დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1450აპ ქ. თბილისი
3 დეკემბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ივნისის განაჩენით:
თ. ბ., _ დაბადებული ...... წელს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 341-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;
ბ. ღ. _ დაბადებული .. წელს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულების _ თ. ბ.-სა და ბ. ღ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
თ. ბ. 2003 წლის 25 ნოემბერს აირჩიეს ქ. სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარედ. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის დროს, 2004 წლის 17 დეკემბერს, მას წერილობით მიმართეს ამავე საკრებულოს წევრებმა _ კ. ხ-მ და შ. ჩ-მა, რომლებმაც ითხოვეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნა და დღის წესრიგში თ. ბ-სათვის, როგორც საკრებულოს თავმჯდომარისათვის, უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვის შეტანა.
მართალია, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება ჰქონდა, მოეწვია საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, მაგრამ თ. ბ-მა გადაწყვიტა, უარი ეთქვა მათთვის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე და იმისათვის, რათა რომ საკრებულოს წევრებს ვერ მოეგროვებინათ რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად და მისი თავმჯდომარეობიდან გადაყენებისათვის საჭირო ხმების რაოდენობა, განიზრახა, შ. ჩ-სათვის ვადაზე ადრე შეეწყვიტა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. მან იცოდა, რომ შ. ჩ-ს მიმართ სიღნაღის რაიონულ სასამართლოს 2003 წლის 10 ივნისს გამოტანილი ჰქონდა გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც წარმოადგენდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს, განიზრახა, ესარგებლა ამით და შ. ჩ-სთვის, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ვადამდე შეეწყვიტა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მან 2004 წლის 25 ოქტომბერს ქ. სიღნაღის საკრებულოს სხდომის ოქმში ზემოთ აღნიშნული პირადი მოტივით, ყალბად შეიტანა ჩანაწერი შ. ჩ-ს, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რა დროსაც მან გადაამეტა თავის, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, უფლებამოსილებას, რადგან „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ შედის საკრებულოს ზოგად კომპეტენციაში. ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო იმავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ იღებს საკრებულო. მე-3 პუნქტის თანახმად კი საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღებისთანავე, ორი კვირის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. თ. ბ-ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შედეგად არსებითად დაირღვა შ. ჩ-ს უფლებები, რადგან მას თ. ბ-მა ვადამდე უკანონოდ შეუწყვიტა უფლებამოსილება და ამავე დროს მას არ მიეცა საშუალება, ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაესაჩივრებინა.
თ. ბ-მა, რომელიც 2003 წლის 25 ნოემბრიდან არჩეული იყო ქ. სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარედ, გასცა განკარგულება, რომლის თანახმად, საკრებულოს ინჟინერმა ბ. ღ-მა მასალებისა და ინვენტარის შეძენის მიზნით, ქ. სიღნაღის საკრებულოს ბუღალტერიიდან 2004 წლის 8 ოქტომბერს ¹259 სალაროს გასავლის ორდერით მიიღო 145 ლარი, 18 ოქტომბერს ¹263 სალაროს გასავლის ორდერით _ 924 ლარი, ხოლო 26 ოქტომბერს ¹270 სალაროს გასავლის ორდერით _ 150 ლარი, სულ _ 1219 ლარი. ამ თანხის მიღების შემდეგ ბ. ღ-მა განიზრახა, მიეთვისებინა მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული, ქ. სიღნაღის საკრებულოს კუთვნილი თანხის ნაწილი. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მიღებული თანხის ნაწილი, 400 ლარი, მიითვისა, ხოლო საკრებულოს ბუღალტერიაში წარადგინა 2004 წლის 21 სექტემბრით დათარიღებული 20 მ3 შეშის 400 ლარად შეძენაზე ყალბად შედგენილი შესყიდვის აქტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა არ იყო გამიზნული შეშის შეძენისათვის. ამავე დროს ბ. ღ-მა მის მიერ მითვისებული 400 ლარის ჩამოსაწერად დეკემბრის თვეში საკრებულოს თავმჯდომარე თ. ბ-ს წარუდგინა 2004 წლის 27 ნოემბრით დათარიღებული, ყალბად შედგენილი შეშის ჩამოწერის აქტი, რომელსაც დაურთო სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის შეშის განაწილების სიის ქსეროასლი. მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერში ქ. სიღნაღის საკრებულოს არ მიუღია გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის შეშის განაწილების შესახებ და აქტს ერთვოდა იმ სიის ქსეროასლი, რომლითაც 2004 წლის 6 დეკემბერს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეშა გაუნაწილეს, თ. ბ-მა არ გადაამოწმა ბ. ღ-ს მიერ წარმოდგენილი შეშის შესყიდვისა და ჩამოწერის აქტების სისწორე, რითაც არ შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის მე-3 თავის მე-12 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-4 თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, ვალდებული იყო, გაეკონტროლებინა საკრებულოს მოსამსახურეების მიერ მათი მოვალეობების შესრულება და მისი განკარგულების საფუძველზე ბ. ღ-ს ჩამოეწერა მითვისებული 400 ლარი. თ. ბ.-ს მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არშესრულებამ, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა, რადგან ბ. ღ-მა მიითვისა 400 ლარი და იგი არ იქნა მხილებული დანაშაულის ჩადენაში.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული თ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ცალმხრივი; დარღვეულია როგორც მატერიალური, ასევე _ პროცესუალური მოთხოვნები; სააპელაციო სასამართლომ განაჩენი დაადგინა ახალი პრაქტიკით, საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლი შეუფარდა 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით _ გაზრდილი სანქციით, ეს მუხლი კი დამძიმდა 2005 წლის 16 დეკემბერს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმე შეისწავლა სრული მოცულობით, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების _ შ. ჩ-ს, კ. ხ-ს ჩვენებებით, მოწმეების _ მ. მ-ს, თ. ჟ-ს, ლ. მ-ის ჩვენებებით, სიღნაღის საკრებულოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებით, სიღნაღის საკრებულოს ¹30 გადაწყვეტილებით, სიღნაღის 2004 წლის ხარჯებით, სიღნაღის საკრებულოს ¹45 გადაწყვეტილებით, სიღნაღის საკრებულოს საგანგებო სხდომის ¹45 გადაწყვეტილებით, სიღნაღის საკრებულოს ¹8 სხდომის ოქმით, წარმოდგენისა და დათვალიერების ოქმით, სიღნაღის საკრებულოს ¹10 სხდომის ოქმით, ამოღების ოქმებით, ნივთმტკიცებად ცნობის შესახებ დადგენილებებით, მასალებისა და შეშის ჩამოწერის აქტებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით მსჯავრდებულების _ თ. ბ-სა და ბ. ღ-ს მიერ მათზე ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულების _ თ. ბ-სა და ბ. ღ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი და დაუნიშნა სამართლიანი სასჯელები.
ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება მსჯავრდებულ თ. ბ-ს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას და თვლის, რომ მის მიერ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით გამოყენებულ უნდა იქნეს 2005 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ბ. ღ-ს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ თ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით გამოყენებულ იქნეს 2005 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია.
“ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ბ. ღ-ს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს და მიესაჯოს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.