საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.02.2011
საქმის ნომერი
2კ-858აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.02.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

858აპ-10 7 თებერვალი, 2011 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ნ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განაჩენზე.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის განაჩენით ა. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 წლისა და 6 ექვსი თვის ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც “ამნისტიის შესახებ” 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ა. ნ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა განზრახი დანაშაულებრივი ქმედების განსახორციელებლად გამოყენებული, მის კანონიერ მფლობელობაში არსებული წითელი ფერის “ოპელ ასტრა”-ს მოდელის ავტომანქანა, როგორც დანაშაულის ჩადენის საგანი.

ა. ნ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები;

ა. ნ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 13 აგვისტოდან.

იმავე განაჩენით შ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 წლისა და 6 ექვსი თვის ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც “ამნისტიის შესახებ” 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

შ. მ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები;

შ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 13 აგვისტოდან.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განაჩენით შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ი. კ-სა და შ. მ-ს შორის. შ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე 4 წელი განესაზღვრა რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე 4 წელი განესაზღვრა რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით 7 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ა. ნ-ის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და “ე” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ნ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.