დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.07.2009
საქმის ნომერი
64საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
06.07.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹64საზ-08 ქ. თბილისი

6 ივლისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 მაისის განაჩენით გ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ’’ და «დ’’ ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტისა (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; ხოლო საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე გ. ხ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ სულ 16 დღე. გ. ხ-ა სასჯელს იხდის 2006 წლის 3 ნოემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 მაისის განაჩენი გ.ხ-ს მიმართ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2007 წლის 4 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლში შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით მსჯავრდებული გ. ხ-ა თავისი საჩივრით ითხოვს მისი ქმედების (დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით) კვალიფიკაციის შეცვლასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ხ-ას პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:

a) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;

b) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. ხ-ას მიერ საჩივარში მითითებული გარემოება ვერ ჩაითვლება ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად და გასაჩივრებული განაჩენის მაკვალიფიცირებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობისათვის მისი მსჯავრდების ნაწილში გადასინჯვის საფუძვლად, რის გამოც აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება გ. ხ-ას მსჯავრდებას სხვა ნაწილებში, კერძოდ _ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ’’ და «დ’’ ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) საფუძველზე, არც მათ მიმართ არ არსებობს ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება და ამიტომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მის მიმართ ამ ნაწილებშიც უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტითა და 599-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ხ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინება გ. ხ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.