დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 21.10.2020
საქმის ნომერი
ბს-297(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.10.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#ბს-297(კ-20) 21 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ყ-ი; მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ყ-მა 2018 წლის 14 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ უკანონო ქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანის - 14 254,26 ლარისა და სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 26 ივნისს ერთი მხრივ, მსესხებელ/მესაკუთრე - თ. გ-სა და, მეორე მხრივ, გამსესხებლებს/იპოთეკარებს - მ. ყ-სა და ლ. ვ-ს შორის დაიდო სესხისა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ყ-ის მიერ გასესხებული თანხა შეადგენდა 36 165 ლარს, ხოლო ლ. ვ-ს მიერ გასესხებული თანხა - 15 082.5 ლარს. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად პირველი რიგის იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N..., ბინა N...-ში მდებარე თ. გ-ის კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ ...). მოსარჩელის მითითებით, თ. გ-მა ვერ შეასრულა სასესხო ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელის სასარგებლოდ, 2017 წლის 28 ნოემბრის სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, დაეკისრა 38 466.34 ლარის გადახდა.

მ. ყ-ის განმარტებით, ზემოხსენებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროისათვის, თ. გ-ის კუთვნილი უძრავი ქონება იყო უფლებრივად უნაკლო, რაც გამსესხებლებს უქმნიდა მოლოდინს, რომ სასესხო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უძრავი ქონების რეალიზაციის გზით დაკმაყოფილდებოდა მათი მოთხოვნა. მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 12 ივლისს, სადავო უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა კიდევ ერთი იპოთეკა, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წლის 27 ოქტომბერს იყო დადებული, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარვეზის გამო არ იყო რეგისტრირებული. მ. ყ-ის მითითებით, იმის გამო, რომ უძრავი ქონება უფლებრივად ნაკლიანი აღმოჩნდა, იძულებით აუქციონზე გაიყიდა დაბალ ფასად და რეალიზაცის შედეგად მიღებული თანხით სრულად ვერ დაიფარა მ. ყ-ის მოთხოვნა. კერძოდ, 38 466.34 ლარის ნაცვლად, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 24 212.08 ლარის ფარგლებში. ამდენად, მ. ყ-ი მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის უკანონო ქმედებით მიადგა ზიანი 14 254.26 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ ადმინისტარციული საჩივრით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და უკანონო ქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანის სახით 12 326,06 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 აგვისტოს სადავო გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნომებრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ყ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 აგვისტოს #... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მ. ყ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის - 14 254,26 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ყ-ის სასარგებლოდ იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციის მომენტისთვის, საჯარო რეესტრის ჩანაწერების თანახმად, მოვალის ქონება არ იყო ვალდებულებებით დატვირთული და აღნიშნული ქონების ღირებულება სრულად ფარავდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობას, მოსარჩელე სწორედ ამის გამო დათანხმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას. სააპელაციო პალატის შეფასებით, მოპასუხეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოება არ დაუდგენია. საქალაქო კოლეგიამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უშუალო ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელემ, როგორც მეორე რიგის კრედიტორმა, სააღსრულებო ფურცელში მითითებულზე გაცილებით ნაკლები თანხა მიიღო, რადგან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მომენტისათვის უფლებრივად ნაკლის მქონე იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციო ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სათანადოდ უნდა შეფასებულიყო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების კანონიერება თავად საჯარო რეესტრის არსებობის მიზნებისა და მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით. აღნიშნულს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა შემდგომში საჯარო რეესტრის მიერ კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად და კანონის შესაბამისად განხორციელების კუთხით. პალატის მოსაზრებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 აგვისტოს #... გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა თავად საჯარო რეესტრის საქმიანობის არსს და საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. საჯარო რეესტრი, მისი არსებობის მიზნებიდან გამომდინარე, ინფორმაციის სიზუსტისა და უტყუარობის გარანტს უნდა ქმნიდეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებისა და სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლების შესაბამისად, არსებობდა სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მ. ყ-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 992-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში სახეზე არ არის სააგენტოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელმაც გამოიწვია მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება, აღნიშნული არ არის დადასტურებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამართლებრივი აქტები არ გასაჩივრებულა და მათი უკანონობა არ დადგენილა. კასატორის განმარტებით, მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობაზე. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, იძულებითი აღსრულების შედეგად მას გადაეცა 24 212.08 ლარი, ხოლო გასესხებული თანხა შეადგენდა 36 165 ლარს. კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მ. ყ-ის სასარგებლოდ იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციის მომენტისათვის, სადავო ქონების ღირებულება სრულად ფარავდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობას. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენს. მხარეთა შორის ხელშეკრულების დადებისათვის აუცილებელია მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმება საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მხარეები, ხელშეკრულების დადებისას ასევე თანხმდებიან გარიგების საგნის ხარისხთან დაკავშირებით. მათ შეუძლიათ გარიგება დადონ უფლებრივად ნაკლიან ნივთზეც, ხოლო ნივთის ნაკლთან დაკავშირებით შეტყობინების ვალდებულება ეკისრება უძრავი ნივთის გამყიდველს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას ინფორმირებული უნდა ყოფილიყო გარიგების საგნის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის განხილვა მანამ, სანამ მ. ყ-ს არ გამოუყენებია კანონმდებლობით დადგენილი ყველა შესაძლებლობა უშაულოდ მოვალისაგან თანხის დასაბრუნებლად.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს, კანონით დადგენილი წესით, სადავოდ არ გაუხდია ლ. ს-ს იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 20 ივლისის №... გადაწყვეტილება და მის სასარგებლოდ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების პროცესში უძრავი ქონების ფასი. კასატორის განმარტებით, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მ. ყ-ს მესაკუთრისგან არ ჰქონდა მიღებული ინფორმაცია უძრავი ნივთის მდგომარეობის თაობაზე. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (სუსგ №ას-394-373-2013, 20.05.2014წ), რომლის თანახმად, ,,რეესტრის ჩანაწერის სისწორეზე დაყრდნობისას უნდა შემოწმდეს არა მარტო საჯარო რეესტრის მონაცემები, არამედ უტყუარად უნდა ირკვეოდეს, რომ შემძენმა ნივთის შეძენამდე არ იცოდა და არც შეიძლება, სცოდნოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე.“

კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობების ერთობლიობა, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. შესაბამისად, ხსენებული წინაპირობებიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც გამოიწვია ზიანის დადგომა, უნდა იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, ე.ი. პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოებების დადგენას და არ ახორციელებდეს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის ასაცილებლად. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც სავარაუდო კავშირი არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სახეზე არაა იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დამადასტურებელი აქტი, მათ შორის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. კასატორის განმარტებით, სწორედ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში დგინდება, რომ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები და მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილების არსებობის პირობებში შეიძლება შეფასებული იქნას ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულობის საკიხთი. ამასთან, მოსარჩელის მიერ არ არის დადასტურებული თავად ზიანის დადგომის ფაქტი, ვინაიდან მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მსესხებელს (თ. გ-ი) არ შეუსრულებია მის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მ. ყ-ის მიმართ. ხოლო თუ ასეთი მტკიცებულება არსებობს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევით წარმოშობილი ზიანისთვის პასუხისმგებელია ხელშეკრულების დამრღვევი მხარე და არა მარეგისტრირებელი ორგანო.

კასატორის მოსაზრებით, საგულისხმოა, რომ უძრავი ნივთის მესაკუთრემ - თ. გ-მა მხოლოდ მას შემდეგ მიმართა (12.07.2017) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების (ლ. ს-ს იპოთეკის უფლების ამონაწერში ასახვის) მოთხოვნით, როდესაც აღნიშნული უძრავი ნივთი უკვე დატვირთული იყო ახალი იპოთეკის უფლებით მოსარჩელის სასარგებლოდ (28.06.2017, №...), თუმცა განახლებული ამონაწერი (12.06.2017; №...) დაინტერესებულ პირზე - მესაკუთრე თ. გ-ზე გაიცა მანამ, სანამ უძრავ ნივთზე მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკის უფლება დარეგისტრირდებოდა (28.06.2017; №...). შესაბამისად, მესაკუთრისათვის ამონაწერის შესახებ ცნობილი უნდა ყოფილიყო ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (რეესტრის ნომერი №...) გაფორმებამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 03 მაისის მდგომარეობით თ. გ-ის უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო იპოთეკა თ. ც-ისა და ლ. ს-ს სასარგებლოდ. სესხისა იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე 2017 წლის 05 ივნისის სანოტარო აქტის თანახმად, თ. გ-სა და იპოთეკარ თ. მ-ს (გვარის შეცვლამდე თ. ც-ი) შორის არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაუქმდა, რადგან შესრულებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. ამდენად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ძალაში დარჩა მხოლოდ ლ. ს-ს მიმართ. მიუხედავად ამისა, 2017 წლის 12 ივნისის მდგომარეობით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, თ. გ-ის უძრავი ქონებაზე იპოთეკა ან სხვა რაიმე ვალდებულება არ იყო რეგისტრირებული. 2017 წლის 26 ივნისს, ერთი მხრივ, მსესხებელ/მესაკუთრე - თ. გ-სა და, მეორე მხრივ, გამსესხებლებს/იპოთეკარებს - მ. ყ-სა და ლ. ვ-ს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა იპოთეკა მ. ყ-ისა და ლ. ვ-ს სასარგებლოდ. 2017 წლის 12 ივლისს თ. გ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მ. ყ-სა და ლ. ვ-სთან ერთად, უძრავ ქონებაზე იპოთეკარად აგრეთვე დარეგისტრირდა ლ. ს-ი.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თ. გ-ის მიერ სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2017 წლის 28 ნოემბერს მ. ყ-ისა და ლ. ვ-ს სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, განხორციელდა დატვირთული უძრავი ქონების აუქციონის გზით რეალიზაცია, რის შედეგადაც მ. ყ-ის სასესხო მოთხოვნა დაიფარა 24 212.08 ლარის ფარგლებში. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსაგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ 2017 წლის 26 ივნისს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, საჯარო რეესტრის მონაცემებით არ დასტურდებოდა, მოვალე თ. გ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ლ. ს-ს სასარგებლოდ, იპოთეკის რეგისტრაციის ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ დადებდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, იპოთეკით დატვირთულ ნივთზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთანავე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, კონკრეტულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული და ძალაში მყოფი მონაცემების ამონაწერში ასახვაზე პასუხისმგებლობა მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 12 ივნისის მდგომარეობით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, თ. გ-ის უძრავ ქონებაზე იპოთეკა ან სხვა რაიმე ვალდებულება არ იყო რეგისტრირებული, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით გასწორდა ტექნიკური ხარვეზი და თ. გ-ის უძრავ ქონებაზე იპოთეკარად დამატებით დარეგისტრირდა ლ. ს-ი ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად დაადასტურა, რომ არ არსებობდა ლ. ს-ს იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და რეალურად, 2017 წლის 12 ივნისის მდგომარეობით უძრავი ნივთი დატვირთული იყო იპოთეკით. ამდენად, სახეზეა მარეგისტრირებელი ორგანოს ბრალეული ქმედება, რომელმაც მოსარჩელეს პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ყ-მა, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, თავისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება - იპოთეკა გამოიყენა. თუმცა, რეესტრის მონაცემებში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო, მას მოთხოვნის უფლება რეალურად უფლებრივად ნაკლიანი (იპოთეკით უკვე დატვირთული) ნივთის მიმართ წარმოეშვა, რამაც რეალურად არსებითად შეამცირა ნაკლიანი ნივთის სარეალიზაციო ღირებულება. ამდენად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მ. ყ-ის მოთხოვნის საფუძველს მოსარჩელესა და თ. გ-ს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახეზეა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომა - ხარვეზი, რაც პირდაპირ უშუალო კავშირშია მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანთან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 21.05.20წ. №10696 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 712.71 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 499 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621 ) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.05.20წ. №10696 საგადასახადო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 712.71 ლარის 70 პროცენტი - 499 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე