დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№421-13 20 თებერვალი, 2013 წელი
ფ-ე ბ, 421-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - დ. კ-ს
მსჯავრდებულ - ბ. ფ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. ფ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ- პროკურორ ლ. ხ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ბ. ფ-ს შორის 2012 წლის 18 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
ბ. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა (ორი ეპიზოდი) ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ზ. მ-ს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 6 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ე-ს“ ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 6 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც 1 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. ბ. ფ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 27 აგვისტოდან.
2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ბ. ფ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ფ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
ბ. ფ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 თვე და 15 დღე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 1 წელი, 1 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 თვე და 15 დღე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 1 წელი, 1 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას მოსახდელად დარჩა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი და 3 თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ბ. ფ-ს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა უნდა აეთვალოს 2012 წლის 27 აგვისტოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. ფ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, იგი სრულად უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი ¼-ით უნდა გაუნახევრდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება.
საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნით, სადაც აღნიშნულია, რომ ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-18, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ. ფ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი