კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 04.07.2003
საქმის ნომერი
2კ-138დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 138-დად 4 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ დ. რ-ს კერძო საკასაციო საჩივარი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც ნაწილობრივ გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის 2003 წლის 27 მაისის დადგენილება, რომლითაც დ. რ-ს მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში.

აღწერილობითი ნაწილი:

2003 წლის 24 მარტს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში დაუდგენელ პირთა მიმართ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით, 239-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და III ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქ. თბილისში, ... ქ. ¹9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე ბ. პ-ს გვამის აღმოჩენის ფაქტზე.

წარმოებული გამოძიების შედეგად დადგინდა შემდეგი: 2003 წლის 23 მარტს ი. მ-მა მეგობრებთან: დ. რ-თან, ი. გ-სთან, ჯ. ა-თან და ი. ბალიაურთან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი _ არაყი ნაცნობი გოგონების: თ. გ-სა და ხ. ხ-ს მიერ ნაქირავებ ბინაში, რის შემდეგაც გადაწყვიტეს, ენახათ თავიანთი ნაცნობი, თ. გ-ს და _ თა. . რომელიც, მათი ვარაუდით, უნდა ყოფილიყო მიცკევიჩის ქუჩისა და გამსახურდიას გამზირის გადაკვეთაზე. ამ მიზნით მათ დაიქირავეს მოქალაქე ნ. ა-ს მართვის ქვეშ მყოფი კერძო ტაქსი და გაემართნენ საბურთალოს მიმართულებით. გამსახურდიას გამზირზე მათ შეამჩნიეს თა. გ., რომელსაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ი. მ-თან. როდესაც თა. გ-მა შეამჩნია ისინი, ჩაჯდა კერძო ტაქსში, რომელსაც მოქალაქე ბ. პ. მართავდა და სთხოვა ამ უკანასკნელს, რომ იგი გაერიდებინა ზემოაღნიშნული პირებისაგან. ბ. პ. დათანხმდა. მან თა. გ. მიიყვანა ... ქ. ¹9 კორპუსის IV სადარბაზოსთან, სადაც თა. გ-ს მისცა წინადადება, რომ დამალულიყო სადარბაზოში. ასევე უთხრა, რომ იმ პირებს არ მისცემდა მისი დადევნების საშუალებას. დაახლოებით 0020 საათზე ბ. პ-ს ავტომანქანის უკან გაჩერდა ნ. ა-ს ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა ი. მ. თანმხლებ პირებთან ერთად. მათ ბ. პ-ს უსაყვედურეს, თუ რატომ მისცა მან თა. გ-ნს დამალვის საშუალება. ბ. პ-თან დალაპარაკებისას ირ. მ-მა მის თანმხლებ დ. რ-თან, ი. გ-სთან, ჯ. ა-თან და ი. ბ-თან ერთად უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადამი აშკარა უპატივცემულობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ბ. პ-ს დაუწყეს გინება, ხელის კვრა და ცემა, რა დროსაც თ. მ-მა ხელიდან გამოსტაცა დანა დ. რ-ს, რომლითაც დემონსტრაციულად ახდენდა ბ. პ-ზე ფსიქიკურ მოქმედებას. ამ დროს ი. ბ-მა ჯერ მკერდისა და შემდეგ სახის არეში ორი დარტყმა მიაყენა ბ. პ-ს. ეს უკანასკნელი წაიქცა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის გამო, რომელიც განვითარებული იყო მძიმე პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზისა და დამხშობი კორონასკლეროზის ფონზე, ადგილზე გარდაიცვალა. ი.მ-სა და მათთან მყოფი პირების ხულიგნური ქმედება გამოირჩეოდა აშკარა ცინიზმითა და თავხედობით, რაც გრძელდებოდა დაახლოებით 10 წუთი.

ამ დანაშაულის ჩადენისათვის ი. მ-ს, ი. გ-ს, ჯ. ა-ს და დ. რ-ს წინასწარი გამოძიების საწყის ეტაპზე წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 239-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, ხოლო ი. ბ-ს _ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის და 116-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება.

გამოძიების მიმდინარეობისას გამომძიებელმა მისცა რა სამართლებრივი შეფასება გამოძიებისას დადგენილ ფაქტებს, მიიჩნია, რომ დ. რ-ს არასწორად ჰქონდა წარდგენილი სსკ-ის 239-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება. გამომძიებელმა დადგენილად ჩათვალა, რომ დ. რ-მა 2003 წლის 23 მარტს ბ. პ-ს ხულიგნობის დროს ჯიბიდან ამოიღო დანა, მაგრამ იგი მას არ გამოუყენებია, ვინაიდან ეს დანა მას წაართვა ი. მ-მა. აღნიშნულიდან გამომდინარე გამომძიებელმა დ. რ-ის ეს ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რის თაობაზეც გამომძიებელმა გამოიტანა დადგენილება ბრალდების შეცვლის, კვალიფიკაციის დაზუსტებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის შესახებ, რომლის თანახმადაც, დ.რ-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 239-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, მის მიმართ აღიძრა სისხლისსამართლებრივი დევნა და მას ბრალად წარედგინა სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება. ეს დადგენილება 2003 წლის 27 მაისს დაამტკიცა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა პროკურორმა.

2003 წლის 29 მაისს დაზარალებულ ც. მ-ს ადვოკატმა გ. გ-მ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა ზემოაღნიშნული დადგენილება და ითხოვა მისი გაუქმება.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 ივნისის დადგენილებითდაკმაყოფილდა ადვოკატ გ. გ-ს შუამდგომლობა და ნაწილობრივ გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის გამომძიებლის 2003 წლის 27 მაისის დადგენილება, რომლითაც ბრალდებულ ი. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის III ნაწილით და 116-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში ი. გ-ს მიმართ _ სსკ-ის 239-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, დ. რ-ს მიმართ _ სსკ-ის 239-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში.

მსჯავრდებული დ. რ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ სასამართლოში საჩივრის განხილვისას დარღვეულ იქნა საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის III ნაწილის და 76-ე მუხლის III ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლოში საქმე განიხილა იმავე მოსამართლემ, რომელმაც წინასწარი გამოძიების წარმოების დროს მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი გადაწყვიტა. კასატორის მითითებით, სასამართლომ ისე განიხილა დაზარალებულის საჩივარი, რომ მისთვის ან მისი დამცველისათვის ამის შესახებ არაფერი უცნობებია.

მსჯავრდებულ დ. რ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ რაიონულ სასამართლოში დაზარალებულის საჩივრის განხილვისას დარღვეულ იქნა ბრალდებულის ინტერესები. საჩივრის განხილვისას არც მათ და არც ბრალდებულს საშუალება არ მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ სასამართლო სხდომაში და წარედგინათ თავიანთი მოსაზრებები.

დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენელი გ. გ. მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.

დაზარალებული ც. მ. მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს.

პროკურორი ნ. ბ. მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს: ბრალდებულის ინტერესების დამცველ, ადვოკატებს: ი. ა-ს და შ. ძ-ს, დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენელ, ადვოკატ გ. გ-ს, დაზარალებულ ც. მ-ს, პროკურორ ნ. ბ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 ივნისის დადგენილება უნდა გაუქმდეს და დაზარალებულ ც. მ-ს ინტერესების წარმომადგენელ, ადვოკატ გ. გ-ს საჩივარი დარჩეს განხილვის გარეშე შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, 2003 წლის 24 მარტს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქ. თბილისში, ... ქ. ¹9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე ბ. პე-ს გვამის აღმოჩენის ფაქტზე. წინასწარი გამოძიების საწყის ეტაპზე ამ დანაშაულის ჩადენისათვის ი. მ-ს, ი. გ-ს, ჯ. ა-ს და დ. რ-ს წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, ხოლო ი. ბ-ს _ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის და 116-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება. გამოძიების მიმდინარეობისას თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის გამომძიებელმა გამოიტანა დადგენილება ბრალდების შეცვლის, კვალიფიკაციის დაზუსტებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის შესახებ, რომლის თანახმადაც, დ. რ-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 239-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, მის მიმართ აღიძრა სისხლისსამართლებრივი დევნა და მას ბრალად წარედგინა სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ეს დადგენილება 2003 წლის 27 მაისს დაამტკიცა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა პროკურორმა. აღნიშნული დადგენილება, როგორც სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილება, დაზარალებულმა მხარემ გაასაჩივრა დიდუბე- ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ ეს საჩივარი მიიღო, როგორც სსსკ-ის 242-ე მუხლით გათვალისწინებული საჩივარი გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებაზე სისხლის სამართლის შეწყვეტის შესახებ და განიხილა სსსკ-ის 243-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, რაც არასწორია. სსსკ-ის 242-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს გამომძიებლის ან პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მხოლოდ ის დადგენილება, რომლითაც გამომძიებელმა ან პროკურორმა სსსკ-ის 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა არსებითად. დ. რ-ის ბრალდების საქმეზე არც გამომძიებელს და არც პროკურორს არ მიუღიათ შემაჯამებელი გადაწყვეტილება და დ. რ-ის მიმართ არ შეუწყვეტიათ სისხლისსამართლებრივი დევნა იმ ქმედებისათვის, რაც მან განახორციელა შემთხვევის ადგილზე ყოფნისას და რისი ჩადენაც მას ბრალად შეერაცხა. წინასწარი გამოძიების საწყის ეტაპზე გამოძიებული და დადგენილ იქნა დ. რ-ს მიერ ჩადენილი ქმედება და საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც სამართლებრივი შეფასება მისცა გამომძიებელმა. გამოძიების მიმდინარეობისას გამომძიებელმა და პროკურორმა დ. რ-ს მიერ ჩადენილ იმავე მოქმედებას და საქმის იმავე ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც დაკვალიფიცირებული იყო სსკ-ის 239-ე მუხლის III ნაწილით, მისცეს ახალი სამართლებრივი შეფასება და სსსკ-ის 285-ე მუხლის საფუძველზე გამოიტანეს დადგენილება წაყენებული ბრალდების შეცვლის შესახებ. გამომძიებელს და პროკურორს დ. რ-ს მიმართ იმ კონკრეტული ქმედების ჩადენისათვის, რომელიც მან განახორციელა შემთხვევის ადგილზე და იმ ფაქტობრივი გარემოებებზე, რაც გამოძიებით იქნა დადგენილი სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეუწყვეტიათ, დ. რ-ის ამ მოქმედებას გამომძიებელმა და პროკურორმა მისცეს მხოლოდ სხვა სამართლებრივი შეფასება. ამდენად, დ. რ-ს მიერ შემთხვევის ადგილზე ჩადენილი იმ ქმედების გამო, რაც გამოძიების მიერ იქნა დადგენილი, სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეწყვეტილა და დღეისათვის კვლავ მიმდინარეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რაიონულ სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, განეხილა საჩივარი გამომძიებლის ან პროკურორის მიერ გამოტანილ წინასწარი გამოძიებისას წაყენებული ბრალდების შეცვლის დადგენილებაზე, რამეთუ ასეთი დადგენილება, საპროცესო კოდექსის შესაბამისად, არ საჩივრდება სასამართლოში.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ეA მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 ივნისის დადგენილება, რომლითაც ნაწილობრივ გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურატურის 2003 წლის 27 მაისის დადგენილება დ. რ-ის და სხვათა ბრალდების საქმეზე წარდგენილი ბრალდების შეცვლის, კვალიფიკაციის დაზუსტებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის შესახებ და დაზარალებულ ც. მ-ს ინტერესების წარმომადგენელ, ადვოკატ გ. გ-ს საჩივარი დარჩეს განხილვის გარეშე.