შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 218-დად 23 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა ბრალდებულ ო. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 13 მაისის ბრძანებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 24 ოქტომბერს იმერეთის საოლქო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის ¹-- საქმე ს/ს “---ში" გაკოტრებისას საბუღალტრო წიგნის წარმოების წესების დარღვევისა და გაკოტრების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 206-ე და 207-ე მუხლებით.
საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო იმერეთის სამხარეო სს მთავარი სამმართველოს კორუფციისა და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების მიერ მოკვლეული მასალები, რომელთა თანახმად, 2000წ. 4 ივნისიდან 2001წ. 21 თებერვლამდე, 2001წ. 12 მარტიდან 2002წ. 25 მარტამდე ს/ს “---ის" დირექციამ, მიუხედავად ზედავალიანებისა და საწარმოს გადახდისუუნარობისა, სასამართლოში განზრახ არ შეიტანა განცხადება გაკოტრების გახსნის შესახებ; გარდა ამისა, დასახელებულ პერიოდში დარღვეულ იქნა საბუღალტრო წიგნის წარმოების წესები, რამაც გაართულა სააქციო საზოგადოების რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
2004წ. 16 თებერვალს სისხლის სამართლის ¹-- საქმიდან გამოიყო სისხლის სამართლის ¹-- საქმე ო. ს-ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ", “გ", “დ" ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ" ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ" ქვეპუნქტით.
საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგინდა Aშემდეგი:
ქუთაისის საწარმოო გაერთიანება “---ის" ბაზაზე 1993 წელს ჩამოყალიბდა სს “---მი". დირექტორად დაინიშნა ო. ს-ძე. 1998წ. 27 იანვარს ეს ორგანიზაცია გაიყო სამ სუბიექტად _ სს “---", სს “ხაოიანი ქსოვილები" და სს "---", განხორციელდა აგრეთვე მთელი ქონების გადანაწილება, ხოლო ამ უკანასკნელი ორი დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა ო. ს-ძე, ს/ს “---ის" დირექტორად კი _ მ. ნ-ძე. მათ შექმნეს ოგანიზებული ჯგუფი, რათა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინათ აქციონერთა და პენსიონერთა კუთვნილი ქონება. დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში იგი, უფლებამოსილების დარღვევით, პირადი სარგებლობის მიზნით, უხეშად ერეოდა წარმოების მართვის პროცესში. 1999წ. 24 სექტემბერს ო. ს-ემEმ. ნ-სთან ერთად ყალბად შეადგინა და გამოიყენა დაზგა-დანადგარების საწარმოდან ჩამოწერის დოკუმენტი, რომლის მიხედვით სს “-ის" საქვაბე საამქროში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების ასანაზღაურებლად თითქოსდა შპს “---ს" გადაეცა “---ის" ბალანსზე რიცხული 68 დასახელების 102 ცალი დაზგა-დანადგარი და 1000 მეტრი ქსოვილი, ხოლო შპს “ბენზატრონს" _ 41 დასახელების 51 ცალი დაზგა-დანადგარი 1000 მეტრი ქსოვილი. სინამდვილეში საქვაბე საამქროში შპს “---ს" და “ბენზატრონს" არავითარი სარემონტო სამუშოები არ განუხორციელებიათ, რადგან ისინი ფიქტიური ორგანიზაციებია, ვინაიდან რეალურად არ არსებობდნენ. შემდგომში ო. ს-ემ და მ. ნ-ემ, ურთიერთშეთანხმებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ გაასხვისეს სს “---ის" აქციონერთა და პენსიონერთა კუთვნილი დიდი ოდენობით მატერიალური ფასეულობები, ხოლო მიღებული თანხა მიითვისეს და გაფლანგეს.
სულ ო. ს-ემ მ. ნ-სთან ერთად ორგანიზებული ჯგუფის შექმნით, ყალბი დოკუმენტების არაერთგზის დამზადებითა და გამოყენებით, არაერთგზის მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გაფლანგა სს “---ის" აქციონერთა და პენსიონერთა კუთვნილი დიდი ოდენობით _ 112865 ლარის ღირებულების ქონება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რითაც საწარმოს დაუკარგა ფუნქციონირების აღდგენის პერსპექტივა.
2004წ. 12 მაისს იმერეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გამომძიებელმა მ. ქ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც ითხოვა, დანაშაულით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, ბრალდებულ ო. ს-ის კუთვნილი უძრავი ქონების _ საცხოვრებელი სახლის _ დაყადაღება, რომელიც მდებარეობს --- ქ. ქუთაისში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ი. ლ-ლი), განიხილა რა აღნიშნული შუამდგომლობა, დააკმაყოფილა იგი და 2004წ. 13 მაისს გასცა ბრძანება ბრალდებულ ო. ს-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. ქუთაისში, ---, დაყადაღების თაობაზე.
ბრალდებულ ო. ს-ის დამცველმა, ადვოკატმა ლ. ა-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 13 მაისის ბრძანების გაუქმებას იმ მოტივით, რომ ბრძანება გაცემულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებით დადგენილ მოთხოვნათა უხეში დარღვევებით.
პალატის სხდომაზე განხილვისას ბრალდებულ ო. ს-ის დამცველმა, ადვოკატმა ლ. ა-მა მხარი დაუჭირა თავის საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
პროცესში მონაწილე პროკურორმა დ. ფ-ემ მხარი არ დაუჭირა საჩივარს და ითხოვა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 13 მაისის ბრძანება დარჩეს უცვლელად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს ბრალდებულ ო. ს-ის დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს, რომლებიც ცხადყოფენ, რომ ბრალდებულის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის განხილვისას და ბრძანების გაცემისას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, სახელდობრ: 1) ქონების დაყადაღების თაობაზე შუამდგომლობის შესვლისა და განხილვის თაობაზე შეტყობინება არ გაეგზავნათ არც ბრალდებულს და არც მის დამცველს, ასევე, არც ბრძანების გაცემის შესახებ ეცნობა მათ, რითაც უხეშად დაირღვა მისი უფლება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 140-ე მუხლის მე-6 ნაწილით, _ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო სხდომაში, სადაც განიხილება შუამდგომლობა მის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; 2) არ იყო შეკრებილი საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებები დასაყადაღებელი ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ტეხაღრიცხვის ბიუროდან არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი რეესტრის ამონაწერი, სასამართლო მხოლოდ აღნიშნული ბიუროს მიერ გაცემულ ცნობას დაეყრდნო. გარდა ამისა, დასაყადაღებელი ქონება _ საცხოვრებელი სახლი _ წარმოადგენდა ბრალდებულის მეუღლის თანასაკუთრებას და არ იყო განსაზღვრული, ამ ქონების რა ნაწილი წარმოადგენდა ო. ს-ის წილს; 3) არ მომხდარა დასაყადაღებელი ქონების შეფასება, რათა დადგენილიყო მისი რეალური ღირებულება, რაც, საპროცესო კანონის თანახმად, დაუშვებელია, რადგან დაყადაღებული ქონების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დანაშაულით მიყენებული იმ ზარალის ოდენობას, რომლის თაობაზეც პრეტენზიას უყენებენ ბრალდებულს (იხ. სსსკ-ის 196-ე მუხლის მე-8 ნაწილი).
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 13 მაისის ბრძანება, როგორც უკანონო, უნდა გაუქმდეს, ხოლო ბრალდებულ ო. ს-ის საცხოვრებელ სახლს ყადაღა უნდა მოეხსნას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 243-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებულ ო. ს-ის დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 13 მაისის ბრძანება ბრალდებულ ო. ს-ის საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ქ. ქუთაისში, --- ყადაღის დადების შესახებ, ხოლო აღნიშნულ ქონებაზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.