დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.01.2013
საქმის ნომერი
112აგ.-2012
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
18.01.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№112აგ-12 18 იანვარი, 2013 წელი

შ-ა რ.-112აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. შ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განაჩენით რ. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2.000 ლარი; სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3.000 ლარი; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, რ. შ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 19 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5.000 ლარი.

რ. შ-ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 22 ივლისიდან.

იმავე განაჩენით ა. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით ა. მ-ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3.500 ლარი

იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 7 ოქტომბრიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 აგვისტოს განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

რ. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2.000 ლარი; სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3.000 ლარი; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, რ. შ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5.000 ლარი.

ა. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2012 წლის 13 სექტემბერს მსჯავრდებულმა რ. შ-ამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. აპელანტმა მიუთითა, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო – „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ 2012 წლის 22 მაისის საქართველოს კანონის დანართის – „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში“ შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მის მიერ უკანონოდ შეძენილ-შენახული 0,163 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” აღარ წარმოადგენს დიდ ოდენობას, რის გამოც ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა, თავისი ქმედების – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა და იმავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის გადაკვალიფიცირება იმავე მუხლების 1-ლ ნაწილებზე და სასჯელის შემსუბუქება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 აგვისტოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ რ. შ-ას დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე, ხოლო სსკ-ის 262–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან – 262–ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

რ. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ასევე 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ სასჯელის ნაწილში, დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა რ. შ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა აღნიშნა, რომ, მართალია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და მისი ქმედება სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლების მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადააკვალიფიცირა იმავე მუხლების 1-ლ ნაწილებზე, მაგრამ განაჩენი სასჯელის ნაწილში დაუსაბუთებლად დატოვა უცვლელად.

ამდენად, რ. შ-ამ ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს სასჯელი უნდა შეუმცირდეს იმ შემთხვევაში, როდესაც დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი რ. შ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი