საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 11.09.2003
საქმის ნომერი
2კ-161დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 161-დად 11 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია, მ. ისაევი

განიხილა ო.სიგუასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს.ჯ-ს კერძო საკასაციო საჩივარი მარტვილის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა შსს საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ გ.ს-ს 2003წ. 17 აპრილის დადგენილება ი.კ-ს, გ.მ-სა და ვ.კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და 2003წ. 18 აპრილის დადგენილება ბრალდებულ ო.ს-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ. საქმე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხისა და წინასწარი გამოძიების განსაახლებლად გადაეგზავნა მარტვილის რაიონის პროკურატურას.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 15 აპრილს მარტვილის შს რაიგანყოფილებას ზეპირი განცხადებით მიმართა მოქალაქე ი. კ-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ მ/წ 15 აპრილს, დაახლოებით 11 საათზე, სოფ. ნახუნაოს სასაფლაოზე მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ო. ს-მ, ვ. კ-მ, გ. მ-მ და გ. პ-მა. 2001წ. 15 მაისს მარტვილის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ი. კ-ს სხეულის დაზიანების მიყენების ფაქტზე სსკ-ს 124-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

მარტვილის შს რაიგანყოფილების 2001წ. 15 მაისის დადგენილებით ი.კ. ცნობილ იქნა დაზარალებულად, ხოლო შსს საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის რაიონის განყოფილების გამომძიებელ თ.ჯღარკავას 2001წ. 11 ივნისის დადგენილებით _ სამოქალაქო მოსარჩელედ.

შსს საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის რაიონის განყოფილების გამომძიებელ თ.ჯღარკავას 2001წ. 23 აგვისტოს დადგენილებით ო.ს. ცნობილ იქნა ბრალდებულად სსკ-ს 121-ე მუხლის I ნაწილით.

მარტვილის რაიონის პროკურორის 2001წ. 24 აგვისტოს დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე ო.ს-ს მიმართ ქვემდებარეობით წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად გადაეგზავნა აფხაზეთის ა/რ გალის რაიონის პროკურატურას, სადაც ჩატარდა წინასწარი გამოძიება, დამატებით დაიკითხნენ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული, დაზარალებული, მოწმეები და გალისა და ოჩამჩირის რაიონის პროკურორის მოადგილის 2001წ. 24 სექტემბრის დადგენილებით საქმე შემდგომი გამოძიებისათვის ქვემდებარეობით გადაეგზავნა მარტვილის შს რაიგანყოფილების საგამოძიებო განყოფილებას.

საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა ბ.ნ-მ 2002წ. 17 ივლისს გამოიტანა დადგენილება გ.მოდებაძის, ვ.კ-ს, გ.პ-ს და ი.კ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

მარტვილის რაიონის პროკურორ დ.ს-ს 2002წ. 18 ივლისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე ო. ს-ს მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 124-ე მუხლით, კვლავ გადაეგზავნა აფხაზეთის ა/რ გალისა და ოჩამჩირის რაიონის პროკურატურას. 2002წ. 22 აგვისტოს საქმე დაუბრუნდა საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის რაიონის განყოფილებას.

მარტვილის რაიონის პროკურორ დ.ს-ს 2002წ. 21 ოქტომბრის დადგენილებით გაუქმდა საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ ბ.ნ-ს 2002წ. 17 ივლისის დადგენილება გ.მ-ს, ვ.კ-ს, გ.პ-სა და ი.კ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და საქმე გადაეცა მარტვილის საგამოძიებო განყოფილებას სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით. აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები. საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის რაიონის განყოფილების გამომძიებელ ა.ხ-ს 2002წ. 25 დეკემბრის დადგენილებით უარი ეთქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ო.ს-სა და ზ.კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამავე რიცხვის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმიდან (¹95101026) დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 121-ე მუხლის I ნაწილით, ხულიგნობის ნაწილში გამოიყო მასალები გ.მ-ს, ვ.კ-სა და სხვათა მიმართ.

მარტვილის საგამოძიებო განყოფილების უფროსმა გ.ს-მ 2003წ. 17 აპრილს გამოიტანა დადგენილება ი.კ-ს, გ.მ-სა და ვ.კ- მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის, ხოლო 2003წ. 18 აპრილს _ ბრალდებულ ო.ს-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

აღნიშნული დადგენილებები ი.კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ.ღ-მ, ასევე ს.ჯ-მ 2003წ. 17 აპრილის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივრეს მარტვილის რაიონულ სასამართლოში.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის დადგენილებით ადვოკატ ს.ჯ-ს მოთხოვნა ნაწილობრივ, ხოლო ადვოკატ ლ.ღ-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა შსს საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ გ.ს-ს 2003წ. 17 აპრილის დადგენილება ი.კ-ს, გ.მ-სა და ვ.კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმისა და 2003წ. 18 აპრილის დადგენილება ბრალდებულ ო.სიგუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, საქმე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად და საქმეზე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად გადაეგზავნა მარტვილის რაიონის პროკურორს.

კასატორ ო.ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს.ჯ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს მარტვილის რაიონული სასამართლოს 27 ივნისის დადგენილების გაუქმებას ნაწილობრივ, კერძოდ: შსს საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ გ.ს-ს 2003წ. 18 აპრილის დადგენილების ბრალდებულ ო.ს-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ უცვლელად დატოვებას და უთითებს სსსკ-ს 28-ე მუხლის I ნაწილის "ჟ" (პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ყოფნის 24-თვიან ვადაზე) ქვეპუნქტით საქმის შეწვეტაზე. ასევე, 2003წ. 17 აპრილის დადგენილების ი.კ-ს ნაწილში გაუქმების (ი.კ-ს, გ.მ-სა და ვ.კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ) ძალაში დატოვებას.

ი.კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ.წ-მ წარმოადგინა შესაგებელი ადვოკატ ს.ჯ-ს საჩივარზე, რომლითაც ითხოვს მარტვილის რაიონული სასამართლოს 27 ივნისის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ს.ჯ-მ ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. ო.ს-მ მხარი დაუჭირა ადვოკატის მოთხოვნას.

ადვოკატებმა _ ლ.ღ-მ და ვ.წ-მ, ასევე ი.კ-მა იშუამდგომლეს მარტვილის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის დადგენილების უცვლელად დატოვების შესახებ.

პროკურორი ვ.ს. ითხოვს, რომ გაუქმდეს მარტვილის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის დადგენილება შსს საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ გ. ს-ს 2003წ. 18 აპრილის დადგენილების გაუქმების ნაწილში, ო.ს-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ყოფნის 24-თვიანი ვადის გასვლის გამო, ხოლო 2003წ. 17 აპრილის დადგენილების გაუქმების ნაწილში – მარტვილის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის დადგენილების უცვლელად დატოვებას და სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად და წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად მასალების გადაგზავნას სხვა რაიონის პროკურატურაში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მარტვილის საგამოძიებო განყოფილების უფროსის _ გ.ს-ს მიერ გამოტანილი 2003წ. 17 აპრილის დადგენილება ი.კ-ს, გ.მ-სა და ვ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და 2003წ. 18 აპრილის დადგენილება ბრალდებულ ო.ს-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, ერთსა და იმავე ფაქტს, კერძოდ, მარტვილის რაიონის სოფ.ნახუნაოში წინაკვერკვეს უბნის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ი.კ-სა და მისი თანასოფლელებს: ო.ს-ს, ვ.კ-ს, გ.მ-სა და გ.პ-ს შორის მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. 2001წ. 15 მაისს ი. კ-ს სხეულის დაზიანების მიყენების ფაქტზე ი.ს-ს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმიდან, სადაც დაზარალებული ი.კ-ია, გამოძიების მიერ 2002წ. 25 დეკემბერის დადგენილებით, სსსკ-ს 245-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, იქნა გამოყოფილი მასალები ვ.კ-ს, დ.მ-სა და სხვათა შესაძლო ხულიგნური ქმედების ფაქტზე. აღნიშნული დასაბუთდა იმით, რომ ამ პირთა მიერ ჩადენილ ხულიგნურ ქმედებას ო.ს-ს მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან კავშირი არ ჰქონდა. მაშინ, როცა სხეულის დაზიანების ფაქტზე სს საქმის შეწყვეტის, ხოლო ხულიგნობის ფაქტზე სს დევნის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილებები თავიანთი შინაარსით, ფაქტობრივი გარემოებებითა და სამართლებრივი შეფასებებით თითქმის იდენტურია. 17 აპრილის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გამორიცხავს ი.კ-ს, გ.მ-სა და ვ.კ-ს ქმედებაში სსკ-ს 239-ე მუხლის შემადგენლობის არსებობას და მომხდარს მიიჩნევს ი.კ-სა და ო.ს-ს შორის ადრე არსებული კონფლიქტური სიტუაციის გაგრძელებად. რაც შეეხება 18 აპრილის დადგენილებას, რომლითაც ო.ს-ს მიმართ საქმე წარმოებით შეწყდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო, მიუთითებს, რომ ო.ს-ს ქმედება მოიცავს სსკ-ს 121-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, მაგრამ ქმედება ჩადენილია აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ჩატარებული გამოძიებით მიჩნეულია, რომ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულმა ო.ს-მ შემთხვევის დროს მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანა ხელმყოფი ი.კ. თავისი ახლობლების _ გ.მოდებაძისა და ვ.კ-ს სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. იმავდროულად, 17 აპრილის დადგენილებაში მიჩნეულია, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის _ ამ შემთხვევაში იგულისხმება, ერთი მხრივ, ი.კ., და მეორე მხრივ, გ.მ.. და ვ.კ.ა (არა ო.ს.) _ "ადგილი ჰქონდა კამათს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სხეულის დაზიანებას, მაგრამ აღნიშნულ პირებს არ ჰქონიათ ხულიგნური ქმედებების ჩადენის პირდაპირი განზრახვა, კერძოდ, საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევა და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა." ამ იურიდიულად გაუმართავი მოტივაციის საფუძველზე, პალატისათვის გაუგებარია ო.ს-ს მხრიდან აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მისი ახლობლების გ.მ-სა და ვ.კ-ს სამართლებრივი სიკეთის დაცვა ი.კ-ს მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.

პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, მოკვლევა და წინასწარი გამოძიება ნაწარმოებია სსსკ-ს მე-18 მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფით. საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის ნაცვლად, მოკვლევისა და გამოძიების გაჭიანურებითა და არაგონივრულ ვადებში წარმოებით, სსსკ-ს 390-ე მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რამდენჯერმე შეჩერებულია სისხლის სამართლის საქმის წარმოება. ერთ-ერთი ასეთი შეჩერებულ წარმოების პერიოდში, კერძოდ, 2003წ. 12 იანვარს, გამოტანილია დადგენილება ადვოკატის შუამდგომლომაზე უარის თქმის შესახებ. გამოძიების პერიოდში, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული მტკიცებულებები შეფასებულია არაერთგვაროვნად და ტენდენციურად. დეტალურად არ არის შემოწმებული ი.კ-ს სხეულის დაზიანების ფაქტზე ო.ს-სა და დაზარალებულ ი.კ-ს ჩვენებები, ასევე, მოწმეთა ჩვენებები. ი.კ-ს სხეულის დაზიანების მიყენების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმის მასალებში შემთხვევის თვითმხილველ პირთა და მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები არ არის აღმოფხვრილი. უგულებელყოფილია და არ არის გაბათილებული დაზარალებულის ახლობლების, შემთხვევის ადგილზე მყოფი ნ., თ., თე. და გ. კ-ების ჩვენებები. დადგენილი არ არის დაზარალებულზე მიყენებული დაზიანებების მექანიზმი. ამასთან დაკავშირებით გაანალიზებული არ არის ექსპერტ მ.გ-ს ჩვენება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესავსებად და დაზიანებების შედეგად ი.კ-ს ჯანმრთელობის (მხედველობის ან რომელიმე ორგანოს) მდგომარეობის შესაძლო გაუარესების საკითხის გადასაწყვეტად.

საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებული ი.კ. 2001წ. 11 ივნისს ცნობილია სამოქალაქო მოსარჩელედ, ხოლო ო.ს. _ სამოქალაქო მოპასუხედ, განსაზღვრულია სასარჩელო თანხა 1600 ლარის ოდენობით, მაგრამ სს საქმის შეწყვეტის დადგენილებაში გადაწყვეტილი არ არის სამოქალაქო სარჩელის ბედი, რითაც დარღვეულია სსსკ-ს 397-ე მუხლის მოთხოვნა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის წესის შესახებ. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების არაერთგზისი, უსაფუძვლო შეჩერების გამო, შესამოწმებელია ო.ს-ს ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში ყოფნის 24- თვიანი ვადა (სსსკ-ს 75-ე მუხლი).

2003წ. 17 აპრილის დადგენილება ი. კ-ს, გ. მ-სა და ვ. კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გამოტანილია საპროცესო კანონის მოთხოვნების სრული უგულებელყოფით. დადგენილებაში საუბარია ო.ს-ს მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის ¹5101026 საქმეზე და არაფერია ნათქვამი აღნიშნული საქმიდან 2002წ. 25 დეკემბრის დადგენილებით ხულიგნობის ნაწილში გ.მ-ს, ე.კ-სა და სხვათა მიმართ გამოყოფილ მასალებზე. დადგენილებით დადასტურებულია, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა კამათს, ურთიერთშელაპარაკებას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და სხეულის დაზიანებას. დადგენილია, რომ, ერთი მხრივ, ი. კ-ის, რომელიც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი, მეორე მხრივ, გ. მ-სა და ვ. კ-ს მხრივ ფორმალურად ადგილი აქვს "ხულიგნობისათვის დამახასიათებელ მსგავს ცალკეულ ნიშნებს, მაგრამ მათი ქმედება არ შეიცავს სსკ-ს 239-ე მუხლის შემადგენლობისათვის აუცილებელ ყველა ნიშანს." დადგენილებაში ისე იქნა ნამსჯელი ამავე საქმეზე დაზარალებულად ცნობილ ი.კ-ს შესაძლო ხულიგნურ ქმედებაზე და ისე იქნა მის მიმართ გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, რომ არც სისხლის სამართლის საქმიდან მასალების გამოყოფის შესახებ 2002წ. 25 დეკემბრის დადგენილებაში ყოფილა აღნიშნულზე მითითებული და არც ო.ს-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ს.ჯ-ს შუამდგომლობა არ ყოფილა დაკმაყოფილებული ი.კიკალიშვილის მიმართ სსკ-ს 239-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. დადგენილებაში ასევე საერთოდ არ არის მოხსენიებული ინციდენტის მონაწილე გ.პ., მაშინ, როდესაც საქმის მასალებიდან ირკვევა მისი მონაწილეობა ჩხუბში.

ამდენად, გაუგებარია სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამოძიების მიერ ერთი და იმავე ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილი ორი (მარტვილის საგამოძიებო განყოფილების უფროსის _ გ.ს-ს მიერ 2003წ. 17 აპრილს გამოტანილი დადგენილებები ი.კ-ის, გ.მ-სა და ვ.კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და 2003წ. 18 აპრილისა ბრალდებულ ო.ს-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ) დადგენილების სამართლებრივი არგუმენტაცია. ასევე, დარღვეულია სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმისა, თუ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილების გამოტანის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესი (სსსკ-ს 268-ე; 395-400 მუხლები).

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მარტვილის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის დადგენილება, რომლითაც გაუქმებულია მარტვილის საგამოძიებო განყოფილების უფროსის _ გ.ს-ს მიერ 2003წ. 17 აპრილსა და 2003წ. 18 აპრილს გამოტანილი დადგენილებები უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა მარტვილის საგამოძიებო განყოფილების უფროსის _ გ.ს-ს მიერ 2003წ. 17 აპრილს გამოტანილი დადგენილება ი.კ-ს, გ.მ-სა და ვ.კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და 2003წ. 18 აპრილის დადგენილება ბრალდებულ ო.ს-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.