ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1482აპ 15 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენით თ.ზ ჯ., _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, მცხოვრები ქუთაისში, ..........¹18-ში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით _ 1 წლით, 236-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა _ 2000 (ორი ათასი) ლარი, 236-ე მუხლის II ნაწილით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარი; ამასთან, მას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, შეკრების წესით, იმავე მუხლის II ნაწილის საფუძველზე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 5 წელი და თ. ჯ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 19 ივლისიდან.
განაჩენით თ. ჯ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2001 წლის 29 ნოემბერს თ. ჯ.ი გაასამართლა ქალაქ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის “ე” ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის ზომად განუსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, შეეცვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, ჯარიმა _ 500 (ხუთასი) ლარი.
2007 წლის 6 მაისს თ. ჯ.ი ქალაქ ქობულეთში ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნაში ეჭვის შეტანის ნიადაგზე დააკავეს საპატრულო პოლიციის მუშაკებმა. ჩატარებული გამოკვლევის შედეგად მას დაუდგინდა “ოპიუმის” ჯგუფის შემცველობის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი და ამით მხილებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებაში.
მიუხედავად იმისა, რომ თ. ჯ-ს ჩადენილი ჰქონდა ზემოაღნიშნული დანაშაულები, კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სახელდობრ: მან დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 9 მმ კალიბრიანი “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ასევე უკანონოდ ატარებდა.
2007 წლის 15 ივლისს, ურთიერთშორის არსებული უთანხმოების გამო, ქალაქ ქუთაისში, წერეთლის ქუჩის II შესახვევის ¹2-ში განთავსებული სასურსათო მაღაზიის წინ, მ. უ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერ გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა თ. ჯ-ს, რომელმაც მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული, თანნაქონი “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტიდან რამდენჯერმე ისროლა მ. უ-ს მიმართულებით, რა დროსაც დააზიანა მისი “ვაზ-2121” მარკის ავტომანქანა “ნივის”, სახელმწიფო ¹“......”, წინა, მარჯვენა ფრთა. თ. ჯ-მა მიღებული ჭრილობების გამო ვეღარ შეძლო გადაადგილება და ,,მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი შემთხვევის ადგილზე დაუვარდა.
მოგვიანებით, სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, თ. ჯ. გადაიყვანეს ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში, ხოლო იმავე დღეს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ამოიღეს მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე ორი განასროლი და ერთი დამუხტული ვაზნა.
აპელანტი _ მსჯავრდებული თ. ჯ.ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I, II ნაწილებით შერაცხულ ბრალდებაში _ გამართლებას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით _ სასჯელის შემსუბუქებასა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებას, რასაც ასაბუთებდა შემდეგი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ არის დამტკიცებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები; იგი არ აღიარებს და უარყოფს თავის მიერ იარაღის შეძენის, შენხვის, ტარების ფაქტს, რადგან არ არსებობს ამის დამადასტურებელი, უტყუარი მტკიცებულებები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ჯ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან აღნიშნა, რომ განაჩენი ემყარება კანონის დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. კასატორმა ითხოვა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I, II ნაწილებით წარდგენილი ბრალდების განაჩენიდან ამორიცხვა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულ თ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი გარემოებების გამო:
პალატას მიაჩნია, რომ თ. ჯ-ს ქმედების კვალიფიკაცია და სასჯელი არ შეესაბამება დამნაშავის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატა ეთანხმება მსჯავრდებულ თ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის, მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I, II ნაწილებით შერაცხული ბრალდების ამორიცხვისა და ქმედების ამ ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
პალატა თვლის, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომ თ. ჯ. 2003 წლის 18 დეკემბრიდან იმყოფებოდა აღრიცხვაზე, როგორც ნარკომანი, 2007 წლის 6 მაისის ¹1172 დასკვნით, რომლის თანახმადაც, იგი იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და საქმის სხვა მასალებით მსჯავრდებულისათვის სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და, პალატის აზრით, სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. ჯ-ს სსკ-ის 236-ე მუხლის I, II ნაწილებით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში, პალატას მიაჩნია, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: სასამართლომ თ. ჯ-ს სსკ-ის 236-ე მუხლის I, II ნაწილებით მსჯავრდებას საფუძვლად დაუდო გამომძიებელ გ. ხ-ს, დ. ლ-ს, კ. უ-ს ჩვენებები.
მოწმე გ. ხ. აღნიშნავს, რომ ქიმიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ. ჯ-ს სპორტული შარვლის მარჯვენა ჯიბის სათავეზე აღმოჩენილი საცხებ-საპოხი საშუალების კვალი იმ ნივთიერების იდენტური აღმოჩნდა, რომელიც ჰქონდა “მაკაროვის” სისტემის იარაღს, რაც არ დასტურდება საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2007 წლის 27 სექტემბრის ¹430/ს.ქ. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, საცხებ-საპოხი საშუალების მინერალური შემადგენლობის სიმცირის გამო, მათი იდენტურობის დადგენა ვერ მოხერხდა. 2007 წლის 13 აგვისტოს გაცემულ, ექსპერტ დ. ე-ს ¹რან/474 დასკვნაში კი მითითებულია, რომ თ. ჯ-ის ტანსაცმელზე შეუძლებელია დენთისა და მისი წვის პროდუქტების იმ კვალის დადგენა, რომელიც იარაღიდან გასროლის შემდეგ რჩება.
პალატის აზრით, ასევე მიუღებელია მოწმე დ. ლ-ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ, თითქოსდა, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დანაშაულის ჩადენის საგანი _ “მაკაროვის” სისტემის იარაღი თ. ჯ-ს კუთვნილება იყო, მაშინ, როდესაც მოწმემ ვერ დაასახელა ამ ინფორმაციის მიღების წყარო, რაც, საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის I ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველია. ხოლო კ. უ-მ ისიც კი ვერ გაიხსენა, თუ როდის გაუჩნდა მის მანქანას დაზიანება, ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებამდე, თუ მას შემდეგ.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაზიანებული ავტომანქანა “ნივის” მოტორის სახურავის ქვეშ ნაპოვნი ტყვიის გულის დეფორმაციის გამო, რომელიც, ვითომდა, გასროლილი იყო თ. ჯ-ს კუთვნილი “მაკაროვის” სისტემის იარაღიდან, ვერ დადგინდა, რომ იგი ამ იარაღს ეკუთვნოდა.
პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ, დასაბუთების გარეშე, ფაქტობრივად ერთი და იმავე სამართლებრივი გარემოებების საფუძველზე, ძირითადად ბრალდების მოწმეების ჩვენებების გათვალისწინებით, ძალაში დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.
საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის III ნაწილის თანახმად, განაჩენი შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული იარაღი თ. ჯ-ს საკუთრებაა. საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად: „ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო იმავე კოდექსის 496-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თ. ჯ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I, II ნაწილებით წარდგენილი ბრალდება, მტკიცებულებების უქონლობის გამო, განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს თ. ჯ-ს მიმართ დანიშნულ სასჯელში, კერძოდ: მას საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სასჯელად უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის გამოყენებით საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, III პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ თ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს და მოსახდელად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ თ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის გამოყენებით საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, III პუნქტებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
თ. ჯ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I, II ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში.
„ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, III პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ თ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს და მოსახდელად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ თ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის გამოყენებით საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.