შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 28.03.2013
საქმის ნომერი
2კ-395აპ.-12
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№395აპ-12 28 მარტი, 2013 წელი

დ-ე ნ, 395-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ჯ. გ-ის

ადვოკატ – მ. ქ-ას

მსჯავრდებულ _ ნ. დ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. დ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენით ნ. დ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ, მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ–ის 230–ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა – ჯარიმა 1000 ლარი.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. დ-ეს განესაზღვრა– თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვის ვადით.

ნ. დ-ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან– 2012 წლის 1 ივნისიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია და ნ. დ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა და განკარგვა; მანვე ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ნ. დ-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა მინის ორ ამპულაში დაფასოებული რადიოაქტიური ნივთიერება „ცეზიუმ–135“, რომელიც 2012 წლის მარტში, გარკვეული ანაზღაურების მიღების მიზნით, გადასცა ფ. ბ-ეს.

მანვე დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 4 ცალი კუსტარულად დამუხტული საბრძოლო ვაზნა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ბათუმში, - ქუჩა №–ში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს არსებით განხილვაზე წარმოდგენილ ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: ნ. დ-ის, ნ. ძ-სა და ფ. ბ-ის ჩვენებებს, მოწმე – რ. დ-ის ჩვენებას, ფ. ბ-ის პირადი ჩხრეკისა და ჩხრეკისას ამოღებულ ნივთმტკიცებებს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის სასწავლო–სამეცნიერო ლაბორატორიის და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურების მიერ ამოღებულ ნივთიერებაზე ჩატარებულ კვლევის აქტებს, რადიოლოგიურ–ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, ნ. დ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ნივთმტკიცებას, სასამართლო–ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას, ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ მასალებს და სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

ნ. დ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, იმ საფუძვლებით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ მის მიმართ დაადგინა წარმოდგენილ მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევის გარეშე და მიიჩნია, რომ იგი უკანონო და დაუსაბუთებელია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულობა და 2012 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის მოტივით არ დააკმაყოფილა, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენი დატოვა უცვლელად.

მსჯავრდებულმა ნ. დ-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ზემოხსენებული განაჩენი იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

2013 წლის 22 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლის სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა ჯ. გ-ემ და მოითხოვა მსჯავრდებულ ნ. დ-ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ნ. დ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ქ-ამ განცხადებით მიმართეს პროკურატურას და ითხოვეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება ბრალზე გარიგებით. იმის გათვალისწინებით, რომ ნ. დ-ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია, მასთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება ბრალზე.

დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ, იშუამდგომლონ სასამართლოს წინაშე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების მოთხოვნით, რის შესახებაც 2013 წლის 21 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმების დადების ოქმი შემდეგი პირობებით:

ნ. დ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 230–ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ–ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, შეუმცირდეს ¼–ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო საპატიმრო სასჯელის დარჩენილი ნაწილი –თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით – საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, შეეცვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ნ. დ-ეს საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება: სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს – დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ ნ. დ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ჯ. გ-ემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება მასში მოცემული პირობებით.

პალატის სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა ნ. დ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ქ-ამ.

საკასაციო პალატამ საქმის მასალების საფუძველზე საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: ნ. დ-ის, ნ. ძ-ის, ფ. ბ-ის, მოწმე რ. დ-ის ჩვენებებით, ფ. ბ-ის პირადი ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთმტკიცებებით, ნ. დ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთმტკიცებით, ამოღებული ნივთიერებების სამეცნიერო დაწესებულებებში ჩატარებული კვლევის აქტებით, რადიოლოგიურ–ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებით, ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მასალებით და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სადავოდ არ გაუხდია დაცვის მხარეს, ნ. დ-ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადასტურებულია უტყუარად და ეჭვის გამომრიცხავად.

საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მსჯავრდებულ ნ. დ-ესთან არ განხორციელებულა ძალადობით, დაშინებით, მუქარით, მოტყუებით, ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.

პალატის სხდომაზე ასევე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული ნ. დ-ე სრულად აცნობიერებს ბრალად შერაცხულ ქმედებას, თავს ცნობს დამნაშავედ და აცნობიერებს ქმედებისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, მისთვის გასაგებია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონის ყველა მოთხოვნა. მსჯავრდებულს სასამართლოს მიერ განემარტა და აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, თუ მასში ჩამოყალიბებული პირობები ეწინააღმდეგება მის ნებას და შეთანხმება მიღწეული იყო წამებით, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობით ან სხვა კანონდარღვევით. მსჯავრდებულისთვის ცნობილია საქართველოს სსსკ–ის 212–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების შესახებ, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ საპროცესო შეთანხმების პირობებზე ჩამოყალიბებული სამართლებრივი შეფასებები სრულ შესაბამისობაშია სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან. პალატა იზიარებს პროკურორის არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები – იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

საკასაციო პალატამ, საქართველოს სსსკ–ის 213–ე მუხლის მე–6 ნაწილის თანახმად, მხარეთა თანხმობით დააზუსტა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შუამდგომლობაში ჩამოყალიბებული პირობები, რაც მოყვანილია შესაბამისობაში 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის მოთხოვნასთან.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამმართველოს პროკურორ ჯ. გ-ის შუამდგომლობა მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 309–216–ე მუხლებით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამმართველოს პროკურორ ჯ. გ-ესა და მსჯავრდებულ ნ. დ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, მხარეთა თანხმობით დაზუსტებული პირობებით:

ნ. დ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 230–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ¼–ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 3 წლისა და 9 თვის (დაზუსტებული პირობა) გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა – 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ნ. დ-ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით მოსახდელი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2012 წლის 1 ივნისიდან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად, ნ. დ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ნ. დ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენით.

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს, პრობაციის ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულ ნ. დ-ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნ. დ-ის პირადი ჩხრეკისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი ორი სიმბარათით, საქართველოს მოქალაქის პასპორტი ნ. დ-ის სახელზე და 5 სიმბარათი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ნ. დ-ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 4 ვაზნა, რომელიც ინახება საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, გადაეცეს ამავე სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი