საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.06.2010
საქმის ნომერი
2კ-380აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.06.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

380აპ-10 9 ივნისი, 2010წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი

დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ფ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განაჩენზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დ. ფ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით _ 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მას მიესაჯა 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დ. ფ-ს მიმართ შეფარდებული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 თვე და 19 დღე და საბოლოოდ, დ. ფ-ს მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. დ. ფ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 19 ნოემბრიდან.

მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად, კერძოდ:

დ. ფ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დ. ფ-ს მიმართ შეფარდებული და ,,ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონით განახევრებული პირობითი მსჯავრი _ 11 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ» 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონით გაუნახევრდა და მოსახდელად დარჩენილი 5 თვე და 19 დღე, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, მთლიანად დაემატა მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ფ-ს მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ დ. ფ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ფ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.