დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.03.2009
საქმის ნომერი
2კ-1434აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.03.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1434 10 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. დ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ივლისის განაჩენით:

დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ გ. კ-ს შორის 2008 წლის 30 ივნისს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.

გ. კ. _ დაბადებული .. .. .. წელს, საქართველოს მოქალაქე, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 10 000 ლარი.

მსჯავრდებულ გ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2008 წლის 16 აპრილიდან _ 2008 წლის 3 მაისამდე.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გ. კ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა მისი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 4500 ლარი და 295 აშშ დოლარი.

მსჯავრდებულ გ. კ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური, საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ვ. მ. _ დაბადებული .. .. .. წელს, საქართველოს მოქალაქე, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 5000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 16 აპრილიდან.

მსჯავრდებულ ვ. მ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური, საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

ვ. მ-ის პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული 0.0035 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ხსნარი, 0.0031 გრამი „ბუპრენორფინის“ შემცველი პრეპარატ „სუბუტექსის“ აბის ნატეხი, 0.48 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოდეინი“, 0.0085 გრამი „ბუპრენორფნის“ შემცველი პრეპარატ „სუბუტექსის“ ფხვნილი და 0.0675 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ შემცველი ფხვნილი, რომელებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარატმენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

გ. კ-ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 0.314234 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი პრეპარატ „სუბუტექსის“ 37 აბი, აბის ნატეხი, ფხვნილი და სითხე, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარატმენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების ჩანაწერი ჩD დისკზე, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

განაჩენით მსჯავრდებულების _ ვ. მ-სა და გ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ვ. მ-მ, მცხოვრებმა ქ. თბილისში, რ-ის ქუჩა ¹..-ში, 2008 წლის აპრილის თვეში, დაუდგენელი პირისაგან, შემდგომი გასაღების მიზნით, ერთდროულად უკანონოდ შეიძინა და შეინახა _ 0.48 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოდეინი“, დიდი ოდენობით _ 0.0675 გრამი ნარკოტიკული საშულება „მეთადონი“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0.329634 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი პრეპარატ „სუბუტექსის“ 37 აბი, აბის 2 ნატეხი, ფხვნილი და სითხე, საიდანაც ნაწილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 0.314534 გრამი ნარკოტიკული საშუალება «ბუპრენორფინის” შემცველი პრეპარატ „სუბუტექსის“ 37 აბი, აბის ნატეხი, ფხვნილი და სითხე, 2008 წლის 14 აპრილს, ქ. თბილისში, უკანონოდ გაასაღა გ. კ-ზე, ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენს ინახავდა უკანონოდ.

2008 წლის 16 აპრილს, 11.00 საათზე, საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყნეთი-კიკეთის საავტომობილო გზაზე, დააკავეს ვ. მ, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 0.0035 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ხსნარი. იმავე დღეს გაიჩხრიკა ვ. მ-ის ზემოხსენებული საცხოვრებელი ბინა, საიდანაც ამოიღეს 0.48 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოდეინი“, 0.0031 გრამი „ბუპრენორფინის“ შემცველი პრეპარატ „სუბუტექსის“ აბის ნატეხი, 0.0085 გრამი „ბუპრენორფინის“ შემცველი ფხვნილი და 0.0675 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ შემცველი ფხვნილი.

გ. კ-მა, მცხოვრებმა ქ. თბილისში, .. .. .. ¹.., კორპუსი ¹.., ბინა, .. , ..... წლის ....... აპრილს თავის საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ. მ-საგან შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 0.314534 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი პრეპარატ „სუბუტექსის“ 37 აბი, აბის ნატეხი, ფხვნილი და სითხე, საიდანაც ნაწილი _ 0.0003 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი, პრეპარატ „სუბუტექსის“ შემცველი მცირეოდენი ფხვნილი ...... წლის ....... აპრილს უკანონოდ გაასაღა თავის საცხოვრებელ ბინაში ბ. დ-ზე.

....... წლის ...... აპრილს, ....... საათზე, საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ. კ. დააკავეს თავის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ამოიღეს 0.314234 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი პრეპარატ „სუბუტექსის“ 37 აბი, აბის ნატეხი, ფხვნილი და სითხე. იქვე ჩატარდა ბ. დ-ის პირადი ჩხრეკა, რომლის შედეგად ამოიღეს იმავე დღეს გ. კ-საგან უკანონოდ შეძენილი 0.003 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი პრეპარატ „სუბუტექსის“ შემცველი მცირეოდენი ფხვნილი.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ივლისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უზუსტობა და მიეთითა შემდეგი სიტყვები: «საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, მსჯავრდებულ გ. კ-ლის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული, «ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით .. .. .. და მაგთის სიმბარათი ¹.. .. .. ნომრით .. .. .. , რომლებიც ინახება შსს სოდი-ის სპეციალურ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ უნდა გადაეცეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს.»

მსჯავრდებული ვ. მ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. დ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმ მოტივით, რომ ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა არსებობას და კანონიერებას არც მსჯავრდებული ვ. მ. აპროტესტებს, არ წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალებების იმ ოდენობას, რის საფუძველზეც ვ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით; ვ. მ-ის პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები აშკარად მიუთითებეს იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებული ვ. მ. არის ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი და არა გამსაღებელი; გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ გ. კ-ის შეუსაბამო ჩვენებას, რითაც დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადება, რომლის თანახმადაც: „განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“; მსჯავრდებულ გ. კ-ის ჩვენებები ერთმანეთთან შეუსაბამოა, დაუშვებელია ამ ჩვენებათა ჩათვლა უტყუარ მტკიცებულებად და ვ. მ-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით; საქმეში დევს სატელეფონო საუბრების ამონაწერები, რომელთაგან არც ერთი არ წარმოადგენს მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვ. მ-მ კ-ს გადასცა 50 აბი «სუბუტექსი», თუმცა ვარაუდის დონეზე აშკარად ჩანს, რომ პირიქით, ვ. მ. ცდილობდა მიეღო რაღაც კ-საგან და მის ზარს ელოდებოდა; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. კ-ის ჩვენების საფუძველზე ვ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია უსაფუძვლოა და არღვევს საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნებს; სისხლის სამართლის საქმის წარმოების პირველ ეტაპზე მსჯავრდებულ ვ. მ-ის მიმართ, სხვადასხვა მიზეზისა გამო, დაირღვა მისი დაცვის უფლება, რისი დამადასტურებელი აუდიომასალა თან ერთვის საკასაციო საჩივარს; აღნიშნული გარემოების გამო, მსჯავრდებულის ინტერესების დაცვის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლოში არანაირი საპროცესო მოქმედება არ ჩატარებულა; მსჯავრდებულ ვ. მ-სათვის მისჯილი სასჯელი არ შეესაბამება მის ქმედებას და პიროვნებას, რადგან არც ერთი უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ვ. მ-ის ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, მ-ის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებების სახეები და ოდენობა არ მიუთითებს მათი გასაღების მიზანზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მსჯავრდებულების _ გ. კ-სა და ვ. მ-ის ჩვენებებით; მოწმეების _ ლ. ტ-სა და რ. თ-ის ჩვენებებით; 2008 წლის 17 აპრილის ¹1245 ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ¹.... და ...... ექსპერტიზის დასკვნებით; ეჭვმიტანილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით; ბინის ჩხრეკის ოქმითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უდავოდ დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა ვ. მ-მ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის მითითებულ ნაწილში გაუქმებას.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ვ. მ-ის ქმედებაში არ დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი. განაჩენი ამ ნაწილში ეყრდნობა მხოლოდ მსჯავრდებულ გ. კ-ის წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას მიცემულ ჩვენებებს, კერძოდ: მსჯავრდებულმა გ. კ-მა წინასწარ გამოძიებაში ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2008 წლის 14 აპრილს ვ. მ-მ გადასცა ორმოცდაათამდე აბი «სუბუტექსი» უსასყიდლოდ და უთხრა, რომ ფული მაშინ მიეცა, როცა ექნებოდა. აღნიშნული ჩვენება მან დაადასტურა სასამართლო პროცესზეც.

საკასაციო პალატა ასევე თვლის, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილ ჩD დისკზე არსებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების ჩანაწერით მსჯავრდებულ ვ. მ-ის ქმედებაში არ დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი.

საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 508-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად კი, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ. კანონის აღნიშნულ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ განაჩენში არ დაასაბუთა, მსჯავრდებულ გ. კ-ის ჩვენებების გარდა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია დადასტურებულად მსჯავრდებულ ვ. მ-ის ქმედებაში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მხოლოდ მსჯავრდებულ გ. კ-ის ჩვენება, როდესაც საქმეში ბრალდების ამ ეპიზოდებთან მიმართებით არ არსებობს სხვა უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რაც მსჯავრდებულის აღნიშნული ჩვენების უტყუარობის შემოწმების საშუალებას მოგვცემს, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ მსჯავრდებული ვ. მ. მსჯავრდების ამ ეპიზოდში დამნაშავედ იქნეს ცნობილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. მ-ს განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს მითითება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაზე და მას მსჯავრი უნდა დაედოს მხოლოდ იმ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა _ შენახვაში, რაც მას ფაქტობრივად აღმოაჩნდა მისი პირადი და საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. მ-ს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის «ა» ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის II ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე. მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 42-მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 5000ლარი. ვ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 16 აპრილიდან.

ვ. მ-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მესამე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, 5 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 წლით _ საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენისა, შენახვის და ტარების უფლებები.

მსჯავრდებულ ვ. მ-ს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების ჩანაწერი ჩD დისკზე, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა შეინახოს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ვ. მ-ს განაჩენიდან ამოერიცხოს მითითება ნარკოტიკული საშუალების გასაღებაზე.

მსჯავრდებულ ვ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის «ა» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე. ვ. მ-ს მოსახდელად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარი. ვ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 16 აპრილიდან.

ვ. მ-ს, როგორც ნარკოტიკული საქმინობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მესამე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 წლით _ საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

მსჯავრდებულ ვ. მ-ს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების ჩანაწერი ჩD დისკზე, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეინახოს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.