში არსებულ “სონის” წარმოების მაგნიტოფონს და სხვადასხვა დასახელების წვრილმან ნივთებს, სულ ღირებულს 140 ლარად, ჩაალაგა “ვოლვოს” მარკის ავტომანქანიდან ნაქურდალ ნივთებთან ერთად ჩანთაში და ა. ნ-სთან ერთად გადამალა ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს, რკინიგზის ლიანდაგების მიმდებარე ტერიტორიაზე.

აღნიშნულის შემდეგ ვ. ჩ-მა კვლავ განიზრახა ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი ტრაქტორის ე.წ. “გრეიდერის” გაქურდვაც. ამ მიზნით იგი კვლავ დაბრუნდა უკან ბენზინგასამართ სადგურზე, ავიდა ტრაქტორზე, მაგრამ ვერ მოახერხა გაქურდვა, ვინაიდან იგი შენიშნა სადგურის ოპერატორმა პ. ა-მა. ხმაურზე ვ. ჩ-ი გაიქცა რკინიგზის ლიანდაგების მიმართულებით, საიდანაც აიღო ჩანთა, რომელშიც იყო მოთავსებული ავტომანქანიდან ნაქურდალი ნივთები და გაიქცა ლიანდაგებზე, თუმცა წაიქცა და შენიშნა რა, რომ უკან მისდევდა პ. ა-ი, დააგდო ჩანთა და გაიქცა. თუმცა შემდგომ დაინახა რა, რომ პ. ა-ი დაეუფლა ჩანთას და მიჰქონდა ბენზინგასამართი სადგურის მიმართულებით, განიზრახა ჩანთისა და მასში არსებული სხვისი ნივთების აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან შარვლიდან გამოიძრო ქამარი, მარტო გაემართა პ. ა-ს მიმართულებით და მუქარით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ცდილობდა ამ უკანასკნელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. თუმცა თავისი განზრახვა ვერ განახორციელა, თავისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განაჩენით ზემოაღნიშნულ განაჩენში ცვლილება იქნა შეტანილი, კერძოდ:

ვ. ჩ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამ ნაწილში სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საბოლოოდ მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ვ. ჩ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, იმ მოტივით, რომ აღიარებს დანაშაულს, გულწრფელად ინანიებს ჩადენილს და ითხოვს პირობითი მსჯავრის შეფარდებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული ვ. ჩ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება და თვლის, რომ მის ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა.

განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი და დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ვ. ჩ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.

მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ა. ნ-ს, რომელსაც განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი ა. ნ-ს მიმართ კანონიერი და სამართლიანია, ხოლო ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2007 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით მის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენების შესახებ იმსჯელა და “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ა. ნ-ძე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, “დ” ქვეპუნქტებით, 567-ე და 568-ე მუხლებით, “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

“ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ვ. ჩ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილით საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.