განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№661-13 20 თებერვალი, 2013 წელი
დ-ი რ, 661-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ნ. ფ-ს
ადვოკატ - გ. მ-ს
მსჯავრდებულ - რ. დ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. დ-ს საჩივარი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:
დაკმაყოფილდა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ და დამტკიცდა 2007 წლის 20 ნოემბრის საპროცესო შეთანხმება რ. დ-ნ.
რ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენი 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2007 წლის 17 აგვისტოდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენით რ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რ. დ-ს მიმართ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და რ. დ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 31 მაისიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. დ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. დ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
რ. დ-ს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრისა და 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 9 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 31 მაისიდან.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. დ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გაუნახევრდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელი, რასაც გამოაკლდეს მოხდილი 2 წელი და მოსახდელად დარჩეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელის შემცირებული ოდენობა - 2 წელი, 9 თვე და 22 დღე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 3 წლით, 9 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყოს 2009 წლის 31 მაისიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც არასრულწლოვანების ასაკში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ა/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწლის „ა“ ქვეპუნქტით რ. დ-ს მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენი 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. ამ დანაშაულის ჩადენის დროს რ. დ-ი იყო არასრულწლოვანი. ამდენად, მასზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნა და უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელს. ვინაიდან რ. დ-ს დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - მოხდილი აქვს 2 წელი, მას მოსახდელად უნდა დარჩეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, დანიშნული სასჯელი ¼-ით უნდა გაუნახევრდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი - მე-15 მუხლების მოქმედება.
მსჯავრდებულ რ. დ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელს, 9 თვესა და 22 დღეს, რასაც უნდა დაემატოს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და საბოლოოდ მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 3 წლით, 9 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2009 წლის 31 მაისიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. დ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ რ. დ-ს გაუნახევრდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწლის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ამ მუხლით მას მოსახდელად დარჩეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ რ. დ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელს, 9 თვესა და 22 დღეს, რასაც დაემატოს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვროს 3 წლით, 9 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2009 წლის 31 მაისიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი