დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 11.05.2022
საქმის ნომერი
ბს-183(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-183(კ-22) 11 მაისი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ...).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2019 წლის 20 მარტს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,...მ’’ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს გასცეს 2019 წლის 20 თებერვლის №1/2002-08 წერილით მოთხოვნილი შემდეგი საჯარო ინფორმაცია: ა) 2018 წლის ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის შიგნით მივლინებათა რაოდენობა (როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სამინისტროს სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა მივლინება) თითოეული მივლინების ადგილი, მივლინების თარიღი და მივლინების პერიოდში განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია; ბ) ქვეყნის შიგნით თითოეული მივლინების ბიუჯეტის შესახებ, მათ შორის მგზავრობის, კვების, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა ხარჯების გათვალისწინებით; გ) ქვეყნის შიგნით თითოეული მივლინება რა მიზანს ემსახურებოდა და მიიღო თუ არა სამინისტრომ კონკრეტული შედეგი.

მოსარჩელის მითითებით, 2019 წლის 19 თებერვალს მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის განყოფილებას ელექტრონული განცხადებით და მოითხოვა სამინისტროს და მასთან არსებული ყველა ა(ა)იპ-ის, სსიპ-ის თანამშომელთა მივლინების შესახებ საჯარო ინფორმაცია. 2019 წლის 20 თებერვალს მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული მისამართიდან მიიღო წერილი - „თქვენი შეტყობინება მიღებულია და რეგისტრირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი გეცნობებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში“ (20.02.2019 წელი)’’. მიუხედავად ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ მიუწოდებია.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ...ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრის დაევალა გასცეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ...ს №1/2002-08 წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა 2018 წლის ივლისიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის შიგნით მივლინებათა (გარდა ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის) რაოდენობა, თითოეული მივლინების ადგილი, თარიღი და ბიუჯეტი; დანარჩენ ნაწილში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ...ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.

პალატის შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, კერძოდ, უნდა დადგენილიყო რამდენად მართლზომიერად ეთქვა უარი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ...ს №1/2002-08 წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რომლითაც ის ითხოვდა შემდეგი სახის ინფორმაციას: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა 2018 წლის ივლისიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის შიგნით მივლინებათა (გარდა ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის) რაოდენობა, თითოეული მივლინების ადგილი, თარიღი და ბიუჯეტი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავზე, ამავე კოდექსის 28-ე მუხლზე, მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტზე, მე-10, მე-40 და 37-ე მუხლებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ სარჩელის აღძვრის (20/03/2019წ.) შემდეგ, ...ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 2 აპრილის №MIA 719 00841883 წერილით მიეწოდა ინფორმაცია 2017-2018 წლებში, სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომელთა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე გაწეული ხარჯების ჯამური ინფორმაცია. მოსარჩელე მხარე საჯარო ინფორმაციის სახით ითხოვდა მხოლოდ თანხობრივი მონაცემების გაცემას და არ მოითხოვდა სამინისტროს, მისი საქვეუწყებო დაწესებულების, სსიპ-ებისა თუ ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების მითითებას. ამასთან, მოთხოვნილი ინფორმაციის ჯამური მონაცემი (წლების მიხედვით) გაცემული იყო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ როგორც სამინისტროსთან, მისი საქვეუწყებო დაწესებულებებთან, ისე სსიპ-ებითან და ა(ა)იპ-ებთან მიმართებით (ს.ფ. 35-36). წერილით მხარე მოითხოვდა თითოეული მივლინების პერიოდში გაწეული ხარჯების სახეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. მოპასუხე მხარე ინფორმაციის მოთხოვნილი სახით გაუცემლობას ხსნიდა იმ გარემოებით, რომ ამგვარად ინფორმაციის დამუშავება სამინისტროს მიერ არ ხდებოდა. მივლინებების ადგილის, თარიღის და ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის გაცემა შესაძლებელი იყო თითოეული მივლინების ბრძანების შესწავლის შედეგად. რაც შეეხებოდა თანამშრომლების მივლინებების დროს განხორციელებული სამუშაოების აღწერას, მივლინების მიზანს და მიღებული შედეგების, ასევე მივლინების ხარჯების დაკონკრეტებულ მონაცემებს ამგვარი ინფორმაციის დამუშავებას სამინისტრო არ ახდენდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, ამავე წესის 31-ე მუხლზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული პირისათვის საჯარო ინფორმაციის მიწოდება, მიუხედავად იმისა, რომ განცხადების წარდგენის მომენტისათვის ინფორმაცია სათანადო წესით არ იყო დამუშავებული და მისი დამუშავება დაკავშირებული იყო დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებასთან.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის განმარტება იმის შესახებ, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა ქვეყნის შიგნით მივლინებათა რაოდენობას, თითოეული მივლინების ადგილს, თარიღსა და ბიუჯეტს არ იძლეოდა ამავე სამინისტროში დასაქმებული პირების პერსონალური მონაცემების პირდაპირი თუ არაპირდაპირი იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ანუ არ მოიცავდა კონკრეტული პერსონიფიცირებული ხასიათის ინფორმაციას. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაცია არ შეიცავდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ ნიშნებს, რომელიც აუცილებელი იყო ინფორმაციის პერსონალური მონაცემების შემცველად მიჩნევისათვის, ხოლო ის ინფორმაცია, რომელიც არ აკმაყოფილებდა ამ მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, არ იყო საინტერესო პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნებისთვის. ხსენებული ინფორმაცია, ისევე, როგორც უკვე გაცემული ინფორმაციის ნაწილი, წარმოადგენდა საჯარო მოხელეთა და თანამდებობის პირთა სამსახურებრივი საქმიანობის ამსახველ სტატისტიკურ მონაცემს ყოველგვარი პერსონალური მონაცემების მითითებების გარეშე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო კონკრეტული სახის ინფორმაცია დაემუშავებინა განცხადებაში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად და მიეწოდებინა იგი მომთხოვნი პირისათვის. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

კასატორის მოსაზრებით მართალია, საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს ფუძემდებლურ პრინციპს, რომლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, მიიღოს საჯარო ინფორმაცია, თუ ისინი არ უკავშირდება სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს, თუმცა ინფორმაციის თავისუფლება არ არის აბსოლუტური, რაც საშუალებას იძლევა, გარკვეულ შემთხვევაში, კანონის საფუძველზე, მოხდეს ამ უფლების შეზღუდვა.

მოცემულ შემთხვევაში ორგანიზაცია ითხოვს 2018 წლის ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის შიგნით მივლინებათა რაოდენობას (როგორც საქართველოს შს სამინისტროს, ასევე სამინისტროს სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა მივლინება), თითოეული მივლინების ადგილის, თარიღის და მივლინების პერიოდში განხორციელებული სამუშაოების, კვების, სასტუმროსა და სხვა ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის მითითებით, რაც იმდენად მოცულობითია, რომ ამ ინფორმაციის დამუშავება გამოიწვევს გაუმართლებელ ცვლილებას სამინისტროს მუშაობის ორგანიზებაში და ხელს შეუშლის მის მიერ საჯარო ფუნქციების განხორციელებას. მართალია, „შინაგან საქმეთა მინისტრის №995 ბრძანების მიხედვით, სამსახურებრივი მივლინება ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ „შსს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში“ „მივლინების“ შესაბამისი გრაფის შევსებით ან სათანადო პატაკის/მატერიალური დოკუმენტის წარდგენით, თუმცა ელექტრონულ დოკუმენტბრუნვის სისტემაშიც კი შეუძლებელია ინფორმაცია დამუშავდეს ისე, რომ არ მოხდეს თითოეული მივლინების ბრძანების შესწავლა. 6 თვის მონაცემების ამოღება კი, როდესაც სამინისტრო 40 000 თანამშრომელს ითვლის, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ფუნქციებისაგან მის მოწყვეტას გამოიწვევს. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ თითოეული მივლინების ბრძანების შესწავლა მოცემული ოდენობის თანამშრომლის ყოლის პირობებში, უწყების მნიშვნელოვანი ფუნქციებიდან მოწყვეტას გამოიწვევს. მით უფრო უწყების მუშაობა დაკავშირეულია ისეთ მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებასთან, როგორიც საგამოძიებოა, რომლის ფარგლებშიც აუცილებელი გახდება მივლინებების დეტალურად გავლა, რათა არ იქნას გაცემული საიდუმლო ან საგამოძიებო მიზნებთან დაკავშირებული მივლინებები.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთან, მოპასუხე მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება ...ს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობა ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელოვანი პირობაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის #2/3/364 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

ამასთან, განსაკუთრებით საყურადღებოა საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და მიზნებთან დაკავშირებით, კერძოდ, „სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლება უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოში ღია მმართველობის განხორციელებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების დამკვიდრებისა და შენარჩუნებისათვის. აღნიშნული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას შესაბამისი გარანტიები, რათა შესაძლებელი გახადოს საჯარო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქის ინფორმირებულობა. სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო საჯარო მნიშვნელობის საკითხები, დასვას კითხვები, განიხილოს, რამდენად ადეკვატურად ხორციელდება საჯარო ფუნქციები და თავად იყოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესის აქტიური მონაწილე. ინფორმაციის ღიაობა ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ღია მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოებს/თანამდებობის პირებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობა გადამოწმდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ და გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში დაექვემდებარონ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას. ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების დროულად გამოსავლენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის #1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).“

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამავე კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.

შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №955 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეს სამივლინებო ხარჯები შესაძლოა აუნაზღაურდეს მხოლოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას სამსახურებრივი გადაადგილებისას. ამავე წესის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მივლინება ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ „შსს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში“ „მივლინების“ შესაბამისი გრაფის შევსებით, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში - სათანადო პატაკის/მატერიალური დოკუმენტის წარდგენით. მივლინების პერიოდში მივლინების ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი კანონმდებლობით. მივლინების პერიოდში სამინისტროს მოსამსახურეს უნარჩუნდება შესაბამისი თანამდებობა, გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებისა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრის შემდეგ, ...ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 2 აპრილის №MIA 719 00841883 წერილით მიეწოდა 2017-2018 წლებში, სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომელთა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე გაწეული ხარჯების ჯამური ინფორმაცია.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას იმის შესახებ, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელიც შეეხება ქვეყნის შიგნით მივლინებათა რაოდენობას, თითოეული მივლინების ადგილს, თარიღსა და ბიუჯეტს არ იძლევა ამავე სამინისტროში დასაქმებული პირების პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირების შესაძლებლობას - არ მოიცავს კონკრეტული პერსონიფიცირებული ხასიათის ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ინფორმაციის პერსონალური მონაცემების შემცველად მიჩნევისათვის.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მითითებული ინფორმაციის დამუშავება გამოიწვევს გაუმართლებელ ცვლილებას სამინისტროს მუშაობის ორგანიზებაში და ხელს შეუშლის საჯარო ფუნქციების განხორციელებაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო დაემუშავებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაცია და მიეწოდებინა იგი მოსარჩელისთვის კანონით დადგენილი წესით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე