დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #ბს-894(კ-21) 13 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 2 დეკემბერს სს „ე..მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 23 ივნისს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შედგენილ იქნა #39/10 რევიზიის აქტი, რომლის თანახმად, პაციენტ ზ. გ-ის უტარდებოდა მკურნალობა დიაგნოზით: „თირკმლის უკმარისობა დაუზუსტებელი“. აღნიშნული დიაგნოზი გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების 1.2. დანართით (გადაუდებელი სტაციონალური მდგომარეობა) და ანაზღაურდება 100%-ით. პაციენტის მხრიდან გადახდილ იქნა 300 ლარი.
მოსარჩელის მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 23 ივნისის #04/48349 წერილის მიხედვით, 29 ივლისის 15:10 საათიდან 30 ივლისის 17:30 საათამდე პერიოდში, პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 325 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, სს „...ს“ გადასახდელად დაეკისრა ჯარიმა შემთხვევის ღირებულების (325 ლარი) სამმაგი ოდენობით - 975 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, რომელმაც 2019 წლის 25 ოქტომბრის #02/55916 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებები უსაფუძვლოა იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტმა ზ. გ-იმა თავად განაცხადა უარი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე, რაც დასტურდება მისი ხელწერილით. ჩატარებული ოპერაცია და პოსტოპერაციულ პერიოდში განვითარებული თირკმლის უკმარისობა ჰოსპიტლის მხრიდან ერთ ეპიზოდად იქნა განხილული, რაც ზემოთ მითითებული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ავტომატურად გულისხმობდა იმას, რომ ჰოსპიტალში მკურნალობის სრული ღირებულება პაციენტის მიერ უნდა ანაზღაურებულიყო.
ამდენად, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 25 ოქტომბრის #02/55916 გადაწყვეტილებისა და სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 23 ივნისის #39/10 რევიზიის აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ე..ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 25 ოქტომბრის #02/55916 გადაწყვეტილება და სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 23 ივნისის #39/10 რევიზიის აქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტზე, მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ პაციენტის მიერ უარი იქნა გაცხადებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობაზე კონკრეტული შემთხვევის ფარგლებში, რაც თავისთავად გულისხმობდა ამავე მიმწოდებლის მიერ ერთი შემთხვევის ფარგლებში განხორციელებული მომსახურების საყოველთაო პროგრამით სარგებლობაზე უარის თქმას. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის მე-11 მუხლის დანაწესი ერთ შემთხვევად განიხილავს ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში პროგრამული შემთხვევების ერთობლიობას. ამგვარად, ერთი შემთხვევის ფარგლებში ჩატარებული მკურნალობის მიმდინარეობისას შესაძლოა პაციენტისათვის გაწეული მომსახურების მკურნალობის ეპიზოდების გათვალისწინებით, ანაზღაურება ხვდებოდეს სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა სახეობის ხარჯებში, თუმცა თავად შემთხვევა განიხილება როგორც ერთი მკურნალობის სხვადასხვა პროგრამული შემთხვევების ერთობლიობა, რომელთა განცალკევება ხარჯების ანაზღაურების მიზნებისათვის დაუშვებელია იმ პირობებში, როდესაც პაციენტი უარს აცხადებს არა კონკრეტული დიაგნოზით, არამედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობაზე.
შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამედიცინო მომსახურების მიმღები პირის მიერ ერთი სამედიცინო მომსახურების ფარგლებში საყოველთაო პროგრამით სარგებლობის თაობაზე გაცხადებული უარი ვრცელდებოდა ამ მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ჩატარებული მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში წარმოშობილ ყველა პროგრამულ შემთხვევაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არის მცდარი, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი რევიზიის აქტითა და პაციენტის სამედიცინო ისტორიით დასტურდება, რომ პაციენტ ზ. გ-იის შვილმა - გ. გ-იმა, თავისი განცხადებით უარი განაცხადა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით ოპერაციის დაფინანსებაზე და მოითხოვა, რომ ოპერაცია დაწესებულების შიდა სტანდარტით ჩატარებულიყო. ის გარემოება, რომ პაციენტს ან მის ნათესავს უარი არ დაუფიქსირებია პროგრამით სრულად სარგებლობაზე, ასევე, დასტურდება პაციენტის შვილის 2015 წლის 25 აგვისტოს #81969 განცხადებით, სადაც იგი მიუთითებს, რომ მათთვის ცნობილი არ იყო ოპერაციის შემდგომ ყველა გაუთვალისწინებელი ხარჯის მათ მიერ გადახდის საჭიროების თაობაზე. კასატორის მითითებით, აღნიშნულის შესახებ პაციენტს ეცნობა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი „გადაუდებელი მედიცინის ცენტრში“ უნდა გადაეყვანათ.
ამასთან, კასატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პაციენტ ზ. გ-იის შვილმა - გ. გ-იმა თავისი განცხადებით გამოხატა ნება ოპერაციის შიდა სტანდარტით ჩატარების თაობაზე და აღნიშნა, რომ ოპერაციის საფასურს იგი თავად გადაიხდიდა, თუმცა შესაძლო გართულებების მკურნალობასა და ამ მომსახურების სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურებაზე მას უარი არ განუცხადებია. კასატორის განმარტებით, სავარაუდო გართულების თაობაზე იგი ნებას წინასწარ ვერ გამოხატავდა, რამდენადაც ასეთი გართულების განვითარების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. კასატორი, ასევე, მიიჩნევს, რომ პაციენტისათვის ოპერაციის ჩატარება და შემდგომში გამოწვეული გართულების მკურნალობა სხვადასხვა შემთხვევაა და მისი ერთ შემთხვევად განხილვა დაუშვებელია.
კასატორი მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რევიზიისას გამოვლინდება, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს თანხა გადაახდევინა იმ მომსახურებაში, რომელიც მთლიანად დაფარულია პროგრამით, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.
კასატორი ასევე მიუთითებს „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება. ინფორმირებული თანხმობის მიღება წინ უძღვის სამედიცინო მომსახურების გაწევას. ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული. აკრძალულია ქმედუნარიანი და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიანი პაციენტის ნების წინააღმდეგ სამედიცინო მომსახურების განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
კასატორის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტი სრულწლოვანი იყო, იყო ქმედუნარიანი და აცნობიერებდა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სამედიცინო მომსახურების მიღებასა თუ ფინანსურ საკითხებზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო მას და არა მის რომელიმე ნათესავს, თუნდაც შვილს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 25 ოქტომბრის #02/55916 გადაწყვეტილებისა და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 23 ივნისის #39/10 რევიზიის აქტის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რევიზიისას გამოვლინდება, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს თანხა გადაახდევინა იმ მომსახურებაში, რომელიც მთლიანად დაფარულია პროგრამით, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტ ზ. გ-იის შვილმა - გ. გ-იმა 28.07.2015წ. განცხადებით მიმართა სს „...ს“. განმცხადებელი უარს აცხადებდა საყოველთაო პროგრამით სარგებლობაზე და ითხოვდა ზ. გ-იისათვის ოპერაციის ჩატარებას შიდა სტანდარტით.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ პაციენტს კლინიკაში ჩაუტარდა რიგი კვლევები. მომზადდა საოპერაციოდ; 28.07. 14:40 საათიდან 28.07. 18:00 საათამდე ჩაუტარდა ოპერაცია - მარჯვენამხრივი L4 მარცხენამხრივი არკოტომია L3-L4 დისკექტომია ABSC26 ABSC99, რის შემდეგ პაციენტი გადავიდა ინტუბირებულ მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც გაუგრძელდა მკურნალობა და კვლევები. კვლევების შედეგად გამოვლინდა თირკმლის მწ. უკმარისობა, რაც აისახა სისხლის გაზებით (მეტაბოლური აციდოზი), მაღალი კრეატინინით (224-500), მაღალი კალიუმით (6.2-5.8-4.58) ოლიგურიით. ჩატარებული მკურნალობის ფონზე მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა: ნათელი ცნობიერებით, დამაკმაყოფილებელი რესპირაციისა და ჰემოდინამიკის ფონზე. 29.07. 15:10 საათზე პაციენტი მოხსნილ იქნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან, თუმცა ყურადღებას იპყრობდა მზარდი კრეატინინი, ჰიპოალბუმინემია, ანემია, ცვლილებები შარდში (ცილა, ერითროციტი). განმეორებით ჩატარდა ნეფროლოგის კონსულტაცია და საჭიროდ ჩაითვალა თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია. აღნიშნული ეცნობა ჯანდაცვის სამინისტროს, მკურნალობისა და გამოკვლვევების შემდგომი გაგრძელების მიზნით კატასტროფის ბრიგადის მიერ პაციენტი გადაყვანილ იქნა სპეციალიზებულ კლინიკაში. ავადმყოფს სტაციონარში ყოფნის პერიოდში უტარდებოდა შემდეგი ინტენსიური მოვლა: 28.07. 13:30-დან 28.07. 14:40-მდე განყოფილება 51.1; 28.07. 14:40-დან 28.07. 18:00-მდე განყოფილება ოპერაცია ABSC26 ABSC99; 28.07. 18:00–დან 29.07. 18:00-მდე პოსტოპი; 29.07. 18:00-დან 30.07. 17:30-მდე I დონე, #19.
ამასთან, საქმის მასალებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ 2015 წლის 30 ივლისს, ერთი მხრივ, პაციენტის წარმომადგენელს - ს. გ-ისა და მეორე მხრივ, სს „...ს“ შორის შედგა ვალის აღიარებისა და დაფარვის შესახებ შეთანხმება. შეთანხმების თანახმად, პაციენტ - ზ. გ-იისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად წარმოშობილი დავალიანება შეადგენდა 867.99 ლარს, რომელიც პასუხისმგებელ პირს უნდა დაეფარა 2015 წლის 31 აგვისტომდე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 23 ივნისის #04/48349 წერილით დგინდება, რომ სს „...ში“ 2015 წლის 29 ივლისის 15:00 საათიდან ამავე წლის 30 ივლისის 17:30 საათამდე პერიოდში I დონის ინტენსიური მკურნალობა-მოვლის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს (21 დღემდე დაყოვნებისას) 325 ლარს. ამდენად, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 23 ივნისის #39/10 რევიზიის აქტის თანახმად, პაციენტ ზ. გ-იისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებისას 29.07.2015წ. 15:10 სთ-დან 30.07.2015წ. 17:30 სთ-მდე პერიოდში I დონის ინტენსიური მკურნალობა-მოვლის ფარგლებში პაციენტისათვის თანხის გადახდის მოთხოვნის გამო, სს „...ს“ გადასახდელად დაეკისრა ჯარიმა - 975 (325X3=975) ლარი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია: ა) მოსარგებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი; ბ) წინასწარი დიაგნოზი დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; გ) შემთხვევის (მათ შორის, ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში პროგრამული შემთხვევების) დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო. ამავე დადგენილების #1 დანართის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში, პროგრამულ შემთხვევად განიხილება სამედიცინო მომსახურების ის ნაწილი, რომელიც მოიცავს პროგრამით განსაზღვრული მკურნალობის ეპიზოდს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ პაციენტის მიერ უარი იქნა გაცხადებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობაზე კონკრეტული შემთხვევის ფარგლებში, რაც თავისთავად გულისხმობს ამავე მიმწოდებლის მიერ ერთი შემთხვევის ფარგლებში განხორციელებული მომსახურების საყოველთაო პროგრამით სარგებლობაზე უარის თქმას. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის მე-11 მუხლის დანაწესი ერთ შემთხვევად განიხილავს ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში პროგრამული შემთხვევების ერთობლიობას. ამგვარად, ერთი შემთხვევის ფარგლებში ჩატარებული მკურნალობის მიმდინარეობისას შესაძლოა პაციენტისათვის გაწეული მომსახურების მკურნალობის ეპიზოდების გათვალისწინებით, ანაზღაურება ხვდებოდეს სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა სახეობის ხარჯებში, თუმცა თავად შემთხვევა განიხილება როგორც ერთი მკურნალობის სხვადასხვა პროგრამული შემთხვევების ერთობლიობა, რომელთა განცალკევება ხარჯების ანაზღაურების მიზნებისათვის დაუშვებელია იმ პირობებში, როდესაც პაციენტი უარს აცხადებს არა კონკრეტული დიაგნოზით, არამედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სამედიცინო მომსახურების მიმღები პირის მიერ ერთი სამედიცინო მომსახურების ფარგლებში საყოველთაო პროგრამით სარგებლობის თაობაზე გაცხადებული უარი ვრცელდება ამ მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ჩატარებული მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში წარმოშობილ ყველა პროგრამულ შემთხვევაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 19.08.2021წ. #05034 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინება;
3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.08.2021წ. #05034 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა