გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად

ადმინისტრაციული 24.02.2022
საქმის ნომერი
ბს-142(კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.02.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-142(კ-19) 24 თებერვალი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ვ. ფ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ქ. თბილისის მთავრობა

მესამე პირები - შპს „...“, მ. კ-ა, ტ. შ-ე, მ. ბ-ი, რ. ბ-ი, დ. ყ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის გაჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 11 თებერვალს ვ. ფ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სასარჩელო მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ მოპასუხეებად მიუთითა: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო და ქალაქ თბილისის მთავრობა.

მოსარჩელის განმარტებით, ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 13 სექტემბრის №23.25.913 დადგენილების საფუძველზე, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ..., ნაკვეთი N..., ფართობი 65000 კვ.მ. ს/კ N..., პრივატიზება განახორციელა ელექტრონული აუქციონის მეშვეობით. შემძენი გახდა შპს ,,...“, მის სახელზე გაიცა აუქციონში გამარჯვების ოქმი, საბოლოოდ კი, საკუთრების მოწმობა. მოსარჩელის მითითებით, გასხვისებული ქონება მოიცავს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 1289 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელშიც 1982 წლიდან განთავსებული აქვს საცხოვრებელი შენობა და წლების განმავლობაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ორთოფოტოებით, ასევე ადგილზე დათვალიერებით, შესაძლებელი იყო სადავო უძრავ ქონებაზე მისი მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული ვალდებულება უგულებელყო და ქონება შეიყვანა საპრივატიზებო ნუსხაში და დაუქვემდებარა გასხვისებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 13 სექტემბრის №23.25.913 დადგენილების, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 2 ნოემბრის №E-11-6122 აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა (ადმინისტრაციული დაპირება) და 2013 წლის 13 მაისის №2183 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ფ-იმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით ვ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ფ-იმა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, არამართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ მიწის ნაკვეთზე ნაგებობა არ დგას. ადმინისტრაციულ ორგანოს მიწის ნაკვეთის აუქციონზე გასხვისებამდე, უნდა გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება და უნდა მიეცა შესაძლებლობა ვ. ფ-ისათვის დაეცვა თავისი საკუთრების უფლება. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება გამოიტანა ისე, რომ საქმის განხილვას აპელანტი მხარე ვერ დაესწრო. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული სხდომის დღე ემთხვეოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ პროცესს, რის გამოც იშუამდგომლეს საქმის განხილვის გადადების თაობაზე. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მხარის უფლება - დაცული ყოფილიყო ადვოკატის მეშვეობით და არ გადადო საქმის განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, დასაშვებად იქნა მიჩნეული ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამავე კოდექსის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და ამას არც კასატორი ხდის სადავოდ, რომ აპელანტის ვ. ფ-ის წარმომადგენელ - გ. ვ-ეს სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ არც ვ. ფ-ი და არც მისი წარმომადგენელი გ. ვ-ე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ, რის თაობაზეც წარმომადგენელმა წინასწარ აცნობა სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. აპელანტის წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს აცნობა, რომ 2018 წლის 13 ივნისს, 15:00 საათზე მონაწილეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვაში, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც ასევე ერთვოდა შუამდგომლობას (ს.ფ. 39-46).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა განსაკუთრებული ობიექტური გარემოების გამო. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სხდომის გამართვამდე აცნობა სააპელაციო სასამართლოს, რომ იგი გამოცხადებას ვერ შეძლებდა, რადგან სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული სხდომის პარალელურად მონაწილეობა უნდა მიეღო თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ საქმის განხილვაში, რომლის თაობაზეც უფრო ადრე იყო მისთვის ცნობილი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო გაეთვალისწინებინა მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა და გადაედო სხდომა სხვა დროისთვის. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წინასწარ შეატყობინა მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, სასამართლომ კი, საერთოდ არ იმსჯელა წარდგენილ შუამდგომლობაზე და ისე განიხილა ვ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი, რომ საქმის განხილვას არ ესწრებოდა არც თავად აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა შეასრულა კანონის მოთხოვნა და შეატყობინა სააპელაციო სასამართლოს მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლოსათვის ცნობილი იყო აპელანტის წარმომადგენლის სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობის შესახებ და ისეთ პირობებში საქმის განხილვა, როდესაც აპელანტის წარმომადგენელს არ ჰქონდა შესაძლებლობა, გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე, ლახავს აპელანტის კანონიერი უფლებას, მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თუ მხარეს ჰყავს წარმომადგენელი, მას აქვს კეთილსინდისიერი მოლოდინი რწმუნებულის მხრიდან მისი უფლებების კვალიფიციურად დაცვისა, შესაბამისად, რწმუნებულის სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობამ მხარეს დაცვის უფლება არ უნდა შეუზღუდოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს, რომელთა არსებობა, მათი ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხავს ჯეროვანი სამართალწარმოების განხორციელებას. შესაბამისად, მათი გამოვლენა და აღმოფხვრა სასამართლოს ვალდებულებაა, მაშინაც კი, თუ მხარეები აღნიშნულზე არ მიუთითებენ. სსკ-ის 394-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესის ფუნდამენტური პრინციპი - მხარეთა შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა თანაბარ უფლებასა და შესაძლებლობას, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი). აღნიშნულ პრინციპს მოიცავს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, რომელიც გარანტირებულია „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლით. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს უფლებას მხარეთა შეჯიბრებითობაზე, რომლის თანახმად, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასა და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით“ (იხ. საქმეები Milatova and Others v. The Czech Republic, 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება, no. 61811/00, §59; Nideröst-Huber v. Switzerland, 1997 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1997-I, გვ. 108, § 24, და K.S. v. Finland, 2001 წლის 31 მაისის გადაწყვტილება no. 29346/95, § 21). საქმეში ,,ჰუდაკოვა და სხვები სლოვაკეთის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტი, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, მოიცავს მხარეთა უფლებას, ჰქონდეთ გონივრული შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი საქმე სასამართლოს წინაშე ისეთ პირობებში, რომლებიც არ ჩააყენებს მათ არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში მეორე მხარესთან შედარებით“ (იხ. საქმე Hudakova and Others v. Slovakia, 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, no. 23083/05, § 25).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ისე განიხილა ვ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი, რომ სასამართლო განხილვას არ ესწრებოდა აპელანტი მხარე, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წინასწარ შეატყობინა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, წარმოადგენს სსსკ-ის 394-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ზემოთ აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე