დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 15I 29 მაისი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ტურავა
წევრები: გ. ბორჩხაძე, მ. ისაევი
განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველოს პროკურორის დ. კ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 17 ნოემბრის დადგენილების აღწერილობითი ნაწილიდან ამოირიცხა მსჯელობა ა. თ-შვილის მიმართ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით სისხლის სამართლის საქ-მის აღძვრისა და წარმოების, ასევე, სამგორის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 20 სექტემბრის განჩინების კანონიერების თაობაზე სხვა ნაწილში დადგენილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და
გა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ა.თ-შვილი 1992 წლის 21 დეკემბრიდან მუშაობდა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. 1994 წლის 13 ოქტომბერს მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, იგი აყვანილ იქნა წინასწარ პატიმრობაში, მასვე მოგვიანებით წარედგინა საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილითა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება.
1994 წლის 1 დეკემბერს ა. თ-შვილი გაათავისუფლეს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან თანახმად საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე პუნქტისა.
საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 2 ივნისის ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე სამგორის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ა. თ-შვილის ბრალდების საქმე სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ეპიზოდში წარმოებით იქნა შეწყვეტილი. სისხლის სამართლის საქმე ა. თ-შვილის მიმართ სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდების ეპიზოდში რამდენჯერმე იქნა განხილული სასამართლო ინსტანციებში, რის შემდეგ ამ ეპიზოდში საქმე დამატებით გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა პროკურატურას. საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა“ პუნქტის თანახმად საქართველოს გენერალური პროკურატურის 1999 წლის 14 ივლისის დადგენილებით თ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წარმოებით იქნა შეწყვეტილი დანაშაულის შემთხვევის არ არსებობის გამო. ამის შემდგომ, ა. თ- შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა რეაბილიტაცია, რაც სასამართლომ 1999 წლის 17 ნოემბრის დადგენილებით დააკმაყოფილა: იგი რეაბილიტირებულ იქნა როგორც სისხლის სამართალწარმოების ორგანოების მიერ უკანონოდ პასუხისგებაში მიცემული, დაპატიმრებული და მსჯავრდებული. ამასთან ა. თ-შვილი აღდგენილ იქნა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა მის სასარგებლოდ 16.666 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნული ვალუტის გადახდა, სისხლის სამართალწარმოების
ორგანოების უკანონო მოქმედებით მიღებული ზიანის ასანაზღაურებლად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 აპრილის განჩინებით, ა. თ-შვილის რეაბილიტაციის საკითხი დატოვებულ იქნა უცვლელად.
წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით სააპელაციო პალატის სხდომაზე მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელი პროკურორი დ.კ-ი ითხოვს ამ პალატის მიერ მიღებული განჩინების, საქმის ხელახალი განხილვისათვის საა-პელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას და მიუთითებს შემდეგ მოტივებზე: სააპელაციო პალატამ არასწორი და დაუსაბუთებელი ინტერპრეტაცია მისცა ა. თ-შვილის მიმართ სამგორის რაიონის სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწი-ლით საქმის წარმოებით შეწყვეტის განჩინებას. სასამართლოს მიერ მიღებული ზემოაღნიშნული განჩინება არ ყოფილა გასაჩივრებული და არც გაუქმებულა. ასეთ ვითარებაში კი არ არსებობდა ა. თ-შვილის რეაბილიტაციის კანონიერი სა-ფუძველი. მითუმეტეს, ა. თ-შვილის მხრიდან არ იქნა დაცული რეაბილიტაციის საკითხზე სასამართლოსათვის სასარჩელო წარმოებით მიმართვის წესი: იგი შევიდა საჩივრით, სასამართლომ კი არაკანონიერი საფუძვლით მიიღო თ-შვილის საჩივარი. პროკურატურას არ გაუმართლებია ა. თ-შვილი საქართველოს სსკ 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით წაყენებულ ბრალდებაში და ამის გამო მას არ ჰქონდა უფლება დაეყენებინა რეაბილიტაციის საკითხი.
რეაბილიტირებული ა. თ-შვილი თავის შესაგებლით ითხოვს, რომ არ იქნეს დაკმაყოფილებული პროკურატურის კერძო საკასაციო საჩივარი, მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინება არის კანონიერი და შუამდგომლობს მის უცვლელად დატოვებას.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორ ლ. ყ-ის მოსაზრება, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების თაობაზე. ა. თ- შვილის ინტერესების წარმომადგენელმა ადვოკატმა ა. მ-მა და თვით რეაბილიტირებულმა ა. თ-შვილმა მხარი არ დაუჭირეს პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ, თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განჩინება არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ სავსებით სწორი და კანონიერი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და დასაბუთებულად მიიჩნია ა. თ-შვილის რეაბილიტაცია. ის გარემოება, რომ ა. თ-შვილის მიმართ საქმე სსკ 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში სასამართლოს მიერ საქმე წარმოებით შეწყდა „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე, არ შეიძლება განხილული იქნეს ა. თ-შვილის რეაბილიტაციის დამაბრკოლებელ გარემოებად. ა. თ-შვილი სამუშაოდან გათავისუფლებულ, პასუხისგებაში მიცემული და დაპატიმრებული იქნა სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი დანაშაულის გამო. შემდგომ, გენერალური პროკურატურის მიერ ამ ნაწილში საქმე წარმოებით შეწყდა დანაშაულის შემთხვევის არ არსებობის გამო. ესე იგი, საერთოდ არ არსებობდა დანაშაულებრივი შემთხვევა, რის გამოც ა. თ-შვილი იყო პასუხისგებაში მიცემული და დაპატიმრებული. აღნიშნული კი სავსებით კანონიერად აძლევდა უფლებას ა. თ-შვილს, რომ მიემართა სასამართლოსათვის რეაბილიტაციის თაობაზე.
საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე კი აგრეთვე რეაბილიტირებულ უნდა იქნეს პირი, რომლის მიმართაც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, წარმოებდა გამოძიება და სასამართლო განხილვა, მაგრამ გამოვლინდა საქმის აღძვრაზე უარის თქმის საფუძველი და საქმე წარმოებით შეწყდა საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლში აღნიშნული ნებისმიერი საფუძვლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 აპრილის განჩინება ა. თ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.