შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
915აპ-10 11 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. წ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განაჩენით გ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ექვსი ეპიზოდი) და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ. ბ-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, მასვე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბ. ც-ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის გამოყენებით, ამ ეპიზოდისათვის საბოლოოდ განესაზღვრა 1 (ერთი) წლისა და 5 (ხუთი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ. ლ-ის ეპიზოდი) _ ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბ. ხ-ის ეპიზოდი) _ ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა. გ-ის ეპიზოდი) – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ. ც-ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის გამოყენებით, ამ ეპიზოდისათვის საბოლოოდ განესაზღვრა 1 (ერთი) წლისა და 5 (ხუთი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. წ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 7 (შვიდი) თვის ვადით. მასვე დაენიშნა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობთი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. სასჯელის მოხდის ვადა მას აეთვალა 2009 წლის 24 სექტემბრიდან.
განაჩენით გ. წ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის, ასევე სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც იურიდიული პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერ ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (ექვსი ეპიზოდი).
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: გ. წ-ი 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2009 წლის 29 მაისამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-20-29-ე მუხლების შესაბამისად, გ. წ-ს ევალებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ამავე კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, იგი ვალდებული იყო, მიეღო ყველა კანონიერი ზომა აღნიშნული გადაწყვეტილების სწრაფად აღსრულებისათვის, განემარტა მხარეებისათვის მათი უფლება-მოვალეობები, აღსრულების ცალკეული მხარეების შინაარსი და შესაძლებლობები, დახმარება გაეწია მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლდნენ პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2007 წლის 1 დეკემბრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება აღსრულებული არ იყო ამ კანონის ამოქმედებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 თებერვლის დადგენილებით, ნ. ბ-ს 2008 წლის 5 თებერვალს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისათვის სახდელის ზომად დაენიშნა ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე 2008 წლის 17 მარტს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი ¹4-166, რომელიც 2008 წლის 9 ივნისს აღსასრულებლად დაეწერა აღმასრულებელ გ. წ-ს.
გ. წ-მა, იყო რა მოხელე და ვალდებული, აღესრულებინა ხსენებული სააღსრულებო ფურცელი, განიზრახა თავისთვის, ასევე სხვისთვის უპირატესობის მისაღებად სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოეყენებინა ბოროტად და ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნათა დარღვევით შეეწყვიტა სააღსრულებო წარმოება ნ. ბ-ის მიმართ.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის, ასევე ნ. ბ-ისათვის უპირატესობის მისანიჭებლად, მიუხედავად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისაგან განთავისუფლების შესახებ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობისა, გასცა განკარგულება ნ. ბ-ის მიმართ არსებულ სააღსრულებო საქმეზე აღსრულების შეწყვეტის შესახებ, რამაც იურიდიული პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (პირველი ეპიზოდი).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 აგვისტოს დადგენილებით, ბ. ც-ს 2008 წლის 17 აგვისტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისათვის სახდელის ზომად დაენიშნა ჯარიმა - 100 ლარის ოდენობით და ასევე დაეკისრა გარემოსათვის მიყენებული ზიანის – 313 ლარისა და 6 თეთრის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე 2008 წლის 20 სექტემბერს, გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი ¹12, რომელიც 2008 წლის 28 ოქტომბერს აღსასრულებლად დაეწერა აღმასრულებელ გ. წ-ს.
გ. წ-მა, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის, ასევე ბ. ც-ისათვის უპირატესობის მისანიჭებლად, მიუხედავად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისაგან განთავისუფლების შესახებ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობისა, გასცა განკარგულება ბ. ც-ის მიმართ არსებულ სააღსრულებო საქმეზე აღსრულების შეწყვეტის შესახებ, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (მეორე ეპიზოდი).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის დადგენილებით, ნ. თ-ს 2008 წლის 16 ივნისს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1711-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისათვის სახდელის ზომად დაენიშნა ჯარიმა - ხუთი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე 2008 წლის 20 აგვისტოს, გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი ¹20, რომელიც 2008 წლის 28 ოქტომბერს აღასასრულებლად დაეწერა აღმასრულებელ გ. წ-ს.
გ. წ-მა, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის, ასევე ნ. თ-ისათვის უპირატესობის მისანიჭებლად, მიუხედავად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისაგან განთავისუფლების შესახებ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობისა, გასცა განკარგულება ნ. თ-ის მიმართ არსებულ სააღსრულებო საქმეზე აღსრულების შეწყვეტის შესახებ, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (მესამე ეპიზოდი).
ქობულეთის რაინული სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით, ბ. ხ-ს 2007 წლის 25 დეკემბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისათვის სახდელის ზომად დაენიშნა ჯარიმა - 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე 2008 წლის 23 ივნისს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი ¹176, რომელიც 2008 წლის 31 ოქტომბერს აღსასრულებლად დაეწერა აღმასრულებელ გ. წ-ს.
გ. წ-მა, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის, ასევე ბ. ხ-ისათვის უპირატესობის მისანიჭებლად, მიუხედავად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისაგან განთავისუფლების შესახებ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობისა, გასცა განკარგულება ბ. ხ-ის მიმართ არსებულ სააღსრულებო საქმეზე აღსრულების შეწყვეტის შესახებ, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (მეოთხე ეპიზოდი).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით, ა. გ-ს 2007 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისათვის სახდელის ზომად დაენიშნა ჯარიმა - 20 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე 2008 წლის 20 მარტს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი ¹34, რომელიც 2008 წლის 31 ოქტომბერს აღსასრულებლად დაეწერა აღმასრულებელ გ. წ-ს.
გ. წ-მა, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის, ასევე ა. გ-ისათვის უპირატესობის მისანიჭებლად, მიუხედავად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისაგან განთავისუფლების შესახებ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობისა, გასცა განკარგულება ა. გ-ის მიმართ არსებულ სააღსრულებო საქმეზე აღსრულების შეწყვეტის შესახებ, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (მეხუთე ეპიზოდი).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის დადგენილებით, მ. ც-ს 2007 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისათვის სახდელის ზომად დაენიშნა ჯარიმა - 400 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და ასევე დაეკისრა გარემოსათვის მიყენებული ზიანის – 19 ლარისა და 14 თეთრის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე 2008 წლის 10 ივლისს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი ¹02, რომელიც 2008 წლის 5 სექტემბერს აღსასრულებლად დაეწერა აღმასრულებელ გ. წ-ს.
გ. წ-მა, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის, ასევე მ. ც-ისათვის უპირატესობის მისანიჭებლად, მიუხედავად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისაგან განთავისუფლების შესახებ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობისა, გასცა განკარგულება მ. ც-ის მიმართ არსებულ სააღსრულებო საქმეზე აღსრულების შეწყვეტის შესახებ, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (მეექვსე ეპიზოდი).
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. წ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. წ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. წ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. წ-ი იყო მოხელე (იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოვალეობის შემსრულებელი) და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ევალებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება. 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ”, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული სახდელისაგან თავისუფლდებოდნენ ადმინისტრაციულსახდელდადებული პირები, რომლებმაც ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2007 წლის 1 დეკემბრამდე. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილია, რომ გ. წ-მა შეწყვიტა ექვსი სააღსრულებო წარმოება იმ სააღსრულებო საქმეებზე, რომლებიც ზემოხსენებული კანონის საფუძველზე შეწყვეტას არ ექვემდებარებოდა.
ჩადენილი ქმედებისათვის გ. წ-ს მსჯავრი დაედო ექვსი დამოუკიდებელი ეპიზოდის გამო, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის, ასევე სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლი).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის შემადგენლობის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღება (მოტივი, მიზანი). სააპელაციაო სასამართლოს Dდასკვნაში გ. წ-ის მიერ ასეთი უპირატესობის სხვისთვის მინიჭებად მიჩნეულია მის მიერ კანონდარღვევით შეწყვეტილი სააღსრულებო წარმოების შედეგად შესაბამისი სამართალდამრღვევებისათვის (რომლებსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე ევალებოდათ სხვადასხვა ოდენობით ჯარიმის თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა) უპირატესობის მინიჭება, ხოლო თავისთვის უპირატესობის მიღებად მიჩნეულია ის გარემოება, რომ აღნიშნული ექვსი საქმის შეწყვეტით გ. წ-ს მათზე აღარ მოუწევდა ძალზე შრომატევადი სააღსრულებო მოქმედებების შესრულება, რადგან ისედაც ,,ზღვა საქმე” ჰქონდა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას და განმარტავს, რომ გამორჩენის ან უპირატესობის მიღება შეიძლება გამოიხატოს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მეშვეობით დამნაშავის მისწრაფებაში - მიიღოს რაიმე მატერიალური გამორჩენა თავისთვის ან სხვა პირთათვის, სახელმწიფო სახსრების ხარჯზე. გამორჩენის ან უპირატესობის მიღებას შეიძლება არაქონებრივი ხასიათიც ჰქონდეს, თუმცა, როგორც მოცემული საქმის მასალებით დასტურდება, გ.წ-ს არავითარი პირადი ნაცნობობა არ აკავშირებდა იმ ექვს ადამიანთან, რომელთა სააღსრულებო წარმოებები კანონდარღვევით იქნა შეწყვეტილი. შესაბამისად, არ შეიძლებოდა სრულიად უცნობი პირებისათვის უპირატესობის მინიჭების მიზანი მოცული ყოფილიყო მისი განზრახვით. ამასთან, გ. წ-ის მიერ განხორციელებული კონკრეტული მოქმედება – სააღსრულებო წარმოებათა შეწყვეტა, შრომატევადი სააღსრულებო პროცედურების თავიდან არიდების მოტივით, ასევე ვერ განიხილება მისთვის უპირატესობის მინიჭებად, ვინაიდან აღნიშნული მოქმედება არ გამოხატავს საკუთარი თავისთვის უპირატესობის მინიჭების შინაარსს.
საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. წ-ს ყველა ახალი სააღსრულებო წარმოების შეწყვეტისას არ აღძვრია დამოუკიდებელი დანაშაულებრივი განზრახვა. მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს ერთი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ რამდენიმე ქმედებას. გ. წ-ის მიერ განხორციელებული ერთი და იმავე ხასიათის რამდენიმე დანაშაულებრივი აქტი (თითოეული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა), მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, როგორც ერთიანი ჯაჭვის რგოლები, ქმედებები ერთმანეთისგან დროის მოკლე მონაკვეთებით გამოიყოფიან. ამდენად, ისინი ცალ-ცალკე არ ქმნიან დამოუკიდებელი დანაშაულის შემადგენლობას.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შეკრებილი მტკიცებულებები ორივე ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია სრულად, მაგრამ, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, გ. წ-ის მსჯავრდება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (ექვსი ეპიზოდი) ემყარება არასწორ დასკვნას, დანაშაულებრივი ქმედების არასწორი კვალიფიკაციით. გ. წ-ის ბრალდების საქმეში წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც მისი სანდოობის, დასაშვებობისა და შესახებობის თვალსაზრისით საკმარისია დასკვნისათვის, რომ მან ჩაიდინა სამოხელეო დანაშაული – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია). შესაბამისად, ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის @I ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს 333-ე მუხლის I ნაწილზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ გ. წ-ის სასიკეთოდ, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. წ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება (ექვსი ეპიზოდი) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს: თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 9 თვის ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. მასვე, 1 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
გასაჩივრებული განაჩენი, როგორც კანონიერი და დასაბუთებული, სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
მსჯავრდებულ გ. წ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება (ექვსი ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 9 თვის ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. გ. წ-ს 1 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.