განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
201 18 მარტი, 2008 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ. ვ-სა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნის შესაბამისად, ლ. კ-ს ბრალი ედებოდა იმაში, რომ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა, რაც იმყოფებოდა მიმთვისებლისა და გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ლ. კ-ის ქმედება წინასწარმა გამოძიებამ დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და საქმე განსახილველად გადაეცა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ლ. კ-ძე წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ქუთაისის საქალაქო პროკურორის თანაშემწე ვ. კ-მა და დაზარალებულებმა განაჩენი გაასაჩივრეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში. მათ მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ლ. კ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 აგვისტოს განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ლ. კ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ვ. კ-მა და დაზარალებულებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 აპრილის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 9 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენი ლ. კ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
2006 წლის 17 აგვისტოს ლ. კ-მ განცხადებით მიმართა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მან მოითხოვა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოების უკანონო მოქმედებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის თანხის - 56644 (ორმოცდათექვსმეტი ათას ექვსას ორმოცდაოთხი) ლარის ანაზღაურება (1644 ლარი შეადგენს მიუღებელ ხელფასს, 5000 ლარი - სასამართლო წარმოებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ხოლო 50000 - ლარი მორალური ზიანის კომპენსაციას).
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის დადგენილებით ლ. კ-ს უარი ეთქვა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
აღნიშნული დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებით ცვლილება შევიდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის დადგენილებაში, კერძოდ: ლ. კ-ძე ცნობილ იქნა რეაბილიტირებულად. ფინანსთა სამინისტროს ლ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის _ 1000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდა.
დადგინდა რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში, აგრეთვე აღნიშნული ეცნობა “ბაღდათის სამედიცინო ცენტრის” შრომის კოლექტივსა და ბაღდათის რაიონის გამგეობას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ. ვ-მ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-მ კერძო საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ. ვ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს ლ. კ-ის რეაბილიტაციისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს, რომ არ მოხდეს ლ. კ-ს მიმართ დაკისრებული მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციით ანაზღაურება ან უნდა შემცირდეს კომპენსაციის თანხა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა ლ. კ-ის რეაბილიტაციის თაობაზე სასამართლო წარმოების მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება ფულადი კომპენსაციით ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირს მორალური ზიანი მიადგა უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ. კ-ს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული არ ჰქონია. ასევე არ მომხდარა მისი დაკავება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. კ-ს მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციით ანაზღაურების შესახებ, რის გამოც განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს.
პალატა თვლის, რომ ასევე არასწორია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებაში არსებული მითითება ლ. კ-ს რეაბილიტირებულად ცნობის შესახებ.
საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,პირის რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მოსამართლის ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,დ”, ,,ი”, ,,კ” და ,,მ” ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, აგრეთვე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე უკანონო სასამართლო განჩინების (დადგენილების) გაუქმების შესახებ”.
საქმის მასალების მიხედვით, ბაღდათის რაიონულმა სასამართლომ ლ. კ-ს მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, რაც უცვლელად დატოვეს ზემდგომმა სასამართლოებმა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. კ-ს რეაბილიტაციის საფუძველია სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ პირის მიმართ ასეთი მარეაბილიტირებელი საპროცესო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ იგივე პირი, ხელახლა, დამატებით, სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით რეაბილიტირებულად ცნობას აღარ საჭიროებს, რის გამოც აღნიშნული მითითება განჩინებიდან უნდა ამოირიცხოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ. ვ-სა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინება ლ. კ-ს მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციით - 1000 ლარით ანაზღაურების ნაწილში გაუქმდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებიდან ამოირიცხოს მითითება ლ. კ-ს რეაბილიტირებულად ცნობის თაობაზე.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.