დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 08.04.2020
საქმის ნომერი
ბს-9(2კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-9(2კ-20) 8 აპრილი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - დ. ღ-ა

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი: დ. ღ-ამ 2015 წლის 24 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და ადვოკატისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 27 ოქტომბრის №MOD 2 15 00891284 და 2016 წლის 22 მარტის №MOD 8 16 00266210 აქტების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დ. ღ-ას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლის 27 დეკემბრიდან ჩარიცხვისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2005 წლის 1 აპრილიდან ამორიცხვის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება. წარდგენილი სარჩელით ასევე მოთხოვნილ იქნა ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ღ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ღ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ღ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 27 ოქტომბრის №MOD 2 15 00891284 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 22 მარტის №MOD 8 16 00266210 გადაწყვეტილება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მომსახურეთა/ყოფილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი დოკუმენტების მოწესრიგების საკითხთა განმხილველი კომისიის მეშვეობით, დ. ღ-ას საკითხის განხილვა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ასევე, დაეკისრა დ. ღ-თვის ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ღ-ამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. დ. ღ-ა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას ითხოვს; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

დ. ღ-ას მოსაზრებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, ამავე სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/ყოფილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი დოკუმენტების მოწესრიგების საკითხთა განმხილველი კომისიის მეშვეობით, მოსარჩელის საკითხის განხილვისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შსს შინაგანი ჯარების ნაწილები გადაეცა პირად შემადგენლობასთან ერთად. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა უზრუნველეყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მოსარჩელის ჩარიცხვის ბრძანების გამოცემა, შესაბამისად, მასვე უნდა უზრუნველეყო საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ამორიცხვის ბრძანების გამოცემაც. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ და თავდაცვის სამინისტროსათვის დაევალებინა მოსარჩელის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლის 27 დეკემბრიდან ჩარიცხვისა და 2005 წლის 1 აპრილიდან ამორიცხვის შესახებ ბრძანებების გამოცემა.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ არასწორია ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისთვის გადასახდელი 1000 ლარიდან მხოლოდ 200 ლარის ანაზღაურების დაკისრება. საკასაციო საჩივრის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი იყო 700 ლარის ეტაპობრივად გადახდის დამადასტურებელი სალაროს შემოსავლის ორდერები, ხოლო დამატებით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება თან ერთვის საკასაციო საჩივარს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მოსარჩელე ითხოვს ერთი და იმავე შინაარსის მქონე, ორი სხვადასხვა დროს გამოცემული აქტის ბათილად ცნობას, შესაბამისად, მოსარჩელე ფაქტობრივად ორ სასარჩელო მოთხოვნას აყენებს ერთი მიზნის მისაღწევად. მოსარჩელე ითხოვს ჩარიცხვის ბრძანების გამოცემას 2004 წლის 27 დეკემბრიდან და ამორიცხვის ბრძანების გამოცემას 2005 წლის 1 აპრილიდან. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N616 ბრძანებულება, რომელზეც მიუთითებს მოსარჩელე, ძალაში შევიდა 2005 წლის 1 იანვრიდან, რაც გამორიცხავს ამ ბრძანებულების საფუძველზე პირის 2004 წლის 27 დეკემბრიდან შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვას.

კასატორი ადმინისტრაციული ორგანო დამატებით აღნიშნავს, რომ, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისიის არსებობაზე, თუმცა მოცემული კომისიის არსებობა არ წარმოადგენს აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს. ასევე, სასამართლომ არ გაითვალისწინა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ დ. ღ-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნებზე. კერძოდ, სარჩელით მოთხოვნილია დ. ღ-ას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლის 27 დეკემბრიდან ჩარიცხვისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2005 წლის 1 აპრილიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ აქტების ბათილად ცნობა. სადავო აქტების გაუქმებასთან ერთად, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შეიარაღებულ ძალებში მისი 2004 წლის 27 დეკემბრიდან ჩარიცხვისა და შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2005 წლის 1 აპრილს მისი ამორიცხვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტების გამოცემის დავალება.

ზემოაღნიშნული მოთხოვნების საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 8 დეკემბრის N566 და იმავე წლის 27 დეკემბრის N616 ბრძანებულებებზე, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია და შინაგანი ჯარების ქვედანაყოფები (მათ შორის, ს/ნ 2070) გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. კერძოდ, 2004 წლის 27 დეკემბრის N616 ბრძანებულების პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შინაგანი ჯარების ბრძანებულების დანართში აღნიშნული ქვედანაყოფები გადაეცემა არსებული საშტატო რიცხოვნობით, ხოლო ბრძანებულების მე-2 პუნქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ავალებს, უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებულების პირველი პუნქტით გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებისა და ცენტრალური აპარატის შესაბამისი სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელება საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N616 ბრძანებულების მე-5 პუნქტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაცემული საშტატო რიცხოვნობისა და დაფინანსების გათვალისწინებით 2005 წლის პირველ თებერვლამდე გადაცემული ქვედანაყოფების რეორგანიზაცია და მათი დაკომპლექტება. ასევე, საყურადღებოა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2004 წლის 31 დეკემბრის N409 ბრძანების შინაარსი, რომლითაც შინაგანი ჯარების ყოფილი ნაწილები, მათ შორის, ს/ნ 2070, შეუერთდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების შენაერთებს. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების შენაერთებსა და ქვედანაყოფებს შეუერთდა საქართველოს შს სამინისტროს შინაგანი ჯარებიდან გადაცემული, ყოფილი სამხედრო ნაწილები, თავისი ინფრასტრუქტურით, ბალანსზე რიცხული საშტატო ქონებით, მათ შორის, შეიარაღებითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოთ მითითებული აქტების ერთობლივი ანალიზი იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ნაწილები გადაეცა პირად შემადგენლობასთან ერთად. დ. ღ-ა კი მსახურობდა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ნაწილში. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე განხორციელებული რეორგანიზაცია უშუალოდ შეეხო მოსარჩელეს. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 28 მარტის N1464 პ/შ ბრძანებაც, რომლითაც, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N616 ბრძანებულების მოთხოვნათა საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული შინაგანი ჯარების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, პოლკოვნიკი დ. კ-ეს ძე ღ-ა, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურე, ამორიცხულ იქნა შს სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან. ბრძანების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2004 წლის 27 დეკემბერი. ამრიგად, დ. ღ-ა წარმოადგენდა რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეს, შსს შეიარაღებული ძალებიდან მისი ამორიცხვა ქმნიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩარიცხვის წინაპირობას. მოცემულის პროცედურული უზრუნველყოფა კი - თანამშრომლების, მათ შორის, დ. ღ-ას, ჩარიცხვის აქტების გამოცემის გზით უნდა განეხორციელებინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. მიუხედავად ამისა, დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინიტროში მოსარჩელის ჩარიცხვისა და შემდეგში - ამორიცხვის შესახებ აქტები მოპასუხეს არ გამოუცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ კანონით დაკისრებული ზემოაღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა ხელს უშლის დ. ღ-ას სათანადო საპენსიო უზრუნველყოფას. კერძოდ, პირის შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის ბრძანებების არსებობას არსებითი მნიშვნელობა აქვს სამხედრო მოსამსახურეთათვის გათვალისწინებული სოციალური გარანტიების სარგებლობისთვის. მათ შორის, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეთათვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები, პირის ნამსახურობის წლების გათვალისწინებით. მითითებული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. ასევე, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე. სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე. 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 110-ე მუხლების პირველი პუნქტების მიხედვით კი, თანამდებობაზე დანიშვნა და განთავისუფლება ფორმდებოდა ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით.

შესაბამისად, წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, რომელზეც არის დამოკიდებული სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, ხდება პირის სამსახურში ჩარიცხვისა და ამორიცხვის ბრძანებებით გათვალისწინებული თარიღების მხედველობაში მიღებით. მოსარჩელე მისი სამხედრო ძალებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის შესახებ ბრძანებების გამოცემას ითხოვს სწორედ საპენსიო უზრუნველყოფის განსახორციელებლად. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე არასწორად აყალიბებს საკუთარ მოთხოვნას და სააპელაციო სასამართლოს არაერთგზის შეთავაზების მიუხედავად, არ მოახდინა სარჩელის ტრანსფორმირება, სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა უნდა განხორციელდეს დ. ღ-ას კანონით დაცული ინტერესის - შესაბამისი კომპენსაციის მიღების უფლების გათვალისწინებით. მოცემული მიზნის მიღწევისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ისე მოახდინოს დასაქმებულთა პირადი საქმეების დაცვა, დოკუმენტების მომზადება და გამოცემა, რომ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებები არ დაირღვეს. იმ პირობებში, როდესაც დასტურდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის შსს შეიარაღებული ძალების გადაცემა, ერთი მხრივ, სამინისტრო იყო ვალდებული, დროულად გამოეცა შესაბამისი ბრძანებები, მეორე მხრივ კი, ასეთი ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობა, უფლებამოსილი ორგანოს უმოქმედობა არ უნდა გახდეს პირისთვის ზიანის მიყენების საფუძველი. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებები, შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები და მოახდინოს სადავო საკითხის ისეთი მოწესრიგება, რომ არ შეილახოს დ. ღ-ას უფლება სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ზემოთ მითითებული მიზნის მიღწევა, საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის დაცვა, ფიზიკური პირის სოციალური უზრუნველყოფა და ადმინისტრაციული ორგანოს დაშვებული შეცდომის გამოსწორება, ამ ეტაპზე შესაძლებელია საკითხის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 06 თებერვლის MOD1 17 00000108 ბრძანებით შექმნილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/ყოფილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი დოკუმენტების მოწესრიგების საკითხთა განმხილველი კომისიის მონაწილეობით. კერძოდ, კომისიის დანიშნულებას, იმავე ბრძანების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის/ყოფილ მოსამსახურეთა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მომზადებულ სამსახურებრივ დოკუმენტებში არსებული ხარვეზების განხილვა, სამსახურის გავლასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოკვლევა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და რეკომენდაციების გაცემა. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, დაშვებულია შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ, სადავო აქტების ბათილად ცნობასთან ერთად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ზემოაღნიშნული კომისიის მეშვეობით, უნდა დაევალოს, შეისწავლოს დ. ღ-ას შეიარაღებულ ჯარებში ჩარიცხვა-ამორიცხვის საკითხი იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისრა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და რომლის აღსრულებაც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს და არა ფიზიკური პირის ვალდებულებას.“

რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიციას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, აქტის გამოცემა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება იყო და ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობა არ უნდა გახდეს პირის უფლებების დარღვევის ლეგიტიმაციის საშუალება. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მოეწესრიგებინა საკითხი აქტების დროულად გამოცემის გზით და მისი უმოქმედობა მძიმე და შეუსაბამო ტვირთად არ უნდა დააწვეს მოსარჩელეს. ამასთანავე, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღება და შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის შემდეგ, მხარე არ არის შეზღუდული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსადმი კომპენსაციის დანიშვნის მიზნით მიმართვის ვადებში. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულად მიჩნევის წინაპირობები არ არსებობს.

დ. ღ-ას საკასაციო საჩივრის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ხარჯების განაწილება. კერძოდ, იგი ითხოვს მოპასუხისთვის ადვოკატისთვის გადახდილი ხარჯის 1000 ლარის ოდენობით დაკისრებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მეორე მხარისთვის ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხისთვის გადასახდელად დაკისრებული თანხის ოდენობის განსაზღვრა დამოკიდებულია სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილსა და საქმის სირთულეზე. „სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვ..“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განჩინება საქმეზე Nბს-432-429 (2კ-17)).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დ. ღ-ას სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დაკისრება მოხდა ზემოაღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის მხედველობაში მიღებით, გონივრული თანხის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ღ-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე