საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 26.04.2001
საქმის ნომერი
2კ-41აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.04.2001

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 41აპ 26 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის განაჩენი მის მიმართ.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის განაჩენით გ. ს-შვილს, უმუშევარს, ნასამართლევს, მცხოვრებს ქ. თბილისში, მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 6 თვით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” და “დ” პუნქტებით – 4 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შეკრების წესით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებათა კოლონიაში მოხდით.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით გ. ს-შვილს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონოდ შეღწევით არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ. ს-შვილი, 1996 წელს გასამართლებულ იქნა გლდანის რაიონის სასამართლოს მიერ სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, რაც სსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით.

1997 წელს იმავე რაიონის სასამართლოს განაჩენით სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით მას მიესაჯა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1998 წელს გ. ს-შვილი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

2000 წლის 17 ივნისს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ. ს-შვილმა ღამით შეაღწია ქ. თბილისში, ... ¹ 2 სკოლა-ინტერნატის შენობაში, საიდანაც ფარულად გაიტაცა 120 ლარად ღირებული მაცივარი; მანვე 27 ივნისს, დაახლოებით 24 საათზე, იმავე სკოლა-ინტერნატიდან ფარულად გაიტაცა ორი ცალი 50 ლიტრიანი ქვაბი, ერთი თასი, ორი საწური, რითაც 270 ლარის ზიანი მიაყენა დაზარალებულ ორგანიზაციას.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული გ. ს-შვილი მიუთითებს, რომ მისთვის დანიშნული სასჯელი არის მეტისმეტად მკაცრი და ითხოვს მის შემსუბუქებას შემდეგი მოტივებით: ოჯახში აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, კმაყოფაზე ჰყავს დედა, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი, დანაშაული მოინანია.

საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. მ-ძემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენი გ. ს-შვილის მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დადგენილია და მსჯავრდებული გ. ს-შვილიც არ უარყოფს, რომ მან 2000 წლის 7 და 27 ივნისს შეაღწია რა ქ. თბილისის ¹ 2 სკოლა-ინტერნატის შენობაში, ფარულად გაიტაცა 14 დასახელების ნივთი, რითაც დაზარალებულ ორგანიზაციას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

გ. ს-შვილი ამ დანაშაულის ჩადენამდე ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ქონების მისაკუთრებისათვის.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გ. ს-შვილის მიერ ზემოთ მითითებული დანაშაულის ჩადენა და მისი ქმედება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” და “დ” პუნქტებთან ერთად, დააკვალიფიცირა ამავე კოდექსის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტებით, რაც არასწორია, ვინაიდან სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” და “დ” პუნქტები მოიცავს ამავე კოდექსის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულობებს.

პალატა თვლის, რომ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტები და, შესაბამისად, ამ მუხლით შეფარდებული სასჯელი - 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 561-ე მუხლის “დ” პუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 თებერვლის განაჩენი გ. ს-შვილის მიმართ შეიცვალოს: განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტები და ამ მუხლით შეფარდებული სასჯელი - 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ს-შვილს მოსახდელად დაეტოვოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” და “დ” პუნქტებით შეფარდებული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.