დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 17.05.2022
საქმის ნომერი
ბს-691(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-691(კ-20) 17 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ო“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2017 წლის 6 აპრილს შპს „...ომ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 10 იანვრის №75 რევიზიის აქტის - ექიმ რ. ჩ-ის მიერ წარმოებული ოპერაციული მკურნალობის ფარგლებში დადგენილი ასანაზღაურებელი თანხის 125812,55 ლარის დაკისრების ნაწილში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 10 იანვრის №75/1 რევიზიის აქტის - ექიმ რ. ჩ-ის მიერ წარმოებული ოპერაციული მკურნალობის ფარგლებში დადგენილი ასანაზღაურებელი თანხის 1500 ლარის დაკისრების ნაწილში და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 2 მარტის №02/12891 გადაწყვეტილების - ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...ომ“, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით შპს „...ოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ომ“.

კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ოს“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 125,812.55 ლარის გადახდა, ვინაიდან სასამართლო წარმოების ფარგლებში არ დადგენილა თანხის დაკისრების კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, ერთადერთი არგუმენტი, რომელზეც სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა, არის ის, რომ შპს „...ოში“ დასაქმებული ექიმი ეწეოდა ულიცენზიო/უნებართვო საქმიანობას, თითქოს კონკრეტული საქმიანობისათვის მას ესაჭიროებოდა სახელმწიფო სერთიფიკატი მეანობა-გინეკოლოგიაში, რადგან მის მიერ ჩატარებული მანიპულაციები მეან-გინეკოლოგის პროფესიულ კომპეტენციას წარმოადგენდა და არა ექიმ-რეპროდუქტოლოგის კომპეტენციას, თუმცა, სასამართლოს არ შეუფასებია კონკრეტულად რა სახის საქმიანობა მიიჩნევა უნებართვო საქმიანობად, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტული საექიმო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი - რ. ჩ-ი ფლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ ნებართვას რეპროდუქტოლოგიის მიმართულებით.

კასატორის განმარტებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს და არ იძლევა რეპროდუქტოლოგის პროფესიულ კომპეტენციათა სრულფასოვან ჩამონათვალს, ამიტომ სტაციონარული ტიპის შემთხვევების მართვასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს ენდოსკოპიური გინეკოლოგიური ქირურგიის სფეროს. ამასთან, საკანონმდებლო დონეზე არ არის გამიჯნული რეპროდუქტოლოგის კომპეტენციები სხვა საექიმო საქმიანობის კომპეტენციისგან. ერთადერთი ნორმატიული აქტი, რომელიც ადგენს სხვადასხვა საექიმო სპეციალობების პროფესიულ კომპეტენციებს, არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის ბრძანება N01 8/ნ „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“. აღნიშნულ ნორმატიულ აქტში პერიოდულად განხორციელებული ცვლილებებით ხდება სხვადასხვა საექიმო სპეციალობების პროფესიული კომპეტენციის გაწერა/დამტკიცება. აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლი კი ადგენს, რომ: „საექიმო სპეციალობის პროფესიული კომპეტენცია მოიცავს საექიმო სპეციალობის შინაარსს, ექიმის ზოგადი ცოდნის ფარგლებს, დაავადებებისა და მდგომარეობების ჩამონათვალს, ასევე, იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელთა გამოყენება ნებადართულია პროფესიული კომპეტენციებით განსაზღვრული დაავადებების/მდგომარეობების მართვისას“. დღეის მდგომარეობით აღნიშნული ბრძანებით, დამტკიცებულია მხოლოდ 25 საექიმო სპეციალობის პროფესიული კომპეტენცია და მათ შორის ჯერ არ არის რეპროდუქტოლოგებისა და მეან-გინეკოლოგების პროფესიული კომპეტენციები. ამდენად, კასატორის განმარტებით, ნორმატიულ დონეზე არ არის განსაზღვრული იმ კომპეტენციების - პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენება ნებადართულია, როგორც რეპროდუქტოლოგების, ისე მეან-გინეკოლოგებისათვის.

ამასთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის N01-6/ნ ბრძანებით დამტკიცებული სარეზიდენტო პროგრამის - „რეპროდუქტოლოგიაში“ - ბრძანების დანართი 29, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „რეპროდუქტოლოგი არის ექიმ-სპეციალისტი, რომელიც უნდა ფლობდეს ცოდნას და უნარს, ორივე სქესის ინდივიდში განსაზღვროს რეპროდუქციული სისტემის ასაკობრივი ცვლილებები, ფუნქციონირების ნორმალური ვარიანტები, საჭიროებებისას შეიმუშავოს და განახორციელოს ამ ცვლილებების მართვა, მტკიცებითი მედიცინის თანამედროვე პრინციპებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბოს რეპროდუქციულ დარღვევათა გამოკვლევის ოპტიმალური ალგორითმი, კლინიკურ-ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევის შედეგების სწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე დასვას ზუსტი დიაგნოზი, ეტიოპათოგენეზური მექანიზმების გათვალისწინებით შეიმუშავოს მკურნალობისა და პრევენციის ადეკვატური ტაქტიკა, განახორციელოს ყველა სახის ჩარევა და მკურნალობა (მათ შორის, კონსერვატული, მანიპულაციური, ქირურგიული სახით)“. ამდენად, აღნიშნული განმარტების თანახმად, რეპროდუქტოლოგმა უნდა განახორციელოს ყველა სახის ჩარევა და მკურნალობა, მათ შორის, კონსერვატიული, მანიპულაციური და ქირურგიული სახით. აღნიშნული სარეზიდენტო პროგრამის მე-9 მუხლი განსაზღვრავს სწავლების მოდულს - სახელწოდებით კონსერვატიული და ქირურგიული გინეკოლოგია. კასატორის განმარტებით, რეპროდუქტოლოგები იძენენ ცოდნას, როგორც კონსერვატიულ, ისე - ქირურგიულ გინეკოლოგიაში და მოდულის 1-ლი პუნქტი პირდაპირ ადგენს ამ სწავლების მიზანს, კერძოდ, „მოდულის მიზანია რეპროდუქციული და გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კონსერვატიული და ოპერაციული მეთოდების სწავლება“ და მოდულის ამოცანებია: ა) რეპროდუქციული და გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები; ბ) პაციენტის მომზადება რეპროდუქციული და გინეკოლოგიური ოპერაციის წარმოებისათვის; გ) ქირურგიული მკურნალობის ტექნიკა; დ) პაციენტების პოსტოპერაციული მოვლა; ამასთან, ამავე მოდულში დეტალურად არის გაწერილი ის ქირურგიული მანიპულაციები, რომელთა ცოდნის დაუფლებაც მოეთხოვებათ რეზიდენტებს რეპროდუქტოლოგიაში.

კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძვლიანად გამოკვლევის და სწორად შეფასების შემთხვევაში ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა იქნებოდა, რომ ის სამედიცინო ჩარევები, რომელიც განხორციელებული იქნა ექიმ რ. ჩ-ის მიერ, სამედიცინო თვალსაზრისით, წარმოადგენს ენდოსკოპიური გინეკოლოგიური ქირურგიის სფეროს, რაც წმინდად რეპროდუქტოლოგის უფლებამოსილებაა და აღნიშნული მიმართულების ექიმი ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ოს“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში (№ბს-691(კ-20)) მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ოს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 10 იანვრის №75 რევიზიის აქტის - ექიმ რ. ჩ-ის მიერ წარმოებული ოპერაციული მკურნალობის ფარგლებში დადგენილი ასანაზღაურებელი თანხის 125812,55 ლარის დაკისრების ნაწილში, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 10 იანვრის №75/1 რევიზიის აქტის - ექიმ რ. ჩ-ის მიერ წარმოებული ოპერაციული მკურნალობის ფარგლებში დადგენილი ასანაზღაურებელი თანხის 1500 ლარის დაკისრების ნაწილში და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 2 მარტის №02/12891 გადაწყვეტილების - კანონიერება. შპს „...ოსათვის“ პაციენტებისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ექიმი რ. ჩ-ის მიერ მომსახურების პროგრამის ფარგლებში წარმოებული ოპერაციული მკურნალობა ჩატარებული იყო სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, საექიმო საქმიანობა არის მედიცინაში განსწავლული, სათანადო უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების გამოყენებით, აგრეთვე საექიმო ტრადიციების გათვალისწინებით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება, ხოლო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა კი, უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის თანხმად, სერტიფიცირება არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების პროცესი, რომლის მიზანია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უნარის შეფასება. ამავე კანონის 7.1 მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი და ამ კანონით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (შემდგომში - სახელმწიფო სერტიფიკატი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირს აქვს მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნული სპეციალობით (სპეციალობებით), გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, ნებისმიერ საექიმო სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო სერტიფიკატი სხვა საექიმო სპეციალობითაც (სპეციალობებითაც), ამ კანონით დადგენილი წესით. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ არჩეული ახალი საექიმო სპეციალობა არ არის იმ საექიმო სპეციალობის მომიჯნავე, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც მას უკვე აქვს, ახალი სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა შესაბამის საექიმო სპეციალობაში უნდა გაიაროს დიპლომის შემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დადგენილი კურსი და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ არჩეული ახალი საექიმო სპეციალობა იმ სპეციალობის მომიჯნავეა, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც მას უკვე აქვს, ახალი სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა შესაბამის საექიმო სპეციალობაში უნდა გაიაროს დიპლომის შემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დადგენილი კურსის ნაწილი. მის მოცულობასა და ხანგრძლივობას ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვრავს საბჭო. ზემოაღნიშნული მუხლების დანაწესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება პირს აქვს მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნული სპეციალობით ან მომიჯნავე საექიმო სპეციალობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, "სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 22 მაისის N119/ნ ბრძანებაზე, რომლის თანახმად ექიმ-რეპროდუქტოლოგის "სამედიცინო საქმიანობის მოცულობა" არ მოიცავდა ოპერაციული მეთოდებით მკურნალობას.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 10 იანვრის №75 რევიზიის აქტის თანახმად, ექიმ რ. ჩ-ის მიერ წარმოებული ოპერაციული მკურნალობა ჩატარებული იყო სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე, ექიმ რ. ჩ-ს ჰქონდა სერტიფიკატი ,,რეპროდუქტოლოგიაში'' და არ გააჩნდა სერტიფიკატი მეანობა-გინეკოლოგიაში. აღნიშნული დარღვევის გამო დადგინდა ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, პაციენტ კელეხსაევასათვის გაწეული მკურნალობის თანხა - 3125 ლარი; 28 შემთხვევა ,,გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების'' ფარგლებში - 39623 ლარი; 69 შემთხვევა გეგმიური სტაციონარული მომსახურების ფარგლებში - 83064,55 ლარი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 10 იანვრის №75/1 რევიზიის აქტის თანახმად, ექიმ რ. ჩ-ის მიერ შესაბამისი რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში წარმოებული ოპერაციული მკურნალობა ჩატარებული იყო სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე, ექიმ რ. ჩ-ს ჰქონდა სერტიფიკატი ,,რეპროდუქტოლოგიაში'' და არ გააჩნდა სერტიფიკატი მეანობა-გინეკოლოგიაში. აღნიშნული დარღვევის გამო დადგინდა ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, პაციენტ მგალობლიშვილისათვის გაწეული მკურნალობის თანხის 1500 ლარის ოდენობით.

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია თუ მკურნალობის პროცესში ჩართული ყველა ექიმი არ ფლობს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის. ამავე შინაარსის ნორმა მოცემულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის №650 დადგენილებით დამტკიცებული 2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტში და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №308 დადგენილებით დამტკიცებული 2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ასევე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლზე, რომლიც კრძალავს სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლებას. ექიმ რ. ჩ-ს სერტიფიკატი ჰქონდა ,,რეპროდუქტოლოგიაში'' და არ გააჩნდა სერტიფიკატი მეანობა-გინეკოლოგიაში. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულებას კანონმდებლობით (იხ. "სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 22 მაისის N119/ნ ბრძანება) ერთმნიშვნელოვნად ეკისრებოდა სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიულად დადგენილი სტანდარტებისა და წესების დაცვა, ექიმი რ. ჩ-o სერტიფიკატის გარეშე ატარებდა ოპერაციებს, მეანობა-გინეკოლოგიაში, რის უფლებამოსილებაც მას არ გააჩნდა.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავების მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისათვის ფინანსური გარანტიების შექმნა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა. სწორედ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროგრამის სრულყოფილად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, როგორც პაციენტების უფლებების გარანტირებულობისთვის, ისე სამედიცინო დაწესებულებათა უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ განხორციელდეს სათანადო კონტროლი, ხოლო გამოვლენილი დარღვევები შეფასდეს კანონიერად და ადეკვატურად.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, შპს „...ოს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს „...ოს“ საკასაციო საჩივარზე 17.09.2020წ. N1600328448 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ოს“ (ს/კ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „...ოს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება;

3. შპს „...ოს“ (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.09.2020წ. N1600328448 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე