გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
274პ-09 ქ. თბილისი
24 ივნისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ს დამცველის, ადვოკატ ბ. ო-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენზე.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის განაჩენით გ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» და ,,გ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით. იმავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა გ. კ-ს მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 4 (ოთხი) წლის ვადით. ამასთან, მას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი ,,ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ გ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით. იმავე განაჩენით დაკმაყოფილდა დაზარალებულ ე. მ-ს სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულ გ. კ-ს ე. მ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1340 (ათას სამას ორმოცი) ლარის გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. კ-ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ გ. კ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. კ-ს დამცველის, ადვოკატ ბ. ო-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.