დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-1247(კს-19) 26 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შევამოწმე გ. ბ-ის, ზ. ბ-ის, რ. ბ-ისა და სხვათა კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებებზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2019 წლის 08 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე №ბს-1247(კს-19) გ. ბ-ის, ზ. ბ-ისა, რ. ბ-ის და სხვათა კერძო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებებზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის, ზ. ბ-ისა, რ. ბ-ის და სხვათა კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი, ერთიანად ჩამოყალიბებული დასაბუთებული კერძო საჩივარი, სადაც გარკვევით იქნებოდა მითითებული გასაჩივრებული განჩინებების ზუსტი რეკვიზიტები და საჩივარზე ხელმომწერ პირთა ვინაობა, ამასთანავე საჩივარზე ხელმომწერ პირთა პირადობის მოწმობების ასლები და სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
2020 წლის 21 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს კერძო საჩივრის ავტორებმა გ. ბ-ემ, ზ. ბ-ემ და რ. ბ-ემ და მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ ერთიანად ჩამოყალიბებული, დასაბუთებული კერძო საჩივრის წარმოდგენის მიზნით ესაჭიროებოდათ საქმეში დაცული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებებისა და მათ მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივრების, საჩივრებისა და განცხადებების ასლები, რის გამოც იშუამდგომლეს მათი გაგზავნის თაობაზე.
2020 წლის 21 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს კერძო საჩივრის ავტორებმა გ. ბ-ემ, ზ. ბ-ემ და რ. ბ-ემ და მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ვასილ როინიშვილის აცილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით გ. ბ-ის, ზ. ბ-ისა და რ. ბ-ის 2020 წლის 21 იანვრის შუამდგომლობა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ვასილ როინიშვილის აცილების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს გაუგრძელდეთ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით და დაევალათ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი, ერთიანად ჩამოყალიბებული დასაბუთებული კერძო საჩივარი, სადაც გარკვევით იქნებოდა მითითებული გასაჩივრებული განჩინებების ზუსტი რეკვიზიტები და საჩივარზე ხელმომწერ პირთა ვინაობა, ამასთანავე საჩივარზე ხელმომწერ პირთა პირადობის მოწმობების ასლები და სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. მათვე განემარტათ, რომ თუ განჩინებაში აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორებს ეცნობათ, რომ დასაბუთებული კერძო საჩივრის წარმოდგენის მიზნით შეეძლოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მეშვეობით ადგილზე გაცნობოდნენ საქმეს და გადაეღოთ მათთვის საჭირო მასალები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმეში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლო უწყება ეგზავნება სარჩელზე (საჩივარზე, შესაგებელზე) ხელის მომწერ პირველ სამ პირს. უწყების ჩაბარება ერთ-ერთი მათგანისათვის ნიშნავს უწყების ჩაბარებას მის მხარეზე მონაწილე ყველა პირისათვის. კონკრეულ შემთხევაში, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადი გაგრძელების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება გაეგზავნა კერძო საჩივარზე ხელმომწერ პირველ სამ პირს - გ. ბ-ეს, ზ. ბ-ესა და რ. ბ-ეს. უწყება 2020 წლის 13 თებერვალს პირადად ჩაბარდათ გ. ბ-ესა და რ. ბ-ეს.
2020 წლის 20 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს გ. ბ-ემ, ა. ბ-ემ და მ. წ-მა და კვლავ მოითხოვეს საქმეში დაცული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებებისა და მათ მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივრების, საჩივრებისა და განცხადებების ასლების მათთვის გაგზავნა. აგრეთვე, განმცხადებლებმა წარმოადგინეს გ. ბ-ისა და ა. ბ-ის პირადობის მოწმობის ასლები და ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლითაც დასტურდება, რომ მ. წ-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში და იღებს სოციალურ შემწეობას. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორებმა განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, კერძოდ არ წარმოადგინეს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი, ერთიანად ჩამოყალიბებული დასაბუთებული კერძო საჩივარი, სადაც გარკვევით იქნებოდა მითითებული გასაჩივრებული განჩინებების ზუსტი რეკვიზიტები და საჩივარზე ხელმომწერ პირთა ვინაობა, ამასთანავე საჩივარზე ხელმომწერ პირთა პირადობის მოწმობების ასლები და სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიერ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ბ-ის, ზ. ბ-ის, რ. ბ-ისა და სხვათა კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის, ზ. ბ-ის, რ. ბ-ისა და სხვათა კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე