განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹71-დად 6 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის უფროსი თანაშემწის _ გ.მ-სა და ნ. ბ-ას საჩივრები თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ე. ბ-ს, დ. ლ-ა და ვ. გ-ის საჩივარი, გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ.მ-ის 2003წ. 17 აგვისტოს დადგენილება ნ. ბ-სა და ნ. ს-ეს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და საქმეზე განახლდა წინასწარი გამოძიება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 18 აპრილს თბილისის შს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის უფროსის _ მ.მ-ას მიერ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორ ნ. ბ-სა და მთავარი ბუღალტრის _ ნ. ს-ეს მიმართ, მათ მიერ სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ნიშნებით.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო კონტროლის პალატის რევიზორების მიერ 2002წ. 22 მაისიდან 10 ივლისის ჩათვლით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჩატარებული 2000წ. 1 იანვრიდან 2002წ. 1 აპრილამდე პერიოდის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის დოკუმენტური რევიზიის მასალები. აღნიშნული მასალები შემოწმებისთვის გადაეგზავნა თბილისის შს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან მებრძოლ სამმართველოს.
ჩატარებული მოკვლევით დადგინდა შემდეგი: საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 17 თებერვლის ¹-- ბრძანებულებით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას უზუფრუქტის წესით უსასყიდლოდ გადაეცა მანამდეც მის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების შენობა-ნაგებობები და მიწა. სოფლის მეურნეობის აკადემიამ კვების მრეწველობის მეცნიერებათა აკადემიას გადასცა როგორც პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობები, ასევე სხვა ძირითადი საშუალებებიც, რაზეც 2001წ. 15 ივნისს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. შენობა-ნაგებობებისა და ძირითადი საშუალებების ნუსხა, რომელიც საფუძვლად დაედო პრეზიდენტის ბრძანებულებასა და მიღება-ჩაბარების აქტს, წარადგინა კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა. მის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებენ ინსტიტუტის დირექტორი ნ.ბ-ია და მთავარი ბუღალტერი ნ.ს-ვე. შემოწმების დაწყებისას ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ რევიზიას წარუდგინა აკადემიიდან ქონების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დათარიღებულია 2001წ. 3 ოქტომბრით. 2001წ. 15 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულია 116,923 ლარის ღირებულების ქონება, რომელიც რევიზიის ჩატარების დროს ბუღალტრულად ერიცხებოდა ინსტიტუტს. ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ ამ სიიდან რომელიმე სახეობის ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შესახებ ვერანაირი დოკუმენტი ვერ წარადგინა იმ მოტივით, რომ 2001წ. 15 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული იყო მხოლოდ ქონების საბალანსო ღირებულება და არ იყო ასახული მათი ნარჩენი ღირებულება. ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ 2001წ. 3 ოქტომბერს შეადგინა ახალი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც წარადგინა და დაამტკიცა სოფლის მეურნეობის აკადემიამ, მაგრამ 2001წ. 15 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტისგან განსხვავებით, ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ შეგნებულად, კანონიერი საფუძვლის არარსებობის გარეშე, 2001წ. 3 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტიდან ამოიღო სამტრედიის ექსპერიმენტული ქარხანა, მეურნეობაზე რიცხული 46.249 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალება, ხოლო ქსნის ექსპერიმენტულ მეურნეობაზე რიცხული ქონებიდან ამოიღო 19.281 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალება, სულ 65.530 ლარის ქონება.
მოკვლევამ ინსტიტუტის ხელმძღვანელობის მიერ 2001წ. 3 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტიდან 65.530 ლარის ძირითადი საშუალებების ამოღება მიიჩნია უსაფუძვლოდ. მათი მოსაზრებით, ფაქტობრივად ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს ის თითქოს სახეზე აღმოჩნდა, რის გამოც ინსტიტუტის დირექტორ ნ.ბ-ასა და მთავარ ბუღალტერ ნ.ს-ეს ქმედება შეფასდა როგორც საბუღალტრო დოკუმენტების გაყალბება პირადი მოტივით, უკვე არსებული დანაშაულის მიჩქმალვის მიზნით.
2003წ. 24 აპრილს სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად დაექვემდებარა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურას.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2001წ. 15 ივნისისა და 3 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული მატერიალური ფასეულობანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბალანსზე აყვანილი არ ყოფილა, ის არ ერიცხებოდა და არ ერიცხება ინსტიტუტს. დოკუმენტური რევიზიის ჩატარების პროცესში სამტრედიის ქარხანა _ მეურნეობაზე რიცხული ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციით, 46.249 ლარის ღირებულების 34 დასახელების ქონება სახეზე არ იყო და მისი არშეტანა 2001წ. 3 ოქტომბრის აქტში საფუძვლიანია და არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნ.ბ-სა და ნ.ს-ეს მიერ პირადი მოტივით საბუღალტრო დოკუმენტების გაყალბებად, უკვე არსებული დანაკლისის მიჩქმალვის მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწემ _ გ.მ-მა 2003წ. 17 აგვისტოს ნ. ბ-სა და ნ. ს-ეს მიმართ გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, მათ ქმედებებში მართლწინააღმდეგობის არარსებობის გამო.
ამასთან, გამოძიებით გამოირკვა, რომ სამტრედიის ქარხანა-მეურნეობაში წლების განმავლობაში ხდებოდა მატერიალურ ფასეულობათა განიავება-გატაცება, დანადგარებისა და ძირითადი საშუალებების განადგურება-დაზიანება. აღნიშნულ ფაქტებზე ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს შემოწმება არ ჩაუტარებიათ, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და გამოძიება არ წარმართულა. მოცემულ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრისათვის საკმარისი მასალები შეკრებილი არ არის, სისხლის სამართლის საქმიდან მასალების გამოყოფა კანონით დაუშვებელია, აღნიშნული გარემოების გარკვევა კი აუცილებელია, რის გამოც მასალები მითითებულ მეურნეობა-ქარხანაში არსებულ დარღვევებზე, საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, მათი შემდგომი შემოწმების მიზნით გადაიგზავნა სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში.
ნ.ბ-სა და ნ.ს-ეს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ 2003წ. 17 აგვისტოს დადგენილება მოქალაქეებმა: ე. ბ-მა, დ. ლ-ემ და ვ. გ-მა გაასაჩივრეს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 დეკემბრის დადგენილებით საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ.მ-ის 2003წ. 17 აგვისტოს დადგენილება ნ. ბ-სა და ნ. ს-ეს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და საქმეზე განახლდა წინასწარი გამოძიება.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ.მ-ვი საჩივრით ითხოვს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 დეკემბრის დადგენილების გაუქმებას და მის მიერ ნ.ბ-სა და ნ.ს-ეს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ 2003წ. 17 აგვისტოს გამოტანილი დადგენილების ძალაში დატოვებას იმ მოტივებით, რომ გამოძიება ჩატარებულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის შესაბამისად და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამდებობის პირთა ქმედებებში დანაშაულის ნიშნები არ შეინიშნება.
კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ნ.ბ-ია საჩივრით ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის 2003წ. 17 აგვისტოს დადგენილების უცვლელად დატოვებას იმ მოტივებით, რომ რაიონული სასამართლოს დადგენილება საფუძველს მოკლებულია, მოსამართლის მიერ მიღებული დადგენილება ეწინააღმდეგება სსსკ-ის 28-ე, 63-ე, 242-ე, 266-ე და 268-ე მუხლების მოთხოვნებს, ამ დადგენილების არსებობა შეუძლებელს ხდის ინსტიტუტს დაქვემდებარებულ რაიონულ ორგანიზაციებში სისხლის სამართლის საქმის სწორად და ობიექტურად განხილვას.
ნ.ს-ვე მხარს უჭერს პროკურორ გ.მ-სა და ნ.ბ-ას საჩივრების მოთხოვნას და ითხოვს მათ დაკმაყოფილებას.
ე.ბ-ლი, დ.ლ-ძე და ვ.გ-ლი შესაგებლით ითხოვენ, რომ არ დაკმაყოფილდეს ნ.ბ-ასა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ.მ-ის საჩივრების მოთხოვნა და გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 დეკემბრის დადგენილება საქმეზე წინასწარი გამოძიების განახლების თაობაზე დარჩეს უცვლელად იმ მოტივით, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრებისა და შესაგებლის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ.მ-მა 2003წ. 16 აგვისტოს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორ ნ.ბ-ას, დირექტორის მოადგილე თ.ნ-სა და განყოფილების გამგე (მთავარი ბუღალტრის) ნ.ს-ეს მიმართ, მათ ქმედებებში მართლწინააღმდეგობის არარსებობის გამო, ხოლო 2003წ. 17 აგვისტოს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ ნ.ბ-სა და ნ.ს-ეს მიმართ, მათ ქმედებებში მართლწინააღმდეგობის არარსებობის გამო.
2003წ. 16 აგვისტოს დადგენილებას სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და ნ.ბ-სა და ნ.ს-ეს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღვრის შესახებ 2003წ. 18 აპრილის დადგენილებას საფუძვლად დაედო კონტროლის პალატის მიერ 2002წ. 22 მაისიდან 10 ივლისის ჩათვლით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჩატარებული 2000წ. 1 იანვრიდან 2002წ. 1 აპრილამდე პერიოდის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის დოკუმენტური რევიზიის მასალები.
მოქალაქეებმა: ე.ბ-ლმა, დ.ლ-მ და ვ.გ-მა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრეს ნ.ბ-ასა და ნ.ს-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გამოტანილი 2003წ. 17 აგვისტოს დადგენილება, თუმცა გამოძიების მიერ ისინი დაზარალებულად ცნობილი არ ყოფილან. ამავდროულად მათ საჩივარში ასევე მითითებული და გასაჩივრებულია ის საკითხები, რომლებიც 2003წ. 16 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებაშია განხილული. სასამართლომ მიიღო აღნიშნული მოქალაქეების საჩივარი, განიხილა და 2003წ. 22 დეკემბრის დადგენილებით გააუქმა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ 2003წ. 17 აგვისტოს დადგენილება და საქმეზე განაახლა გამოძიება.
როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ საჩივარში, ისე უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარმოდგენილი საჩივრის შესაგებელში ე.ბ-ლს, დ.ლ-სა და ვ.გ-ლს დასმული აქვთ საკითხები, რომლებიც პროკურორს განხილული აქვს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2003წ. 16 აგვისტოს დადგენილებაში და შემდგომ აღნიშნულზე იმსჯელა გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 22 დეკემბრის დადგენილებაში. მათი განმარტებით, 2003წ. 16 აგვისტოს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ არ ჩაბარებიათ და, ამდენად, მისი გასაჩივრება ვერ შეძლეს. თუმცა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების ერთ-ერთ საკვანძო საკითხს, კერძოდ, დახურული ტიპის საზოგადოება “ჩარტეს” მიერ ხელოვნურად მინერალიზებული წყლის _ “---ის” მიღების მეთოდებს და “---ის” ეტიკეტების გამოყენებას (სხვა საკითხებთან ერთად) აღნიშნული პირები სასამართლოზე სადავოს ხდიან და ამ საკითხის შემოწმებას სასამართლო გამოძიებას ავალებს.
ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ფაქტობრივად იმსჯელა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ზემოაღნიშნულ დადგენილებაზე, როცა გააუქმა 2003წ. 17 აგვისტოს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და თავის გადაწყვეტილებაში არასრულყოფილად მიუთითა ნ.-ას, როგორც კერძო პირის, მიერ რუსეთის ფედერაციაში მინერალური წყლის _ “---ის” ხელოვნური დამზადების მეთოდის პატენტის დარეგისტრირების, ფირმა “ჩარტესთვის” პატენტის ექსკლუზიური გამოყენების უფლების მიყიდვის კანონიერებისა და ამით სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების თაობაზე.
პალატისათვის გაუგებარია პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია 2003წ. 16 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებასთან მიმართებაში. სასამართლომ ბუნდოვნად მიუთითა, რომ ის არის უსაფუძვლო დადგენილება, რადგან საპროცესო კანონმდებლობა ასეთს არ ითვალისწინებს.
სასამართლო 2003წ. 17 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გაუქმების საფუძვლად ფორმალურად უთითებს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობაზე, თუმცა დადგენილების გაუქმების კონკრეტული მოტივები არათანმიმდევრული და გაუგებარია პალატისათვის. მაგალითად, გაუგებარია სასამართლოს მითითება ზოგადად, დასახელების გარეშე, 2001წ. 3 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტზე, ნ.ბ-ას განაცხადზე თეთრიწყაროს რაიონის ქარხნიდან ტყემლის პიურეს განკარგვასთან, --- ექსპერიმენტული ქარხნის და მასთან არსებული მიწის ნაკვეთების უზუფრუქტის წესით გადაცემასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლო გადაწყვეტილებისთვის დამახასიათებელი საქმიანი და ოფიციალური სტილის ნაცვლად, სასამართლო გაოცებულია, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ უამრავი კითხვა გაუჩნდათ. აღნიშნულით კი დასაბუთებულია გამოძიების არასრულყოფილება. არასწორია დადგენილებაში მოცემული ემოციური და სავარაუდო არგუმენტაცია, სამართლებრივი შეფასებების გარეშე, წლების განმავლობაში გაჭიანურებული დავის გადასაწყვეტად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 დეკემბრის დადგენილება უნდა გაუქმდეს და განჩინებაში მითითებულ საკითხთა გასარკვევად საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჩივრების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ე. ბ-ის, დ. ლ-ისა და ვ. გ-ის საჩივარი, გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ.მ-ის 2003წ. 17 აგვისტოს დადგენილება ნ. ბ-ასა და ნ. ს-ეს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და საქმეზე განახლდა წინასწარი გამოძიება, გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.