ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
326აპ 29 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ს-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ზ. რ-სა და დ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც მ. ს. ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 აგვისტოს განაჩენით მ. ს., _ დაბადებული ---- წელს, ქართველი, ----- განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშერაში, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, აეროპორტის სასტუმროს ¹----ე ოთახში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის გამოყენებით, დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის განაჩენით, სსკ-ის 362-ე მუხლის I ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წელი და მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 18 მაისიდან.
განაჩენით მ. ს-ს მსჯავრი დაედო ძარცვაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონოდ შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 17 მაისს მ. ს-მ განიზრახა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იმავე დღეს, დაახლოებით 4 საათზე, იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ სავაჭრო ჯიხურთან მივიდა და შეამჩნია, რომ გამყიდველ რ. გ-ს ეძინა, რის შემდეგაც წინა კედელზე არსებული, მცირე ზომის ფანჯრიდან ჯიხურში უკანონოდ შეაღწია, კერძოდ, სხეულით ნახევრად შევიდა და ფანჯარასთან არსებული დახლის უჯრიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა რ. გ-ს კუთვნილ, შავი ფერის საფულეს და მასში მოთავსებულ ფულად თანხას _ 500 ლარს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაეღვიძა და წამოდგა, ხოლო მ. ს. ჯიხურიდან გამოვიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც დაზარალებულ რ. გ-ს მიაყენა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ. ს-ს იმტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ზ. რ-მა და დ. ა-მა. აპელანტებმა ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 აგვისტოს უკანონო განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ მ. ს-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 აგვისტოს განაჩენი მ. ს-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ მ. ს-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ზ. რ-მა და დ. ა-მა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორებმა ითხოვეს უკანონო, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტა და მსჯავრდებულ მამუკა სიჭინავას გამართლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ მ. ს-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ზ. რ-სა და დ. ა-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, უსაფუძვლობის გამო.
პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები.
საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ რ. გ-ს, მოწმეების _ ო. მ-ს, ი. კ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმებით, მსჯავრდებულისათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულის მიმართ სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი სამართლიანია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, II პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ მ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს და სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთას უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 6 თვე და მ. ს-ს საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის ,,ა» და „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I და II პუნქტებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ს-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ზ. რ-სა და დ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, II პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ მ. ს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის განაჩენით შეფარდებული, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის I ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.
მსჯავრდებულ მ. ს-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.