დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 210 14 იანვარი 2000 წელი ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გ. ლილუაშვილი
წევრები: მ. ისაევი, მ. გოგელია
სხდომის მდივანი: ე. ბერიძე სხდომაში მონაწილეობდნენ: პროკურორი: ებრალიძე ადვოკატი: ე. ბესელია.
განიხილა მსჯავრდებული ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ა. ტ., ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ 79-ე მუხლის მესამე ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, სსკ 252-ე მუხლის მეორე ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, საქართველოს სსკ მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განაჩენით ტ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა კონტრაბანდა, ე. ი. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისაგან მალულად.
მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა გასაღების მიზნით, აგრეთვე უკანონო გასაღება.
ტ-მ ინკრიმინირებული დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა შემდეგ ვითარებაში:
რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მსჯავრდებული ა. ტ. და მოლდავეთის მოქალაქე, ამავე საქმეზე მსჯავრდებული, რ. კ. ერთად ცხოვრობდნენ თბილისში, პ-ის ქუჩის ¹ 21-ში მდებარე ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში. სახლის დიასახლისს და მეზობლებს მათ თავი გააცნეს, როგორც მეუღლეებმა.
1999 წლის თებერვალში ტ., რომელიც წვრილმან კომერციულ საქმიანობას ეწეოდა, გაემგზავრა რუსეთის ფედერაციის ქ. რ-ში და ბაზრის ტერიტორიაზე წინასწარი გამოძიებით დაუდგენელი ვინმე "ვ-საგან“ გასაღების მიზნით 2 200 აშშ დოლარად შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „---ი“. მან „---ი“ მოსკოვი-თბილისის მატარებლით 1999 წლის მარტის დასაწყისში საბაჟო კონტროლისაგან მალულად, შავი ფერის სპორტული ჩანთით უკანონოდ გადმოიტანა საქართველოში.
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადმოზიდული 240 გრამი ნარკტიკული საშუალება „ოპიუმიდან“ 39,08 გრამი ტ-მ გაასაღა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ასევე გამოძიებით დაუდგენელ პირებზე, ხოლო 0,7066 გრამი _ 1999 წლის 11 მარტს თბილისში ა. --- სახელობის სკვერში 50 ლარად მიყიდა ქ. ხ-ში მცხოვრებ დ. წ-ს. დ. წ-მ აღნიშნულის შესახებ იმავე დღეს განაცხადა და ნებაყოფლობით ჩააბარა ტ-გან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება "ოპიუმი“ საქართველოს შს სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ბიუროში.
ა. ტ. პოლიციის მუშაკებმა 1999 წლის 11 მარტს დაახლოებით 17 საათზე, დააკავეს თბილისში პ-ის სახელობის სკვერში და წარადგინეს შს სამინისტროში, სადაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის დროს მას აღმოაჩნდა 5 ჩეკი ნარკოტიკული საშუალება „---ი“, საერთო წონით 3,5344გრამი. ტ-ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას _ თბილისში, ---ის ქ. ¹ 21-ში აღმოჩენილი იქნა მის მიერ უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება "---ი“, საერთო წონით 196,3721 გრამი, სააფთიაქო სასწორი გირებით, რომლებსაც ტ. იყენებდა ნარკოტიკული საშუალების დასაფასოებლად. მ. კ-მ იცოდა, რომ მათ მიერ დაქირავებულ ბინაში ა. ტ. ნარკოტიკული საშუალებას ინახავდა, ჩხრეკაზე მისულ პოლიციის მუშაკებს მოთხოვნისთანავე წარუდგინა აღნიშნული და განუცხადა, რომ ნარკოტიკები ეკუთვნოდა მის მეუღლეს ა. ტ-ს.
ამ დანაშაულისათვის მ. კ. ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ 206-ე მუხლით 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ 46-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 (ორი) წელი. მ. კ. განაჩენს არ ასაჩივრებას.
საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ტ. აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ უხეშად დაარღვია არა მარტო პროცესუალური, არამედ მატერიალური ნორმები და მიუხედავად ბრალდების მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებების არარსებობისა, მას უკანონოდ დასდო მსჯავრი. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის გადაცემას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.
პალატამ განიხილა მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა დასაბუთებულობა და საფუძვლიანობა, მოუსმინა ადვოკატ ე. ბესელიას, რომელიც მხარს უჭერს საკასაციო საჩივარს, საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწეს ებრალიძეს, რომელიც ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას, თვლის, რომ განაჩენი ტ-ის მიმართ კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენმა ა. ტ-ის მსჯავრდებას საფუძვლად დაუდო წინასწარ გამოძიებაში ეჭვმიტანილად და ბრალდებულის სახით დაკითხვისას მის მიერ მიცემული, აღი-არებითი ჩვენებები. კერძოდ, ტ. აჩვენებს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება 240 გრ. "---ი“ მან შეიძინა რუსეთის ფედერაციაში, ქ. როსტოვში ვინმე "ვ-საგან“. 1999 წლის მარტის დასაწყისში ნარკოტიკული ნივთიერება ჩამოიტანა საქართველოში და შეინახა მის მიერ დაქირავებულ ბინაში, თბილისში ---ის ქ. ¹ 21-ში. მან-ვე აღიარა, რომ დ. წ-ს მიჰყიდა 1 ჩეკი "---ი“ 50 ლარად. ბრალდებულის სა-ხით დაკითხვისას ტ-მ ნაწილობრივ შეცვალა ადრე მიცემული ჩვენება _ დაადასტურა წ-თვის ნარკოტიკული ნივთიერების მხოლოდ უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტი.
მართალია, შემდგომში ა. ტ-მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენებები გამოძალული იქნა პოლიციის მუშაკების მიერ ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედების გზით, მაგრამ სასამართლომ სწორად გაბათილა მისი ეს ვერსია საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით.
სახელდობრ, ა. ტ-ის მსჯავრდება ემყარება მოწმე დ. წ-ის ჩვენებებს, რომელიც ამხელს ტ-ს ნარკოტიკული საშუალების "ოპიუმის“ გასაღებაში, წ. ასევე, აჩვენებს, რომ გადაწყვიტა ხელი აეღო ნარკოტიკების მოხმარებაზე, ტ-გან 50 ლარად შეძენილი 1 ჩეკი ნარკოტიკული ნივთერება "ოპიუმი“ ნებაყოფლობით წარადგინა საქართველოს შს სამინისტროში და განაცხადა მომხდარის შესახებ.
მსჯავრდებულმა კ-მ წინასწარი გამოძიების დროს ეჭვმიტანილად დაკითხვისას თავისივე ხელით დაწერილ ჩვენებებში თანმიმდევრულად და დამაჯერებლად გადმოსცა საქმის ფაქტიური გარემოებები, რითაც ამხილა ტ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ ტ-ის მსჯავრდებას სწორად დაუდო საფუძვლად ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებები. მართალია საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ტ. მიუთითებს, რომ მისი აღიარებითი ჩვენებები და მსჯავრდებული კ-ის ჩვენება, რომელშიც ის ამხელს ტ-ს, მიღებულია საპროცესო ნორმების უხეში დარღვევებით. კერძოდ, დარღვეულია სსსკ 17,100 მუხლების მოთხოვნა _ ტ-ის და კ-ის დაკითხვას არ ესწრებოდა თარჯიმანი, მაგრამ, რამდენადაც ტ. და კ. ჩვენებებს იძლეოდნენ მათთვის გასაგებ რუსულ ენაზე და წერდნენ თავიანთი ხელით, საკასაციო პალატა ტ-ის მითითებას საპროცესო კანონის დარღვევის თაობაზე არ იზიარებს.
ის გარემოება, რომ წინასწარი გამოძიების საწყის ეტაპზე ტ-ის და კ-ის დაკითხვისას კანონის რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია დასტურდება მათი ადვოკატის მ. ჟ-ას სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებითაც.
საკასაციო პალატა არ იზიარებს ტ-ის ვერსიას იმის თაობაზე, რომ აღიარებითი ჩვენებები მისცა მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედების შედეგად, რადგან აღნიშნულის დამადასტურებული რაიმე მასალა საქმეში არ მოიპოვება.
საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ტ. სადაოდ ხდის მისი დაკავების, პირადი ჩხრეკის და ბინის ჩხრეკის ოქმების კანონიერებასაც, რასაც ასაბუთებს იმით, რომ ამ ოქმებში მითითებული დრო არარეალურია.
საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის ამ მოტივს და თვლის, რომ სასამართლომ აღნიშნული ვერსიის გასაბათილებლად განაჩენში სწორად მიუთითა შემდეგ მტკიცებულებებზე:
შს სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომლის, მოწმე ც-ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მონაწილეობდა მსჯავრდებულ ტ-ის დაკავებაში და ---ის ქ. ¹ 21-ში მდებარე, მის მიერ დაქირავებული, ბინის ჩხრეკაში. იგი დაკავებული იქნა 1999 წლის 11 მარტს, დაახლოებით 17 საათზე ---ის სახელობის სკვერში მისივე განმარტებით, ოპერატიული ჯგუფის ნაწილმა ტ. წარადგინა შს სამინისტროში (ტ-ის წარმოდგენისა და დაკავების ოქმში მითითებული დრო _ 17 საათი და 35 წუთი აღნიშნავს მის შს სამინისტროში წარდგენის დროს), მეორე ნაწილმა კი რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, 17 საათსა და 10 წუთზე გაჩხრიკა ბინა. ჩხრეკა კანონის სრული დაცვით ჩატარდა.
ც-ის ჩვენებით დადგენილია ისიც, რომ მათ წინადადებაზე კ-მ ნებაყოფლობით წარმოადგინა ბინის კედელში არსებული სათავსოს ქვედა ნაწილიდან ცელოფანში გადახვეული სამი პოლიეთილენის პაკეტით ყავისფერი, პასტისებური, სპეციფიური სუნის მქონე ნივთიერება და განაცხადა, რომ ეს ნივთირება შეინახა მისმა მეუღლემ ტ-მ. აღნიშნულის შემდეგ თანამშრომლებმა ჩაატარეს ჩხრეკა და ამოიღეს 15 ჩეკი ნარკოტიკული საშუალება, სააფთიაქო სასწორი თავისი გირებით და ოთხკუთხედად დაჭრილი პოლიეთილენის ნაჭერი.
ტ-ის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით ანალოგიური ჩვენება მისცა წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს მოწმე გ. ლ-მ. მანვე აჩვენა, რომ შს სამინისტროში წარდგენის შემდეგ ტ-მ განაცხადა, რომ ტყავის ქურთუკის მარჯვენა ქვედა ჯიბეში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას "ოპიუმს“ და თანამოწმეების თანდასწრებით წარმოადგინა ხელსახოცის ქაღალდში გახვეული 5 ცალი პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო ყავისფერი ნივთიერება სპეციფიური სუნით. ტ-ს განმარტებით ეს ნივთირება ჩამოტანილია რუსეთიდან და ინახავდა ნაქირავებ ბინაში.
ნარკოტიკი რომ ნამდვილად ინახებოდა მსჯავრდებულების ტ-ის და კ-ის ნაქირავებ ბინაში, დადასტურებულია მათივე ჩვენებებითაც. ჩხრეკის ოქმის თანახმად, გარდა 196,3721 ნარკოტიკული ნივთიერებისა, ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა აგრეთვე სააფთიაქო სასწორი გირებით და ნარკოტიკული საშუალების შესაფუთად გამზადებული პოლიეთილენის ნაჭრები.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივარს იმაში, რომ ტ-ის დაკავების, ჩხრეკისა და ბინის ჩხრეკის ოქმები შედგენილია პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევით.
საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ტ. აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ 422-ე მუხლის მოთხოვნაც შუამდგომლობის განხილვის წესის შესახებ. სახელდობრ, სასამართლომ 1999 წლის 3 ნოემბერს ჯერ განიხილა ადვოკატის შუამდგომლობა, შემდეგ გავიდა სათათბიროდ და გადადო საქმის განხილვა მეორე დღისათვის. მეორე დღეს მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, გამოიტანა განჩინება შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.
პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივარს ამ ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია, ადვოკატმა ბესელიამ სასამართლო სხდომაზე 2 ნოემბერს (და არა 3 ნოემბერს) დააყენა შუამდგომლობა, მაგრამ, როგორც სასამართლო სხდომის ოქმიდან ჩანს, სასამართლომ ადგილზე თათბირით უარი უთხრა ადვოკატს ამ ეტაპზე შუამდგომლობის განხილვაზე, რადგან აუცილებლად მიიჩნია შუამდგომლობაში დაყენებული საკითხის გასარკვევად მოწმეების ც-ის და ლ-ის დაკითხვა. 3 ნოემბერს კი სასამართლომ დაკითხა მითითებული მოწმეები და ადვოკატ ბესელიას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უთხრა უარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ არ დარღვეულა საქართველოს სსსკ 422-ე მუხლის მოთხოვნა.
მოწმე ც-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბინის ჩხრეკის დროს კ-მ მათ წინადადებაზე წარმოადგინა სამი პოლიეთილენის პაკეტი ნარკოტიკული საშუალებით "---ი“, ც-მ აჩვენა, ისიც, რომ სატელეფონო საუბარი კ-სა და ტ-ს შორის შედგა ჩხრეკის დამთავრების შემდეგ.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ტ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმასთან დაკავშირებით, რომ კ-მ არ იცოდა ნარკოტიკების შესახებ და მას ეს მობილური ტელეფონით ტ-მ შეატყობინა.
საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ტ. უთითებს, რომ მსჯავრდებული კ. უდანაშაულოა, უფრო მეტიც, იგი მიიჩნევს, რომ რომ კ. უდანაშაულოა ისეთ შემთხვევაშიც კი, მისთვის, ცნობილი რომ ყოფილიყო ტ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შენახვისა და გასაღების ფაქტი.
ამ პოზიციის დასასაბუთებლად მსჯავრდებული ტ. მიუთითებს, რომ ის და კ. მეუღლეები არიან და ამდენად კ. არ იყო ვალდებული განეცხადებინა ტ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ.
პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას და სწორად მიიჩნევს სასამართლოს განმარტებას ამასთან დაკავშირებით. სახელდობრ, სასამართლომ საქმის მასალებიდან გამომდინარე მიუთითა, რომ ტ-სა და კ-ს შორის არსებული ურთიერთობა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ცოლქმრულ ურთიერთობად, მათ თავის მხრივ ჰყავთ რეგისტრირებული მეუღლეები და შვილები. ამდენად, კანონის მიხედვით ისინი არ ეკუთვნიან იმ ახლო ნათესავთა წრეს, რომელსაც კანონმა უფლება მიანიჭა არ მისცეს ახლობლის მამხილებელი ჩვენება.
ყურადსაღებია ისიც, რომ თვით მსჯავრდებული კ. არ ასაჩივრებს განაჩენს, ხოლო ტ. არ შედის იმ უფლებამოსილი პირთა წრეში, რომელსაც განაჩენის ამ ნაწილის გასაჩივრება შეუძლია.
გარდა აღნიშნულისა ტ-ის ბრალი მასზე შერაცხულ დანაშაულში დადასტურებულია მოწმეების ქ. ჯ-ის, ვ. ბ-ძის და სხვათა ჩვენებებით, საქმეზე ჩატარებული ნარკოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმის ერთობლივი მასალების ანალიზით.
საკასაციო პალატა, ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით ვერ დაეთანხმება ა. ტ-ის საკასაციო საჩივარს _ განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემის თაობაზე, განაჩენს მის მიმართ, მიიჩნევს სწორად, კანონიერად და ტოვებს მას უცვლელად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 15 ნოემბრის განაჩენი ა. ტ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
მსჯავრდებულ ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.