საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 26.07.2005
საქმის ნომერი
2კ-89კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 89-კოლ 26 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი,ი. ტყეშელაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ გ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ც-ს, მსჯავრდებულ ა. კი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ვ-ს, მსჯავრდებულ თ. წ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს-ს, მსჯავრდებულ კ. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჭ-ს საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 22 მარტის განაჩენზე, რომლითაც:

ა. კ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 252-ე მუხლის მეორე ნაწილით, 104-ე მუხლის პირველი, მეშვიდე პუნქტებით (სსკ-ის 1960წ. რედაქცია), და ერთობლივად, სასჯელთა ნაწილობრივ შთანთქმის და შეკრების წესის გამოყენებით განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, პირველი სამი წლის საპყრობილეში, ხოლო დანარჩენის _ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა 2000წ. 9 ივნისიდან 2002წ. 26 აგვისტომდე პატიმრობაში გატარებული დრო. სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან.

გ. ჯ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1331-ე მუხლის მეორე ნაწილით, 19, 252-ე მუხლის მეორე ნაწილით, 104-ე მუხლის პირველი, მეშვიდე პუნქტებით (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი) და ერთობლივად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, შეეფარდა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. აქედან პირველი 3 წლის საპყრობილეში, ხოლო დანარჩენის _ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა 2000წ. 14 აგვისტოდან 2003წ. 13 მარტამდე პატიმრობაში გატარებული დრო. სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან.

თ. წ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1331 მუხლის მეორე ნაწილით, 252-ე მუხლის მეორე ნაწილით, 104-ე მუხლის პირველი, მეშვიდე პუნქტებით (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი) და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. პირველი სამი წლის საპყრობილეში, დანარჩენის _ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა 2000წ. 13 ივნისიდან 2002წ. 25 აგვისტომდე პატიმრობაში გატარებული დრო. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003წ. 4 მაისიდან.

4. კ. ყ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 1331 მუხლის მეორე ნაწილით, 252-ე მუხლის მეორე ნაწილით, მე-19,104-ე მუხლის პირველი, მეშვიდე პუნქტებით და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. აქედან პირველი სამი წლის საპყრობილეში, დანარჩენის _ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა 2000წ. 13 ივნისიდან 2002წ. 26 აგვისტომდე პატიმრობაში გატარებული დრო. სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან.

განიხილება ადვოკატ ზ. რ-ს კერძო საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 22 მარტის განჩინებაზე, რომლითაც თ. წ-ს ბრალდების საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:

გ. ჯ-მ ჩაიდინა პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით პირის მძევლად ხელში ჩაგდება და დაკავება, რასაც თან ერთვოდა მოკვლის მუქარა, სხეულის დაზიანება და ამ პირის შემდგომი დაკავება იმ მიზნით, რომ აეძულებინა ფიზიკური პირი, შეესრულებინა რაიმე მოქმედება _ გამოსასყიდის სახით გადაეხადა 20000 აშშ დოლარი, როგორც მძევლის განთავისუფლების პირობა და რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა; მანვე პირთა ჯგუფთან ერთად, როგორც დანაშაულის თანამონაწილე ორგანიზატორმა, წინასწარი შეთანხმებით, განმეორებით ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა გასაღების მიზნით და უკანონო გასაღება; მანვე ორგანიზება გაუკეთა და, როგორც თანაამსრულებელმა, ჩაიდინა მძევლად ხელში ჩაგდებული პირის დამამძიმებელ გარემოებებში, ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით განზრახ მკვლელობა; ა. კ-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება და გასაღება; მანვე პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინა პირის მძევლად ხელში ჩაგდება და დაკავება, რასაც თან ერთვოდა მოკვლის მუქარა, სხეულის დაზიანება და ამ პირის შემდგომი დაკავება იმ მიზნით, რომ აიძულებინა ფიზიკური პირი, შეესრულებინა რაიმე მოქმედება _ გამოსასყიდის სახით გადაეხადა 20000 აშშ დოლარი, როგორც მძევლის განთავისუფლების პირობა და რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა; მანვე ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც თან ერთვოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა; მანვე პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, განმეორებით ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და უკანონო გასაღება; მანვე, როგორც თანაამსრულებელმა, პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, დამამძიმებელ გარემოებებში, ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით ჩაიდინა განზრახ მკვლელობა; მანვე პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; თ. წ-მ ჩაიდინა პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით პირის მძევლად ხელში ჩაგდება და დაკავება, რასაც თან ერთვოდა მოკვლის მუქარა, სხეულის დაზიანება და ამ პირის შემდგომი დაკავება იმ მიზნით, რომ აეძულებინა ფიზიკური პირი შეესრულებინა რაიმე მოქმედება _ გამოსასყიდის სახით გადაეხადა 20000 აშშ დოლარი, როგორც მძევლის განთავისუფლების პირობა და რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა; მანვე პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, განმეორებით ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა გასაღების მიზნით და აგრეთვე უკანონო გასაღება; მანვე, როგორც თანაამსრულებელმა, პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში, ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით განზრახ მკვლელობა; კ. ყ-მ, როგორც დამხმარის სახით თანამონაწილემ, პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ხელი შეუწყო პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და დაკავებას, რასაც თან ერთვოდა მოკვლის მუქარა, სხეულის დაზიანება და ამ პირის შემდგომი დაკავება იმ მიზნით, რომ აეძულებინა ფიზიკური პირი, შეესრულებინა რაიმე მოქმედება _ გამოსასყიდის სახით გადაეხადა 20000 აშშ დოლარი, როგორც მძევლის განთავისუფლების პირობა და რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა; მანვე პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, განმეორებით ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა გასაღების მიზნით და აგრეთვე უკანონო გასაღება; მანვე, როგორც წამქეზებლის სახით თანამონაწილემ, პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში, ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით განზრახ მკვლელობა, ზემოაღნიშნული კი გამოიხატა შემდეგში:

ქ. ფოთში ..... წელს დაბადებულმა გ. ჯ-მ 2000წ. იანვარში გაიცნო მასზე გაცილებით უმცროსი, აფხაზეთის ა/რ, ქ. ..., იძულებით გადაადგილებული და ქ. ... მცხოვრები მ. ს.,^ რომლის დედას _ მ. ს-ს ქ. ფოთში ჰქონდა კომერციული მაღაზია და თონე. ამასთან,^ამ უკანასკნელის უფროსი შვილი _ დ. ს. ცხოვრობდა და მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეხმარებოდა ოჯახს. ყოველივე ამის გათვალისწინებით,^მ. ს. ქ. ფოთში ეკონომიკურად შეძლებულ პირად ითვლებოდა.

მ. ს-სთან მუშაობდა და მის ფინანსურ შესაძლებლობებში ჩახედული იყო ქ. ... მცხოვრები გ. ჯ-ს ნაცნობი, ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისათვის ნასამართლევი კ. ყ.

გ. ჯ. თავისი თანაკლასელისა და მეგობრის, ქ. ... მცხოვრებ ვინმე გ. ჭ-ს მეშვეობით, ახლოს იცნობდა ასევე ქ. ..., .... ქუჩაზე მცხოვრებ თ. წ-ს.

2000წ. თებერვლის შუა რიცხვებში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, გ. ჯ-სათვის მ. ს-საგან ცნობილი გახდა, რომ მ. ს-ს დედის მონაწილეობით ქ. თბილისში 15000 აშშ დოლარად გაიყიდა კაფე-ბარი და მითითებული თანხა ასაღები ჰქონდა მ. ს-ს. ამის შესახებ ასევე იცოდა კ. ყ-ც.

გ. ჯ-მ გადაწყვიტა, მძევლად ხელში ჩაეგდო მ. ს., რათა აეძულებინა დედამისი მ. ს., შვილის მ. ს-ს განთავისუფლებისთვის გადაეხადა 20 000 აშშ დოლარი.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ. ჯ. 2000წ. 20 მარტს დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ გ. ჭ-ს, შემდეგ კი მისი მეშვეობით - თ. წ-ს,^ ქ. ფოთში, ... ქუჩაზე მცხოვრებ ა. კ-სა და ს-ებთან მომუშავე კ. ყ-ს, რომლებსაც შესთავაზა ზემოთ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა და შეჰპირდა, რომ მ. ს-ს განთავისუფლების პირობით მიღებულ თანხას ურთიერთშორის გაინაწილებდნენ. გ. ჭ., თ. წ., ა. კ. და კ. ყ. დათანხმდნენ შეთავაზებულ წინადადებას, რის შემდეგაც დანაშაულებრივად დაკავშირებულმა და წინასწარ შეთანხმებულმა ზემოთ დასახელებულმა პირებმა შეადგინეს მოქმედების გეგმა და ურთიერთშორის გაინაწილეს როლები, რომლის მიხედვითაც, 2000წ. 22 მარტს გ. ჯ-ს თავისი ავტომანქანით გ. ჭ-სთან ერთად თ. წ-ს ოჯახში, ქ. ..., ... ქ. ¹37-ში, სადაც იმ დროისათვის ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ, უნდა მიეყვანა მ. ს. იქ მათ შეუერთდებოდა ა. კ-ც. თ. წ-ს ოჯახში სადილობისას პროცესში დანაშაულის თანამონაწილეებს რაიმე პრეპარატის საშუალებით უნდა გაებრუებინათ მ. ს., რათა დაეთრგუნათ მისი შესაძლო წინააღმდეგობა და შემდეგ გადაეყვანათ იგი სხვა, უფრო უსაფრთხო ბინაში. შეთანხმების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მიცემით უნდა გაეგრძელებინათ მ. ს-ს უგონო და, ამდენად, უმწეო მდგომარეობაში ყოფნა, თვითონ კი დაკავშირებოდნენ დედამისს _ მ. ს-ს და მისგან შვილის განთავისუფლების პირობით მოეთხოვათ 20000 აშშ დოლარის გადახდა. შედგენილი გეგმისა და შეთანხმების მიხედვით, ისინი ნარკოტიკებით უნდა მოემარაგებინა კ. ყ-ს, რომელსაც ასევე თვალყური უნდა ედევნებინა მ. ს-ს მოქმედებისთვის, მიეღო ყველა ზომა, რათა დაერწმუნებინა იგი დასახელებული თანხის გადახდის აუცილებლობაში. ამასთან, თუკი მ. ს-ს გაუჩნდებოდა სამართალდამცავი ორგანოებისათვის მომხდარი დანაშაულის შეტყობინების სურვილი, როგორმე გადაერწმუნებინა იგი.

დანაშაულის ორგანიზატორმა გ. ჯ-მ 2000წ. 22 მარტს მ. ს-ს მაღაზიიდან თავის სახლში წაიყვანა მ. ს., რომელიც იქ ერთობოდა კომპიუტერზე თამაშით. იმავე დღეს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, ჯ-ების სახლში მივიდა გ. ჭ. და რამდენიმე ხნის შემდეგ - გ. ჯ-ც, მამის, ბ. ჯ-ს, კუთვნილი ... მარკის ავტომანქანით. ამ უკანასკნელმა და გ. ჭ-მ მ. ს. წაიყვანეს თ. წ-ს სახლში. გ. ჯ-ს მ. ს-ს დედის, მ. ს-სათვის, მ. ს-ს წამოყვანისას დაბარებული ჰქონდა, რომ მას დატოვებდა ქ. ფოთის ცენტრალურ მოედანზე, სადაც საღამოთი უნდა შემდგარიყო მომღერალ ქ. მ-ს კონცერტი. ჯ-ს სახლიდან წამოსული გ. ჯ., გ. ჭ. და მ. ს. დაახლოებით 20 საათსა და 40 წუთზე მივიდნენ თ. წ-ს ოჯახში, სადაც შეთანხმებისამებრ მათ შეუერთდა ა. კ-ც, რომელმაც ადრე გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში უკანონოდ, სათანადო ნებართვის გარეშე, 300 აშშ დოლარად შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი, 4 ცალ საბრძოლო ვაზნასთან ერთად, რომელსაც უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში და დროგამოშვებით ატარებდა, 2000წ. თებერვლის მეორე ნახევარში კი უკანონოდ გაასაღა თავის მეგობარ გ. ჭ-ზე.

გ. ჯ-სთვის კარგად იყო ცნობილი, რომ თვალის დაავადების სამკურნალო პრეპარატ “კატახრომის” დიდი ოდენობით მიღება იწვევდა ადამიანის გარკვეული დროით გათიშვას, ვინაიდან შეთანხმების მიხედვით, მათ მ. ს. უნდა გაებრუებინათ, სწორედ ამ მიზნით გ. ჯ-მ აირჩია აღნიშნული პრეპარატი, რომელიც იმავე დღეს, 22 მარტს, დაახლოებით 16 საათზე, აყიდვინა მ. ს-ს ქ. ფოთში, ... ქუჩა ¹75-ში მდებარე აფთიაქში, იმ მოტივით, რომ თითქოსდა დასახელებული წამალი გ. ჯ-ს შეყვარებულს სჭირდებოდა.

წ-ს სახლში ვახშმობის პროცესში გ. ჯ-მ წინასწარ ნაყიდი და იქ მიტანილი პრეპარატი “კატახრომით” გაზავებული გამაგრილებელი სასმელი “კოკა-კოლა” მასთან შეთანხმებულ პირებთან ერთად დაალევინა მ. ს-ს.

წამლით შეზავებული “კოკა-კოლას” დალევის შემდეგ მ. ს. გაბრუვდა, რითაც დაკარგა წინააღმდეგობის გაწევის უნარი და, ამდენად, იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში. ამით ისარგებლეს გ. ჯ-მ, თ. წ-მ, ა. კ-მ და გ. ჭ-მ, რომლებმაც აღნიშნულით შეძლეს მ. ს-ს დაკავება თ. წ-ს ოჯახში. გ. ჯ. დარწმუნდა რა, რომ მძევლად აყვანილი მ. ს. ვერ შეძლებდა თ. წ-ს, გ. ჭ-სა და ა. კი-საგან თავის დაღწევას, დაახლოებით 21 საათზე წავიდა სახლში იმ მიზნით, რომ თუკი მ. ს. მოიკითხავდა შვილს, ეთქვა, რომ იგი კონცერტზე დატოვა და სახლში ყოფნით ალიბი შეექმნა საკუთარი თავისათვის. ვინაიდან თვალის წამალი “კატახრომი” ადამიანს თიშავს მხოლოდ 3-4 საათის განმავლობაში, თ. წ-მ, რომელსაც შეძენილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, უგონო მდგომაროებაში მყოფ მ. ს-ს ნემსით ვენაში გაუკეთა ინიექციის საჭირო დოზა, რითაც გაასაღა ნარკოტიკული საშუალება. მისი მიღების შემდეგ მ. ს. დარჩა კვლავ უგონოდ, უმწეო მდგომარეობაში. აღნიშნული გ. ჯ-ს, როგორც დანაშაულის ჩადენის ორგანიზატორს, გააზრებული და შეცნობილი ჰქონდა, რის გამოც წარმოადგენდა დანაშაულის თანამონაწილეს ნარკოტიკული საშუალების გასაღების ეპიზოდშიც.

მ. ს. გ. ჯ-სა და მის მიერ ორგანიზებული ჯგუფის წევრებს დაკავებული ჰყავდათ თ. წ-ს სახლში ერთი დღე-ღამის განმავლობაში.

თ. წ-ს ოჯახში მყოფი მ. ს., ამ უკანასკნელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, რაც თვალის წამლითა და ნარკოტიკული საშუალებით მის გაბრუებაში გამოიხატა, ანუ ყაჩაღური თავდასხმის გზით, 2000წ. 22 მარტს, დაახლოებით 23 საათზე, ა. კ-მ და გ. ჭ-მ გაიტაცეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს მ. ს-ს კუთვნილი, 120 ლარად ღირებული “კა-628” მოდელის “ერიქსონის” ტიპის მობილური ტელეფონი.

2000წ. 23 მარტს, დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე, ა. კ-მ მამამისის, თ. კ-ს, კუთვნილი ... მარკის ავტომანქანით გ. ჭ-სა და თ. წ-სთან ერთად უმწეო მდგომარეობაში მყოფი მ. ს. გადაიყვანა თავის ბინაში _ ქ. ფოთში, ... ქ. ¹187-ში, რომელიც, დამნაშავეთა აზრით, უფრო უსაფრთხო ადგილს წარმოადგენდა.

2000წ. 24 მარტს, დაახლოებით 00 საათსა და 30 წუთზე, გ. ჭ-ს დავალებით, რომელსაც იცნობდა მ. ს. და, ამდენად, ამ უკანასკნელს მხილების შიში ჰქონდა, მ. სიგუასაგან მართლსაწინააღმდეგოდ გატაცებული მობილური ტელეფონიდან მ. სიგუას სახლის ტელეფონზე (¹21084-ზე) დაურეკა ა. კ-მ. ვინაიდან ყურმილი აიღო იმ დროისათვის იქ მყოფმა მ. ს-ს ძმისშვილმა მ. თ-მ, ა. კ-მ მას მხოლოდ ის უთხრა, რომ მ. ს. დალოდებოდა სახლში და გათიშა ტელეფონი. იმავე ღამით, დაახლოებით 4 საათსა და 30 წუთზე, ა. კი-მ, რომელთანაც ერთად გ. ჭ-ც იმყოფებოდა, კვლავ დარეკა მ. ს-ს ბინის ზემოთ აღნიშნულ ტელეფონზე და განუცხადა მას, რომ მისი შვილი მ. ს. მძევლად ჰყავდათ აყვანილი და ამ უკანასკნელის განთავისუფლებისათვის საჭირო იყო 20 000 აშშ დოლარის გადახდა, თუმცა ფულის გადაცემის ადგილი არ დაუსახელებია.

მთელი ამ ხნის მანძილზე მ. ს-ს ოჯახში იმყოფებოდა კ. ყ., რომელმაც, მ. ს-სთან შეთანხმებით, ამ უკანასკნელის ნდობის განმტკიცებისა და თავისი აქტიურობის მოჩვენების მიზნით, მიიტანა მაგნიტოფონი, რათა მომხდარიყო მ. ს-ს მძევლად ამყვან პირთა საუბრის შინაარსისა და ხმის ჩაწერა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დარეკავდნენ ს-ების ბინის ტელეფონზე და გააკეთა კიდეც სასინჯი ჩაწერა, მაგრამ შემდეგში მან იმის შიშით, რომ მართლაც არ დაფიქსირებულიყო თავისი თანამზრახველების ხმა და მოსმენა, მწყობრიდან გამოიყვანა აპარატში შემავალი ხმის მიმწოდებელი სადენი, რითაც შესაძლებელი გახადა მხოლოდ მ. ს-ს ხმის მოსმენა. ამით მან მოსპო ა. კ-სა და სხვა თანამონაწილეთა ხმის მიხედვით მხილების შესაძლებლობა.

ამასთან, კ. ყ-ს გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან დაუდგენელ დროს უკანონოდ შეძენილი საშუალება “ჰეროინი” შეთანხმებისამებრ დღეში ერთხელ მიჰქონდა ... ქუჩაზე, ზემოთ აღნიშნულ სახლთან, სადაც მას ხვდებოდა გ. ჭ., რომელსაც გადასცემდა მ. ს-სათვის გასაკეთებლად, ე.ი. უკანონოდ ასაღებდა მას.

თავის მხრივ, ა. კ. და თ. წ. გ. ჭ-საგან ღებულობდნენ უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინს” და დღეში ერთხელ ინიექციის სახით ვენაში უკეთებდნენ მ. ს-ს, ანუ უკანონოდ ასაღებდნენ მას იმ დოზით, რომ უზრუნველეყოთ მ. სიგუას გაბრუებულ, უმწეო მდგომარეობაში ყოფნა.

გ. ჯ., შეთანხმებისამებრ, მთელი ამ ხნის მანძილზე იმყოფებოდა თავის სახლში, არც ერთხელ არ მიუკითხავს თვით მ. ს-ს დედისათვისაც კი და ყოველნაირად ცდილობდა ამ დანაშაულთან კავშირის კვალის წაშლას იმ შემთხვევისათვის, თუ ვინმე დაეჭვდებოდა მასში. ამ მხრივ მოსაჩვენებლად აქტიურობდა კ. ყ., რომელიც უშლიდა მ. ს-ს ხელს, რათა მას მ. ს-ს მძევლად აყვანასთან დაკავშირებით განცხადებით არ მიემართა პოლიციისათვის, კერძოდ, აშინებდა მას, რომ თითქოსდა პოლიციას ჰქონდა რაღაც საიდუმლო საკნები, სადაც ათავსებდნენ დაკავებულ პირებს და თუკი ახლობლები მოიკითხავდნენ, პოლიციელებს შეეძლოთ მოეკლათ კიდევაც ისინი. ამასთან, სანამ თანხის ოდენობა დასახელდებოდა, კ. ყ. ურჩევდა მ. ს.ს თანხის გადახდას შემდეგი სიტყვებით: “შეიძლება ბავშვი დაჭერილი ჰყავთ, 2000-სს ითხოვენ და მერე 2 ათასი 20 ათასი არ გახდესო”.

მიუხედავად ასეთი მცდელობისა, კ. ყ. მიხვდა, რომ მ. ს-ს მისი უკვე არ სჯეროდა და აუცილებლად მიმართავდა განცხადებით სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნულის შიშით კ. ყ-მ გ. ჭ-ს განუცხადა, რომ უკვე ჩადენილი დანაშაულის დაფარვისა და გამოსასყიდი თანხის, 20 000 აშშ დოლარის, მიღების გაადვილების მიზნით, საჭირო იყო მ. ს-ს მოკვლა, ვინაიდან მისი ცოცხლად დატოვების შემთხვევაში პოლიცია მიაგნებდა მ. ს-ს კვალს და იგი ამხელდა ყველას ჩადენილ დანაშაულში, რითაც წააქეზა და დაიყოლია იგი განზრახი დანაშაულის ჩასადენად.

თავის მხრივ, გ. ჭ. დაეთანხმა კ. ყ-ს და შეხვდა რა გ. ჯ-ს, ერთობლივად გადაწყვიტეს, გაეკეთებინათ განზრახი დანაშაულის ჩადენის ორგანიზება, კერძოდ, ა. კი-სთან და თ. წ-სთან ერთად მ. ს-ს მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, უკვე ჩადენილი დანაშაულის დაფარვისა და ანგარებითი დანაშაულებრივი განზრახვის _ გამოსასყიდი თანხის 20 000 აშშ დოლარის მიღების - გაადვილების მიზნით, ჩაედინათ უმწეო მდგომარეობაში მყოფი მ. ს-ს განზრახი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

ა. კ. და თ. წ.ი დაეთანხმნენ გ. ჭ-სა და გ. ჯ-ს გადაწყვეტილებას. ამასთან, შეთანხმდნენ, რომ განზრახული სისრულეში მოეყვანათ 2000წ. 26-დან 27 მარტის ღამეს.

2000წ. 27 მარტს, დაახლოებით 1 საათზე და 30 წუთზე, ნარკოტიკული თრობის შედეგად გაბრუებული, ამდენად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი მ. ს. თ. წ-მ, ა. კ-მ და გ. ჭ-მ ჩამოიყვანეს ბინიდან და ჩასვეს გ. ჯ-ს მამის, ბ. ჯ-ს, კუთვნილ ... მარკის სახ (¹....) ავტომანქანის უკანა სალონში. მანქანას გ. ჯ. მართავდა. ამასთან, გ. ჯ-ს შეცნობილი ჰქონდა, რომ კ. ყ-ს მიერ მოტანილი ნარკოტიკული ნივთიერება “ჰეროინი” დანაშაულებრივი გზით ჯგუფის წევრების მიერ გამოიყენებოდა მ. ს-სათვის ინიექციის გაკეთებისა და გაბრუებისათვის, ამდენად, წარმოადგენდა ამ დანაშაულის თანამონაწილესაც. ავტომანქანაში მ. ს-ს მოთავსების შემდეგ გ. ჯ-მ შეიარა გ. ჭ-ს სახლში, ქ. ფოთში, ... ქ. ¹77-ში, საიდანაც გ. ჭ-მ წამოიღო მოკლეტარიანი ნიჩაბი და ყველანი ერთად გაემართნენ ქ. ფოთში, მალთაყვის უბანში მდებარე ტყე-პარკში. იქ მათ წინასწარ გათხარეს ორმო, გ. ჯ-მ და დანარჩენმა მისმა თანამზრახველებმა მანქანიდან გადმოიყვანეს მ. ს-ა, რათა აღნიშნულ ადგილზე მომხდარიყო მ. ს-ს განზრახ მკვლელობა. ყოველივე ამის გამო გ. ჯ., ფაქტობრივად, სხვებთან ერთად არის დანაშაულის ამსრულებელი. გ. ჭ-მ ამოიღო თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღი _ “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი, რომელიც 2000წ. თებერვლის მეორე ნახევარში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია) საბრძოლო ვაზნებთან ერთად გადასცა ა. კ-მ. იარაღი გ. ჭ-ს გამოართვა ა. კ-მ და გულმკერდის არეში ესროლა მ. ს-ს, შემდეგ კი გადასცა იგი თ. წ-ს, რომელმაც ასევე გულმკერდის არეში ესროლა ამ უკანასკნელს და თავის მხრივ გადასცა გ. ჭ-ს, რომელმაც წაქცეული მ. ს. გადმოაბრუნა და კეფაში ესროლა.

მ. ს-მ 3 ტყვიის მოხვედრის შედეგად მიიღო თავის ქალას ღრუში შემავალი გამჭოლი ჭრილობა კეფის ძვლის მოტეხილობით; გამჭოლი ჭრილობა გულმკერდის მიდამოში ორივე ფილტვის დაზიანებით და ღრმა ჭრილობა გულმკერდის მიდამოში, გულისა და ფილტვის დაზიანებით, მარცხნივ მესამე ნეკნის მოტეხილობით.

ზემოთ აღნიშნული თითოეული დაზიანება, ცალ-ცალკე, განეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებათა კატეგორიას, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

მ. ს-ს მკვლელობის შემდეგ, ამ უკანასკნელის დამარხვამდე, ა. კ-მ პირთა ჯგუფთან ერთად გ. ჭ-სთან წინასწარი შეთანხმებით, ჩადენილი ჰქონდა რა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით ყაჩაღობა, თ. წ-ს თვალწინ არაერთგზის, მართლსაწინააღმდეგოდ, ამ უკანასკნელის მოძრავი ნივთების მისაკუთრების მიზნით, გაძარცვა გარდაცვლილი მ. ს., კერძოდ, აშკარად დაეუფლა მ. ს-ს 600 ლარად ღირებულ ლურჯთვლიან ოქროს ბეჭედს, 80 ლარად ღირებულ “ჯიოვანის” ფირმის ოქროს საათს და 300 ლარად ღირებულ ტყავის ლაბადას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ა. კ-მ, თ. წ-მ და გ. ჭ-მ გვამი დამარხეს ზემოთ აღნიშნულ, წინასწარ მომზადებულ ორმოში მკვლელობის ადგილზე და მიიმალნენ.

დამამძიმებელ გარემოებებში მ. ს-ს განზრახი მკვლელობის ჩადენის შემდეგ, რამაც მათ გაუადვილა ანგარებითი მიზნის _ მძევლის განთავისუფლებისათვის დათქმული 20000 აშშ დოლარის მიღების შესაძლებლობა, 2000წ. 28 მარტს, დაახლოებით 10 საათსა და 20 წუთზე, ა. კ-მ და გ. ჭ-მ გ. ჯ-სთან, კ. ყ-სა და თ. წ-სთან შეთანხმებით, გ. ჭ-ს პაპის, ო. ბ-ს, ბინიდან წაღებული ტელეფონის აპარატით, რომელიც შეაერთეს ქ. ფოთის ¹10 საშუალო სკოლის დირექტორის კაბინეტში შემავალ სატელეფონო ხაზზე, დაურეკეს მ. ს-ს ბინაში და მოითხოვეს მისგან დავალიანების გამო გამორთული, მათ ხელთ არსებული მ. ს-ს მობილური ტელეფონის ჩართვა, რათა შემდგომში შეეტყობინებინათ ფულის გადაცემის ადგილი და დრო. მ. ს-მ, მართალია, გადაიხადა მ. ს-ს კუთვნილი ტელეფონის დავალიანება და ჩართო იგი, მაგრამ შემდგომში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მხილების შიშით, ბოროტმოქმედებს მ. ს-სათვის არ დაურეკავთ და, ამდენად, არც მოთხოვილი თანხა მიუღიათ.

საბრალდებო დასკვნით თ. წ-ს ბრალი ედება აგრეთვე იმაში, რომ მან 2003წ. 3 მაისს დაბა ურეკში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან 80 ლარად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, საიდანაც ნაწილი თვითონ მოიხმარა, ხოლო იმავე წლის 4 მაისს იმყოფებოდა რა ქ. ბათუმში, იგი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა და მისგან ამოიღეს 0,147 გრამი „ჰეროინი“, რომელიც მან უკანონოდ შეიძინა, გადაზიდა და ინახავდა (ამ ეპიზოდში საქმე დამატებით გამოძიებაში არის დაბრუნებული).საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ც. ც. ითხოვს განაჩენის გ. ჯ-ს მიმართ გაუქმებას და საქმის შეწყვეტას, მიუთითებს, რომ საქმეში არსებული ბრალდებით არ არის დადგენილი გ. ჯ-ს მიერ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში მონაწილეობა.

ადვოკატი ფ. ვ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას გამამართლებელი საფუძვლით.

თ. წ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. ს. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას სსსკ-ის 28-ე მუხლის საფუძველზე, რადგან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ თ. წ-მ ჩაიდინა რაიმე კატეგორიის დანაშაული.

კ. ყ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ჭ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნეას, რათა საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება.

ადვოკატი ზ. რ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო კოლეგიის 2005წ. 22 მარტის განჩინების გაუქმებას, რომლითაც თ. წ-ს ბრალდების საქმე სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში დაუბრუნდა პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. ადვოკატი ზ. რ. კერძო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლოს თვითონ შეეძლო, მიეღო არსებითი ხასიათის გადაწყვეტილება და ამ ეპიზოდში (სს-კის 260-ე მუხლის მეორე ნაწილი) საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების არავითარი საფუძველი არ მოიპოვება.

წარმოდგენილია პროკურორ ბ. თ-ს შესაგებელი, რომელიც ითხოვს ოთხივე მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც. ც-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა თავის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, იშუამდგომლა გ. ჯ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ; ადვოკატის მოსაზრებით, საქმეში არ მოიპოვება გ. ჯ-ს ბრალდების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.

მსჯავრდებულ ა. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ. ვ-მ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ა. კ-ს მიმართ წინასწარი გამოძიების სტადიაზე გამოიყენეს უკანონო ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედებას, რის შედეგადაც მიაღწიეს აღიარებითი ჩვენების მიღებას, შემდგომში ა. კ-მ უარყო მ. ს-ს მოტაცებასა და მკვლელობაში მონაწილეობა. სხვა მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ადვოკატმა ფ. ვ-მ იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და ა. კ-ს მიმართ საქმის შეწყვეტა.

ადვოკატმა ი. ჭ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან აღნიშნა, რომ კ. ყ-ს დანაშაულში მონაწილეობის რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ადვოკატმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

ადვოკატმა ო. ს-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა თ. წ-ს მიმართ განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა. ამ მოთხოვნას დაეთანხმა მსჯავრდებული თ. წ.

ადვოკატმა ზ. რ-მ მხარი დაუჭირა თავის მიერ წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან აღნიშნა, რომ არავითარი საფუძველი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ეპიზოდში საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებისათვის არ არსებობდა. ადვოკატმა იშუამდგომლა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა თ. ყ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან კანონიერად მიიჩნია ოთხივე მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება. ამ მოთხოვნას დაეთანხმა დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ს.

პროკურორმა ჯ. კ-მ მიმოიხილა საქმის მასალები, მან აღნიშნა, რომ საქმეში არსებული ერთობლივი მასალებით უტყუარადაა დადგენილი ოთხივე მსჯავრდებულის მიერ მ. ს-ს მძევლად ხელში ჩაგდებისა და განზრახ მკვლელობის ჩადენის ფაქტი. პროკურორმა იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.

პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო კოლეგიამ საქმე სავსებით კანონიერად დააბრუნა დამატებით გამოძიებაში თ. წ-ს მიმართ სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში. მან იშუამდგომლა ამ ნაწილში გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი ა. კ-ს, თ. წ-ს, გ. ჯ-ს მიმართ სსკ-ის 1331 მუხლის მეორე ნაწილითა და კ. ყ-ს მიმართ მე-19,1331 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი ოთხივე მსჯავრდებულის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს ფოთის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულების _ გ. ჯ-ს, ა. კ-ს, თ. წ-ს მიერ მ. ს-ს მძევლად ხელში ჩაგდებისა და მათთვის კ. ყ-ს დახმარების აღმოჩენის ფაქტი საქმის ერთობლივი მასალებით უტყუარადაა დადგენილი და მათ ქმედებას ამ ეპიზოდში მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. სასამართლო კოლეგიამ ამ ნაწილში მიუთითა შემდეგ დამამტკიცებელ არგუმენტებზე:

დაზარალებულმა მ. ს-მ უჩვენა შემდეგი: მისი უმცროსი შვილი მ. ს. სწავლობდა ქ. თბილისში, .... სახელობის უნივერსიტეტის ... ფილიალში ინფორმატიკის ფაკულტეტზე. მ-ს ბოლო ერთი თვის განმავლობაში ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა გ. ჯ-სთან. ვინაიდან ეს უკანასკნელი მომეტებულ ყურადღებას იჩენდა მისი შვილისადმი, რაც გამოიხატებოდა ყოველდღე ძვირად ღირებული სიგარეტების ჩუქებასა და სხვადასხვა საჭიროებისათვის ფულის გადახდაში, ეჭვი გაუჩნდა გ. ჯ-ს შემოსავლის წყაროსთან დაკავშირებით და, აქედან გამომდინარე, გაფრთხილებული ჰყავდა მ., შეეწყვიტა გ. ჯ-სთან ურთიერთობა. მისთვის ასევე ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ გ. ჯ-ს ბევრი ფული ეხარჯებოდა სხვადასხვა საქმეზე, რაც კიდევ აძლიერებდა მის ეჭვს.

კ. ყ. მასთან მუშაობდა პურის გამსაღებლად. 2000წ. 22 მარტს, დილით, კ. ყ-მა თავისი ... ავტომანქანით იგი მიიყვანა სამსახურში, თვითონ კი წავიდა პირად საქმეზე. იმავე დღეს, დაახლოებით 15 საათსა და 30 წუთზე, მ. ს. გ. ჯ-სთან ერთად იყო მასთან სამსახურში, სადაც მ. დარჩა, ხოლო გ. თავისი მანქანით წავიდა ქალაქის ცენტრისაკენ. დაახლოებით ნახევარ საათში იგი ისევ დაბრუნდა, რა დროსაც მას მანქანაში ეჯდა სამი პირი: ა. კ., გ. ჭ. და მესამე _ უცნობი. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ. მცირე დროის გასვლის შემდეგ კვლავ დაბრუნებულმა გ. ჯ-მ მ. წაიყვანა ქალაქში, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი აღარ უნახავს. დაახლოებით 18 საათზე კ. ყ. დაბრუნდა და დაინტერესდა მისი შვილის, მ. ს-ს, ადგილსამყოფლით.

იმავე დღეს, დაახლოებით 20 საათსა და 20 წუთზე, მან დაკეტა მაღაზია და კ. ყ-სთან ერთად წავიდა სახლში, საიდანაც ურეკავდა თავის შვილს მობილურ ტელეფონზე, მაგრამ იგი არ პასუხობდა. შემდეგში დაიწყო მ-ს ძებნა ნათესავ-მეგობრებსა და მეზობლებში, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნო.

2000წ. 23 მარტს მ-ს ეძებდა მთელ ქალაქში, კერძოდ, მ-ს ამხანაგებთან. მან დაურეკა გ. ჯ-ს, რომელმაც უთხრა, რომ მ. მან დატოვა ქალაქის ცენტრში, კონცერტზე. დასახელებულ კონცერტზე მყოფი პირების გამოკითხვის შედეგად მან ვერ მიიღო ვერანაირი ინფორმაცია მ-ს კონცერტზე ყოფნის შესახებ და ამის გამო ეჭვობდა რა გ. ჯ-ზე, მის ავტომანქანას უკან გაჰყვა მალთაყვის ეკლესიამდე, სადაც შეხვდა მას და მოსთხოვა, აეხსნა და განემარტა, თუ სად გადმოსვა და ვისთან ერთად დატოვა მან მისი შვილი. აღნიშნულის პასუხად გ. ჯ-მ უთხრა, რომ მ. ს-სთან მოუვიდა შელაპარაკება, რის გამოც გაბრაზებულმა მ. ს-მ დატოვა მისი მანქანა და შეერია კონცერტის საყურებლად შეკრებილ ხალხს.

2000წ. 24 მარტს იგი ელოდებოდა ქ. ოზურგეთში ბ. ბ-სთან წასულ კ. ყ-სა და ლ. ო-ს, რათა მათ გაერკვიათ, შეხვდა თუ არა მ. ს. ბ. ბ-ს. იმ დროს მასთან მივიდა მაღაზიის წინ მცხოვრები ლ. ს.-ს., რომელმაც უთხრა, რომ დარეკა მისმა ძმისშვილმა მ. თ-მ და იბარებდა ბინაში, სადაც დაერეკა ვიღაც უცნობს და უთხრა, რომ დაახლოებით საათ-ნახევარში დარეკავდნენ და დაალაპარაკებდნენ შვილთან. იგი მაშინვე წავიდა ბინაში, სადაც მეორე დღეს, დაახლოებით 4 საათსა და 30 წუთზე, დაურეკეს მას და შვილის განთავისუფლების საზღაურად ოთხდღიან ვადაში მოსთხოვეს 20 000 აშშ დოლარის გადახდა. ამასთან, გააფრთხილეს, რომ თან ჰქონოდა მობილური ტელეფონი და ისე ემოქმედა, რომ პოლიციისათვის ამის შესახებ არაფერი შეეტყობინებინა.

2000წ. 25 მარტს დაურეკა უცნობმა პირმა, რომელმაც მოსთხოვა მას ეკარნახა მის ხელთ არსებული მობილური ტელეფონის ნომერი და როდესაც უკარნახა, ამ ნომერზე კვლავ დაურეკა და დააზუსტა მობილური ტელეფონის პატრონის, კ. ე-ს, ვინაობა.

27 მარტს, დაახლოებით 00 საათსა და 20 წუთზე, მას ისევ დაურეკეს მისი შვილის გამტაცებლებმა და მოსთხოვეს ამ უკანასკნელის მობილური ტელეფონის ჩასართავად ფულის გადახდა. მან შეძლო დაედგინა, რომ რეკავდნენ ქ. ფოთის ¹10 საშუალო სკოლიდან, რის გამოც აღნიშნულ მისამართზე მაშინათვე გააგზავნა რამდენიმე მეზობელი კ. ყ-სთან ერთად მისივე ავტომანქანით, რათა ენახათ და გაეგოთ, თუ ვინ რეკავდა. იქიდან დაბრუნებულმა კ. ყ-მ უთხრა, რომ მე-10 სკოლიდან გამოვიდა ვიღაც ლაბადაწამოსხმული პირი, მისი აზრით, ზ. ო., რომელიც შევიდა კ. თ-ს სახლში, თუმცა კ. ყ-ს ასეთი განმარტება არ დაადასტურეს მასთან ერთად მყოფმა პირებმა.

2000წ. 28 მარტს, დღის საათებში, მან, უცნობი პირის მოთხოვნის თანახმად, გადაიხადა სათანადო თანხა “მაგთიკომის” ოფისში და იმავე დღეს, დაახლოებით 12 საათსა და 15 წუთზე, კვლავ დაურეკა უცნობმა პირმა და უთხრა, რომ მოემზადებინა 20 000 აშშ დოლარი და თან გააფრთხილა, რომ ისევ დარეკავდა ცოტა მოგვიანებით. ამასთან, უცნობმა საუბრისას აღნიშნა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო, მაგრამ ვერ დაალაპარაკებდნენ, ვინაიდან იგი გაყვანილი ჰყავდათ ქალაქგარეთ.ю

დაზარალებული მ. ს. 2000წ. 7 ივლისს დაპირისპირებულ იქნა ბრალდებულ ა. კ-სთან, რა დროსაც ამხილა ეს უკანასკნელი 2000წ. 22 მარტს მის მაღაზიასთან გ. ჯ-ს ავტომანქანით მისვლაში. იმ დროისათვის მათთან იმყოფებოდნენ გ. ჭ. და მისთვის უცნობი ვიღაც პირი.

მ. ს-ს ჩვენებით, მ-ს დაკარგვის დღეს, დაახლოებით 20 საათსა და 20 წუთზე, კ. წავიდა თავის სახლში. რადგანაც იმ ღამეს მ. სახლში არ მივიდა, მეორე დილით, 23 მარტს, დაახლოებით 7 საათსა და 30 წუთზე, მან დაურეკა კ. ყ-ს და მასთან ერთად დაიწყო მ-ს ძებნა. ძებნის მთელ პერიოდში კ. ყ. დედამისთან ერთად იმყოფებოდა მასთან, ბინაში, რაც მას საეჭვოდ მოეჩვენა და უთხრა კ.ს, წასულიყო თავის სახლში. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი არ ტოვებდა მის ბინას და არწმუნებდა, რომ ამ საქმეს ქ. თბილისში წასვლა უშველიდა, ვინაიდან კ. ყ-სათვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ თბილისში მას სხვისთვის გადასაცემად ასაღები ჰქონდა 14000 აშშ დოლარი და ამის გამო უნდა წასულიყო იქ 2000წ. 23 მარტს.

კ. ყ. დაინტერესებას იჩენდა მის მიერ ასაღებ 14000O აშშ დოლართან დაკავშირებით და 21 მარტს ჰკითხა, ნამდვილად მისცემდნენ თუ არა ქ. თბილისში ზემოთ დასახელებულ თანხას.

მ-ს დაკარგვის შემდეგ კ. ყ-ს მასთან ბინაში ორჯერ დაურეკა ვიღაც უცნობმა პირმა, რომელსაც ტელეფონით ელაპარაკებოდა, უცნობის საუბარი მას არ ესმოდა, მაგრამ საუბრის ბოლოს კარგად გაიგონა კ. ნათქვამი: “კარგი, გ.ო”. მის შეკითხვაზე, თუ ვინ იყო გ.- კ. ყ-მ მაშინვე გადათქვა როგორც ეტყობა, მის მიერ უნებლიედ წამოცდენილი სიტყვები და აღნიშნა, რომ ტელეფონზე ურეკავდა ვიღაც ზ. და მას უთხრა, კარგი ზ-ო.

როდესაც მე-10 საშუალო სკოლიდან დარეკეს მის სახლში, დამრეკავი პირის დასადგენად წავიდნენ კ. ყ., პ.ა ო., ზ. თ. და მ. კ. იქიდან დაბრუნებულმა კ. ყ-მ თქვა, რომ მე-10 საშუალო სკოლიდან გამოვიდა ზ. ო. და შევიდა კ. თ-ს სახლში, მაგრამ აღნიშნული არ დაადასტურეს მასთან ერთად მყოფმა ზემოთ დასახელებულმა პირებმა.

კ. ყ-ს საეჭვო მოქმედებაზე აშკარად მიუთითებდა ის ფაქტი, რომ მის მიერ მიტანილ მაგნიტოფონზე იწერებოდა ტელეფონით მოლაპარაკე პირების საუბარი, რაც შემდეგში თვითონვე გააფუჭა და მაგნიტოფონი მწყობრიდან გამოიყვანა.

2000წ. მარტის ბოლოს, დილის 6 საათზე, მასთან ბინაში მისულმა კ. ყ-მ უთხრა, რომ იგი იმყოფებოდა მისი შვილის ნათლიის _ ა.ის სახლში. აღნიშნული მან გადაამოწმა, დაადგინა ა.ის ვინაობა, რომელიც აღმოჩნდა ა. ბ., მაგრამ მან კატეგორიულად უარყო 2000წ. მარტის ბოლოს მის სახლში კ. ყ-ს სტუმრობის ფაქტი.

2000წ. 27 მარტს სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსთან შ. ბ-სთან საუბრის შემდეგ, ქ. ფოთში დაბრუნებისას, კ. ყ-მ ის და მასთან მყოფი პირები: კ. ხ. და გ. ჩ. წაიყვანა ქ. ფოთში, ... ქუჩის ბოლოს. მის შეკითხვაზე, თუ რატომ და რა მიზნით მიიყვანა მან ისინი იმ ადგილზე, კ-მა უთხრა, რომ იქ იყო ის ადგილი, სადაც ვიღაც თ-ს ჰქონდა საყარაულო ქოხი. იმავდროულად თ-თან ერთად მან მოიხსენია გ., თ. და ო. ამის შემდეგ მან თქვა, რომ იგი ხედავდა ვიღაც კაცს და თუკი ახლოს მივიდოდნენ, ადვილი შესაძლებელი იყო, ისინი შეემჩნიათ და ბავშვისათვის, ე.ი. მ-სათვის, რაიმე დაეშავებინათ. კ. ყ. არწმუნებდა მას, რომ მის შვილს რაღაც საქმის გარჩევის დროს გ-სათვის ხელი ჰქონდა გარტყმული და ამის გამო ამ უკანასკნელის მიერ იყო მ. მოტაცებული. ამასთან ეუბნებოდა, რომ საქმე მაგარი გაკეთებული იყო, რომელშიც, მისი აზრით, 6 კაცი მონაწილეობდა და მოთხოვილი 20 000 აშშ დოლარიდან თითოს შეხვდებოდა 3 000 აშშ დოლარი, ხოლო როდესაც ეს საქმე დამთავრდებოდა, გ. ჯ-ს კისერზე შეაჯდებოდა და მთელი ცხოვრება მეფურად იცხოვრებდა. კ. ყ-მ 2000წ. აპრილში ჰკითხა მას, თუ ვინ იყო ინგა, რომელიც, თავისი უფროსი შვილის მეშვეობით იცოდა, რომ იყო მ-ს ნაცნობი. ქ. თბილისში შეხვდა რა დ. ს. ი-ს, ამ უკანასკნელმა მას უთხრა, რომ 2000წ. 15 აპრილსა და 8 მაისს მ. ს-მ მოსკოვიდან დაურეკა და დაჰპირდა, რომ მალე ჩამოვიდოდა და ჩამოუტანდა საჩუქრებს, რა დროსაც მ-მ მიმართა მას ზედმეტი სახელით, რომელიც მხოლოდ მ-მ იცოდა. გამომდინარე აღნიშნულიდან, სახელი “ი” ჩაწერილი იქნებოდა მ. ს-ს მობილურ ტელეფონში, რომლიდანაც გაიგებდნენ იმ ჯგუფის წევრები, ვინც მოახდინა მისი შვილის მოტაცება. კ-მა ასევე უთხრა, რომ ეს საქმე გაკეთებული იყო იმათ მიერ, ვინც იცოდა, რომ იგი ფულის მშოვნელი ქალი იყო.

2000წ. აპრილის შუა რიცხვებში კ. ყ. იმყოფებოდა რა მასთან ბინაში და იყო ნასვამი, ჩაილაპარაკა, მეც მათოხლეს მაგ დამპლებმაო და შემდეგ დაუმატა, რომ მისი ნათქვამისათვის ყურადღება არ მიექცია.

დაზარალებულ მ. ს-ს ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ მ. ს-ს უყვარდა მ. გ., რომელსაც გ. ჯ-მ მოტყუებით ჩამოაცილა მ. და თან ეუბნებოდა, რომ მ. გ. მისი საცოლე იყო, უგზავნიდა მას საჩუქრებს და უხდიდა სხვადასხვა საჭიროებისთვის ფულს.

2000წ. 23 მარტს იგი შეეკითხა მასთან თონეში მომუშავე პ. ო-ს, თუ ვინ ეჯდა წინა დღეს ავტომანქანაში გ. ჯ--ს. პაატამ უთხრა, რომ ავტომანქანის წინა სალონში იჯდა გ. ჭ. იმის გამო, რომ კონცერტზე მ. ს-ს ყოფნა არ დადასტურდა, 26 მარტს თავის ბინაში დაიბარა გ. ჯ., რომელსაც ა. ე-ს, მ. და ქ. კ-ს, ნ. წ-სა და კ. ყ-ის დასწრებით ჰკითხა, თუ სად წაიყვანა მან მ. ს., რაზეც გ. ჯ-მ უპასუხა, რომ 2000წ. 22 მარტს, 20 საათსა და 40 წუთზე, მ. ს. მან დატოვა ქალაქის ცენტრში, ცენტრალური აფთიაქის პირდაპირ, პარკის წინ. მესამე დღეს კი იგივე შეკითხვაზე გ. ჯ-მ უპასუხა, რომ 22 მარტს მასთან ერთად იყო გ. ჭ.

2000წ. 24 მარტს, როდესაც მან ღამის საათებში დარეკა გ. ჯ-ს სახლში, მამამისმა ბ. ჯ-მ საჭიროდ არ ჩათვალა გ. ჯ-ს გაღვიძება და უთხრა, რომ თუ რამე ჰქონდა სათქმელი, მისთვის ეთქვა, ვინაიდან მისი შვილი მას არაფერს არ უმალავდა და “საერთოდ, რა მისი შვილის ამხანაგი იყო მ.”Aდა დაუკიდა ყურმილი. მისივე ჩვენებით ირკვევა, რომ ბ. ჯ. მის ნათესავებს, კერძოდ: მ-ს ბაბუას, კ. კ-ს, გ. წ-ას და მათთან ერთად კ. ყ-ს უმტკიცებდა, რომ მ. ს. წასულია ქალაქიდან დედაზე განაწყენების გამო, რომ ამ უკანასკნელთან ჰქონდა ცუდი დამოკიდებულება. მ. სახლში ამტვრევდა ყველაფერს და რომ, საერთოდ, იგი _ მ. _ ცუდი დედა იყო.

მისივე ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ მისი შვილის დაკარგვიდან მესამე დღეს მას სახლში დაურეკა ვინმე ბ. მ-მ ქ. ფოთში, ჯ-ს ქუჩაზე მდებარე აფთიაქიდან და უთხრა, რომ მის შვილს, მ. ს-ს, წაღებული ჰქონდა 8 ლარის ღირებულების წამლები, რაც გადახდილი არ ჰქონდა. შვილის დასაფლავების შემდეგ იგი მივიდა დ. მ-სთან აფთიაქში და გამოჰკითხა, თუ როდის და რა წამლები შეიძინა მ-მ მასთან, რაზეც ბ. მ-მ უპასუხა, რომ 2000წ. 22 მარტს, დაახლოებით 14-15 საათზე, მ. ს. მივიდა აფთიაქში “ჟიგულის” მარკის, თეთრი ფერის ... ავტომანქანით, რომელშიც იჯდა 4 ახალგაზრდა ბიჭი. მ. ს-ს, რომელიც აღელვებული იყო, გადმოჰყვა ვიღაც მელოტი, ამ უკანასკნელმა წაიღო მიშას მიერ ნაყიდი წამლები “პენტალგინი” და თვალის წვეთები _ “კატახრომი”. ბ. მ-ს თქმით, იგივე მელოტი ბიჭი იმავე დღეს, დაახლოებით 19 საათზე, მისულა აფთიაქში და შეუძენია საინიექციო წყალი, ინსულინის შპრიცები, ბამბა, სპირტი და პენიცილინის შუშა.

დაზარალებულ მ. ს-ს ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ მ. ს-ს 2000წ. 22 მარტს ეცვა 300 ლარად ღირებული ტყავის ქურთუკი, ხელზე ეკეთა 80 ლარიანი საათი “ჯიოვანი”, ასევე, 600 ლარად ღირებული ოქროს ბეჭედი. თან ჰქონდა შავი ფერის მობილური ტელეფონი, რომელსაც წინა პანელზე გადაშლილი ჰქონდა ციფრი ორი და არ იკითხებოდა. მობილურის ანტენას ჰქონდა ცისფერი რგოლი, ასევე, ის გარემოება, რომ მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ტელევიზიითა და პრესით გამოქვეყნებულ სურათებში მან ამოიცნო მ-ს ერთ-ერთი მკვლელი _ ა. კ., რომელიც 2000წ. 22 მარტს, 17 საათზე, მის მაღაზიაში ავტომანქანით მისულ გ. ჯ-ს მანქანის უკანა სალონში იჯდა მეორე, მისთვის უცნობ პირთან ერთად, მძღოლის გვერდით კი იჯდა გ. ჭ.

მ-ს დაკარგვისა და 20000 აშშ დოლარის მოთხოვნის შესახებ დარეკვის შემდეგ კ. ყ-მ მას უთხრა, “თოჯინა (კუკლა) გავაკეთოთ, ვითომდა 20000 აშშ დოლარია, მე მას გავიტან აეროპორტის ტყეში და იქ მივიტანო”. დარეკვის დროს აეროპორტის ტყე ნახსენები არ ყოფილა, ამიტომ შეეკითხა, “რატომ აეროპორტის ტყეო”, რაზეც მან უპასუხა: “არა, ისე, სიტყვაზე ვთქვიო”. შემდეგში, როდესაც კ-ს ჩვენებაში ნახსენები იყო აეროპორტის ტყე, ამან გაუღრმავა რწმენა და დაარწმუნა იმაში, რომ კ. ყ. გამტაცებლებთან დაკავშირებულად მოქმედებდა, სწორედ ამიტომ იცოდა აეროპორტის ტყის შესახებ და კიდევაც წამოსცდა აღნიშნული მასთან საუბრის დროს.

ამასთან, ბრალდებულ კ. ყ-ს მიერ ქ. ქუთაისის ¹2 საპყრობილიდან მ. ს-სადმი გაგზავნილი წერილი, რომელშიც მიუთითებს გ. ჯ-ს დამნაშავეობაზე, კერძოდ, იგი წერს, რომ: “არც ისე გეგონოს, რომ ჯიქიძე შენი თხოვნით დაიჭირეს. ის დაიჭირეს იმიტომ, რომ მე არ გამოვეშვით, თითქოს მონაწილე, თორემ ჯ. მანამ იყო დასაჭერი ჩემს მაგივრად.” იქვე წერს, რომ: “სიმართლე არ აწყობთ, ვინც ჩემს დადანაშაულებას ფიქრობს, მარტო იმიტომ, რომ სხვა დაფარონ, უფრო დიდი, ვიდრე ჯ. გველი, მაგრამ ისიც ამოტივტივდება”.

მოწმე ბ. მ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2000წ. 22 მარტს, დაახლოებით 14-დან 15 საათამდე, მისი აფთიაქის წინ გაჩერდა ... მარკის თეთრი ფერის ავტომანქანა, რომელშიც იჯდა 5 კაცი. 2 მათგანი შევიდა აფთიაქში, რომელთაგან ერთი იყო მისი ნაცნობი მ. ს., ხოლო მეორეს _ მელოტს იგი არ იცნობდა. მ-ს თხოვნით იგი გავიდა გარეთ, რა დროსაც მ. ს-მ მას უთხრა, რომ სჭირდებოდა წამლები “ციტრამონი” და “ლევომიცეტინის” წვეთები, რაც გამოუტანა, მაგრამ მანქანაში მყოფმა პირებმა გადმოსძახეს, რომ წამოეღო “პენტალგინი” და თვალის წვეთები “კატახრომი”. იმის გამო, რომ მან მ. ს-ს დაბნეულობა და შიში შეატყო, ჰკითხა, თუ ვის სჭირდებოდა აღნიშნული პრეპარატები, რაზეც მან უპასუხა, რომ ისინი უნდოდა ბაბუამისს. წამლების მიშასთვის გადაცემის შემდეგ ამ უკანასკნელს ისინი გამოართვა გვერდით მდგომმა, კოლოფიდან ამოიღო პრეპარატი “კატახრომი”, კოლოფი იქვე აფთიაქის წინ დააგდო და ორივენი ჩასხდნენ მანქანაში, რომლის საჭესთან იჯდა სუსტი, მოგრძო სახის წითური ბიჭი და წავიდნენ აეროპორტის მიმართულებით. იმავე დღეს, დაახლოებით 19 საათზე, იგივე მელოტი ბიჭი მივიდა აფთიაქში და მოსთხოვა ინსულინის შპრიცი, საინიექციო წყალი, ბამბა, სპირტი, კალცი, სუპრასტინის აბი და პენიცილინის შუშა, რომელიც იქვე აფთიაქში გამოცალა. ამ დროს აფთიაქის წინ ... ავტომანქანით გაიარა მისმა ნაცნობმა პ. ხ-მ, რომელმაც სიგნალი მისცა, რაზეც ხუმრობით თქვა: “ნახე, გაიარა ხოფერიას ქალიშვილმაო”. ამის გაგონებაზე მელოტმა მუქარით უთხრა: “ენას ნუ ატლიკინებ, თორემ წელში გადაგჭრიო”. ამის შემდეგ მელოტმა პარკში ჩაწყობილი წამლები ამოიღო და დამალა სახელოსა და უკანა ჯიბეში. ის მელოტი ხშირად დადიოდა მათ აფთიაქში და ყიდულობდა ზემოთ დასახელებულ პრეპარატებს, განსაკუთრებით _ წითელთავიან ინსულინის შპრიცს, რომელსაც მალავდა ტანსაცმლის სახელოში. აღნიშნულ შპრიცს ასევე ხშირად ყიდულობდა თეთრი ავტომანქანის საჭესთან მჯდომი წითური ბიჭიც.

მოწმე, ქ. ფოთის ... აფთიაქის გამგის, ფარმაცევტ ნ. ლ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ პრეპარატი “ციტრამონი” ტკივილგამაყუჩებელი ანალგეტიკია, პრეპარატი “ლევომიცეტინი” არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, მისი 0,25%-იანი თვალის წვეთები გამოიყენება კონიუქტივის სამკურნალოდ. პრეპარატი “კატახრომი” თვალის სამკურნალო საშუალებაა სხვადასხვა პრეპარატთან ერთად, მის შემადგენლობაში შედის “ციტრამონი”, რომლის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს ალერგიულ შოკს. მასში შემავალი ნივთიერება “ციტოხრომის” რამდენიმე წვეთის არადანიშნულებისამებრ მიღება იწვევს ალერგიულ შოკსა და გათიშვას. პრეპარატი “პენტალგინი” ტკივილგამაყუჩებელია. მასში შემავალი “ლუმინალი” ძირითადად იწვევს დამამშვიდებელ მოქმედებას, რომლის ზედმეტმა რაოდენობამ _ 6-7 აბის გამოყენებამ _ შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, ღრმა ძილი, მის მოქმედებას ამავე დროს აძლიერებს კოდეინიც, რომელიც ასევე შედის “პენტალგინის” შემადგენლობაში.

მოწმე გ. წ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2000წ. 23 მარტს, დილის საათებში, მასთან მივიდა ბიძამისი კ. კ. და უთხრა, რომ მისი შვილიშვილი მ. ს. ღამე სახლში არ ყოფილა. 24 თუ 25 მარტს, მ. ს-ს დავალებით, იგი მივიდა გ. ჯ-სთან სახლში და ჰკითხა, თუ სად დატოვა მ. ს. 2000წ. 22 მარტს, რაზეც გ. ჯ-მ უპასუხა, რომ მ. ს. ხსენებულ დღეს იმყოფებოდა მასთან სახლში, თამაშობდა კომპიუტერზე, შემდეგ, საღამოს, მათთან მისულ გ. ჭ-სთან ერთად წავიდნენ ქალაქის ცენტრში, სადაც მოედანზე ტარდებოდა კონცერტი. მ. იქ დარჩა, ხოლო ის და გ. ჭ. წავიდნენ ამ უკანასკნელის სახლში, სადაც დაჰყო დაახლოებით ერთი საათი და დაბრუნდა სახლში.

2000წ. 27 მარტს მას ქ. ფოთის მერიის შენობის წინ შეხვდა გ. ჭ., რომელმაც ჰკითხა, მ. ს-ს შესახებ იცოდა თუ არა რაიმე ახალი ინფორმაცია. აღნიშნულზე მან უარყოფითი პასუხი გასცა. გ-მა უთხრა მას, “ეს რა შარში გავები, რამ მიმიყვანა იმ დღეს გ. ჯ-ს სახლშიო”.

იმავე წლის მაისში კ. კ. და ის მივიდნენ ჯ-ებთან, სადაც დახვდათ ბ. ჯ., რომელმაც უთხრა მათ, რომ, ვინაიდან მ. ს. განაწყენებული იყო დედაზე, თვითონ იყო წასული, ასევე უთხრა, რომ მხოლოდ მათთან არ ევლოთ ამ საკითხის გამო და მიეკითხათ გ. ჭ-სთვისაც.

მოწმე სოზარ კულუას ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს ქ. ფოთის კრივის სპორტსკოლაში, ენათესავება ს-ებს და მ. ს. მასთან რამდენიმე წელი ვარჯიშობდა.

2000წ. 25 მარტს გაიგო, რომ მ. 22 მარტს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა, რის გამოც 26-ში იგი მივიდა მ. ს-ს ბინაში, სადაც დახვდნენ თვითონ მ., ა. ე., გ. ჯ. და კაცი, სახელად მ. ი. გ. ჯ-მ კ. ე-ს შეკითხვაზე განაცხადა, რომ 2000წ. 22 მარტს, დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე, მ. ს. დატოვა ქალაქის ცენტრში კონცერტზე. იგი თავის შვილთანNდა ძმისშვილებთან ერთად იმყოფებოდა ხსენებულ კონცერტზე, მაგრამ რაკი იქ მ. არ უნახავს, უთხრა გ. ჯ-ს, რომ თუკი მან მ. ნამდვილად დატოვა აღნიშნულ კონცერტზე, მაშინ მას აუცილებლად ნახავდა თვითონ ან მისი ნათესავები და ასევე ის ბიჭები, რომლებიც მასთან ვარჯიშობდნენ სკოლაში, მაგრამ იგი მათ არ უნახავთ. გ. ჯ. ნერვიულობდა და ეტყობოდა, რომ რაღაცას მალავდა. იქვე წამოიჭრა საკითხი მოთხოვილი 20000 აშშ დოლარის შეგროვების შესახებ, რა დროსაც მ-მა თქვა, რომ იგი მაქსიმუმ 6-7 ათასი დოლარის შეგროვებას შეძლებდა.

მოწმე ა. ე-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მ. ს-ს მოტაცების შემდეგ, 2000წ. 26 მარტს, იგი იმყოფებოდა მ. ს-ს ბინაში, სადაც პირადად ელაპარაკა გ. ჯ-ს, რომელმაც უთხრა, რომ 2000წ. 22 მარტს “ფორტუნადან” წაიყვანა მ. ს. თავის სახლში, სადაც მ. კომპიუტერით ერთობოდა. დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე წავიდნენ ქალაქის ცენტრში, მოედანზე, სადაც იმართებოდა კონცერტი. მ. მან იქ დატოვა. მის შეკითხვაზე, თუ რა უნდოდა მას კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქში, გ. ჯ-მ, რომელიც ანერვიულდა, უპასუხა, რომ აღნიშნულ აფთიაქში იყიდა გაციების საწინააღმდეგო წამლები. გ. ჯ-მ მასთან საუბრისას რამდენჯერმე არასწორად მიუთითა დროზე, რაც შეუსწორა სიგუების მეზობელმა მ. მა, კერძოდ, მან შეახსენა მას, რომ 2000წ. 22 მარტს იგი იჯდა ეზოში და მის შეკითხვაზე, თუ რატომ იყო ჩამჯდარი (ჩაცუცქული), უპასუხა, რომ მას თავი სტკიოდა.

წინასწარი გამოძიების დროსა და სასამართლო კოლეგიის სხდომაზე'მოწმე კ. ხ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2000წ. 27 მარტს ქ. ფოთში შეხვდა თანაკლასელ გ. ჩ-ს, რომელმაც უთხრა, რომ გატაცებული იყო მისი ნათესავი მ. ს. და გამტაცებლები ითხოვდნენ გამოსასყიდ თანხას _ 20000 აშშ დოლარს. იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათზე, ის და გ. ჩ. მივიდნენ მ. ს-ს სახლში, სადაც იყო კ. ყ-ც. მ-მ მათ უთხრა, რომ დაურეკეს და მოსთხოვეს შვილის მობილური ტელეფონის ანგარიშზე შეეტანა ფული. დაახლოებით 2 საათზე მ-მა სთხოვა მათ, წაჰყოლოდნენ ქ. ზუგდიდში, რათა შეხვედროდნენ სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსს. ქ. ზუგდიდში ისინი წავიდნენ კ. ყ-ს ავტომანქანით, შეხვდნენ სამმართველოს უფროსს და ისაუბრეს მ. ს-ს მოტაცების ფაქტზე. ფოთში დაბრუნებისას კ. ყ-მ თავისი ავტომანქანით მოძრაობა გააგრძელა რვა მარტის ქუჩით, მივიდა გადასასვლელ ხიდამდე და თქვა, რომ მ. გ-ს, კერძოდ: თ-სა და გ-ს გადამალული ჰყავდათ ვიღაც თ-ს ქოხში. კ. ყ-მ შორიდან აჩვენა ადგილი, სადაც იყო შუქი და, მისი განმარტებით, იქ იმყოფებოდნენ ვიღაც პირები. კ. ყ-ს მიერ მითითებული ადგილი მან გადაამოწმა მეორე დღესვე, მაგრამ იქ არავითარი კარავი და არც პირები არ აღმოჩნდნენ.

მოწმე ა. ე-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მან 2000წ. 25 მარტს მ. ს-ს, ამ უკანასკნელის თხოვნის საფუძველზე, გადასცა თავისი მობილური ტელეფონი, რომლის ნომერია .... ამის შესახებ იცოდა მხოლოდ კ. ყ-მ, რომელიც ესწრებოდა მობილური ტელეფონის გადაცემას.

მოწმე თ. ხ-ს ჩვენებით დგინდება მ. ხ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონის ... სერიით ა. კ-ს მიერ კონტეინერის ქვეშ დამალვისა და 2000წ. 25 ივნისს წინასწარი გამოძიების მიერ აღნიშნული მობილური ტელეფონის აპარატის ამოღების გარემოება.

აღნიშნული მობილური ტელეფონის ამოღება და მ. ს-ს მიერ ამოცნობა დასტურდება მ. ს-ს დამატებითი დაკითხვითა და ამოცნობის ოქმით.

“მაგთიკომის” დეტალური ანგარიშის მიხედვით დადგენილია მ. ს-ს კუთვნილი ... მობილური ტელეფონიდან ს-ს ... ტელეფონზე გამტაცებელ პირთა (გ. ჭ-ს, ა. კი-ს) მიერ 2000წ. 23, 24, 27 და 28 მარტს დარეკვის ფაქტები.

წინასწარი გამოძიების დროსა და სასამართლო კოლეგიის სხდომაზე’მოწმე ზ. ჩ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის ა. კ-ს მეგობარი. 2000წ. მარტის ბოლოს მასთან სახლში მივიდა მთვრალი ა. კ., რომელმაც უთხრა, რომ გ. ჭ-სა და თვითონ მ. ს-ს უნდოდათ ამ უკანასკნელის დედისათვის გამოეძალათ 20000 აშშ დოლარი და მასაც სთავაზობდნენ აღნიშნულ საქმეში მონაწილეობას. რადგანაც მ. ს-ს ოჯახთან მას ჰქონდა ნათესაური კავშირი, მან გააფრთხილა ა. კ. იმის შესახებ, რომ, თუ აღნიშნულს პოლიცია ან კიდევ ქურდები გაიგებდნენ, ამ საქმის ჩამდენნი მკაცრად დაისჯებოდნენ. ა.მ მას გაანდო, რომ საქმეში ასევე მონაწილეობდა მესამე პირიც, რომლის ვინაობა იცოდა გ. ჭ-მ.

ყოველივე ამის შემდეგ ა.მა იგი რამდენჯერმე გააფრთხილა, მის მიერ მონაყოლი საიდუმლოდ შეენახა. მისივე ჩვენებით დგინდება, რომ მისი და ა. კ-ს ახლობლობიდან გამომდინარე, მისთვის ცნობილი იყო ის გარემოებაც, რომ ამ უკანასკნელს ჰქონდა “აკს-ის” სისტემის ავტომატი და “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი, რომელთაც სახლში ინახავდა.

განსასჯელ თ. წ-ს დედის,’მოწმე ნ. წ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მისი რძალი ბ. ბ. ცხოვრობს თავისი მშობლების სახლში, ქ. ფოთში, ... ქუჩაზე. თვითონ იგი 2000წ. 2 იანვრიდან 3 აპრილამდე არ იყო ქ. ფოთში, კერძოდ, იმყოფებოდა ისრაელში.

მისივე ჩვენებით დგინდება, რომ ა. კ. მათი მეზობელია, ხოლო გ. ჭ. _ თ. წ-ს შვილის ნათლია.

ყველა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა გათვალისწინებითა და საქმეში არსებული სხვა ერთობლივი მამხილებელი მასალების მხედველობაში მიღებით, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულების _ გ. ჯ-ს, თ. წ-ს, ა. კ-სა და კ. ყ-ს მიერ მ. ს-ს მძევლად ხელში ჩაგდება, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, დადგენილია. ამ ნაწილში მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სამართლებრივად სწორად არის შეფასებული, სასჯელიც ჩანადენის სიმძიმისა და მათი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით აქვთ განსაზღვრული (10-11 წლით თავისუფლების აღკვეთა).

პალატა თვლის, რომ სხვა ნაწილში მსჯავრდებულების მიმართ დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით გადაეცეს ფოთის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, უტყუარად დაადგინოს, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი და გაარკვიოს მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული, ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი.

ამავე კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა, თუ იგი მიღებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით, აგრეთვე ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შანტაჟის, პიროვნების აბუჩად აგდების ან სხვა უკანონო მეთოდების გამოყენებით.

მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ დადგენილი განაჩენი, რომელიც შეეხება მ. ს-ს განზრახ მკვლელობას, მის მიმართ ნარკოტიკულ საშუალებათა გასაღებას, ყაჩაღობასა და ძარცვას, დადგენილია საპროცესო კანონის ზემოაღნიშნულ ნორმათა გაუთვალისწინებლად. სასამართლო კოლეგიამ სრულყოფილად არ გამოიკვლია მსჯავრდებულებისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების ვერსია იმის შესახებ, რომ წინასწარი გამოძიების სტადიაზე გამოქყენებულ იქნა უკანონო ძალადობა და მუქარა; ასევე განაჩენი დამყარებულ იქნა კანონის დადგენილი წესით დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებზე.

საპროცესო კანონის ნორმათა მოთხოვნის დარღვევა, გარკვეულწილად, დადგენილად მიიჩნია სასამართლო კოლეგიამაც, მაგრამ ჩათვალა, რომ ისინი იყო ფორმალური ხასიათის დარღვევები და ნაწილობრივ ასეთი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებანი გამამტყუნებელ განაჩენს დაედო საფუძვლად. განაჩენის ასეთ მოსაზრებას პალატა ვერ დაეთანხმება და თვლის, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებებს.

კერძოდ, განაჩენი ზემოთ მითითებულ ეპიზოდებში, გარკვეულწილად, ემყარება მსჯავრდებულ ა. კ-ს წინასწარი გამოძიების პირველ ეტაპზე მიცემულ აღიარებით ჩვენებებს, მისი შემთხვევის ადგილზე გაყვანის ოქმს, გვამის ამოღებისა და დათვალიერების ოქმს, ნივთმტკიცების დათვალიერების ოქმს, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედებას, სადაც აუცილებელი იყო დამსწრეთა მონაწილეობა, დამსწრეებად მოწვეულ იქნენ ა. კ. და ლ. კ., რომლებიც იმ დროს იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ყველა ზემოაღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ. საქართველოს სსსკ-ის 106-ე მუხლის მეორე ნაწილში კი კატეგორიულადაა მითითებული, რომ დამსწრენი არ შეიძლება იყვნენ პოლიციის მუშაკები.

პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად შესრულდა საპროცესო კანონის მოთხოვნები ზემოაღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებისას და მიღებული შედეგები სათანადოდ შეაფასოს.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ ასევე დეტალურად უნდა გამოიკვლიოს საკითხი, მსჯავრდებულების მიმართ წინასწარი გამოძიების სტადიაზე ხომ არ გამოყენებულა ძალადობა ან მუქარა. ამ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისათვის საჭიროა გაირკვეს, თუ რატომ არ გადაიყვანეს ბრალდებულები კანონით დადგენილ ვადაში საპყრობილეში; რატომ იყვნენ ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოთავსებულნი შინაგან საქმეთა სხვადასხვა რაიონული განყოფილების წინასწარი დაკავების საკანში. აღნიშნული ხომ არ წარმოადგენდა ბრალდებულებზე ზემოქმედების ერთ-ერთ ხერხს, რის შესახებაც ისინი მიუთითებენ თავიანთ საჩივრებში. ამ საკითხების სრულყოფილად გარკვევას მნიშვნელობა აქვს ბრალდებულების მიერ წინასწარი გამოძიების პირველ სტადიაზე მიცემული ჩვენებების რეალობის შესაფასებლად.

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე ჩატარებული სასამართლო გამოძიება არის არასრულყოფილი, არ არის მთელი რიგი გარემოებები მხედველობაში მიღებული. კერძოდ, სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ოთხივე მსჯავრდებულმა გაასაღა ნარკოტიკული საშუალება, თუმცა ნარკოტიკული საშუალება არ ყოფილა ამოღებული, არ ჩატარებულა ქიმიური ექსპერტიზა; გარდაცვლილ მ. ს-ს გვამის გამოკვლევისას ვერ იქნა ნახული ნარკოტიკული საშუალების მიღების რაიმე კვალი. მიუხედავად ამისა, სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ჩათვალა მსჯავრდებულთა მხრიდან ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი. პალატა თვლის, რომ ეს საკითხი საქმის ხელახალი განხილვისას დეტალურად უნდა იქნეს გამოკვლეული და მიღებული შედეგები სათანადო შეფასებული.

პალატა ასევე აღნიშნავს: საამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ მსჯავრდებულებმა მ. ს-ს მკვლელობა ჩაიდინეს ანგარებისა და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით; ამასთან, გარდაცვლილ მ. ს-ს პირადი ქონების გატაცება დაკვალიფიცირებულია, როგორც ძარცვა. პალატა თვლის: თუკი საქმის ხელახალი განხილვისას დადგინდება მ. ს-ს ანგარებით მკვლელობის ჩადენის ფაქტი, ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა იმსჯელოს ქმედების დამატებით, 178-ე მუხლით დაკვალიფიცირების აუცილებლობის შესახებ.

პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნები განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ ვერ დაკმაყოფილდება, რადგან საჭიროა, საქმეზე ჩატარდეს სრულყოფილი სასამართლო გამოძიება, რა დროსაც უნდა შემოწმდეს საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია და გარემოება, ხოლო მიღებული შედეგები ობიექტურად უნდა შეფასდეს.

პალატა ეთანხმება ადვოკატ ზ. რ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ არ არსებობდა არავითარი საფუძველი თ. წ-ს მიმართ სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებისათვის. განჩინებაში მითითებული საკითხების შემოწმება არ სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს. პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვისას შესაძლებელია მსჯავრდებულ თ. წ-ს ვერსიის შემოწმება და შეფასება.

აქედან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 22 მარტის განჩინება, რომლითაც თ. წ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში დამატებით გამოძიებაში იქნა დაბრუნებული და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს ფოთის საქალაქო სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 22 მარტის განაჩენი ა. კ-ს, გ. ჯ-სა და თ. წ-ს მიმართ სსკ-ის 1331 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში და კ. ყ-ს მიმართ სსკ-ის მე-19,1331 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში, რომლითაც მათ შეფარდებული აქვთ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა, დარჩეს უცვლელად.

სხვა ნაწილში იგივე განაჩენი ოთხივე მსჯავრდებულის მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს ფოთის საქალაქო სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 22 მარტის განჩინება, რომლითაც თ. წ-ს ბრალდების საქმე სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დაუბრუნდა პროკურატურას, გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს ფოთის საქალაქო სასამართლოს.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.