დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 01.03.2013
საქმის ნომერი
2კ-203-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli

№2031-13 1 მარტი, 2013 წელი

ქ-ე გ, 2031-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ მ. ჩ-ის

ადვოკატ – ნ-.ქ-ის

მსჯავრდებულ _ გ. ქ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ქ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით გ. ქ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი და განაჩენთა ერთობლიობით გ. ქ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის გამოყენებით 3 თვით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 9 თვე, საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 4.000 ლარი.

გ. ქ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2008 წლის 11 სექტემბრიდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვლის განაჩენით გ. ქ-ე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლისა და სსკ-ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და 2008 წლის 21 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით, 3 თვით, 8 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ გ. ქ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით, 3 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა – 15 000 ლარი.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით გ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (ორი ეპიზოდი) – ჯარიმა 10.000-10.000 ლარი;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ გ. ქ-ეს სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 20.000 ლარი, ხოლო საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით, 3 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ გ. ქ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით, 3 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის – 1 წლის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 3 წელი, 3 თვე და 8 დღე საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის, 3 თვის და 8 დღის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა – ჯარიმა 20.000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ივლისის განაჩენით გ. ქ-ე, – ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი;

სსკ-ის 273-ე მუხლით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ქ-ეს სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 1 თვე და 19 დღე, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მთლიანად დაემატა ახლად დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ქ-ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 4 თვისა და 19 დღის ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.

მსჯავრდებულ გ. ქ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2012 წლის 3 მარტიდან.

გ. ქ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ქ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ივნისის განაჩენში:

მსჯავრდებული გ. ქ-ე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან. მსჯავრდებულ გ. ქ-ეს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩამორთმეული უფლებები.

მსჯავრდებულ გ. ქ-ეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ. ქ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ქ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2012 წლის 3 მარტიდან. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ივნისის განაჩენი გ. ქ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით (გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე განჩინებით) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 იანვრის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება: ,,იმის გამო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით გ. ქ-ეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი სრულად აქვს მოხდილი, 2013 წლის 27 იანვრის განჩინებიდან უნდა ამოირიცხოს ამ მუხლის ეპიზოდთან მიმართებაში მსჯელობა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის გავრცელების შესახებ“.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ქ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა, ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის განახევრება და სასჯელის ზუსტად ათვლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოტივაციას გ. ქ-ის მიერ ნასამართლობის არქონის პერიოდში საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისგან ადრე განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული“.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული“.

იმავე კანონის მე–19 მუხლის თანახმად კი: ,,პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები“.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი 1/4-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება და ასევე კანონიერად შეუმცირა სსკ-ის 236-ე მუხლით დანიშნული სასჯელი, როგორც ნასამართლობის მქონე პირს.

საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-18 მუხლით, რომლის თანახმადაც: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა“ და სწორად განსაზღვრა სასჯელის ერთნაირად და პროპორციულად შემცირების წესი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ქ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 იანვრის განჩინება (რომელიც გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლო 2013 წლის 11 თებერვლის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით) დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ.ოშხარელი

პ. ქათამაძე