დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.05.2000
საქმის ნომერი
2კ-12-I-2000
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.05.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 121 24 მაისი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით: თავმჯდომარე თ. ყრუაშვილი

მოსამართლეები: მ. გოგელია, რ. შველიძე

განიხილა სახელმწიფო ბრალმდებელ ე. ქ-ას კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 24 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე ა. ა-ოვის მიმართ, დაბრუნდა დამატებით გამოძიებაში. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ა.ა-ოვს ბრალად ედება საქართველოს სსკ 180-ე და 191-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც შემდეგში გამიხატა:

ა.ა-ოვი 1991 წლიდან იყო ბოლნისის რაიონის სოფელ ... საკრებულოს დეპუტატი და გამგეობის წევრი. მას დავალებული ჰქონდა ... ოფიციალური დოკუმეტის _ სოფელ ... საკომლე წიგნის წარმოება. აღნიშნული წიგნში მან, სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ანგარებით, შეიტანა ყალბი ჩანაწერები, კერძოდ, ამოწერილად არ აჩვენა თავისი შვილი, 1965 წელს დაბადებული, ფ. ა-ოვი, რომელიც 1986 წლიდან თავისი ცოლ-შვილით ცხოვრობს ბელორუსიაში, ქალაქ მინსკში. ა. ა-ოვმა იმავე საკომლე წიგნში თავისი ოჯახის წევრად ჩაწერა რძალი _ ბელორუსიის მოქალაქე ტ. ს-კო და მისი მცირეწლოვანი შვილი _ რომლებსაც საქართველოში არ უცხოვრიათ. აღნიშნული ყალბი ჩანაწერების საფუძველზე, ა. ა-ოვმა შვილის _ ფ. ა-ოვის სახელით, შეიტანა განცხადება ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ. ა. ა-ოვმა სოფ ... საკრებულო შეცდომაში შეიყვანა, რის შედეგად ფ. ა-ოვი გამოიყო ცალკე კომლად. 1996 წლის 7 თებერვალს, მიწის რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით, სოფ ... გამგეობის ¹3 ბრძანების საფუძველზე, შეიქმნა გამგეობის კომისია, რომელსაც ევალებოდა საკომლე წიგნის სრულყოფილი წარმოება. ამ კომისიაში შეყვანილ იქნა ა. ა-ოვი.

1996 წლის 20 მარტს სოფლის გამგეობამ განიხილა სოფ .... მოსახლეობისათვის მიწის ნაკვეთების შევსების საკითხი, რადგან ამ საკითხებთან დაკავშირეებით საჩივრები იყო შეტანილი. ა. ა-ოვს, რომელსაც დაევალა ამ გარემოების შემოწმება, ჰქონდა რა მიწის მითვისების განზრახვა, სიაში დატოვა თავისი შვილი, რის საფუძველზეც 1996 წლის გაზაფხულზე ფ. ა-ოვზე გაიცა 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც, ფაქტობრივად, მიითვისა ა. ა-ოვმა.

ბოლნისის სასამართლოს 2000 წლის 24 იანვრის განაჩენით ა. ა-ოვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე და 191-ე მუხლებით და სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ 46-ე მუხლით შეეცვალა პირობით _ ორი წლის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ აღნიშნული საქმე 2000 წლის 4 აპრილის განჩინებით დააბრუნა დამატებით გამოძიებაში.

სახელმწიფო ბრალმდებელი ე. ქ-ა კერძო საკასაციო საჩივარში ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო პალატისათვის დაბრუნებას შემდეგი მოტივებიდან გამომდინარე:

ის მითითებები, რომლებიც გახდა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი, არასწორია, რამდენადაც არსებით გავლენას არ ახდენს საქმის გარემოებებზე, ა. ა-ოვის ბრალეულობისა და ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციაზე. კასატორი თვლის, რომ თუ დაშვებულია დარღვევები გამოძიების მიერ, ეს უნდა გამხდარიყო სასამართლოს რეაგირების საგანი და არა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი.

პროკურორი ლ. ყ-ი მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალმდებელ ე. ქ-ას კერძო საკასაციო საჩივარს.

ა. ა-ოვი და მისი ადვოკატი ზ. პ-ი ითხოვენ სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვებას.

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივთა დასაბუთებულობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განჩინება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე სწორია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ეთანხმება განჩინებას იმაში, რომ ა-ოვის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 1994 წლისათვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონის უხეში დარღვევებით.

სახელდობრ, იმ დროს მოქმედი სსსკ 110-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში _ 10 დღეში _ არ მიღებულა გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან არაღძვრის თაობაზე. ამასთანავე, მას შემდეგ, რაც საქმე აღიძრა საპროცესო ნორმების დარვევით, საქართველოს სსკ 93-ე მუხლის პირველი ნაწილით, ა-ოვი არ იქნა ცნობილი ეჭვმიტანილად, არ განემარტა მისი უფლებები და ისე, რომ გამოძიებას არ უმსჯელია მისი ბრალდების შეცვლის თაობაზე, იგი მიეცა პასუხისგებაში საქართველოს სსკ 180-ე, 191-ე მუხლებით 7 თვის შემდეგ.

საკასაციო პალატა ეთანხმება განჩინებას იმაშიც, რომ წარუდგინა რა ა-ოვს ბრალი სსკ 191-ე მუხლით, გამოძიებამ არ დააზუსტა, თუ სახელდობრ, ვისი გაკეთებულია საკომლო წიგნში ყალბი ჩანაწერები (თვით ა-ოვი უარყოფს ასეთი ჩანაწერის გაკეთებას), არ არის მოკვლეული და საქმეს არ ერთვის რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა, რომ მას, როგორც საკრებულოს დეპუტატს, დავალებული ჰქონდა საკომლო წიგნის წარმოება. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მისი შვილი, ფ. ა-ოვი, 1997 წლამდე ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ და ჩაწერილი იყო მამამისის კომლში. სწორია განჩინების მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ დადგინდა კიდეც, რომ ა-ოვმა ნამდვილად ჩაიდინა სსკ 191-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, გამოძიებას უნდა ემსჯელა ამ მუხლით საქმის აღძვრის საფუძვლიანობის თაობაზე, მით უფრო, რომ უკვე გასული იყო ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. გარდა ამისა, ამ დანაშაულს ეხებოდა ამნისტია და გამოძიებას უნდა ემსჯელა ამასთან დაკავშირებითაც.

განჩინება საფუძვლიანად უთითებს იმაზეც, რომ მიწის ნაკვეთი ა-ოვს და მის შვილს გამოუყო საამისოდ უფლებამოსილმა კომისიამ. ასეთ ვითარებაში კი დამატებითმა გამოძიებამ უნდა იმსჯელოს, რაში გამოიხატა მიწის თვითნებური მიტაცება, ხომ არ ცდილობდა იგი კანონის დარღვევით ამ ნაკვეთის დაპატრონებას?

საკასაციო პალატა თვლის, რომ დამატებითი გამოძიების მიერ ამის გარკვევის შემდეგ, უნდა გადაწყდეს ა-ოვის ქმედების იურიდიული შეფასების საკითხი.

პალატამ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა სსსკ 561-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დარჩეს უცვლელად თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 4 აპრილის განჩინება ა. ა-ოვის ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე.

პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.