დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 35კოლ 5 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი
განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის, პროკურორ ჯ. ს-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 21 მარტის განაჩენზე, რომლითაც: კ. ყ-შვილი, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მეორე ნაწილითა (ძველი რედაქცია) და მოქმდი სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ერთობლივად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე, კ. ყ-შვილს სასჯელის აღსრულება გადაუვადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით კ. ყ-შვილს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდა, ე.ი. საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისაგან მალულად, მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა გასაღების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: კ. ყ-შვილმა ქ. მოსკოვში ყოფნისას 2000 წლის აპრილში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა შემდგომში გასაღების მიზნით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, წონით 25,7 გრამი, რომლსაც ინახავდა. 2000 წლის 22 აპრილს კ. ყ-შვილი ¹ 703 ავიარეისით “მოსკოვი-სენაკი” გამოემგზავრა ქ. მოსკოვიდან საქართველოში, ქ. სენაკში, რა დროსაც ქ. მოსკოვიდან ქ. სენაკში ჩამოიტანა მის მიერ ქ. მოსკოვში უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, წონით 25,7 გრამი, რომელიც საბაჟო კონტროლისაგან დამალვის მიზნით შენახული ჰქონდა თავის, შარვლის ჯიბეში. 2000 წლის 22 აპრილს კ. ყ-შვილი ქ. სენაკის “კოლხის” აეროპორტის ტერიტორიაზე დააკავეს მას შარვლის მარცხენა ჯიბეში აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, წონით 25,7 გრამი, რაც მისგან ამოღებულ იქნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ჯ. ს-ძე ითხოვს სასამართლო კოლეგიის განაჩენის გაუქმებას, საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას და მიუთითებს შემდეგ მოტივებზე: საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. ყ-შვილი დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით (გულის თანდაყოფლილი მანკით, მეორე ხარისხის გულის უკმარისობა, მეორე ჯგუფის ინვალიდი, გულის დაავადების გამო), მაგრამ აღნიშნული არ ავალდებულებდა სასამართლოს, გადაევადა მისთვის სასჯელის მოხდა გამოჯანმრთელებამდე, მითუმეტეს, სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, პირს ჩადენილი აქვს ორი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და მსგავს დანაშაულთა წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლაა გამოცხადებული საზოგადოების მხრიდან.
წარმოდგენილია მსჯავრდებულ კ. ყ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი ა. დ-ის შესაგებელი, რომლიც არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. მ-ძემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. დ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ კ. ყ-შვილი მძიმედაა დაავადებული და საჭიროებს სტაციონალურ მკურნალობას. ამასთან ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებული კ. ყ-შვილის მიერ ჩადენილი დანაშული საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, სასჯელიც, ჩადენის სიმძიმის მიხედვით აქვს განსაზღვრული.
ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მსჯავრდებული კ. ყ-შვილი დაავადებულია გულის თანდაყოლილი მანკით, ფალოს ტეტრადა პალიატიური და რადიკალური ოპერაციების შემდგომი მდგომარეობა _ მე-2-ა ხარისხის გულის უკმარისობა, მე-2 ჯგუფის ინვალიდობა გულის დაავადების გამო, რომლის ამჟამინდელი მდგომარეობა საყურადღებოა, ესაჭიროება სტაციონალური მკურნალობა, კერძოდ, კარდიოლოგიური პროფილით და ხანგრძლივი დინამიკური დაკვირვებით.
ესპერტ ი. გრიგოლაშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ კ. ყ-შვილი დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, ესაჭიროება მკურნალობა კარდიოლოგიური პროფილით. მსჯავრდებული კ. ყ-შვილი რომ მძიმედაა დაავადებული ეჭვს არ იწვევს.
ასეთ ვითარებაში მსჯავრდებულ კ. ყ-შვილს სასამართლო კოლეგიამ სსსკ-ის 607-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე, სავსებით კანონიერად გადაუვადა სასჯელის აღსრულება. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 21 მარტის განაჩენი კ. ყ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.