განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 29.06.2004
საქმის ნომერი
2კ-155დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.06.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 155-დად 29 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,გ. ბორჩხაძე

განიხილა დ. ჯ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 აპრილის დაგენილებაზე, რომლითაც დ. ჯ-ეს უარი ეთქვა წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კანონთა დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურატურის გამომძიებელ გ. რ-ის 2004წ. 11 მარტის დადგენილებაში ცვლილების შეტანაზე იმ მიმართებით, რომ სისხლის სამართლის საქმე დ. ჯ-ის მიმართ წარმოებით შეწყვეტილიყო მარეაბილიტირებელი საფუძვლით.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 15 ნოემბერს წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კანონთა დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურატურაში საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილით, 342-ე მუხლის I ნაწილითა და 379-ე მუხლის I ნაწილით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან მიღებული შეტყობინება პატიმარ დ. ც-ის ნაცვლად დ. ც-ის განთავისუფლების შესახებ.

წინასწარმა გამოძიებამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

დ. ც-ძე დააკავეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით, III ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2003წ. 2 აგვისტოს მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და შესახლებულ იქნა ქ. თბილისის ¹5 საპყრობილეში. საქმეზე წინასწარ გამოძიებას ატარებდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის შს საგამოძიებო დეპარტამენტი. 2003წ. 31 ოქტომბერს დ. ც-ის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დამთავრდა წინასწარი გამოძიება და საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში.

დ. ც-ძე დააკავეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებითა და 363-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის. 2003წ. 28 ივნისს მას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა და შესახლებულ იქნა ქ. თბილისის ¹5 საპყრობილეში. საქმეზე წინასწარ გამოძიებას ატარებდა ქ. რუსთავის შს საგამოძიებო დეპარტამენტი. 2003წ. 28 ოქტომბერს დ. ც-ს მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება დამთავრდა და საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოში. 2003წ. 10 ოქტომბერს დ. ც-ძე ავადმყოფობის გამო ¹-- განწესით თბილისის ¹5 საპყრობილიდან გადაყვანილ იქნა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.

2003წ. 14 ნოემბერს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შ. ტ-ამ სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე გამოიტანა დადგენილება ბრალდებულ დ. ც-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ პატიმრობის შეცვლის თაობაზე პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით. დადგენილება შესასრულებლად სასამართლოს კანცელარიის გამგემ _ მ. მ-ემ გადაუგზავნა ქ. თბილისის ¹5 საპყრობილეს.

ქ. თბილისის ¹5 საპყრობილის სპეციალური განყოფილების უფროსმა ჯ. წ-ამ მიიღო რა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2003წ. 14 ნოემბრის ¹--\-- დადგენილება განსასჯელ დ. ც-სათვის აღკვეთის ღონისძიების _ პატიმრობის _ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით შეცვლის შესახებ, პირადად არ შეამოწმა აღნიშნული პატიმრის საპყრობილეში ყოფნა, ენდო დაქტილოსკოპ გ. ბ-ის სიტყვიერ განმარტებას, რომ დ. ც-ძე გადაყვანილია მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დადგენილებას ჰქონდა მიმართვა ¹5 საპყრობილისადმი, გატარებული იყო კანცელარიაში სათანადო სარეგისტრაციო ნომრით და ჰქონდა ასევე ¹5 საპყრობილის დირექტორ მ. ბ-ას რეზოლუცია, გადააგზავნა იგი მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. აღნიშნული დადგენილება მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა ნ. ქ-ამ შესასრულებლად დააწერა დაწესებულების სპეც. ნაწილის უფროსს _ დ. ჯ-ეს, ხოლო თვითონ დაწესებულებიდან გავიდა. დ. ჯ-ემ სამსახურებრივი მოვალეობისადმი გამოიჩინა გულგრილობა და ისე, რომ არ შეადარა მოსამართლის დადგენილებაში მითითებული მონაცემები დაწესებულებაში მყოფ განსასჯელ დ. ც-ის პირად საქმეს, განთავისუფლების ფურცელი შეავსო პირადი საქმის მიხედვით და მოაწერა ხელი. ვინაიდან დაწესებულების დირექტორი სამსახურში არ იმყოფებოდა, დირექტორის მოადგილემ _ ჯ. გ-ემ სამსახურებრივი მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულებით, იუსტიციის მინისტრის 1999წ. 28 დეკემბრის ¹-- ბრძანების უხეში დარღვევით _ ისე, რომ არ შეხვდა პატიმარს და არ შეადარა მისი პირადი საქმე მოსამართლის დადგენილებაში მითითებულ მონაცემებს, ხელი მოაწერა დ. ც-ს განთავისუფლების ცნობას, რის შემდეგაც იგი, დ. ც-ის ნაცვლად გაათავისუფლეს. დ. ც-ძე მიიმალა.

2004წ. 11 მარტს წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კანონთა დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურატურის გამომძიებელმა გ. რ-მა გამოიტანა დადგენილება დ. ჯ-სა და ბ. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან ვითარების შეცვლის გამო, აღარ იყო საშიში. შეწყვეტის საფუძვლად მან მიუთითა სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ო” ქვეპუნქტზე.

გამომძიებლის დადგენილებას არ დაეთანხმა დ. ჯ-ძე, საჩივრით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა, რომ საქმე მის მიმართ შეწყვეტილიყო მარეაბილიტირებელი საფუძვლით.

სასამართლომ დ. ჯ-ის საჩივარი განიხილა 2004წ. 7 ივნისს და თავისი დადგენილებით საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით დ. ჯ-ძე ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და წინასწარი გამოძიების გასაახლებლად საქმის პროკურატურისათვის გადაცემას. მას მიაჩნია, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად და მის მიმართ საქმე უნდა შეწყვეტილიყო მარეაბილიტირებელი საფუძვლით.

პალატის სხდომაზე დ. ჯ-ის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა ე. ს-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან აღნიშნა, რომ წინასწარი გამოძიება დ. ჯ-ს მიმართ ჩატარებულია ზერელედ და არასრულად; ფაქტობრივად დაისაჯა მხოლოდ დ. ჯ-ძე და ეს მაშინ, როდესაც მისი დანაშაული არ დგინდება და, სრულიად გაუთვითცნობიერებლად, დაწერა განცხადება გარემოებათა შეცვლის გამო საქმის შეწყვეტის თაობაზე. ადვოკატმა აღნიშნა, რომ დ. ჯ-ძე წინააღმდეგია სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ო” ქვეპუნქტით საქმის წარმოების შეწყვეტისა. მას მიაჩნია, რომ სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად მიაღწევს საქმის შეწყვეტას მარეაბილიტირებელი საფუძვლით.

დ. ჯ-ძე დაეთანხმა ადვოკატის მოთხოვნას. მან იშუამდგომლა სასამართლოს დადგენილების გაუქმებისა და საქმის წინასწარი გამოძიების განახლების მიზნით პროკურატურისათვის გადაცემის შესახებ.

პროკურორმა გ. ქ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან კანონიერად მიიჩნია როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილებები და იშუამდგომლა მათი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე როგორც სასამართლოს, ასევე გამომძიებლის მიერ მიღებული დადგენილებები უნდა გაუქმდეს და საქმე წინასწარი გამოძიების გასაახლებლად გადაეცეს პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის “ო” ქვეპუნქტის საფუძვლით საქმის შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია. ასეთ შემთხვევაში სამართალწარმოება გრძელდება ჩვეულებრივი წესით და მთავრდება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენითა და განსასჯელის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებით. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, გამოძიების დროს ბრალდებულმა დ. ჯ-ემ განცხადებით ითხოვა მის მიმართ საქმის წარმოებით შეწყვეტა სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ო” ქვეპუნქტით, მაგრამ შემდეგ მიიჩნია, რომ საქმე შეწყდა არასწორად (რისი უფლებაც მას ჰქონდა) და მოითხოვა გამოძიების მიერ მიღებული დადგენილების გაუქმება.

პალატა თვლის, რომ, კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, დ. ჯ-ის მიმართ სასამართლოსა და გამოძიების მიერ მიღებული დადგენილებები უნდა გაუქმდეს და საქმე წინასწარი გამოძიების გასაახლებლად გადაეცეს პროკურატურას. პროკურატურამ გამოძიების დროს უნდა შეამოწმოს დ. ჯ-ის საჩივარში მითითებული გარემოებები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე, 243-ე მუხლებით, 28-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ჯ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 აპრილის დადგენილება, ასევე პროკურატურის გამომძიებელ გ. რ-ის 2004წ. 11 მარტის დადგენილება (დ. ჯელაძის ეპიზოდში) და საქმე წინასწარი გამოძიების გასაახლებლად გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.