დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.03.2022
საქმის ნომერი
ბს-906(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-906(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 4 თებერვალს ჯ. ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 15 იანვრის №MIA 6 19 00102378 წერილობითი მიმართვის, ჯ. ტ-ის ჯანმრთელობისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ჯ. ტ-ის ჯანმრთელობისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ტ-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოიფლება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინებით ჯ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მოსარჩელე ჯ. ტ-ი 1981 წლის 28 დეკემბრიდან, 1992 წლის 1 ივნისამდე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ...ის სამმართველოში).

შპს „...ის“ ...ის 2018 წლის 15 ივნისის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის მიხედვით, მოსარჩელე ჯ. ტ-ს აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი, მისი მიზეზია საერთო დაავადება და იგი დადგა 2016 წლის 14 ივნისს.

მოსარჩელე ჯ. ტ-მა, 2019 წლის 3 იანვარს, განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს, წარუდგინა ცალკეულ პირთა ახსნა-განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ნამდვილად მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში და ხმაურის და გამონაბოლქვის გამო უჩიოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ითხოვა მისი ჯანმრთელობისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება, რაც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 15 იანვრის წერილობითი მიმართვით არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ არ არსებობდა შესაბამისი საექიმო კომისიის დასკვნა.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით და „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ჯ. ტ-ის შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი - საერთო დაავადება დადგენილი იქნა მითითებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო მისი დათხოვნის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ, სათანადო დასკვნა შედგენილი არ ყოფილა, რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გამორიცხავდა ჯ. ტ-ის შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში შრომითი და პროფესიულ საქმიანობის დადასტურებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ტ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მისი დათხოვნის წინ სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებულა და ასეთი აქტი არ შემდგარა, ვინაიდან სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია წარდგენილი მტკიცებულება, რაც ადასტურებდა კავშირს მის დაავადებასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შორის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. ტ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მოსარჩელის ჯ. ტ-ის ჯანმრთელობისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემობაზე, რომ მოსარჩელე ჯ. ტ-ი 1981 წლის 28 დეკემბრიდან, 1992 წლის 1 ივნისამდე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ...ის სამმართველოში).

შპს „...ის“ ...ის 2018 წლის 15 ივნისის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის მიხედვით, მოსარჩელე ჯ. ტ-ს აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი, მისი მიზეზია საერთო დაავადება და იგი დადგა 2016 წლის 14 ივნისს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ1“, „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთა შესაძლებლობების შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან.

„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის (დანართი №2) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა.“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას პირის მიერ წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო – სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების ჯანმრთელობის დაცვა, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრა, მისი გამომწვევი მიზეზების პროფილაქტიკა და აღნიშნული კატეგორიის პირთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პირობების შექმნა. მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისას დაწესებულება ადგენს შემდეგ მიზეზებს: საერთო დაავადება, შრომითი დასახიჩრება, პროფესიული დაავადება, ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვა, შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან, შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც არ არის დაკავშირებული სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან, შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიასთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მიზეზს. შესაძლებლობის შეზღუდვა საერთო დაავადებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ იგი კავშირში არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ-თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიზეზებთან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი პროფესიული დაავადებით დაუდგინდება პირს, რომელსაც მწვავე ან ქრონიკული დაავადება განუვითარდა მოცემული პროფესიისათვის დამახასიათებელი მავნე ფაქტორების ზემოქმედებით, ან იმ საწარმოსათვის დამახასიათებელი შრომის პირობებით, სადაც ის მუშაობდა. შესაბამისად, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგად, პირს უდგინდება შესაძლებლობის შეზღუდვის კატეგორია და მიზეზი, რომელიც განაპირობებს მისთვის შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ იმ პირობებში როდესაც ჯ. ტ-ის დათხოვნის შესახებ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ არ განხორციელებულა პირის შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზის დადგენა - სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების გზით, სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ცალკეულ სამედიცინო ცნობებზე მითითება, რომლებიც ზოგადი დაავადებების არსებობაზე მიუთითებენ ვერ გახდება ჯ. ტ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ტ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი