დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.10.2012
საქმის ნომერი
24აგ.-2012
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
08.10.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №24აგ-12 8 ოქტომბერი, 2012 წელი

ზ-ი ა., 24აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ა. ზ-ს, გ. ჩ-ს, მ. ს-სა და რ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ნ. ბ-ი, - დაბადებული 1968 წელს, ძებნილი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით _ უვადო თავისუფლების აღკვეთა, 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 18 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, ხოლო მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ნ. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნ. ბ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: 1.684.670 ევრო, 4.000 ლარი, ერთი 50-ევროიანი ნომინალის დაზიანებული ბანკნოტი; ავტომანქანები _ ,,MERSEDES-BENZ 260 E KAT”, და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა; ,, MERSEDES-BENZ 614 D”; შპს ,,ა. ე.”, ელექტრონული სასწორი და 7 ერთეული გირი; ,,ნისან პატრულის ” მარკის ავტომანქანის წინა ხიდის შიგთავსი და მანქანის 2 ყუმბარა; ავტომანქანის რედუქტორი, 2 ყუმბარა, 4 ჭანჭიკი და 2 ჩამკეტი (ე.წ. ,,აბოიმა”); ნ. ბ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 9 წყვილი ხელთათმანი, ფირმა ,, REVER -ის” მართკუთხა ფორმის გირები და ფირმა ,, SEVERIN-ის” პოლიეთილენის პარკების ვაკუუმური შეკვრის აპარატები.

ა. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 20 წლით, 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 18 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, ხოლო მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ა. ზ-ს სასჯელად განესაზღვრა 52 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით ა. ზ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ა. ზ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ავტომანქანა ,, MERSEDES-BENZ C 320”.

გ.ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 20 წლით, 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 17 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, ხოლო მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, გ. ჩ-ს სასჯელად განესაზღვრა 51 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით გ. ჩ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, გ. ჩ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ა. ზ-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული 50.000 ევრო.

რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 16 წლით, ხოლო 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, რ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა 33 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით რ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ზ-ი, გ. ჩ-ი და რ. მ-ი სასჯელს იხდიან 2010 წლის 1 ივნისიდან.

მ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 16 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, მ. ს-ს სასჯელად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 2 ივნისიდან.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, მ. ს-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ავტომანქანა ,, MERSEDES-BENZ C 180”.

თ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 4 ივნისიდან.

მსჯავრდებულებს - ა. ზ-ს, ნ. ბ-ს, რ. მ-ს, გ. ჩ-ს, მ. ს-სა და თ. გ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვათ სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ თ. გ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება.

თ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2012 წლის 26 ივლისს მსჯავრდებულებმა - ა. ზ-მა, გ. ჩ-მა, მ. ს-მ და რ. მ-მა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მათ მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორთა მოსაზრებით, არსებობს დაცვის მხარის მიერ ახლად გამოვლენილი გარემოება, რაც განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ: მთავარ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს მიერ ოფიციალურად მომზადებული და საჯაროდ გავრცელებული ანგარიშიდან, რომელიც შეეხება ნარკოტიკულ დანაშაულებს საქართველოში, ასევე წლების მიხედვით სამართალდამცავთა მიერ ამოღებულ სხვადასხვა სიძლიერის ნარკოტიკულ საშუალებებს, საერთოდ არ დასტურდება ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინის ბრუნვა საქართველოში, მითუმეტეს - მისი ამოღება და თან ისეთი დიდი ოდენობით, როგორიც თითქოს მ. ს-ს ავტომანქანიდან იქნა ამოღებული. ანგარიშში არსად ფიგურირებს 2010 წელს ამოღებული კოკაინის რაოდენობა – 133, 8642 გ. ნ. ბ-სა და სხვათა მიმართ სს საქმეში კი ნივთმტკიცებად ფიქსირდება სწორედ მითითებული რაოდენობის კოკაინის ამოღება მ. ს-ს ავტომანქანიდან. ანგარიშში საერთოდ არ არის მოხსენიებული ასევე 220 კგ. კოკაინის საქართველოში შემოზიდვა და შემდეგ ევროპაში მისი გატანა. საგულისხმოა, რომ სადაც პროკურატურა უთითებს მეთადონის გაცილებით უფრო უმნიშვნელო რაოდენობით – 7, 5გ-ის ამოღების ფაქტს, არაფერია ნათქვამი 133, 8642 გ. კოკაინზე, რომელიც უფრო ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებად ითვლება. შესაბამისად, დაცვის მხარის მტკიცება, რომ არავითარი კოკაინი მ. ს-ს მანქანიდან არ ამოღებულა, დადასტურდა თავად პროკურატურის მიერ მომზადებული ოფიციალური ანგარიშით, რასაც შესაბამისად იურიდიული ძალა გააჩნია. ასევე საგულისხმოა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2012 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებში ნარკოტიკის უკანონო ბრუნვას ეხება, 2010 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში კოკაინი ამოღებული არ ყოფილა. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ოფიციალურ ინფორმაციას ამერიკის მხარეს აწვდის საქართველოს შს სამინისტრო. თუკი მ. ს-ს ავტომანქანიდან პოლიციამ რეალურად მართლაც ამოიღო კოკაინი, საქართველოს შს სამინისტრო ამის თაობაზე აუცილებლად მიაწვდიდა ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს. შესაბამისად, არსებობს განაჩენის გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ზემომითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით არსებითად იცვლება მსჯავრდებულ მ. ს-ს მდგომარეობა, რადგანაც დასტურდება, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანიდან საერთოდ არ ამოღებულა ე.წ. „სკოჩში“ გახვეული რაიმე ნივთიერება, ხოლო ის, რაც თავად პოლიციელებმა ჩადეს, რეალურად არ წარმოადგენდა კოკაინს. ამდენად, უდავოა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ნივთმტკიცება – კოკაინი წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას, რის გამოც, საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო უნდა გადაისინჯოს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განაჩენი ნ. ბ-ს, ა. ზ-ს, გ. ჩ-ს, მ. ს-სა და რ. მ-ს მიმართ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 7 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულების - ა. ზ-ს, გ. ჩ-ს, მ. ს-სა და რ. მ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულები - ა. ზ-ი, გ. ჩ-ი, მ. ს-ე და რ. მ-ი საკასაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 აგვისტოს განჩინებას უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევენ, რის გამოც ითხოვენ მის ბათილად ცნობასა და თავიანთი შუამდგომლობის დაკმაყოფილებას, შუამდგომლობაში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის საქმეზე მტკიცებულებად დართვის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯერ კიდევ საქმის არსებითად განხილვისას იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (იხ. ტ. 19. ს.ფ. 46-47). ხოლო, რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის ერთობლივ ანგარიშს, რომელსაც კასატორები მიიჩნევენ ახლად გამოვლენილ გარემოებად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ანგარიშში მოცემულია მონაცემები მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე გავრცელებული, მძიმე ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის თაობაზე და იგი ამომწურავად არ შეიცავს ინფორმაციას საქართველოში ყველა ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის შესახებ. ამდენად, ამ ანგარიშის საფუძველზე იმ ფაქტის მტკიცება, რომ ნარკოტიკული საშუალება კოკაინი არ ამოღებულა და მისი ბრუნვა საქართველოში არ ფიქსირდება, საფუძველს მოკლებულია. აქედან გამომდინარე, კასატორების მიერ თავიანთ საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების - ა-ა ზ-ს, გ. ჩ-ს, მ. ს-სა და რ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ამიტომ იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების - ა-ა ზ-ს, გ. ჩ-ს, მ. ს-სა და რ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 7 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულების - ა. ზ-ს, გ. ჩ-ს, მ. ს-ა და რ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე