დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-503(კ-20) 30 სექტემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ზ. კ-ი, ა. კ-ი, ნ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელეებმა ზ. კ-მა, ა. კ-მა და ნ. ც-ემ 2016 წლის 21 ნოემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და ქალაქ თბილისში, ...ის ქ. N...-ის მიმდებარე 940 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების დარეგისტრირების ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 27 ნოემბრის №1/1-2775 ბრძანების ბათილად ცნობა და აღნიშნულ ბრძანებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ უმოქმედობით ნათქვამი უარის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 27 ნოემბრის №1/1-2775 ბრძანებაზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი აპელანტის მიერ გასაჩივრების 14 დღიანი ვადის გაშვების საფუძველზე, დატოვებულ იქნა განუხილველად. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, რომელმაც მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქმე დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება და მასზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის დადგენილი ვადის დარღვევა ითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი საჩივრდება ამავე თავით დადგენილი წესით. ამდენად, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე არ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში და არც ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იგულისხმება, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე. აღნიშნული უარი განიხილება განცხადების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად (ე.წ. ვირტუალური უარი), რაც წარმოადგენს შესაბამისი შინაარსის იურიდიულ ფაქტს მასზედ, რომ ასეთი უარის ადრესატმა (დაინტერესებულმა პირმა) გამოიყენოს ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენის უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმა წარმოადგენს, ფაქტობრივად, ინდივიდუალური აქტის გამოცემაზე უარის თქმას. აქტის გამოუცემლობის იურიდიული ფაქტი კი, თავის მხრივ, ვერ გახდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის წინაპირობა, რადგან ამ სახის სარჩელის საგანი აუცილებლად უნდა იყოს უკვე გამოცემული, რეალურად არსებული, მატერიალური ფორმის მქონე ინდივიდუალური აქტის (და არა ვირტუალური უარის) კანონთან შესაბამისობა, რაც აღნიშნული კოდექსის 262 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანისას განისაზღვრა დავის საგანი, რომელიც ეხებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას და არა ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაევალდებულებინა ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, როდესაც აღნიშნული არ წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უმოქმედობით ნათქვამი უარის - ე.წ. „ვირტუალური უარის“ კანონიერების შეფასება
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ზ. კ-ის, ა. კ-ისა და ნ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეების მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. მოსარჩელეებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ. შესაბამისად, შეფასების საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უმოქმედობით ნათქვამი უარის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის №ბს-122-115(2კ-13) განჩინებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობებსა და დასკვნებზე, კერძოდ: „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
ზემომითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მუხლი 12. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, და 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში აქტის გამოუცემლობის სამართლებრივი შედეგები განსაზღვრულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად. ეს სამართლებრივი დანაწესი არც ერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისაგან. მითითებული ნორმა უზრუნველყოფს პირის უფლებას - აქტის გამოცემისთვის კანონით განსაზღვრული ვადის დაუცველობის პირობებში (რაც შეუძლებელია სამართლებრივ სახელმწიფოში ტენდენციის ხასიათს ატარებდეს) მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრით ან სარჩელით სასამართლო ორგანოებს
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს მიერ არ მომხდარა რეაგირება მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ საჩივარზე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია და არ გადაუწყვეტია არსებითად სადავო საკითხი, ადმინისტრაციული აქტის გამოუცემლობა ასეთ შემთხვევაში უტოლდება „ვირტუალურ“ უარს, მისი ბათილად ცნობა იმთავითვე გულისხმობს წარდგენილი საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტას.
რაც შეეხება კასატორის მითითებას, ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის საგნის რეალური, მატერიალური სახით არსებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობისას საქმის წარმოების შეწყვეტაზე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს აღნიშნულ პრეტენზიას და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებაზე (საქმე ბს-1031-1002(კ-10)), რომლის შესაბამისად, მოსარჩელისათვის აქტის გამოცემაზე უარის შემთხვევაში სარჩელის მიზანი არის არა აქტის გამოცემაზე უარის გაუქმება, არამედ აქტის გამოცემა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის კანონიერების დასადგენად მოწმდება არა უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები, არამედ აქტის გამოცემაზე მოსარჩელის უფლების სამართლებრივი საფუძველი. აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლოა დაევალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად შეამოწმეს სადაო აქტის გამოცემაზე (საჩივრის განხილვის შესახებ) მოსარჩელეების უფლების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა და ასევე მართებულად დაადგინეს, რომ მოპასუხე ვალდებულია ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე