საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.11.2012
საქმის ნომერი
2კ-383აპ.-12
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.11.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №383აპ-12 ქ. თბილისი

ი-ი ლ., 383აპ-12 19 ნოემბერი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 3 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ი-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მაისის განაჩენით ლ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეეპუნქტებით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. ლ. ი-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 13 მარტიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 3 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ლ. ი-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეეპუნქტებით, 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. ი-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: დ. სულაქველიძე

გ. შავლიაშვილი