განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№471-13 19 თებერვალი, 2013 წელი
ს-ე ზ., 471-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ნ. ნ-ის
მსჯავრდებულ _ ზ. ს-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ს-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მაისის განაჩენით ზ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 4 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, ხოლო 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ზ. ს-ეს განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 8 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 5 მარტიდან.
2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. ს-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ს-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ზ. ს-ე გათავისუფლდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის განაჩენით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგელობისა და სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების – 6 თვითა და 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან; ზ. ს-ეს გაუნახევრდა სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით; ზ. ს-ეს გაუნახევრდა პირობითი მსჯავრი, ასევე გამოსაცდელი ვადა და, შესაბამისად, განესაზღვრა: პირობითი სასჯელი – 1 წელი და 9 თვე, ხოლო 2 წელი და 3 თვე – გამოსაცდელი ვადა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ. ს-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ს-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების დროს დაუშვა შეცდომები და ითხოვს მათ გამოსწორებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ. ს-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წელი და ამ მუხლით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებული ზ. ს-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგელობისა და სასჯელისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ. ს-ეს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წელი და ამ მუხლით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - ზ. ს-ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 8 წელი, ხოლო 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. ვინაიდან განაჩენით არ დგინდება, თითოეული მუხლისთვის დანიშნული სასჯელის წილი რამდენია რეალურად მოსახდელ სასჯელში ჩათვლილი და რამდენი - პირობითში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. ს-ის მიმართ ამნისტიის გავრცელების შემდეგ რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა დაანგარიშებულ უნდა იქნეს პროპორციულად. შესაბამისად, საბოლოოდ ზ. ს-ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 3 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; 1 წელი, 4 თვე და 15 დღე უნდა ჩაეთვალოს პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 1 წელი, 10 თვე და 15 დღე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 იანვრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-12, მე-16, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
მსჯავრდებულ ზ. ს-ეს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 3 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; 1 წელი, 4 თვე და 15 დღე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი, 10 თვე და 15 დღე.
ზ. ს-ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს 2011 წლის 5 მარტიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე