დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.06.2011
საქმის ნომერი
40აგ.-2011
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
28.06.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

40აგ-11 თბილისი

28 ივნისი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 აპრილის განაჩენით ა. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 220-ე მუხლით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 220-ე მუხლით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 220-ე მუხლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულებს ასევე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება ჩამოერთვათ სახელმწიფოს სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილება შევიდა იმ მიმართებით, რომ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი შესაბამისობაში მოვიდა განაჩენის გამოტანისას მოქმედი კანონის რედაქციასთან. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულების _ ა, ქ-ის, ა. ქ-ის, ნ. ქ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განაჩენსა და მსჯავრდებულ ა. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით ა. ქ-ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონი, რომლითაც აღნიშნული მუხლით მას მოსახდელად დარჩა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ა. ქ-ს მოსახდელად განესაზღვრა 10 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით ა. ქ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით დანიშნულ სასჯელზე გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონი და საბოლოოდ მას მოსახდელად დარჩა 9 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2011 წლის 4 მაისს ა. ქ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და ითხოვა მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კერძოდ: შუამდგომლობაში მსჯავრდებული ა. ქ-ი უთითებდა, რომ მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დაცვის მხარეს უარი უთხრა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს ბანკების ინსპექტორების განყოფილების 2002 წლის 25 ივლისის ცნობის მტკიცებულებად საქმეზე დართვის თაობაზე, მაშინ, როცა იგივე ცნობა მოსამართლემ მისი შვილის _ გ. ქ-ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს დაურთო. მოცემული ცნობის საქმეზე დართვას შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევდა ახლად გამოვლენილ გარემოებად, რომელიც ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ქ-ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 18 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო საჩივრის ავტორი _ მსჯავრდებული ა. ქ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და უკანონოა, ვინაიდან განჩინების სამოტივაციო ნაწილიდან ნათლად ჩანს, რომ ის შედგენილია ტენდენციურად, არაკომპეტენტურად _ საბანკო საკითხებში და არ ითვალისწინებს დაცვის მხარის არგუმენტაციას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში-შუამდგომლობაში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს მსჯავრდებულის შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.