ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 19.12.2008
საქმის ნომერი
2კ-1441აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.12.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1441აპ ქ. თბილისი

19დეკემბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ კ. კ-სა და ი. პ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 ივნისის განაჩენით რ. გ., _ დაბადებული ....... წლის ....., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებითა და 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, საცავში შეღწევით; ასევე _ დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2008 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 2 საათზე, რ. გ-მა ძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად განიზრახა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად რ. გ. დაუდგენელ ორ პირთან ერთად თავს დაესხა რუსთავში, გაგარინის ქ. ¹16-ში მდებარე, ინდმეწარმე ვ. ა-ს კუთვნილ ფლოსტების საამქროში დარაჯად მომუშავე ო. ჯ-ს. ისინი დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთის გამოყენების მუქარით ითხოვდნენ ფულს. შემდგომში მათ გაიტაცეს 10 წყვილი, 14 ლარის საერთო ღირებულების ფლოსტი და 35 ლარად ღირებული, ინდმეწარმე ვ. ა-ის სახელით დამზადებული ბეჭედი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მთლიანად ზარალის ღირებულებამ შეადგინა 49 ლარი.

აღნიშნული ქმედებისათვის რ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით მიესაჯა 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, ხოლო 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით; საბოლოოდ რ. გ-ს განესაზღვრა 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 25 თებერვლიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ადვოკატებმა _ კ. კ-მ და ი. პ-მა. მათ ითხოვეს განაჩენის გაუქმება და რ. გ-ს გამართლება ან განაჩენის შეცვლა სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა მხოლოდ ნივთმტკიცებათა განკარგვის ნაწილში.

ადვოკატები _ კ. კ. და ი. პ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულების ხელმოწერები არ არის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, თუმცა ოქმში აღნიშნულია, რომ დათვალიერებაში ისინიც მონაწილეობდნენ; კანონის დარღვევით ჩატარდა დათვალიერების დროს საგნების ამოღებაც, ამიტომ ზემოაღნიშნული ოქმი დაუშვებელი მტკიცებულებაა; ასევე დაუშვებელი მტკიცებულებებია ამოღებული საგნები _ წებოვანი ლენტი, ე.წ. „სკოჩი” და ქსოვილის ნაჭრები (აღსანიშნავია, რომ „სკოჩზე” აღმოჩენილი, საიდენტიფიკაციოდ ვარგისი ანაბეჭდები რ. გ-სა არ აღმოჩნდა), რ. გ-ს პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმები, რადგან არც ერთ მათგანში არ არის განმარტებული დამსწრის უფლებები; აქედან გამომდინარე, ამ ჩხრეკებისას ამოღებული საგნებიც დაუშვებელი მტკიცებულებებია.

კასატორთა განმარტებით, თავად მსჯავრდებული მუშაობდა ადრე ამ საამქროში, სადაც ხელფასის ნაცვლად ხშირად პროდუქციას აძლევდნენ; ამიტომ გაუგებარია, როგორ ამტკიცებს გამოძიება, რომ რ. გ-ს სახლიდან ამოღებული ფლოსტები დანაშაულებრივი გზითაა ნაშოვნი; რაც შეეხება ბეჭედს, იგი გამოძიებამ ბინის ჩხრეკისას ჩაუდო მსჯავრდებულს; დაზარალებულს პირველ დაკითხვაში არ უთქვამს, თუ რა ნივთები დაკარგა; სამაგიეროდ, ბინის ჩხრეკის შემდეგ დეტალურად აღწერა დაკარგული ნივთები. დაზარალებულებმა სასამართლოში არსებითად შეცვალეს თავიანთი ჩვენებები და განაცხადეს, რომ რ. გ-ს დანა არ ჰქონია და საწარმოდანაც არაფერი დაუკარგავთ; მხოლოდ პროკურორის მხრიდან მათზე ზეწოლის შემდეგ გაახსენდათ „სიმართლე”.

გამოძიებამ უხეშად დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნები, რადგან არ შეუმოწმებია საქმისათვის მნიშვნელოვანი არც ერთი გარემოება იმის უტყუარად დასადგენად, ნამდვილად რ. გ-მა ჩაიდინა თუ არა აღნიშნული ქმედება; თავად რ. გ-ს დაერღვა თარჯიმნით სარგებლობის უფლება; მას არ გამოცხადებია არც ერთი ექსპერტიზის დანიშვნა და არც ერთი დასკვნა; მიუხედავად ამისა, მან აღიარა დანაშაული, მაგრამ სასჯელის დანიშვნის დროს არც ეს გაითვალისწინეს; პალატამ არასწორად მიიჩნია დაზარალებულის განცხადება პრეტენზიის არქონაზე მსჯავრდებულთან შერიგებად.

ამრიგად, საქმეში არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებათა ერთობლიობა; ბრალდებას აქვს მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდი და ეჭვი, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 და სსსკ-ის მე-10 მუხლების თანახმად, მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; აღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატები _ კ. კ. და ი. პ. ითხოვენ განაჩენის გაუქმებას, რ. გ-ს გამართლებას; მის განთავისუფლებას პასუხისმგელობისაგან სსკ-ის 363-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაზარალებულთან შერიგების საფუძვლით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდება მათი ეს მოთხოვნა _ სასჯელის შემსუბუქებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს, თითქოს რ. გ-ს პირადი და ბინის ჩხრეკა ჩატარდა საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, ბინის ჩხრეკა ჩატარდა სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, დამსწრეთა მონაწილეობის გარეშე, რადგან არსებობდა მტკიცებულებათა დაზიანება-გადამალვის რეალური საფრთხე. ამასთან, საფრთხის აღმოფხვრისთანავე სსსკ-ის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობენ ეჭვმიტანილი და ბრალდებული, რომლის დაუსწრებლადაც ამ შემთხვევაში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. ამავე საფუძვლით ჩატარდა ეჭვმიტანილის პირადი ჩხრეკაც და ამ ოქმშიც ნათლადაა მითითებული, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა დამსწრეთა მონაწილეობის გარეშე. ოქმს ხელს აწერს ადვოკატი, როგორც დაკავებულის დამცველი და არა როგორც დამსწრე. აღსანიშნავია, რომ პირს, რომელთანაც ჩატარდა ჩხრეკა, ეჭვმიტანილსა და მის დამცველს რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამთ.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ რ. გ-ს არ გააცნეს ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილებები და ექსპერტიზის დასკვნები. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლო-სამედიცინო და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებებს გაეცნო რ. გ. დამცველისა და თარჯიმნის მონაწილეობით. იგი ასევე გაეცნო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ხოლო დაქტილოსკოპიური ექსპეტიზის დასკვნა გადაიგზავნა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც არსებითად იხილებოდა საქმე (ს.ფ. 71-72; 87).

კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება რ. გ-ს მამხილებელი მტკიცებულებები, გარდა თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, რაც საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირებამ გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოში რ. გ-მა განმარტა, რომ თავდასხმისას არავინ ახლდა და დანა არ ჰქონია. მანვე იქვე აღნიშნა, რომ დანა გამოიყენა დაზარალებულის ხელებიდან წებოვანი ლენტის მოსახსნელად. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, სწორედ მას შემდეგ, რაც ადვოკატმა კ. კ-მ განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე უარი ითქვა, რ. გ-მა აღიარა, რომ ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა სხვა პირებთან ერთად (ს.ფ. 148-149).

დაზარალებული ოთარ ჯიოევი მომხდარი ფაქტის დღესვე დაკითხვისას მიუთითებს, რომ სამი თავდამსხმელიდან ხმით ამოიცნო თავისი ყოფილი თანამშრომელი რ. გ., რაშიც არ ცდებოდა. ო. ჯ-მა სასამართლოშიც დაადასტურა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი რ. გ. იყო.

დაზარალებულმა ვ. ა-მა სასამართლოს განუმარტა, რომ პოლიციელებმა მისი თანდასწრებით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. დაკარგული იყო ინდმეწარმის ბეჭედიც, რომელსაც იყენებდა საქონლის ზედნადების გაცემისას.

საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული ბეჭედი ამოღებულია რ. გ-ს ბინის ჩხრეკისას, ბინის მეპატრონის თანდასწრებით და ამ უკანასკნელს შენიშვნა არ გამოუთქვამს.

უსაფუძვლოა კასატორის მოტივი, თითქოს არ დადგენილა რ. გ-ს ქმედების მოტივი და მიზანი. ო. ჯ. თავის ყველა ჩვენებაში გარკვევით მიუთითებს, რომ თავდამსხმელებმა ოთახები გაჩხრიკეს და ეკითხებოდნენ _ უფროსი ფულს სად ინახავსო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული, საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს რ. გ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას და გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არსებითად არ დარღვეულა.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შეიცვალა მხოლოდ ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტის ნაწილში.

ამასთან, რ. გ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ფეხსაცმლის ყალიბიც, რომელიც, საბრალდებო დასკვნიდან გამომდინარე, არ ეკუთვნის დაზარალებულებს. ვ. -ს ჩაბარდა მისი ნივთები _ ორი წყვილი ფლოსტი და ინდმეწარმის ბეჭედი (ს.ფ. 91). შესაბამისად, არ არის გადაწყვეტილი ნივთმტკიცებად ცნობილი ფეხსაცმლის ყალიბის საკითხი და იგი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

რ. გ-ს მიმართ პრეტენზიის არქონა არ ნიშნავს მასთან დაზარალებულის შერიგებას და ამის შესახებ სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა.

რ. გ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმასაც, რომ მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და მიიჩნევს, რომ მისთვის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით დანიშნული ძირითადი სასჯელი უნდა შემსუბუქდეს.

გარდა ამისა, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, რ. გ-ს უნდა გაუნახევრდეს სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, რაც, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს ცნობით, არ არის გადახდილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ კ. კ-სა და ი. პ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს: რ. გ-ს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლითა და 9 (ცხრა) თვით შეუმცირდეს 3 (სამი) თვით და განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

“ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რ. გ-ს გაუნახევრდეს სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ფეხსაცმლის ყალიბი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და რ. გ-ს საბოლოოდ მიესაჯოს 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.