დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1228(კ-19) 17 სექტემბერი, 2020 წელი
ბს-1228(კ-19) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2019წ. გადაწყვეტილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
13.03.2018წ. გ. მ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, მოპასუხისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადაში მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს გაცემის დავალების მოთხოვნით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის 24.03.2014წ. წერილით წარდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს N14-4/14 განჩინების საფუძველზე, 2014 წლის 25 მარტიდან იგი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდების საფუძვლით გადაყენებულ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ი სამსახურის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობიდან, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. ამის შემდეგ, სამივე ინსტანციის სასამართლოში გ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 01.03.2018წ. N459 ბრძანებით იგი აღდგენილ იქნა დაკავებულ თანამდებობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. ამასთანავე, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში (... წლის 25 მარტიდან ... წლის პირველ მარტამდე) მას არ მიუღია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, კუთვნილი თანამდებობრივი სარგო. მოსარჩელის განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55.1 მუხლის შესაბამისად, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს მის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან, ხოლო 55.3 მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შეჩერების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას უნდა აუნაზღაურდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადაში მიუღებელი ხელფასი, რომლის ნებაყოფლობით ანაზღაურებაზეც უარს აცხადებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია. გადაყენების პერიოდისათვის მისაღები სარგო მთლიანად შეადგენს, 30 542.4 ლარს, ამდენად, „ საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55.3 მუხლის ნორმატული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა დაავალოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება 30542.4 ლარის ოდენობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.12.2018წ. გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გ. მ-თვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება, 30 542.2 (ოცდაათი ათას ხუთას ორმოცდაორი ლარი და 20 თეთრი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2019წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92.1 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირისათვის შექმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები. სააპელაციო პალატის განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით დადგინდა კერძო სამართლით დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელების შესაძლებლობა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც. აღნიშნული კოდექსის 208.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმიდან გამომდინარე, ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, აღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას. პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას და იწვევს მისი უფლებების აღდგენას.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-ე მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ი სამსახურის ... ...ის განყოფილების ...ის პოზიციაზე. სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებასთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 24.03.2014წ. N14-4/14 განჩინებით დადგინდა, რომ გ. მ-ე გადაყენებულ უნდა იქნეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ი სამსახურის ... ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. მითითებული განჩინება აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა 24.03.2014წ. წერილით წარადგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 25.03.2014წ. N14 ბრძანებით, გამგეობის ...ი სამსახურის ... ...ის განყოფილების უფროსი გ. მ-ე 2014 წლის 25 მარტიდან გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.02.2017წ. განაჩენით გ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.07.2017წ. განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.12.2017წ. განჩინებით უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.02.2017წ. განაჩენი, იგი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 01.03.2018წ. N459 ბრძანების საფუძველზე გ. მ-ე აღდგენილ იქნა იმავე სამსახურებრივ პოზიციაზე. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში (2014 წლის 25 მარტიდან 2018 წლის პირველ მარტამდე) მას არ მიუღია კუთვნილი თანამდებობრივი სარგო. 02.03.2018წ. გ. მ-ემ შესაბამისი მოთხოვნით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გ. მ-თვის მიყენებული მატერიალური ზიანი გამოხატულია სამუშაოს დაკარგვით და სისხლისსამართლებრივი დევნის პერიოდში იმ ხელფასის მიუღებლობით (2014 წლის 25 მარტიდან 2018 წლის 01 მარტამდე), რაც მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს ბრძანებით იქნა გამოწვეული. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხელფასი წარმოადგენს მუშაკის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად მიღებულ ანაზღაურებას, რაც მოსარჩელემ ვერ მიიღო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნასთან დაკავშირებით, მისი სამუშაოდან გადაყენების გამო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად კი ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, ხოლო 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დელიქტის დროს თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომლის ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ ზიანი სახეზეა, იგი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის. 29.06.2017წ. Nბს-19-18(კ-17) გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარისია დადგინდეს ზიანის ფაქტი, ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან ქმედების მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია და იგი არ არის დამოკიდებული ზიანის მიმყენებლის ცნობიერებასა და მის სამართლებრივ შეფასებაზე, ანუ ზიანის მიმყენებელი ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი, რაც არ დასტურდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ქმედებებით - საქმის ყველა ეტაპზე მერია კეთილსინდისიერად აღასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებებს და ვერც მოსარჩელე მხარემ წარმოუდგინა სასამართლოს მერიის ბრალეულობის დამადასტურებელი რაიმე უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გ. მ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ი სამსახურის ... ...ის განყოფილების ...ის თანამდებობიდან გადაყენება, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, თავისი არსით ნიშნავს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას. პალატის მოსაზრებით, თანამდებობიდან გადაყენება და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება იწვევს სხვადასხვანაირ სამართლებრივ შედეგს. მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს მის დროებით განთავისუფლებას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან და შეჩერების საფუძვლის ამოწურვის შემდეგ მოხელე უბრუნდება თავის სამუშაო ადგილს. თანამდებობიდან გადაყენება კი ნიშნავს მის იძულებით ჩამოშორებას საქმიანობიდან, რის შემდეგაც მოხელის აღდგენა ძველ სამუშაო ადგილზე ვერ მოხდება ავტომატურად, შესაბამისი საფუძვლების არსებობის გარეშე (სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით - შესაბამისი მარეაბილიტირებელი საფუძვლების გარეშე). შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ გ. მ-ემ მისი სამსახურიდან იძულებით გადაყენების პერიოდის (... წლის 25 მარტიდან ... წლის 01 მარტამდე) ასანაზღაურებელი თანხა უნდა მოითხოვოს არა როგორც იძულებითი განაცდური თანხა, არამედ როგორც შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ მის მიმართ განხორციელებული უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს არაერთგზის განუმარტა იმის თაობაზე, რომ მოცემულ დავაში სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს არა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა (მესამე პირს - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო), თუმცა მოსარჩელე არ დაეთანხმა არასათანადო მოპასუხის (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის) სათანადო მოპასუხით (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა) შეცვლას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უგულებელყოფილია სასარჩელო მოთხოვნა და სამართლის ზოგადი პრინციპები, რომლებითაც გათვალისწინებულია სასამართლოს შებოჭვა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით. სასამართლოს მსჯელობისას გამოყენებული აქვს არსებული სამართალურთიერთობისა და სასარჩელო მოთხოვნისთვის არარელევანტური ნორმები. სასამართლო არ ასაბუთებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და არ მსჯელობს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არ არის დასაბუთებული და რიგ შემთხვევებში იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. უმრავლეს შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობა ცდება კონკრეტული დავის საგანს და საკითხის განხილვა ადმინისტრაციული დავის საგნიდან (მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება) გადადის სამოქალაქო სამართლით გათვალისწინებულ მოთხოვნაში (ზიანის ანაზღაურება), თუმცა ასეთი მოთხოვნა მხარეს არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ დაუყენებია.
კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდა 2017 წლის 14 მარტიდან, შესაბამისად, მოცემული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა საფუძვლებთან ერთად (გადაწყვეტილების იურიდიულად არასაკმარისად და არასრულად დასაბუთება), მნიშვნელოვანია სწორედ ის გარემოება, რომ მსგავსი კატეგორის დავა, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა საჯარო მოხელისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადაში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ განუხილავს. ამდენად, უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა ცნოს და დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე უნდა განიხილოს ზეპირ სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით. კასატორი მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო კანონის დარღვევით, გადაწყვეტილების მიღების და დასაბუთების დროს არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ არ გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, კერძოდ, 55-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის ძირითად სამართლებრივ საფუძველს და ითვალისწინებს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელისათვის თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის შენარჩუნებას. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ცნებაზე, რომელიც თავისი ბუნებით იძულებითი მოცდენით მიუღებელ ხელფასს "განაცდურს" ჰგავს და კონკრეტულ შემთხვევაში, ასეც შეიძლება დაკვალიფიცირდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. N2/3/630 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც - ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“. ამავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო განსახილველი დავის გადაწყვეტისას არ დგას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზარალის ცნების ამომწურავად განსაზღვრის საჭიროების წინაშე. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა განსაზღვრავს იძულებითი მოცდენის პერიოდის გამო მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს ზედა ზღვარს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, რამდენად ახდენს კანონმდებლობა, იძულებითი მოცდენის გამო, პირის მიერ მიღებული ზიანის კონსტიტუციის 42-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურებას. საჯარო მოხელის მიერ შრომითი გასამრჯელოს მიღება მჭიდროდ არის დაკავშირებული სამსახურებრივი უფლებამოსილებათა შესრულებასთან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, შრომითი გასამრჯელო მიიღოს სამსახურში დანიშვნის დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე. გასამრჯელოს მიღება არ არის დამოკიდებული სამუშაოს შესრულების ხარისხზე, მის შედეგებსა თუ სხვა ფაქტორებზე. ეს შემოსავალი პირისთვის გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი მხრიდან, სამსახურებრივი ფუნქციების ბრალეული შეუსრულებლობის არარსებობისას. შესაბამისად, საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, გარდა მისი მართლზომიერად, კანონიერ საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევისა. საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო არის გასაცემელი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს საჯარო მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად." კასატორის მოსაზრებით, მითითებული განმარტებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება არის მოხელის იძულებითი მოცდენის მსგავსი, კანონით გათვალისწინებული შემთხვევა, რა დროსაც მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, თუ სახეზე არ არის კანონით დადგენილი გამონაკლისები (საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში მოხელის კანდიდატად წარდგენისას არ ნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, ასევე, მოხელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შემთხვევაში). მოხელეს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სხვა საფუძვლით, უნდა შეუნარჩუნდეს თანამდებობრივი სარგო და მისი გაცემა სავალდებულოა. მოსარჩელე აღნიშნული დათქმის არც ერთ საგამონაკლისო შემთხვევაში არ გვევლინება სუბიექტად, კერძოდ, ის არც სახელმწიფო სავალდებულო სამსახურში ან ალტერნატიულ შრომით სამსახურში იყო გაწვეული და არც საქართველოს პრეზიდენტობის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში არ იყო წარდგენილი კანდიდატად. როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში, საჯარო მოხელეს უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის კანონით მიკუთვნებული საკლასო დანამატი და თანამდებობრივი სარგო, რომელიც გარანტირებულია კანონით, შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, მოახდონოს შესაბამისი რეაგირება. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ მსგავს შესრულებას მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. გ. მ-ის სამსახურში აღდგენის (დაშვების) შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს არც კი განუხილავს აღნიშნული საკითხი, დარღვეულ იქნა მოსარჩელის ინტერესები, უგულებელყოფილია კანონის მოთხოვნები. ადმინისტრაციულმა ორგანომ თავი აარიდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. Nას-1851-2019 საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ "..სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას..სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.." მოცემულ შემთხვევაში, საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე სადავო არ ყოფილა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, გ. მ-ე წარმოადგენს საჯარო მოხელეს, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ი სამსახურის ... ...ის განყოფილების ...ის თანამდებობა ეჭირა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 25.03.2014წ. განჩინების საფუძველზე მოსარჩელეს შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. გ. მ-თან სამსახურებრივი უფლებამოსილება აღდგა ... წლის პირველ მარტს - იგი აღდგენილ იქნა სამსახურებრივ პოზიციაზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განსხვავებულად შეაფასა და ჩათვალა, რომ გ. მ-თან სადავო პერიოდის განმავლობაში სამსახურებრივი უფლებამოსილება არ იყო შეჩერებული. ამის დასასაბუთებლად სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს მის დროებით განთავისუფლებას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან და შეჩერების საფუძვლის ამოწურვის შემდეგ მოხელე უბრუნდება თავის სამუშაო ადგილს. კასატორის მოსაზრებით, გაუგებარია, რას გულისხმობს სასამართლო ამ შემთხვევაში და რატომ ვერ ხედავს იდენტურობას მის მიერ მოყვანილ განმარტებასა და გ. მ-ის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევას შორის. უდავოა, რომ გ. მ-ის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება მოხდა სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული N14-4/14 განჩინების საფუძველზე, რომელშიც ნათლად არის მითითებული, რომ გ. მ-ის თანამდებობიდან გადაყენება მოხდა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნული სიტყვა-სიტყვით ნიშნავს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, კონკრეტული საფუძვლით, რომლის ამოწურვის შემდეგაც მოხელე დაუბრუნდება სამუშაო ადგილს. გარდა ამისა, მტკიცებულებით დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ გ. მ-თან სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მოხდა რეორგანიზაცია - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, ...ი სამსახურის სახელწოდება “... ...“ შეიცვალა სახელწოდებით „... ... ... ...“. აღნიშნულ პოზიციაზე მოხდა გ. მ-ის გადანიშვნა და უფლებამოსილების ხელახლა შეჩერება, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მასთან სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებული იყო. კასატორი აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში - ... წლის 25 მარტიდან ... წლის 1 მარტამდე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ... ... ...ის პოზიცია უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ეკავა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გ. მ-თან სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებული იყო "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 55.1 მუხლის და 55.2 მუხლის „ზ“, „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. მნიშვნელოვანია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 01.03.2018წ. N459 ბრძანების სათაურია „... ... ...ის გ. მ-ის მიერ ამავე სამსახურებრივ პოზიციაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელების შესახებ." ვერ გაგრძელდება ის, რაც შეწყვეტილია. შესაძლებელია მხოლოდ შეჩერებული მოქმედების ან აქტის გაგრძელება. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ გ. მ-თან სამსახურებრივი უფლებამოსილება შეწყდა, სამართლებრივად გაუმართავია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გააჩნია უფლებამოსილების შეჩერების მთელი პერიოდისათვის გ. მ-ზე თანამდებობრივი სარგოს გაცემის ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 55.3 მუხლის დანაწესიდან.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ საქმეზე სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს აჭარის ა/რ პროკურატურა, ხოლო მესამე პირს - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატა სცდება ინკვიზიციურობის პრინციპს და უხეშად არღვევს მოსარჩელის კანონიერ უფლებებს, სასამართლო მსჯელობს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სასამართლოში წარდგენილ თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას. გ. მ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55.3 მუხლის შესაბამისად მოითხოვა სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება. მოპასუხედ მითითებულ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, რომელშიც მოსარჩელეს უფლებამოსილება შეუჩერდა, ხოლო შემდეგ - აღდგენილ იქნა. აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო საჯარო მოხელეზე გაეცა ხელფასი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდშიც. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო იჭრება ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობით გარანტირებულ დისპოზიციურობის პრინციპში. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით და ისინი თავადვე განსაზღვრავენ დავის საგანს. საკასაციო პალატამ Nას-863-813-2015 საქმეზე იმსჯელა მოთხოვნის ფარგლებში სასამართლოს მოქმედების ვალდებულებაზე და აღნიშნა, რომ „..დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (სსსკ 3.1), ამდენად, როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება თუ დავის საგნის განსაზღვრა მხოლოდ მხარის პრეროგატივაა, სასამართლოს როლი, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, განისაზღვრება მხარეთა მიერ განსაზღვრული მოთხოვნის საფუძვლიანობის მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებაში.." მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა, გასცდა მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნას, მის სამართლებრივ საფუძველს და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა „გადააკვალიფიცირა“ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნად, რაც დაუშვებელია. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სუს Nბს-145-138(კ-13) განჩინება, რომლითაც სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სასამართლოს უფლება არ აქვს გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, შეცვალოს სარჩელის საგანი, მოსარჩელის თანხმობის გარეშე მოახდინოს მოთხოვნის ახალი ფორმულირება. ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათი გულისხმობს სასამართლო აქტივიზმს, თუმცა არ უარყოფს პროცესის დისპოზიციურობის ისეთ გამოვლინებას, როგორიცაა მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის და მისი ფარგლების განსაზღვრა, მოპასუხის დასახელება..“. მოცემულ შემთხვევაში, დავა შეეხება არა ზიანის ანაზღაურების, არამედ მიუღებელი ხელფასის დაკისრების მოთხოვნას, რაც თავის მხრივ, არ გამორიცხავს შემდგომში პროკურატურისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ეს ორი მოთხოვნა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობს და მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული, ორივე მოთხოვნას დააყენებს თუ - ერთ-ერთს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი, განუსაზღვროს მოსარჩელეს მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძველი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადგილი არ ჰქონია მოთხოვნის ტრანსფორმირებას, მხარემ კი დააფიქსირა პოზიცია იმის თაობაზე, რომ კონკრეტული დავის ფარგლებში არ ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, მისი მოთხოვნა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, კერძოდ, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 55-ე მუხლიდან. ამ პირობებში ერთადერთი მოპასუხე მხოლოდ ის ადმინისტრაციული ორგანოა, რომელშიც ახორციელებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას მოსარჩელე. არასათანადო მოპასუხის შემთხვევას ადგილი ექნებოდა, თუ წარმოდგენილი იქნებოდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ თავად შეცვალა სარჩელში ჩამოყალიბებული მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძველი, შემდგომში კი დაასკვნა, რომ ასეთი სასარჩელო მოთხოვნა მითითებული მოპასუხის მიმართ არარელევანტურია.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო საერთოდ არ შეხებია რეალურ სასარჩელო მოთხოვნას და მის საფუძველს, არ მიუთითებია, რატომ არ შეიძლება მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდეს ”საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 55-ე მუხლი, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ, როგორც პირველ, ისე მეორე ინსტანციაში დააფიქსირა პოზიცია მოთხოვნის საფუძველთა კონკურენციის შესახებ. სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები განსხვავდებიან არა მხოლოდ მათი მოქმედების სფეროს, არამედ მათი დანიშნულების, ხასიათისა თუ ბუნების მიხედვით. სამართლებრივ ურთიერთობათა მარეგულირებელი ნორმები იმიჯნება მათი იმპერატიული და დისპოზიციური სახის მიხედვით. ეს გამიჯვნა, ცალკეულ შემთხვევებში, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დადგინდეს სავალდებულო ქცევის წესის არსებობა, რომლის დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სამართლებრივი შედეგები უპირობოდ წარმოიშობა, თუ შესაბამისი შედეგების განვრცობა, დაზუსტება და შეცვლა დასაშვებია ნების ავტონომიის მოცემული ფარგლების გათვალისწინებით. სამართლებრივი ნორმები, მათი დანიშნულების მიხედვით, იმიჯნება მოთხოვნის საფუძვლებად და დამხმარე ხასიათის ნორმებად. მოთხოვნის საფუძველია სამართლის ისეთი ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას. კონკრეტულ შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტი პირდაპირ და ნათლად განამტკიცებს მოხელის უფლებას, მოითხოვოს თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, რაც თავის მხრივ, ავტომატურად გულისხმობს საჯარო სამსახურის ვალდებულებას, შეასრულოს კანონის მოთხოვნა. ამდენად, მოთხოვნა არის ის, რისი მიღწევაც სურს უფლებადარღვეულ პირს, ხოლო მოთხოვნის საფუძველი არის კანონის ნორმა, ანუ ის სამართლებრივი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც უფლებამოსილ პირს შეუძლია განახორციელოს თავისი მოთხოვნა - მიიღოს კუთვნილი და აღიდგინოს დარღვეული უფლება სასამართლოს მეშვეობით ან მის გარეშე. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არჩეული მოთხოვნის საფუძველი გამომდინარეობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, რის გამოც, მოპასუხედ განისაზღვრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია და არა პროკურატურა ან/და სახელმწიფო ხაზინა. იმ დროს, როდესაც სასამართლო შებოჭილია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით და დისპოზიციურობის პრინციპით, გაუგებარია, რატომ გადააკვალიფიცირა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კლასიკური გაგებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტულ შემთხვევაში არ არის ზიანის მომყენებელი სუბიექტი. ხელვაჩაურის მერია არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად, ჰქონდა ვალდებულება, უფლებამოსილებაშეჩერებულ საჯარო მოხელესთან მოეხდინა სახელფასო ანგარიშსწორება, რაც მას არ განუხორციელებია.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ზიანის ანაზღაურებაზე და მიუთითა, რომ სარჩელი არასათანადო მოპასუხის მიმართ არის წარდგენილი, მაშინ, როდესაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის ადრესატი სწორედ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაა. სასამართლოს ერთადერთი მსჯელობა შეეხო სასარჩელო მოთხოვნის დაუკითხავად ტრანსფორმირებას და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნად დაკვალიფიცირებას, რასაც არც ერთი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამის საპირისპიროდ, ნათლად იქნა დაფიქსირებული პოზიცია იმის თაობაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და მოსარჩელე არ ითხოვს რომელიმე უწყებიდან ზიანის ანაზღაურებას. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მსგავს შემთხვევებში, „დადგენილი პრაქტიკის“ შესაბამისად, დავა იწყება მარეაბილიტირებელი სარჩელით. სასარჩელო მოთხოვნაში გარკვევით არის მითითებული, რომ დავის საგანს წარმოადგენს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და არა ზიანის ანაზღაურება, რომელიც სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სარჩელი არ დააკმაყოფილოს იმ მოტივით, რომ მსგავს საქმეებზე მოსარჩელეთა უმეტესობა სხვა სამართლებრივ საფუძველზე მითითებით წარადგენს „მარეაბილიტირებელ სარჩელს“. უფრო მეტიც, გ. მ-ეს უფლება აქვს, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებასთან ერთად, პროკურატურისაგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც, რამდენადაც მარეაბილიტირებელი სარჩელით ზიანის ოდენობის დათვლისას მხედველობაში მიიღება არა მხოლოდ მიუღებელი შემოსავალი ხელფასის სახით, არამედ ნებისმიერი ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, რასაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გ. მ-ის მიმართ განხორციელებული უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის პირობებში. ამდენად, მიუღებელი შემოსავალი შეიძლება იყოს სამოქალაქო ზიანის ნაწილი, თუმცა იგი არ უდრის ზიანს და სხვადასხვა სამართლებრივი საფუძველი აქვს თითოეულ მათგანს.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე მოსარჩელის თანამდებობიდან გადაყენება თავისი არსით არ ნიშნავს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე ექცევა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 55-ე მუხლის რეგულაციის ქვეშ. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს მოხელის დროებით გათავისუფლებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მოხელეს გარკვეული დროის განმავლობაში შეჩერებული აქვს თანამდებობრივი უფლებამოსილება და ამ პერიოდში მას უნარჩუნდება როგორც საკლასო დანამატი, ისე თანამდებობრივი სარგო. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის დროს მოსარჩელე თავისი ძველი თანამდებობიდან გადაყვანილ იქნა ახალ თანამდებობაზე და ეს მიუთითებს მოსარჩელის, როგორც იმ დროისათვის დასაქმებული, თუმცა შეჩერებული სტატუსის მქონე თანამშრომლის არსებობაზე. მოსარჩელის თანამდებობიდან გადაყენება სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, თავისი არსით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ნიშნავს და არა შეწყვეტას.
კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო მოხელეს, შესაბამისად, მისთვის თანამდებობრივ სარგოს გაცემაზე პასუხისმგებელ ორგანოს სწორედ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენდა. ამასთანავე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ნათლად არის მითითებული, რომ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს სახელმწიფო, თუ ავტონომიური რესპუბლიკების ან თვითმმართველობის ორგანოებისაგან მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს აუნაზღაურებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის თუ ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, საქმეზე მოპასუხე სწორად არის განსაზღვრული. ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ნათელია, რომ მოსარჩელე, როგორც საჯარო მოხელე, ითხოვს საჯარო სამსახურში უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მიუღებელ თანამდებობრივ სარგოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისაგან. მოპასუხეთა წრის განსაზღვრა პირდაპირ არის შესაძლებელი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიდან - „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლიდან. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ზიანი უნდა აუნაზღაურდეს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის საფუძველზე, მაშინ, როდესაც სასარჩელო მოთხოვნა არ შეეხება სამოქალაქო ზიანის ანაზღაურებას. ამის საპირისპიროდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ საჯარო მოხელეს უფლება აქვს, მოითხოვოს მიუღებელი თანამდებობრივი სარგო უფლებამოსილების შეჩერების მთელი პერიოდისთვის, რამდენადაც ის ამ დროის განმავლობაში მოხელეს სრულად უნარჩუნდება. მოსარჩელე თავიდანვე დავის საგნად მიუთითებდა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას, შესაბამისად, იგი სამართლებრივ საფუძვლად არა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე, არამედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლს მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სასარჩელო მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძველი, გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და შეიჭრა მხარის მიმართ გარანტირებულ დისპოზიციურობის პრინციპში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2019წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. მ-ე წარმოადგენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოხელეს, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 01.02.2013წ. N32 ბრძანებით დაინიშნა გამგეობის ...ი სამსახურის ... ...ის განყოფილების ...ად.
2014 წელს აჭარის ა/რ პროკურატურაში დაიწყო წინასწარი გამოძიება N170120213802 სისხლის სამართლის საქმეზე, გ. მ-ისა და სხვა პირების მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე (დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 342.1 მუხლით). მითითებული გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 24.03.2014წ. განჩინებით დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ პროკურატურის შუამდგომლობა და სსსკ-ის 159-161-ე მუხლების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ბრალდებული გ. მ-ე გადაყენებულ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ი სამსახურის ... ...ის განყოფილების ...ის თანამდებობიდან. აჭარის ა/რ პროკურატურის 24.03.2014წ. წერილით სასამართლოს აღნიშნული განჩინება აღსასრულებლად გადაეგზავნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 24.03.2014წ. განჩინების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 25.03.2014წ. N14 ბრძანებით გ. მ-ე ... წლის 25 მარტიდან გადაყენებულ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ი ... ...ის განყოფილების ...ის თანამდებობიდან, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. ამავე გამგეობის 01.10.2014წ. N211 ბრძანებით ცვლილება შევიდა 25.03.2014წ. N14 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „გადაყენებულ იქნეს გ. მ-ე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ი სამსახურის ... ... ...ის თანამდებობიდან სისხლის სამართლის N010708014461398 საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.02.2017წ. განაჩენით გ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამავე განაჩენით გაუქმდა გ. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გამართლებულ პირს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.07.2017წ. განაჩენით უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.02.2017წ. განაჩენი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.12.2017წ. განჩინებით არ იქნა დაშვებული განსახილველად ბათუმის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.07.2017წ. განაჩენზე.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 01.03.2018წ. N459 ბრძანებით განხორციელდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ...ი სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ...ი განყოფილების მეორე რანგის ...ის - გ. მ-ის დაშვება იმავე სამსახურებრივ პოზიციაზე. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო გ. მ-ის 10.01.2018წ. განცხადება და ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.12.2017წ. განჩინება, რომლითაც დადასტურებულად ჩაითვალა გ. მ-ის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა, რომ აღმოიფხვრა გ. მ-ის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი და იგი ექვემდებარება სამსახურში დაშვებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.
02.03.2018წ. გ. მ-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდის გათვალისწინებით (25.03....-01.03.....), „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55.3 მუხლზე მითითებით მოითხოვა თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებიდან (25.03....წ.) თანამდებობაზე ხელახლა დაშვებამდე (01.03....წ.) პერიოდში მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების დაკისრება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55.3 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელისათვის თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის შენარჩუნების შესაძლებლობას, ცალკეულ გამონაკლის შემთხვევათა გარდა. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო პერიოდში მისთვის კუთვნილი შემოსავლის მიუღებლობა უნდა გაუთანაბრდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ განაცდურს და მისი გაცემა უნდა დაევალოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელის დამსაქმებელ ადმინისტრაციულ ორგანოს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდი მოიცავს როგორც 1997 წლის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის, ისე 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედებული ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ორივე კანონით გათვალისწინებული, სადავო ურთიერთობასთან დაკავშირებული ნორმების განმარტება.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის კანონის 88.1 მუხლის თანახმად, მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებაში იგულისხმებოდა მოხელის დროებით განთავისუფლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და შესაბამისი დაწესებულების განთავისუფლება მოხელის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან. ამავე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული იყო, რომ სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოხელეს კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, დანამატები ან ეძლევა სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ კანონის 89-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და ამავე კანონის 89-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსების შემთხვევებისა. აღნიშნული კანონის 89-ე მუხლის „ა-თ“ ქვეპუნქტები შეეხებოდა სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების კონკრეტულ საფუძვლებს (შვებულება, დროებით შრომისუნარიანობა და სხვ.), ხოლო „ი“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესაძლებლობას მოხელის დროებით განთავისუფლების სხვა შემთხვევებისას (კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე).
2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55.1 მუხლის თანახმად, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს მის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან. ამავე მუხლის მეორე პუნქტში მითითებულია მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების კონკრეტული საფუძვლები. მნიშვნელოვანია, რომ 18.02.2020წ. ცვლილების განხორციელებამდე, კანონის 55.2 მუხლის ჩამონათვალი, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების დამოუკიდებელ საფუძვლად არ მიუთითებდა საჯარო მოხელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევას, თუმცა ითვალისწინებდა კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე მოხელის დროებით გათავისუფლების სხვა შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესაძლებლობას (55.2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი). ამასთანავე, 18.02.2020წ. ცვლილებების განხორციელებამდე მოქმედი რედაქციებით (22.12.2017წ. N1826; 07.03.2018წ. N2043), 55.3 მუხლი ზოგადად მიუთითებდა სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელისათვის თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის შენარჩუნებაზე, ამ მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა).
დადგენილია, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 25.03.2014წ. ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში მიღებული სასამართლოს 24.03.2014წ. განჩინება. ამდენად, გამგეობის მიერ მიღებული 25.03.2014წ. ბრძანების სამართლებრივი შედეგი - გ. მ-ის თანამდებობიდან გადაყენება, ეფუძნება კანონიერ საფუძველს (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.03.2014წ. განჩინებას). მნიშვნელოვანია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 25.03.2014წ. ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი 1997 წლის კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების დამოუკიდებელ საფუძვლად არ ადგენდა საჯარო მოხელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობას, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლად მიჩნეულ უნდა იქნეს 1997 წლის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 89-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს მოხელის დროებით გათავისუფლების სხვა შემთხვევებს, კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო პერიოდში მოქმედი 1997 წლის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედებული 27.10.2015წ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმები, რომლებიც სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პირობებში თანამდებობრივი სარგოს ან სხვაგვარი კომპენსაციის შენარჩუნების საკითხს შეეხება, უნდა განიმარტოს სხვა ნორმებთან კავშირში და არა იზოლირებულად, კანონით დადგენილი შეჩერების ცალკეული შემთხვევის სპეციფიკურობის მხედველობაში მიღებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლი ითვალისწინებს ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესაძლებლობას, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე (სამუშაოზე) დარჩენით იგი ხელს შეუშლის გამოძიებას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას. ამავე კოდექსის 161.1 მუხლის შესაბამისად, მოსამართლეს უფლება აქვს, გამოიტანოს განჩინება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ, ხოლო 160.3 მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ, სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი გახდა 1997 წლის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 89-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს მოხელის დროებით გათავისუფლების სხვა შემთხვევებს, კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე. კანონით გათვალისწინებულ „სხვა შემთხვევას“ მოსარჩელესთან მიმართებაში წარმოადგენდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.03.2014წ. განჩინება, რომელიც შეეხებოდა მის თანამდებობიდან გადაყენებას, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღასრულა სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განჩინება და შესაბამისი საქმის დასრულებამდე ბრალდებული გ. მ-ე გადააყენა თანამდებობიდან. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ გ. მ-ეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სამსახურებრივი გულგრილობისათვის (სსკ-ის 342.1 მუხლი), რაც ბუნებრივია, გამორიცხავდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისა და თანამდებობიდან გადაყენების შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულების პირობებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. მოსარჩელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება უკავშირდებოდა შეჩერების სპეციფიკურ საფუძველს და ემსახურებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე, გამოძიებისათვის ხელშეშლის აღკვეთის ინტერესებს, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო შედეგის დადგომამდე (გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, სს დევნის შეწყვეტა), საჯარო დაწესებულებას არ გააჩნდა მოსარჩელისათვის თანამდებობრივი სარგოს გაცემის კანონისმიერი საფუძველი. დამსაქმებლის შესაბამისი მოქმედება დამოკიდებული იყო სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ საბოლოო შედეგზე.
საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 01.07.2017წ. ამოქმედების შემდეგ, წარმოიშვა მასში მითითებული საკითხების დაზუსტების, სრულყოფის აუცილებლობა. ამ მიზანს ემსახურებოდა კანონის 55-ე მუხლში (მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება) 18.02.2020წ. განხორციელებული ცვლილებებიც. კერძოდ, მითითებული ცვლილების განხორციელების შემდეგ, ზემოაღნიშნული კანონის 55.2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ერთ-ერთ საფუძვლად ითვალისწინებს მოხელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევას, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამასთანავე, საჯარო დაწესებულებას მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, ამ შემთხვევაში, თავად გადაწყვიტოს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საკითხი. გარდა ამისა, ახლებურად ჩამოყალიბდა კანონის 55.3 მუხლი და დადგინდა, რომ 55.2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოხელისთვის თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის შენარჩუნების საკითხი შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადასაწყვეტია.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საჯარო მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პირობებში თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნების საკითხი ერთმნიშვნელოვნად დამოკიდებულია შეჩერების საფუძვლის შინაარსზე. უდავოა, რომ მოხელის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა გამორიცხავს მისი მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, რამდენადაც დევნის განხორციელების პირობებში (მით უფრო, თუ საკითხი შეეხება სამოხელეო დანაშაულს), მოხელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებამ შეიძლება დააზიანოს საჯარო ინტერესი. სწორედ ამიტომ, შეტანილი ცვლილებით კანონმდებელმა გამორიცხა საჯარო მოხელისათვის თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნების უპირობო შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, როდესაც მოხელეს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებული აქვს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გამო (აღნიშნული დამოკიდებულია საჯარო დაწესებულების ნებაზე).
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მიუღებელი შემოსავალი უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც განაცდური და მისი ანაზღაურება უნდა დაეკისროს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118.3 მუხლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მაშინ, როდესაც დადასტურებულია კანონიერი საფუძვლის გარეშე მოხელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიზნებისათვის, განაცდური არის ის დრო, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ითვლება უკანონოდ გათავისუფლებულად. განაცდურის ცნებაში მოიაზრება იძულებითი მოცდენისას დამსაქმებლის ბრალით მიუღებელი შემოსავალი, რომელიც დასაქმებულს ეკუთვნის უკანონოდ გათავისუფლებიდან სამუშაოზე აღდგენამდე დროის განმავლობაში. თავის მხრივ, გათავისუფლების უკანონობა უნდა დადასტურდეს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამდენად, დამსაქმებლისათვის განაცდურის დაკისრების წინაპირობას მხოლოდ მოხელის სამუშაოზე აღდგენა არ წარმოადგენს. აუცილებელია მეორე წინაპირობაც - მოხელის გათავისუფლებას საფუძვლად უნდა ედოს დამსაქმებლის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება. „..თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის უკანონოდ იქნა გათავისუფლებული, ან ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას. ამასთან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს..“ (სუს 23.07.2020წ. Nბს-38(კ-20) გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა დაყენებულია იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ეფუძნებოდა კანონიერ საფუძველს - სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ, კანონიერ ძალაში არსებულ განჩინებას, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე ბრძანების გამოცემას. აღნიშნული ბრძანების უკანონობა დადასტურებული არ არის, შესაბამისად, სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანო, კანონიერი საფუძვლის არსებობის პირობებში იყო მოკლებული შესაძლებლობას, გაეცა თანამდებობრივი სარგო მოსარჩელის სახელზე. ამდენად, მოცემული შემთხვევა არ აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით გათვალისწინებულ აუცილებელ ნიშანს - განაცდურის მიღების შესაძლებლობას უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდგომ მოსარჩელე დაუბრუნდა თავდაპირველ თანამდებობას (გამოცემულ იქნა ბრძანება თანამდებობაზე დაშვების შესახებ), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ვერ წარმოეშობოდა მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება, რამდენადაც მოსარჩელე თანამდებობიდან გადაყენებული არ ყოფილა დამსაქმებლის უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ნიშნავს ბრალდებულისთვის წაყენებული ბრალის დაუდასტურებლობას (სსსკ-ის 270.1 მუხლი). სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეიცავს მითითებას, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ (კოდექსის 92-ე მუხლი), ამასთანავე, კანონი სავალდებულოდ ადგენს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების მითითების აუცილებლობას გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში (ამავე კოდექსის 276-ე მუხლი). საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შეუძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, მოითხოვოს კონსტიტუციით გარანტირებული, სახელმწიფო ორგანოსაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ადასტურებს მოსარჩელის, როგორც რეაბილიტირებული პირისათვის კანონით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობის მინიჭებას და იმ უფლებაში აღდგენას, რომლითაც მან სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის გამო ვერ ისარგებლა სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში. ამდენად, ბრალის უკანონოდ წაყენების დადასტურებისა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შედეგად, წარმოიშვა არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ვალდებულება დამსაქმებელი საჯარო დაწესებულებისათვის, არამედ სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის საფუძველზე, გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა, რაშიც მოიაზრება მატერიალური ზიანის სახით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების განმავლობაში მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების მოთხოვნაც. მნიშვნელოვანია, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, უდანაშაულოდ ცნობასა და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან ერთად, გ. მ-ეს განემარტა ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო პალატა გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და არასწორად შეაფასა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს მიუღებლობა განაპირობა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებამ და უკანონო ბრალდებამ. ამასთან, პირის უკანონო ბრალდებით გამოწვეულ ზიანთან მიმართებაში სახელმწიფოს ინტერესებს პროკურატურა წარმოადგენს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს შეთავაზება სასარჩელო მოთხოვნისა და მოპასუხე მხარის დაზუსტებასთან დაკავშირებით, განაპირობა მოსარჩელის რეალური ინტერესის გათვალისწინებამ, ამასთან, სააპელაციო პალატა არ გასცდენია ასკ-ის 281 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას მოთხოვნის ტრანსფორმირების შეთავაზების თაობაზე. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ არ შეცვალა მოთხოვნის ფორმულირება და უცვლელად დატოვა სარჩელზე დასახელებული მოპასუხე მხარე, არ გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მსჯელობის შესაძლებლობას მოსარჩელესთან მიმართებაში ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების რეალურობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე