დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.09.2011
საქმის ნომერი
51აგ.-2011
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.09.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე ¹51აგ-11 თბილისი

16 სექტემბერი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქედის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ნ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლის, იმავე კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ”ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, აგრეთვე ჯარიმა _ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის განაჩენით ქედის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ნ. დ-ს შეფარდებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით _ შეუმცირდა 1 (ერთი) წლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2011 წლის 30 მაისს ნ. დიასამიძემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ კი საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის განაჩენის გადასინჯვა. ნ. დ-ე შუამდგომლობაში ითხოვდა “---” თანამშრომლის გ. ბ-ს მოწმის სახით დაითხვას. ნ. დ-ს განმარტებით, გ. ბ-ე ფლობდა ინფორმაციას იმ თანხების თაობაზე, რომლის გაფლანგვაშიც ნ. დ-ს დაედო ბრალი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. დ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

ნ. დ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ნ. დ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ნ. დ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.