შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1570აპ. 20 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ს-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ის, მსჯავრდებულ ვ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ისა და მსჯავრდებულ ლ. ს-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. F-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 ივნისის განაჩენით:
ვ. თ-ი _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» და მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (გ. ს-ას ყაჩაღობის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (ი. ქ-ის ყაჩაღობის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (ე. A-ის ყაჩაღობის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ვ. თ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 25 ოქტომბრიდან.
ლ. ს-ა _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» და მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (გ. ს-ას ყაჩაღობის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (ი. ქ-ის ყაჩაღობის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (ე. A-ის ყაჩაღობის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ლ. ს-ას საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 25 ოქტომბრიდან.
ა. ს-ა _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» და მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის I ნაწილით და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (გ. ს-ას ყაჩაღობის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (ი. ქ-შვილის ყაჩაღობის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (ე.A-ის ყაჩაღობის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ა. ს-ას საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 27 ოქტომბრიდან.
ვ. თ-ს, ა. ს.-სა და ლ. ს-ას სოლიდარულად დაეკისრათ გ. ს-ას სასარგებლოდ _ 26 ლარის, ი. ქ-ის სასარგებლოდ _ 80 ლარისა და ე. A-ის სასარგებლოდ _ 1,75 ლარის ანაზღაურება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი 5,4 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ გასანადგურებლად უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს; ნიღბის ფორმის შავი ფერის ორი ქუდი და დანა უნდა განადგურდეს; ა. ს-ას ტანსაცმელი და სანთებელა, მისი თანხმობით, უნდა დაუბრუნდეს მისი ოჯახის წევრებს; ლ. ს-ას ტანსაცმელი და შავი ტყავის საფულე შიგ არსებული 28 ლარით, უნდა დაუბრუნდეს ლ. ს-ას.
განაჩენით მსჯავრდებულების _ ვ. თ-ის, ა. ს-სა და ლ. ს-ას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 24 ოქტომბერს ვ. თ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის ყოფილ თანაკლასელებს, მეზობლებს _ ა. ს-ასა და ლ. ს-ას, რომლებმაც იცოდნენ სოფელ ......... მცხოვრებ პენსიონერებზე პენსიებისა და დახმარების გაცემის შესახებ და განიზრახეს მათზე ყაჩაღური თავდასხმა ქონებრივი სარგებლობის მიღების მიზნით.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, წინასწარი შეთანხმებისამებრ, შექმნეს პირთა ჯგუფი. ვ. თ-ი შეიარაღდა მამის კუთვნილი ქარქაშიანი დანით _ „ბებუთით“, ხოლო ა. ს-ა _ ცეცხლსასროლი იარაღის იმიტაციის მიზნით სანადირო თოფის ლულის მსგავსი ლითონის მილით და დაახლოებით 23 საათზე ვ. თ-ი, ა. ს-ა, ლ. ს-ა, ზემოაღნიშნული საგნებით შეიარაღებულები და ნიღაბაფარებულები, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ი. ქ-ს, შეიჭრნენ ამ უკანასკნელის საძინებელ ოთახში, ლოგინზე მწოლიარეს თავზე გადააფარეს საბანი, მთელი ძალით დააწვნენ მუცლისა და კისრის არეში და მოსთხოვეს ფულის შესანახი ადგილის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მოკვლით. ამ გზით ი. ქ-ი აიძულეს, დაესახელებინა ფულის შესანახი ადგილი. A. ს-ამ იქვე დადებული შარვლის ჯიბიდან ამოიღო ოთხმოცი ლარი, რის შემდეგ ერთ-ერთმა ი. ქ-ს თავში მუშტი ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
იმავე ღამეს ვ. თ-ი, ლ. ს-ა და ა. ს.-ა ყაჩაღური თავდასხმის კვლავ ჩასადენად შევიდნენ იქვე, მეზობლად მცხოვრებ გ. ს-ას საცხოვრებელ ეზოში და მოტყუებით გააღებინეს კარი. ლ. ს-ამ ამ უკანასკნელს პირზე ხელი ააფარა, იძულებით შეიყვანა ოთახში, დააწვინა იატაკზე და მოსთხოვეს, დაესახელებინა პენსიის ფულის, ოქროსა და ვერცხლის ნივთების შესანახი ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მოკვლით. მუქარის დამაჯერებლობისთვის ა. ს-ამ მოხუცს მარცხენა ხელის მტევანი დანით გაუჭრა და ამ გზით აიძულა, დაესახელებინა ფულის შესანახი ადგილი. ვ. თ-მა ლოგინთან მდგარი სკამიდან აიღო ოცი ლარი, ხოლო იქვე დადებული ქისიდან _ ექვსი ლარი. ამის შემდეგ ოთახებში დაიწყეს ძვირფასეულობის ძებნა, მაგრამ როცა დარწმუნდნენ, რომ ვერაფერს იპოვიდნენ, გააფრთხილეს დაზარალებული, რომ პოლიციაში არ განეცხადებინა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდნენ. ამის შემდეგ თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ბოროტმოქმედებმა განაგრძეს დანაშაულებრივი საქმიანობა. გ. ს-ზე ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ, ვ. თ-ი, ლ. ს-ა და ა.. ს-ა მივიდნენ ე. A-ის სახლთან, სადაც უკანა კარის საშუალებით შეაღწიეს სახლში. ხმაურზე გაღვიძებულმა ე. A-ემ მათ დანახვაზე კივილი დაიწყო. A. ს-ამ მას ხელი ააფარა პირზე და დაემუქრა მოკვლით, ხელი ჰკრა, წააქცია იატაკზე და მოსთხოვა პენსიის თანხის გადაცემა. როცა ე. A-ისაგან შეიტყო, რომ პენსია ჯერ არ ჰქონდა აღებული, ვ. თ-ი რკინის მილის გამოყენებთ დაემუქრა მოკვლით. შიშით შეპყრობილმა ე. A-ემ იქვე მდგარი კარადიდან ჩამოიღო მინის ქილა და მასში არსებული 1,75 ლარის მონეტებთან ერთად გადასცა ა. ს-ას. ამ უკანასკნელმა თანხა ჩაიდო ჯიბეში, ხოლო მინის ქილა კვლავ კარადის თავზე დადო, ხოლო სხვა თანხის აღმოჩენის მიზნით, თანამზრახველებთან ერთად ოთახებში დაიწყო ძებნა. როდესაც დარწმუნდნენ, რომ ვერაფერს იპოვიდნენ, დაეუფლნენ ე. A-ის კუთვნილ, 3 ლარად ღირებულ ხელის ფარანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2007 წლის ოქტომბერში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ა. ს-ამ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა 5,4 გრამი ნარკოტიკული საშუალება «მარიხუანა», რომლის ნაწილი მოიხმარა, ხოლო დანარჩენი მოათავსა ვერცხლისფერ ქაღალდში და პირადი მოხმარების მიზნით შეინახა თავის საცხოვრებელ სახლში, ლეიბის ქვეშ, საიდანაც ამოღებულ იქნა 2007 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულებს _ ვ. თ-ს, ლ. ს-სა და ა. ს-ას მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი. ქ-ის ყაჩაღობის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდნენ.
ვ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. ს-ას ყაჩაღობის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. A-ის ყაჩაღობის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ვ. თ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ლ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. ს-ას ყაჩაღობის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. A-ის ყაჩაღობის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ლ. ს-ას საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. ს-ას ყაჩაღობის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. A-ის ყაჩაღობის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ა. ს-ას საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ა. ს-ას ინტერესების დამცველი ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლებას. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული, გამამტყუნებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან მასში ჩამოყალიბებული დასკვნები არ ეყრდნობა სასამართლოში გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას; სასამართლომ დაზარალებულების _ გ. ს-ასა და ე. A-ის ჩვენებებს არ მისცა სათანადო შეფასება და გამოიყენა ბრალის დასადასტურებლად; დაზარალებულები _ ე. A-ე და გ. ს-ა არ უთითებენ ა. ს-ზე, როგორც მათ დაყაჩაღებაში მონაწილე პირზე; სასამართლომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა ერთ შემთხვევაში საფუძვლად დაუდო გამამართლებელ განაჩენს, ხოლო მეორე შემთხვევაში _ გამამტყუნებელს; სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ა. ს-ა არის ე. A-ის ახლობელი და იგი ხშირად სტუმრობდა მას სახლში, შესაბამისად, სრულიად შესაძლებელი და დასაშვებია ა. ს-ას თითის კვალის არსებობა ე. A-ის ოჯახში; რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლომ სარწმუნოდ მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები მიიჩნია, რომლებიც მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტს ადასტურებენ და სასამართლო პროცესზე იძლევიან ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს.
მსჯავრდებულ ვ. თ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენის, ასევე 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლებას. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე; სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებობს ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცება, კერძოდ: სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ვ. თ-ი სრულიად ჯანმრთელია და ¹2 საპყრობილის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ვ. თ-ი დაავადებულია ეპილეფსიით; სააპელაციო სასამართლომ არ შეისწავლა ვ. თ-ის პიროვნული მახასიათებელი თვისებები; არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ ვ. თ-ს ახასიათებს ჭკუასუსტობა და ადეკვატურად ვერ აღიქვამს მოვლენებს, რაზეც ნათლად მიუთითებს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება; სასამართლოს შეეძლო, გაეთვალისწინებინა ვ. თ-ის მიერ დანაშაულის აღიარება და მისი თანამშრომლობა გამოძიებასთან; სასამართლოს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც შეეხება იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცებას, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების საფუძველს, ხოლო აღნიშნული ბრძანების მე-5 მუხლი მიუთითებს იმ ფსიქიკურ აშლილობებზე, რომელთა შემადგენლობაში შედის ორგანული ჭკუასუსტობა, გამოწვეული ეპილეფსიური დაავადებით.
მსჯავრდებულ ლ. ს-ას ინტერესების დამცველი ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას, გარდა ი. ქ-ის ეპიზოდისა. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული, გამამტყუნებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ეყრდნობა კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს; დარღვეულია ვ. თ-ის დაცვის უფლება; საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ისე, რომ არ ყოფილა გამოტანილი სათანადო დადგენილება ნიმუშების აღების შესახებ; საგამოძიებო მოქმედებებში ექსპერტ-კრიმინალისტ გ. ჟ-ის მონაწილებისას არ იქნა მოწვეული თარჯიმანი; დაზარალებული ე. A-ე დაკითხულია თარჯიმნის გარეშე; არ არის დადგენილი დანაშაულის ჩადენის დრო; ასევე არ არის დადგენილი იმ მეზობლის ვინაობა, რომელიც ესწრებოდა დაზარალებულ ე.A-ის დაკითხვას; სასამართლომ არ გაიზიარა ლ. ს-ას უტყუარი ალიბი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების _ ვ. თ-ის, ლ. ს-ასა და ა. ს-ას განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ ჩაუდენიათ მათზე ბრალად შერაცხული დანაშაულები (გ. ს-სა და ე. A-ის ეპიზოდები), რადგან საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულების _ გ. ს-სა და ე. A-ის ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მამხილებელი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული მათზე ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ეპიზოდების ჩადენა.
დაზარალებული გ. ს-ა ჩვენებაში აღნიშნავს, რომ 2007 წლის 24 ოქტომბერს, ღამით, ყაჩაღურად თავს დაესხა სამი ახალგაზრდა ბიჭი, ერთ-ერთ თავდამსხმელში თმით, ტანით და აღნაგობით შეიცნო ვ. თ-ი.
დაზარალებული ე. A-ე ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მას 2007 წლის 24 ოქტომბერს, ღამის საათებში, ყაჩაღურად თავს დაესხა სამი პირი და მოსთხოვეს ფული, მაგრამ ვინაიდან არ ჰქონდა პენსია აღებული, წაიღეს მინის ქილაში არსებული 1 ლარი და 70 თეთრი და ხელის ფარანი.
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხელის თითის ოთხი კვალიდან ვარგისი ერთი თითის კვალი, ამოღებული გ. ს-ას საცხოვრებელ სახლში არსებული ტრილიაჟის ზედაპირიდან, დატოვებულია ლ. ს-ას მარცხენა ხელის შუა თითით. ხელის თითის მეორე კვალი, ამოღებული გ. ს-ას საცხოვრებელ სახლში არსებული ელექტროსაათის ზედაპირიდან, ვარგისია და დატოვებულია ვ. თ-ის მარცხენა ხელის ნეკა თითით. ხელის თითის მესამე კვალი, ამოღებული ე. A-ის საცხოვრებელ სახლში არსებული მინის ქილის ზედაპირიდან, ვარგისია და დატოვებულია ა. ს-ას მარჯვენა ხელის შუა თითით.
საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულ გ. ს-ას პერანგზე აღმოჩენილი ნაცრისფერი, ქიმიური, მატირებული ბოჭკოს მიკრონაწილაკები და ვ. თ-ის შავი სპორტული შარვლის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ნაცრისფერი, ქიმიური, მატირებული ბოჭკოები ხასიათდებიან ერთნაირი ბუნებით, ფერის ტონალობით და ბოჭკოს სტრუქტურით (გვაროვნული ნიშნები), ხოლო ე. A-ის შავი ფერის მაისურზე აღმოჩენილი ღია მწვანე ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკები და ა. ს-ას მწვანე-შავი ფერის მაისურის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ღია მწვანე ფერის ბამბის ბოჭკოები ხასიათდებიან ერთნაირი ბუნებით, ფერის ტონალობითა და ბოჭკოს სტრუქტურით (გვაროვნული ნიშნები).
საქმეზე ჩატარებული კომპლექსური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ. თ-ი ფსიქიკურად ჯანმრთელია და მის მიერ ჩადენილ ქმედებებში ის უნდა ჩაითვალოს შერაცხადად.
ა. ს-ას ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მის საძინებელ ოთახში, საწოლზე არსებული ლეიბის ქვემოდან, ამოიღეს სიგარეტის ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული, მომწვანო-მორუხო ფერის მცენარე, წონით 5.4 გრამი, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება «მარიხუანას».
საკასაციო პალატა ასევე სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას ალიბის ვერსიის მოწმეების ჩვენებების შეფასების ნაწილში, რაც სადავოდ არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენს გაუხდია. ამდენად, პალატა აღნიშნულ ჩვენებებს ვერ განიხილავს ისეთ უტყუარ მტკიცებულებებად, რაც გამორიცხავს მსჯავრდებულთა მონაწილეობას შერაცხულ დანაშაულებრივ ეპიზოდებში.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულების _ ვ. თ-ის, ა. ს-სა და ლ. ს-ას ქმედებები (გ. ს-სა და ე. A-ძის ეპიზოდები) არ წარმოადგენს დანაშაულთა ერთობლიობას.
საქმის მასალების მიხედვით, როგორც საბრალდებო დასკვნით, ასევე პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილად არის მიიჩნეული, რომ 2007 წლის 24 ოქტომბერს ვ. თ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის ყოფილ თანაკლასელებს, მეზობლებს _ ა. ს-ასა და ლ. ს-ას, რომლებმაც იცოდნენ სოფელ ...... მცხოვრებ პენსიონერებზე პენსიებისა და დახმარების გაცემის შესახებ და განიზრახეს მათზე ყაჩაღური თავდასხმა ქონებრივი სარგებლობის მიღების მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, წინასწარი შეთანხმებისამებრ, შექმნეს პირთა ჯგუფი. ვ. თ-ი შეიარაღდა მამის კუთვნილი ქარქაშიანი დანით _ „ბებუთით“, ხოლო ა. ს-ა _ ცეცხლსასროლი იარაღის იმიტაციის მიზნით სანადირო თოფის ლულის მსგავსი ლითონის მილით და ყაჩაღურად თავს დაესხნენ გ. ს-ას. ბოროტმოქმედებმა განაგრძეს რა დანაშაულებრივი საქმიანობა, გ. ს-ზე ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ, ისინი ყაჩაღურად თავს დაესხნენ ე. A-ეს.
სააპელაციო სასამართლო განაჩენში ასევე აღნიშნავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ ორივე თავდასხმა მოხდა ერთ ღამეს, ერთმანეთის მახლობლად, 24-დან 02 საათამდე დროის შუალედში, ორივე თავდასხმაში ფიგურირებს სამი ახალგაზრდა, ერთი _ დანით, მეორე _ თოფის მაგვარი საგნით შეიარაღებულები, მიუთითებენ, რომ როგორც ე. A-ის, ისე გ. ს-ას ოჯახებზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმები ჩადენილია ერთი და იმავე პირთა ჯგუფის _ ვ. თ-ის, ლ. ს-ასა და ა. ს-ას მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულები _ ვ. თ-ი, ა. ს-ა და ლ. ს-ა მოქმედებდნენ რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული, ერთიანი დანაშაულის ერთ-ერთი სახე _ განგრძობადი დანაშაული, რის გამოც მსჯავრდებულები _ ვ. თ-ი, ა. ს.-ა და ლ. ს-ა მსჯავრდებულნი უნდა იქნენ მხოლოდ ყაჩაღობის ერთი მუხლით და, შესაბამისად, უნდა დაენიშნოთ ერთი სასჯელი.
საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. ს-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს.
მსჯავრდებულებს _ ვ. თ-ს, ა. ს-სა და ლ. ს-ას განაჩენიდან უნდა ამოერიცხოთ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი.
მსჯავრდებულ ვ. თ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად უნდა დარჩეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ლ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად უნდა დარჩეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ა. ს-ას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად უნდა დარჩეს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და ,,დ» ქვეპუნქტებით, «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულებს _ ვ. თ-ს, ა. ს-სა და ლ. ს-ას განაჩენიდან ამოერიცხოთ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი.
მსჯავრდებულ ვ. თ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2007 წლის 25 ოქტომბრიდან.
მსჯავრდებულ ლ. ს-ას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2007 წლის 25 ოქტომბრიდან.
მსჯავრდებულ ა. ს-ას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მოსახდელად დარჩეს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
«ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. ს-ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ა. ს-ას საბოლოოდ სასჯელად განესაზღვროს 8 (რვა) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2007 წლის 27 ოქტომბრიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.