დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.11.2008
საქმის ნომერი
92საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.11.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

92საზ ქ. თბილისი

4 ნოემბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ხ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 იანვრის განაჩენით:

ი. ი-ის ძე ხ-ი, _ დაბადებული ..... წელს დედოფლისწყაროს რაიონში, საქართველოს მოქალაქე, ... განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ. საგარეჯოში, .........-ში, _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმავე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ და მესამე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, რასაც, თანახმად საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლისა, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 (ერთი) წლით, 3 (სამი) თვითა და 4 (ოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რის გამოც მსჯავრდებულ ი. ხ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის, 3 (სამი) თვისა და 4 (ოთხი) დღის ვადით;

ტ. ხ-ი, _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, ..... განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები გარდაბნის რაიონის სოფელ ს-ში, _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, რასაც, თანახმად საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლისა, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 (ორი) წლით, 3 (სამი) თვითა და 26 (ოცდაექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რის გამოც ტ. ხ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის, 3 (სამი) თვისა და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით;

მ. მ-ი, _ დაბადებული ..... წელს, საქართველოს მოქალაქე, ....... განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ. საგარეჯოში, ...........-ში, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

განაჩენის მიხედვით, მათ მსჯავრი დაედოთ:

ი. ხ-ს _ ქურდობისათვის, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მასვე მსჯავრი დაედო ქურდობის მცდელობისათვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის;

ტ. ხ-ს _ ქურდობის მცდელობისათვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის;

მ. მ-ს _ თვითნებობის ჩადენისათვის, ე.ი. ნამდვილად თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 იანვრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილებები:

მსჯავრდებული ტ. ხ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხულ ბრალდებაში. მასვე მსჯავრდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლსა და 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითება, როგორც ზედმეტად შერაცხული ბრალდება. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან 2 (ორი) წლით, 3 (სამი) თვითა და 21 (ოცდაერთი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რის შედეგადაც ტ. ხ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის, 9 (ცხრა) თვისა და 21 (ოცდაერთი) დღის ვადით.

მსჯავრდებულ ი. ხ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 177-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შერაცხული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტიდან და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტსა და იმავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ასევე საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) საფუძველზე, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვისა და 12 (თორმეტი) დღის ვადით, რის გამოც ი. ხ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 12 (თორმეტი) დღის ვადით.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ი. ხ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლიდან და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლსა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე, ასევე მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტიდან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), ხოლო ჩადენილი დანაშაულისათვის აღნიშნული განაჩენით მისთვის განსაზღვრული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით _ შეუმცირდა და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 9 (ცხრა) თვითა და 24 (ოცდაოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა და მსჯავრდებულ ი. ხ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის, 9 (ცხრა) თვისა და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით.

იმავე განაჩენით მსჯავრდებული მ. მ-ი «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აგრეთვე იმავე კანონის მესამე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, რომლის მიხედვით, ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმაზე, რომელიც დანიშნული იყო ძირითადი სასჯელის სახით, გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის _ 1000 (ათასი) ლარის ჯარიმის მოხდისაგან, თუკი მას აღნიშნული ჯარიმა არ გადაუხდია მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულების _ ი. ხ-ის, ტ. ხ-ისა და მ. მ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ი. ხ-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განჩინებით მსჯავრდებულ ი. ხ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლიდან და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლსა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე, ასევე მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტიდან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), ხოლო ჩადენილი დანაშაულისათვის აღნიშნული განაჩენით მისთვის განსაზღვრული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით _ შეუმცირდა და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 9 (ცხრა) თვითა და 24 (ოცდაოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა და მსჯავრდებულ ი. ხ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის, 9 (ცხრა) თვისა და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, რომელთაც მიეკუთვნება:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი.

ბ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ვინაიდან ი. ხ-ის მიმართ განჩინების გამოტანის შემდეგ აღნიშნული დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კანონი არ შეცვლილა მსჯავრდებულის სასიკეთოდ, რაც განჩინებაში ცვლილების შეტანის საფუძველი გახდებოდა, საკასაციო პალატა თვლის, რომ განჩინება მსჯავრდებულის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინება მსჯავრდებულების _ ი. ხ-ის, ტ. ხ-ისა და მ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.