დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 29დად 19 მარტი 2001 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ტურავა
წევრები: ნ. გვენეტაძე, მ. ისაევი
განიხილა შპს “საქართველოს თამბაქოს წარმოების” დირექტორ მ. ფ-იანის წარმომადგენლის ივანე ხოხლოვის კერძო საკასაციო საჩივარი (განცხადება) თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის ბრძანებაზე, რომლითაც:
1. ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ... მდებარე თამბაქოს ქარხნის შენობას, მოწყობილობას და სხვა ძირითად საშუალებებს, აიკრძალა მათი გასხვისება, წარმოების შეჩერების გარეშე;
2. ყადაღა დაედო ფაბრიკის საერთაშორისო ანგარიშს ახალ გაერთიანებულ ქართულ ბანკში;
3. მ. ფ-იანი გათავისუფლდა შპს “საქართველოს თამბაქოს წარმოების” დირექტორის თანამდებობიდან;
4. შპს “საქართველოს თამბაქოს წარმოების” ფუნქციონერების შეუფერხებელი მუშაობის გასაგრძელებლად დაინიშნა დროებითი ადმინისტრაცია: გენერალურ დირექტორად ა. წ-ელი (დაბადებული ქ. თბილისში, პროფესიით ბიზნესმენი), ხოლო დირექტორის თანამდებობაზე ვ. ა-აზმა (დაბადებული ერაყში, ქ. ბაბილონი, ბიზნესმენი). დროებით ადმინისტრაციას მიეცა უფლება წესდებით გათვალისწინებული უფლებების და ვალდებულებების შესასრულებლად და მესამე პირებთან საქმიან ურთიერთობებში თავისუფალი და შეუზღუდავი მოქმედებისა სისხლის სამართლის საქმის დამთავრებამდე და მესაკუთრის უფლების აღდგენამდე.
შპს “საქართველოს თამბაქოს წარმოების” წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ორივე დირექტორი ახორციელებს მხოლოდ ერთობლივად;
5. ბრძანების აღსრულება დაევალა სასამართლოს აღმასრულებელს სსსკ-ის 196-ე მუხლით დადგენილი წესით;
6. ბრძანების მოქმედების ვადა განისაზღვრა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
7. ასევე, მითითებული იქნა, რომ გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების აღსრულებას.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ვ. ბ-ძემ 2001 წლის 26 თებერვალს, საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ.
შუამდგომლობაზე დართული იყო:
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს იასამალის რაიონის მოსამართლის 2001 წლის 23 თებერვლის დადგენილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ამავე რაიონის პროკურორის შუამდგომლობა _ ყადაღა დაედო თამბაქოს ფაბრიკას _ მდებარე ქ. თბილისში, ამავე ფაბრიკის საერთაშორისო ანგარიშს ახალ გაერთიანებულ ქართულ ბანკში; მ. ფ-იანს მოეხსნა ქარხნის მართვის უფლება, ხოლო დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა მიენდო საგამოძიებო ორგანოებს მათი შეხედულებისამებრ;
2. დადგენილება ა. ნ-ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ;
3. დადგენილებები ა. ნ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების _ პატიმრობის შეფარდებისა და ძებნის გამოცხადების შესახებ;
ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის შუამდგომლობა განიხილა 2001 წლის 27 თებერვალს და მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით (განცხადებით) შპს “საქართველოს თამბაქოს წარმოების” დირექტორის მ. ფ-იანის წარმომადგენელი ი ხ-ვი ითხოვს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის ბრძანების გაუქმებას, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ მოტივებზე:
საქართველოს “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 64-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის საფუძველზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ, რადგან ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ ნორმებს და პრინციპებს;
ა. ნ-რი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება, არ წარმოდგენს შპს “საქართველოს თამბაქოს წარმოების” დამფუძნებელს. ის იყო მხოლოდ დირექტორი, რომელიც ინიშნება ან თავისუფლდება უცხოური იურიდიული პირის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით. ამდენად, სასამართლოს აღნიშნული ბრძანება უხეშად ბღალავს შპს “საქართველოს თამბაქოს მანუფაქტურის”, მის დამფუძნებელთა და შპს “საქართველოს თამბაქოს წარმოების” საკუთრების უფლებას;
სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 192-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნა, რადგან ყადაღა დაედო საწარმოს შპს “საქართველოს თამბაქოს წარმოების” ქონებას;
გაურკვეველია, რა საფუძვლით იქნა გათავისუფლებული მ. ფ-იანი თანამდებობიდან, მაშინ როდესაც იგი არც დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და არც ბრალდებულია, იგი თითქმის ერთი წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად უძღვებოდა საწარმოს;
კანონმდებლობით დროებითი ადმინისტრაცია ინიშნება მხოლოდ საქართველოს “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” გათვალისწინებულ შემთხვევებში მოცემულ შემთხვევაში კი საქმე ეხება შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს. ამდენად, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ბრძანებით დაენიშნა დროებითი ადმინისტრაცია, მითუმეტეს გაურკვეველია, ვინ არიან ა. წ-ლი და ვ. ა-მა.
პალატის სხდომაზე ადვოკატებმა ი ხ-მა და ლ დ-მა მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორმა დ. მ-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, სასამართლოს ბრძანება მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
გამომძიებელმა ფ. გ-იმ აღნიშნა, რომ საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისათვის აუცილებელი შეიქმნა შპს “საქართველოს თამბაქოს წარმოების” ქონებისა და საერთაშორისო ანგარიშის დაყადაღება, ასევე მ. ფ-იანის თანამდებობიდან გათავისუფლება და დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნა.
დაზარალებულ ნ. ნ-ის ინტერესების წარმომადგენელმა ადვოკატმა დ ლ-ამ აღნიშნა, რომ სასამართლოს ბრძანება არის კანონიერი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ: სასამართლოს ბრძანება მ. ფ-ის შპს “საქართველოს თამბაქოს წარმოების” დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 183-189-ე მუხლები აწესრიგებენ ბრალდებულის (ეჭვმიტანილის) თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საკითხს. საპროცესო კანონის ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, თანამდებობიდან გადაყენება დასაშვებია ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიმართ, თუ არის სარწმუნო მონაცემები, რომ ამ სამუშაოზე დარჩენით იგი ხელს შეუშლის ჭეშმარიტების დადგენას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ფ-იანი არაა დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი და არც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში არ ყოფილა მიცემული. ამდენად, სასამართლოს ბრძანების მოთხოვნა _ თითქოს კომპანია შპს “საქართველოს თამბაქოს წარმოების” დირექტორად მოქალაქე მ. ფ-იანის დანიშვნით ა. ნ-ერი აგრძელებდა ქარხნის მართვას და მისი მეშვეობით არაკუთვნილი შემოსავლების მითვისებას _ ვერ გახდება მ. ფ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი ითვალისწინებს მხოლოდ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას. ამიტომ ამ ნაწილში სასამართლოს ბრძანება უნდა იქნეს გაუქმებული.
პალატა თვლის, რომ სასამართლოს ბრძანების პირველი და მეორე პუნქტები, რომლებიც ეხება ქარხნის შენობის, მოწყობილობის და სხვა ძირითადი საშუალებების, ასევე საერთაშორისო ანგარიშის ყადაღის დადებას, გამომდინარეობს მოქმედი კანონიდან, ის არ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის მოთხოვნას, ასევე, აკმაყოფილებს ამავე კოდექსის 190-199-ე მუხლების მოთხოვნებს, ამიტომ ამ ნაწილებში სასამართლოს ბრძანება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
რაც შეეხება სასამართლო ბრძანების მეოთხე პუნქტს, რომლითაც ქარხნის მუშაობის გასაგრძელებლად დაინიშნა დროებითი ადმინისტრაცია, პალატა ამ ნაწილში არ შედის არსებით განხილვაში, რადგან ეს საკითხი, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის თანახმად, არ წარმოადგენს გასაჩივრების საგანს. ბრძანების აღნიშნული პუნქტი შესაძლებელია, გასაჩივრდეს სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. დირექტორების მიერ საწარმოს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის განხორციელების ფორმები უნდა განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სხვა ნაწილში ბრძანება არის კანონიერი და უნდა დატოვებულ იქნეს უცვლელად.
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 243-ე, 561-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის ბრძანების პირველი და მეორე პუნქტები დარჩეს უცვლელად.
ბრძანების მე-3 პუნქტი მ. ფ-ის შპს “საქართველოს თამბაქოს წარმოების” დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გაუქმდეს, ვინაიდან სსსკ-ის 183-189-ე მუხლები ითვალისწინებენ მხოლოდ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენებას.
ბრძანების მე-4 პუნქტთან დაკავშირებით საკასაციო პალატა არ შედის საკითხის არსებით განხილვაში, ვინაიდან აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს სისხლის სამართლის წესით საკასაციო გასაჩივრებისა და განხილვის საგანს. დირექტორების მიერ საწარმოს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის განხორციელების ფორმები კი უნდა განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სხვა ნაწილში ბრძანება დარჩეს უცვლელად.