დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.04.2011
საქმის ნომერი
17აგ.-2011
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.04.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

17აგ-11 ქ. თბილისი

5 აპრილი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ვ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, “გ” და „ე“ ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ვ. გ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით. ვ. გ-ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 8 ივნისიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განაჩენით ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 მაისის განაჩენით ვ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვ. გ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 13 წელი და 14 დღე და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლისა და 14 დღის ვადით.

2011 წლის 17 თებერვალს მსჯავრდებულმა ვ. გ-მ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის განაჩენების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შუამდგომლობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. გ-ის შუამდგომლობა არ იქნა დაშვებული განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. გ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის განჩინების გაუქმება და მისი შუამდგომლობის განსახილველად დაშვება იმ მოტივით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2010 წლის 23 თებერვალს განხორციელებული ცვლილებები და დამატებები (სსკ-ის 59-ე მუხლს დაემატა 11–ლი ნაწილი) წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვის საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის “ვ” პუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო. ზემოხსენებული კი ვ. გ-ის მიერ სასამართლოში შეტანილ შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში დასაბუთებული არ არის.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის არგუმენტაციას შუამდგომლობის უარყოფასთან დაკავშირებით. ამასთან, განმარტავს, რომ სსკ-ის 59-ე მუხლის 11–ლი ნაწილით გათვალისწინებული ნაწილობრივი შეკრების წესი არ ატარებს გამოსაყენებლად სავალდებულო ხასიათს.

გარდა ამისა, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ” საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილით გათვალისწინებული წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, აგრეთვე პირებზე, რომელთა მიმართაც საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მოცემულ შემთხვევებში კი მსჯავრდებულის მიმართ მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის განჩინება დარჩეს ძალაში.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.